"ვგრძნობ, ცხოვრება სიურპრიზებს მიმზადებს" - გზაპრესი

"ვგრძნობ, ცხოვრება სიურპრიზებს მიმზადებს"

პროფესიით იურისტი ოლიკო კობახიძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. ის ჯერ კიდევ პირველი სიყვარულის მოლოდინშია... დამოუკიდებელი, თავისუფალი, ამაყი, ჯიუტი, პრინციპული, კეთილი, მეგობრული და კარგი მეოჯახე - ასე გულწრფელად ახასიათებს ჩვენი "საპატარძლო" საკუთარ თავს.

- ზესტაფონში დავიბადე. მამა და ძმა პროფესიით ექიმები არიან, დედა კი ფარმაცევტი გახლავთ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი სამედიცინო სფეროში აქტიურადაა ჩართული. მიუხედავად ამისა, მე იურისპრუდენციამ გამიტაცა და პროფესიის არჩევის პროცესში ოჯახისგან არანაირი ზეწოლა არ მიგრძნია, პირიქით - თავისუფალი არჩევანის წინაშე ვიდექი და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე რელევანტური გადაწყვეტილება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მშობლები, როგორც თავისუფალ ადამიანს, ისე მზრდიდნენ, არასოდეს არაფერში მზღუდავდნენ და მაქსიმალურ ნდობას მიცხადებდნენ. პატივს სცემდნენ თითოეულ ჩემს გადაწყვეტილებას, მაჩვევდნენ დამოუკიდებლობას და ხელს მიწყობდნენ, რომ კარგი განათლება მიმეღო. ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს დროის სწორად გადანაწილებას და ამიტომაც არ მიჭირდა სწავლის პარალელურად, ბევრი საინტერესო რამით დავკავებულიყავი. ყოველთვის მჭიდრო კონტაქტი მქონოდა ხელოვნებასთანაც...

ტრადიციები ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ტრადიცია გულისხმობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შეგრძნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ და ვამაყობ, რომ საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, სადაც შეიძლება იგრძნო მისი ათასწლოვანი კულტურა და ისტორია.

- საკუთარი თავის დახასიათება შეგიძლია?

- საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს და ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო... არასწორად მიმაჩნია მონოლოგის რეჟიმში შევაფასო საკუთარი თავი, თანაც, საკითხავია, რამდენად ობიექტურად გამომივა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა შევეცდები: ყოველთვის ვარ ის, ვინც ვარ. არ მჭირდება სხვადასხვა ნიღბის მორგება, ვარ გულწრფელი და ვფიქრობ, გარშემო მყოფები ამას ხედავენ. დადებითი და უარყოფითი მხარეები ყველას გვაქვს, თუმცა, ადამიანები ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან და მათ შეცვლაზე ორიენტირებულები არ უნდა ვიყოთ.

- რას მიიჩნევ შენს ყველაზე ცუდ თვისებად და ამის გამო, ახლობლებისგან შენიშვნას თუ იღებ და ითვალისწინებ?

- დედა ხშირად მეუბნება, რომ ჯიუტი ვარ. თუმცა, მე სიჯიუტეს ცუდ კონტექსტში ვერ განვიხილავ, ეს ზოგჯერ აუცილებელიცაა მიზნის მისაღწევად. ახლობლებისაგან შენიშვნებს ნაკლებად ვიღებ, მათგან უფრო მეტად რჩევები მესმის, რომლებსაც სიამოვნებით ვუსმენ და ვითვალისწინებ კიდეც.

- რამდენად პრინციპული ადამიანი ხარ? ვის ან რის გამო შეიძლება უღალატო პრინციპებს?

- პრინციპულობა ალამაზებს ჩემს ბიოგრაფიას, მაგრამ ართულებს ცხოვრებას... მე ალბათ, რთული ცხოვრება ავირჩიე, ვინაიდან ვარ ძალიან პრინციპული და ვთვლი, რომ პრინციპებისა და ღირებულებების ქონა გვეხმარება გარკვეული ცხოვრებისეული შეცდომების თავიდან არიდებაში და თანაც, ამით ინდივიდუალიზმს ვინარჩუნებთ.

- ამაყიც ხარ?

- ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, ოჯახითა და მეგობრებით. ისე კი, ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებად თავმდაბლობა მიმაჩნია.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება? მაგალითად, სადილის მომზადება, სადღესასწაულო სუფრის გაშლა, სახლის დალაგება?

- საოჯახო საქმეების კეთება კარგად გამომდის, სამზარეულოში ფუსფუსი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, გემრიელ რაღაცებს ვამზადებ ხოლმე. ვფიქრობ, კულინარია ერთგვარი ხელოვნებაა და ამით არა მხოლოდ მანდილოსანი, მამაკაციც უნდა ინტერესდებოდეს.

