სანდრო კურცხალიძის დიდი სიხარული და ტკივილი - გზაპრესი

სანდრო კურცხალიძის დიდი სიხარული და ტკივილი

დავინტერესდით, წლევანდელი "X ფაქტორის" გამარჯვებული - სანდრო კურცხალიძე ზაფხულს როგორ ატარებს, პროექტის დასრულების შემდეგ მისი ცხოვრება როგორ შეიცვალა... აღმოჩნდა, რომ პოზიტიური სიახლეების გარდა, ახალგაზრდა მომღერლის ცხოვრებაში სევდიანი ამბებიც მომხდარა...

- სანდრო, როგორ ხარ? ზაფხულს სად ატარებ?

- მშვენივრად ვარ. უმეტესწილად, ბათუმში ვიმყოფები. "ივენთებიც" მაქვს, ვერთობი კიდეც - ყველანაირად კარგად ვარ.

- ეროვნულ გამოცდებზე შენი ტესტების შედეგები როგორია?

- ჩემდა გასაკვირად, ძალიან კარგი: ყველა გამოცდა ჩავაბარე.

- ანუ უკვე საზღვაო აკადემიის სტუდენტი ხარ?

- არა, საზღვაო აკადემია სიიდან წავშალე. ჯერჯერობით, სტუდენტი არ ვარ და არ ვიცი, რომელ უნივერსიტეტში მოვხვდი - ბევრი უნივერსიტეტი (თბილისში) და სხვადასხვა ფაკულტეტი მიწერია...

- და მაინც, უფრო მეტად, რომელი პროფესიის დაუფლებაზე ფიქრობ?

- ზუსტად ვერ გეტყვით. კარგად იცით, რომ "X ფაქტორმა" ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მაგალითად ის, რომ საზღვაოზე ჩაბარება და ზღვაში გასვლა აღარ მინდა. სავარაუდოდ ან სან დიეგოს უნივერსიტეტში (სამშენებლო ფაკულტეტზე) მოვხვდები, ან - საავიაციოში (საპილოტოზე).

იცით, იმის თავისუფლება არ მქონდა, რომ ბოლომდე თავად გადამეწყვიტა, სწავლა სად გამეგრძელებინა. მაგალითად, ყოველთვის მინდოდა, მუსიკას გავყოლოდი, მაგრამ "X ფაქტორამდე" მე და ჩემი მშობლები შევჯერდით, რომ საზღვაო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა. ჩემდა გასაკვირად, დაახლოებით 3 დღის წინ, მამა გემიდან შემეხმიანა. მკითხა, როგორ ჩავაბარე გამოცდები და სწავლის გაგრძელებას სად ვაპირებდი. როცა ვუთხარი, მიპასუხა: ორივე "დაიკიდე". ის საქმე გააკეთე, რისკენაც გული მიგიწევს. მოდი, მუსიკას მივხედოთო. გამიხარდა. მივხვდი, პროექტს ტყუილად არ ჩაუვლია, მშობლებს ჩემ მიმართ უფრო მეტი ნდობა გაუჩნდათ...

- ამ ყველაფერთან "X ფაქტორი" რა შუაშია? მუსიკალური სასწავლებელი რომ გეთქვა, გასაგები იქნებოდა...

- მუსიკალურსა და თეატრალურში რომ მოვხვდე, მანამდე (გაზაფხულზე) გარკვეული გამოცდები უნდა გავიარო ანუ წელს უკვე დაგვიანებულია. ამიტომ მოვიფიქრე, რომ "რაღაცაზე" ჩამებარებინა - რაიმე განათლება მიმეღო. იმავდროულად, საკუთარი კარიერისთვისაც მიმეხედა. მაგალითად, ვოკალის მასწავლებელთანაც ვაპირებ სიარულს... მინდა, თბილისში ჩემი ცხოვრება თავიდან დავიწყო და ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ავაწყო.

- მიღებულ პრიზებზე რას გვეტყვი?

- მოგეხსენებათ, საოცნებო საგზური მოვიგე: სადაც მინდა, ვის კონცერტზეც და ვისთან ერთადაც, გავემგზავრები. გადაწყვეტილი მაქვს, ძმაკაცთან ერთად ამერიკაში, "ქოლდფლეის" კონცერტზე გავემგზავრო, მაგრამ არ ვიცი, ვიზას მომცემენ თუ არა. კიდევ, მანქანა მოვიგე, რომლითაც ახლა ვმგზავრობ და ასევე - ბინა, მაგრამ რატომღაც, სამშენებლო კომპანია არ შემხმიანებია. ჯერჯერობით, ველოდები.GzaPress

- ავტომობილის მართვა პრიზის მიღებამდეც იცოდი?

- კი, მართვის მოწმობა მქონდა. "X ფაქტორში" მონაწილეობის პერიოდში, თბილისში მანქანით გადავაადგილდებოდი.

- ახალ ავტომობილს უკვე "დაუმეგობრდი"?

- კი, პირველივე დღეს: ის "მიხვდა", რომ მე მე ვიყავი და მეც მივხვდი, რომ ის ის იყო (იცინის).

