თე­ო­ნა ცი­რა­მუა ქე­თი მე­ლუ­ა­სა და გო­რის ქალ­თა გუნ­დის შე­სა­ხებ - გზაპრესი

თე­ო­ნა ცი­რა­მუა ქე­თი მე­ლუ­ა­სა და გო­რის ქალ­თა გუნ­დის შე­სა­ხებ

გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი - თეონა ცირამუა ბოლოდროინდელი კონცერტების, ევროპული ტურნეს, ქეთი მელუასთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

- "ბლექ სი არენაზე" ჩატარებული კონცერტით ძალზე კმაყოფილი ვარ მეც და გუნდიც, რადგან კიდევ ერთხელ შევხვდით ქეთი მელუას. მასაც მონატრებია გუნდი და ანალოგიურად ჩვენც. ვინაიდან ეს შეხვედრა მხოლოდ ერთდღიანი იყო, ორივე მხარეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაგვიტოვა. თუმცა, ჩვენ კიდევ შევხვდებით ფრანკფურტში, 15 ოქტომბერს, წიგნების ფესტივალის დახურვაზე. ვფიქრობ, ჩვენი და ქეთის თანამშრომლობა გაგრძელდება. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, დარბაზი სავსე იყო ხალხით, რამაც მონდომება და ენერგია გაგვიორმაგა, მაყურებელი კმაყოფილი რომ დარჩენილიყო და მგონი, ასეც მოხდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ის სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღეთ მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის?

- ძალიან გამიხარდა, თუმცა, სტიმულის გარდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხი. მე ვიზრუნებ, რომ გორის ქალთა გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყოს და მოთხოვნაც ყოველთვის იყოს მასზე.

- რა ემოციაა თქვენთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, რომ გუნდი სწორედ თქვენს ხელში გახდა პოპულარული და კიდევ უფრო წარმატებული, ვიდრე მანამდე იყო?

- რა გითხრათ, მართლაც კარგი ემოციაა. მიხარია, რომ ჩემმა სტრატეგიამ გაამართლა. ამ გუნდს მართლაც დიდი წარმატება ჰქონდა ყოველთვის, თუმცა იყო ჩავარდნის პერიოდიც. როცა ხელმძღვანელი გავხდი, ჩამოვაყალიბე კონცეფცია, დავისახე გუნდის განვითარების გზა და დარწმუნებული ვიყავი, რომ გაამართლებდა.

- როგორი იყო თქვენი სტრატეგია?

- პირველ რიგში დისციპლინა, მერე სწორი რეპერტუარის შექმნა და მესამე იყო ის, რომ დირიჟორის სტანდარტი დავარღვიე - როცა ის მაყურებლისკენ ზურგით დგას. რეპეტიციების დროს, თავისთავად ხდებოდა ყველაფერი და ნაწარმოებებიდან გამომდინარე, მუშაობამ მოითხოვა ისე, რომ მაყურებლისკენ შევტრიალებულიყავი. განსხვავებული გამოვიდა და ხალხსაც მოეწონა. ვფიქრობ სანახაობრივი, ვიზუალური მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.

- როგორია სამუშაო პროცესი, რეპეტიციები? მკაცრი ხართ?

- ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ გუნდმა შედეგს მიაღწია. ამბობენ, რომ მკაცრი ვარ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის, როცა ხარისხზე გაქვს პრეტენზია, დისციპლინა და მობილიზაცია თუ არ იქნება, მოშვებულობით არაფერი გამოვა. ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. გუნდის წევრები ცდილობენ ამყვნენ, მე კი ვცდილობ ის საათები საინტერესო გავხადო და ადამიანი არ მოდუნდეს. ამბობენ კიდეც, ეს ექვსი საათი ისე გადის, ვერც ვიგებთო. მეც ასე ვარ. კოლექტივი ზოგადად რთული რამაა, ამაში დავრწმუნდი, როცა ფაქტის წინაშე დავდექი, ამდენი ქალბატონი ერთად, უამრავი სირთულეა. ყველას თავისი ცხოვრება, თავისი პრობლემა აქვს, რომელიც უნდა გაითვალისწინო. მართალია, ვეუბნები, პრობლემები სახლში დატოვეთ-მეთქი, მაგრამ ცხოვრება ისეთია, ზოგჯერ არ გამოდის.

- არასაქმიან გარემოში თქვენი ურთიერთობა როგორია?

- პირადად მე, რამდენადაც რეპეტიციაზე მკაცრი ვარ, არასაქმიან გარემოში ორმაგად მეგობრული გახლავართ, ამ დროს არ იგრძნობა, რომ მათი ხელმძღვანელი ვარ - ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

- როგორ მოხდა თქვენი და ქეთი მელუას დაკავშირება?