- მომავალში, როცა დაქორწინდები, თუ წარმოგიდგენია, როგორ გაართმევ თავს ოჯახურ საქმიანობას?

- ვფიქრობ, ოჯახის საქმეებს თავს კარგად გავართმევ, დამოუკიდებლად ცხოვრებას მიჩვეული ვარ და არც ახალი გამოწვევები მაშინებს, დიასახლისის ფუნქციასაც მშვენივრად შევითავსებ. იმედი მაქვს, ჩემი მეორე ნახევარი ამ ყველაფერში ხელს შემიწყობს. ოჯახის შენების პროცესში ცოლ-ქმარი თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- არა მხოლოდ მამაკაცის, ქალის პერანგის დაუთოებაც შემიძლია. უთოს ხმარება იმ აუცილებელ ცოდნას წარმოადგენს, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი უნდა ფლობდეს. ცოდნას საჭიროებიდან გამომდინარე ვეუფლებით და ვფიქრობ, დაუთოებული ტანსაცმელი ყველას გვჭირდება...

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მომწონს განათლებული, ჩამოყალიბებული, გამგებიანი, დამოუკიდებელი მამაკაცები, რომელთაც შეუძლიათ მოსმენა და სხვისი აზრის გათვალისწინება. მამაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი პრიორიტეტია.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად მატერიალურად ძლიერი უნდა იყოს? მაგალითად, იყოს ბიზნესმენი, ჰქონდეს საკუთარი ვილები, ფეშენ-აგარაკები, და ა.შ.

- მთავარი ადამიანის საქმისადმი და შრომისადმი დამოკიდებულებაა, რამდენად შეუძლია მას რაიმე შექმნას, გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი - პრიორიტეტული ეს არის და არა ის, თუ რა თანხები ირიცხება მის ანგარიშებზე.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ზღაპრული ცხოვრების გამო სიყვარულს თმობენ. მაინტერესებს შენი აზრი ამ თემაზე...

- ზღაპრული ცხოვრება სიყვარულს მოაქვს და არა მის დათმობას. მატერიალისტი არასოდეს ვყოფილვარ და ვფიქრობ, ზღაპრული ცხოვრება პირველ რიგში, ეს შინაგანი კომფორტი უნდა იყოს.

- ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?

- მიმაჩნია, რომ ყველაფერი პირველი დანახვით გაჩენილი ნაპერწკალიდან იწყება და ერთი ნახვით შეყვარებისაც მჯერა. არსებობს ჩემ გარემოცვაში მსგავსი მაგალითი და მათი ურთიერთობა დღემდე კლდესავით მტკიცეა. პირადად მე, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია, მაგრამ ყველაფერი წინაა. ვგრძნობ, ცხოვრება სიურპრიზებს მიმზადებს და სწორედ ამას აქვს ხიბლი.

- მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გყოლია?

- ყველა ადამიანს სიამოვნებს ყურადღება, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. არის შემთხვევები, როცა გოგოსა და ბიჭის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და ასეთ დროს ურთიერთობის დიპლომატიური გზით მოგვარებას ვანიჭებ უპირატესობას. თუკი ადამიანს ნორმალურად აუხსნი და შენს პოზიციას ნათლად დაანახვებ, არა მგონია, რაიმე პრობლემა წარმოიქმნას. მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები არასოდეს მყოლია.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ შენი გული მოინადიროს?

- კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რისი გაკეთება მესიამოვნებოდა მამაკაცისაგან, თუმცა ის გულწრფელი უნდა იყოს. მის ნებისმიერ ნაბიჯსა თუ ქმედებაში, ზედმეტი მცდელობაც არაა სასურველი, რათა ხელოვნურობა თავიდან ავირიდოთ, უბრალოდ, ის უნდა იყოს ბუნებრივი და ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. გულის მონადირებისთვის შინაგანი თავისუფლება აუცილებელია...

- შენთვის მთავარი და აუცილებელი გარეგნობაა მამაკაცში თუ მისი ადამიანური თვისებები?

- მთავარი და აუცილებელი, რა თქმა უნდა, პიროვნული მახასიათებელია ნებისმიერ ადამიანში. თუმცა, თავდაპირველ ნაპერწკალსა თუ ქიმიას რაღაც დოზით მაინც, გარეგნობა განაპირობებს, ამიტომ ჩემი მხრიდან არ იქნება სიმართლე, თუკი ცალსახად ვიტყვი, რომ ამ ფაქტორს არ გავითვალისწინებ.

- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?