- ალბათ, ახლა ღონისძიებებზე უფრო ხშირად გიწვევენ...

- რა თქმა უნდა. მაგალითად, ერთ-ერთ კლუბში ჩვენი "ივენთი" ჯგუფთან - "რეზო და ბავშვები" ერთად იგეგმება. ვაპირებ, ჩემთან ერთად, სოფო ნიჟარაძემაც იმღეროს, ოღონდ - ეს ამბავი ჯერ გეგმის დონეზეა.

- მგონი, შენი და სოფოს მენტორულ-კონკურსანტული ურთიერთობა პროექტის პერიოდშივე, მეგობრობაში გადაიზარდა. მეგობრობას აგრძელებთ?

- მენტორულ-კონკურსანტული ურთიერთობა არასოდეს გვქონია, თავიდანვე ვმეგობრობდით. სოფო ყველაზე მეტად, იმიტომ მიყვარს, რომ ჩვენ შორის ასაკობრივ ბარიერს ვერ ვგრძნობ. ეს ჩემი დამსახურებაცაა (თავის შექება გამომდის, რაც არ მიყვარს), რადგან თავს ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანად მივიჩნევ და ხალხთან გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი შემიძლია. მასთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორც თანატოლთან. ისე დავახლოვდით, რომ როცა 1 საათი და მით უმეტეს, 1 დღე ვერ ვხედავ, დეპრესია მეწყება, დისკომფორტს ვგრძნობ... მინდა, სულ მასთან ერთად ვიყო, საქმეზე, მუსიკაზე ვიფიქროთ, რაღაცები ვაკეთოთ...

- სხვა კონკურსანტებთან მეგობრობასაც აგრძელებ?

- როგორ არა? ხვიჩა კვარაცხელია ბათუმში, ჩემს ოჯახში იყო ჩამოსული. მე და მორის მელაძე დღე და ღამე ერთად ვართ. გიორგი გასვიანი ბათუმში ჩამოვიდა, ერთად დავსხედით, ერთმანეთი მოვისიყვარულეთ... ასევე, ქრისტინე მარტიაშვილიც ვნახე.

- საერთოდ, ზაფხულს როგორ ატარებ ხოლმე?

- მაგალითად, შარშანწინ მე და ჩემი მეგობრები აჭარაში, ბეშუმში დაახლოებით ერთი თვით ვიყავით. ისე ვერთობი, როგორც ჩემი ასაკის ბიჭები ერთობიან: ვსვამთ, ვცეკვავთ, კოცონს ვანთებთ (თუ ბუნებაში ვართ). როცა ბათუმში ვიმყოფებით, კლუბებში დავდივართ, საღამოებს ვაწყობთ...

ეს ზაფხული წინასგან ცოტათი განსხვავდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში ახლა უკვე ახალი სახეებია, რომლებიც ისე მიყვარს, რომ მათ გარეშე გაძლება არ შემიძლია. თან, "ივენთები" მაქვს. ჩემს "ივენთებზე" ვერთობით და შემდეგ კიდევ სხვაგან მივდივართ... წელს გუფი და "გუფილენდი" ბათუმში ხშირადაა. მათთან დავმეგობრდი...

- შენს პირად ცხოვრებაში ხომ არაფერი შეცვლილა?

- თან შეყვარებული ვარ, თან - არა. ასე ვთქვათ, კარგად ვარ (იცინის).

- ანუ ტრფობის კონკრეტული ობიექტი გყავს, თუ როგორც ამბობენ, ცხოვრებაზე ხარ შეყვარებული?

- მე ყველა და ყველაფერი მიყვარს, მაგრამ დიახ, ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი არსებობს...

- ეს ის გოგონაა, რომელიც ცალმხრივად გიყვარდა?

- არა, არა, ღმერთმა დამიფაროს (იცინის)...

- საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია?

- დიდი ბოდიში, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს ჩემთვის შევინახავ.

- კარგი. დასასვენებლად სადმე გამგზავრებას ხომ არ გეგმავ ან იქნებ, უკვე იყავი კიდეც?

- არა, ჯერჯერობით, უხეშად რომ ვთქვა, "რეისები" მაქვს: ბათუმი-სოფელი-თბილისი-ბათუმი... სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით სადმე წასვლის დიდი სურვილი არც მაქვს. მეგობრებთან ერთად, ბათუმშიც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

- სოფელში დასასვენებლად მიდიხარ ხოლმე?

- სამწუხაროდ, დასასვენებლად ვერ ჩავედი - სულ ცუდი ამბებით მხვდებიან. მაგალითად, ერთხელ იმიტომ ჩავედი, რომ ჩემი ბიძაშვილი, 19 წლის ანუკი ხელაძე გარდაიცვალა - მოკლეს. ერთად გავიზარდეთ. ფაქტობრივად, ჩემი და იყო... ახლა კი ბებიაჩემის გასვენებიდან მოვდივარ... როგორც ამბობენ, დიდ სიხარულს დიდი ტკივილი მოსდევს.

ეთო ყორღანაშვილი