- ქეთი ინტერნეტში ქართულ სიმღერებს ეძებდა და ჩვენი დისკი მოისმინა, რომელიც 1991 წელს იყო ჩაწერილი, "არქაიკა" ჰქვია. მაშინ ხელმძღვანელი შალვა მოსიძე იყო. მას შემდეგ, ამდენი წელი გავიდა და ქეთი დაინტერესდა გუნდის არსებობით. მოკლედ, ჩვენთან მოვიდა, რეპეტიციას დაესწრო, რეპერტუარს გაეცნო, ათი ნაწარმოები ვუმღერეთ. თავიდან სხვა პროექტზე იყო საუბარი, რომელზეც თვითონ ვუთხარი უარი, ჩვენს თავს იქ ვერ ვხედავ-მეთქი. მაგრამ იმდენად აღფრთოვანდა, რომ წასვლისას გვითხრა, თქვენთან თანამშრომლობა აუცილებლად მინდა და რაღაცას მოვიფიქრებო. მოკლედ, როცა ლონდონში დაბრუნდა, მალევე დამიკავშირდა, აღარ გადადო და ყველაფერი გამაცნო - პროექტის მიმართულება, თემა და ა.შ. ამის მერე, ორჯერ ჩამოვიდა, ალბომის ჩაწერები ორ ეტაპად გვქონდა. ამ პერიოდში ქეთი გორში ცხოვრობდა, სასტუმროში. მერე, ტურნემდე ორი კვირით კიდევ გვესტუმრა, რეპეტიციები გვქონდა, რომ გუნდი მისჩვეოდა, ყურსასმენები იქნებოდა თუ მიკროფონთან ურთიერთობა, რადგან ჩვენთვის სხვა სპეციფიკა იყო. უმაღლეს დონეზე მოვემზადეთ და ევროტურს რაც შეეხება, შედეგიც ნამდვილად კარგი იყო. როცა საზღვარგარეთ გადიხარ, კიდევ უფრო იღვიძებს პატრიოტული გრძნობა, რომ შენი ქვეყანა არ შეარცხვინო.

- როგორ ჩაიარა ევროტურმა და რა ემოციები დაგიტოვათ?

- ვერც ერთ კონცერტს ვერ გამოვყოფ, ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო, გუნდი - აბსოლუტურად მობილიზებული. ჩავარდნა არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი შესრულებაა და შეიძლება რაღაც დაგემართოს. არანორმალური რეჟიმი გვქონდა, საღამოს ერთგან რომ გვქონდა კონცერტი, მერე რამდენიმე ასეულ კილომეტრს გავდიოდით, სხვაგან რომ ჩაგვეტარებინა. ქეთი და ჩვენ მაინც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. "ბიბისიდანაც" მოჰყვა გამოხმაურება. ჩვენი ტურნე სამ რიცხვში დამთავრდა, წესით, ოთხში უნდა წამოვსულიყავით, მაგრამ 16-ში დავბრუნდით. ხან რადიოებში გვიწვევდნენ ქეთისთან ერთად, ხან ტელევიზიებში, გრეჰემ ნორტონის შოუშიც ვიყავით. მოკლედ, ყველაფერმა ისე კარგად ჩაიარა, ახლაც რომ გესაუბრებით და ვიხსენებ, სასიამოვნო ემოციები მეუფლება.GzaPress

- რამდენ ქალაქში იყავით?

- 28 ქალაქში, ანუ 9 ქვეყანაში ვიყავით. ლონდონში ვიმღერეთ ძველ, ძალიან პრესტიჟულ თეატრში, იქ, სადაც ელისაბედ დედოფალი ხშირად დადის ხოლმე და თავისი ლოჟა აქვს. კარგი დარბაზი იყო. ჩვენს კონცერტს ის ამჟამად არ დასწრებია, თუმცა, როგორც ვიცი, ქეთის ჩანაწერებს ხშირად უსმენს და მისი საყვარელი მომღერალია. ყოველ დილით ქეთის სიმღერებით ვიღვიძებო, ასეთი რამ აქვს ნათქვამი, როგორც ვიცი. გუნდზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, მოსმენილი აქვს თუ არა. პარიზის კონცერტს გავიხსენებ. გამორჩეული იყო, რადგან ჩემი მეგობრები - ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი მოულოდნელად მოვიდნენ და ძალზე გამახარეს, თვალებზე ცრემლები ჰქონდათ მომდგარი, ისე ეამაყებოდათ ჩვენი იქ ყოფნა.