- შესაძლოა, შაბლონურ პასუხად ჟღერდეს, მაგრამ ღალატი არის ის, რასაც საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებ. გულწრფელობაზე დამყარებულ ურთიერთობებს ვაფასებ. ჩემი მომავალი მეორე ნახევარი პირველ რიგში, ჩემი მესაიდუმლე, მეგობარი უნდა იყოს.

- მიტევება შეგიძლია?

- ბუნებით ნამდვილად მიმტევებელი ადამიანი ვარ, შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ მათი გაანალიზებაა მთავარი, რათა მეორედ აღარ გავიმეოროთ. შეცდომების აღიარებისაც არ უნდა მოგვერიდოს და რაც მთავარია, უნდა ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთის მიმართ.

- საკუთარ ქორწილზე თუ გიფიქრია, როგორ საქორწილო კაბას ჩაიცვამ?

- ქორწილი ძალიან ახლო ადამიანების გარემოცვაში წარმომიდგენია, ზედმეტი ხმაურის გარეშე. ცხადია, თეთრ კაბაში გამოწყობილი, საკურთხევლისაკენ ბედნიერი ნაბიჯებით მიმავალი. კაბის დიზაინზე არ მიფიქრია, თუმცა, აუცილებლად იქნება თეთრი.

- ქართული ტრადიციის თანახმად, ოჯახში გოგონა როცა იბადებოდა, მისთვის მზითევის შეგროვებას იწყებდნენ... ამ ტრადიციას დღეს ბევრი მიჰყვება. შენ თუ გაქვს ე.წ. მზითევი, რომელსაც გათხოვების შემდეგ, მეუღლის ოჯახში მიიტან?

- ჩემს ოჯახში მსგავსი ტრადიცია არ გვაქვს, მზითევზე ორიენტირება არ მიმაჩნია მართებულად. ეს დრომოჭმული ტრადიციაა.

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, როგორ შეხვდები ამ ამბავს?

- ცხადია, მის შემოთავაზებას გაგებით მოვეკიდები. მშობლებთან ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება. თუმცა მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ახალდაქორწინებული წყვილი დამოუკიდებლად, ცალკე ცხოვრობდეს, ამით ურთიერთობებიც უფრო ჯანსაღად ნარჩუნდება და წყვილსაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ოჯახური განვითარების.

- დედამთილს დედას დაუძახებ?

- დედას ვერ დავუძახებ, ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი მშობელი დედა და მისი ეს სტატუსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

- ნიშნობის ბეჭედი როგორი მოგწონს: ტრადიციული ბაჯაღლოს რგოლი თუ თანამედროვე, განსხვავებული სტილის?

- ნიშნობის ბეჭედზე არ მიფიქრია. ვფიქრობ, მისი სტილი მეორეხარისხოვანია, მთავარი ამ ბეჭდის დანიშნულებაა. არ მომწონს, როდესაც დაოჯახებული ადამიანები ნიშნობის ბეჭედს არ ატარებენ.

- ოჯახი თუ კარიერა - პირველ ადგილზე რომელს დააყენებ?

- საინტერესო კითხვაა. ოჯახი ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება პრიორიტეტული, თუმცა, იმ ადამიანთა რიცხვს განვეკუთვნები, რომლებიც რამდენიმე საქმეს ერთმანეთს კარგად უთავსებენ, მთავარი დროის სწორად გადანაწილებაა და ვფიქრობ, არ დავდგები მსგავსი არჩევანის წინაშე: ოჯახი თუ კარიერა.

- ოდესმე შეყვარებული ყოფილხარ?

- შეყვარებული არ ვყოფილვარ და ჯერ კიდევ პირველი სიყვარულის მოლოდინში ვარ. შესაძლოა, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, წინდახედული ვარ და გრძნობების აყოლა არ მჩვევია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არასოდეს ვიღებ ან შესაძლოა, ჯერ არ გამოჩენილა ის ერთადერთი, ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებ.

- პროექტის შემდეგ ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინე. ასეა?

- პროექტმა გამოცდილება და ხალხის სიყვარული მომიტანა, რაც ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, რაც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაშიც დამეხმარა. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, არც მათი ნაკლებობაა (იღიმის).

- ამჟამად რას საქმინობ?

- სიმართლე გითხრათ, პროექტის შემდგომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ახლა სამსახურს ვეძებ. იმედიანად ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რაღაც ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყება ჩემს ცხოვრებაში. მთავარი ხომ მიზნის დასახვა და შემდგომ, ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლაა, მე მცდელობას არ დავაკლებ. ვინარჩუნებ ოპტიმიზმსა და უკეთესი მომავლის რწმენას.

სოფო ჭონიშვილი