- სხვადასხვა ქვეყანაში როგორ აღგიქვამდნენ და შემდეგ თუ გცნობდნენ?

- სხვათა შორის, კი (იცინის). შესანიშნავი იყო, ქეთის ფანები მერე უკვე ჩვენი ფანებიც გახდნენ და გვცნობდნენ. ერთხელ, კონცერტამდე, ნიურნბერგში ქუჩაში რომ დავდიოდი, ერთმა ადამიანმა მიცნო, მოვიდა, დამპირდა, აუცილებლად მოვალ და მოგისმენთო. კონცერტის მერე, გარეთაც გვხვდებოდნენ, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არ მინდა, ხიბლში გადავვარდე (იცინის). დოზირებულად მიმაქვს ხოლმე გულთან, რადგან ამით არ უნდა დავკმაყოფილდე, არ უნდა მოვეშვა და წინსვლას ხელი არ შევუშალო.

- ქეთის როგორ დაახასიათებთ, როგორია ის როგორც კოლეგა, პიროვნება?

- ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ქეთი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან გულისხმიერი, თბილი, კარგი მეგობარია, ყურადღებიანი, ყველაფერში მხარში რომ ამოგიდგება, გაწონასწორებული პიროვნებაა. ნებისმიერი პრობლემისას, ქეთი თუ გვერდითაა, აუცილებლად დაგამშვიდებს და გამოსავალს გაპოვნინებს. შესანიშნავი ადამიანია, თავმდაბალი. რაც შეეხება მას, როგორც მუსიკოსს, ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, მუსიკის ენა უსიტყვოდ გვესმოდა და რეპეტიციებისას წინააღმდეგობები საერთოდ არ გვქონია. ყველაფერზე აწყობილები ვიყავით, პრობლემა არ გვქონია მუსიკის "კეთების" თუ ორგანიზაციულობის თვალსაზრისით. მძიმე შრომის მიუხედავად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ქეთის, რომ ასეთი კარგი ადამიანი და მუსიკოსია, ინტელექტუალი, ბევრ რამეს კითხულობს და უსმენს სხვა მომღერლებზე, ბევრ ინფორმაციას ფლობს. ერთი სიტყვით, ყველანაირად საინტერესო ადამიანია.

- ქეთის აქ ყოფნისას, საქმიანი ნაწილის გარდა, განტვირთვისთვის სადმე გასვლას თუ ახერხებდით?

- კი, გორში რომ იყო, უფლისციხეში წავიყვანეთ. დატვირთული რეჟიმის გამო ეს ბევრჯერ ვერ მოვახერხეთ, რადგან ზოგჯერ ღამის ორ საათზე გამოვდიოდით სტუდიიდან. გუნდს რომ ვუშვებდით, მერე მე და ქეთი ვსხდებოდით და ყველა ჩანაწერს ვისმენდით. როცა ყოველი საათი და წუთი გათვლილი გაქვს, ექსკურსიებისთვის ნაკლებად გცალია, თუმცა, მაინც მოვახერხეთ, სუფრასთანაც მოვხვდით ერთად, გორის მერმაც დაგვპატიჟა, ხელოვანები გაგვაცნეს და ა.შ. ყველა გვეპატიჟებოდა, უნდოდათ, მათთან მივსულიყავით, მაგრამ ვერ ვახერხებდით. რაც გამოვიდა, ისიც ძალიან სასიამოვნო იყო. ქართველებს ისედაც ძალიან უყვართ ქეთი, მაგრამ აქ ყოფნისას კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გაიჩინა.

- თქვენ თუ იყავით მის სახლში ინგლისში?

- კი, ქეთიმ თავის სახლში დაგვპატიჟა მე და ჩემი ძმა, სადილზე. მერე, ქეთის მეუღლის კონცერტზეც წავედით. ის ადრე ბაიკერი იყო, მერე კი როკის მიმართულებით წავიდა, ქეთის ძმასთან ჯგუფში, რომელიც ასევე უკრავს. მე და ქეთი ოჯახებით ვახლობლობთ უკვე, ჩემთანაც იყო სახლში. მოკლედ, ქეთის სახით ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე.

- რა გეგმები აქვს გუნდს უახლოეს პერიოდში?

- მინდა მოვასწრო და შემოდგომა-გაზაფხულზე სოლო კონცერტები ჩავატარო. ახალ რეპერტუარზე მუდმივად ვმუშაობთ, ძველიც, ცხადია, დარჩება. ჩვენი თაყვანისმცელები, ვინც ჩვენს გამოსვლას ელოდებიან, მინდა, განებივრებული გვყავდეს.

თამთა დადეშელი