გოგონების ყურადღებით განებივრებული დათუნა მგელაძის პირველი სიყვარული - გზაპრესი

გოგონების ყურადღებით განებივრებული დათუნა მგელაძის პირველი სიყვარული

დათუნა მგელაძემ ახლახან სიმღერაზე - "ბათუმი" კლიპი გადაიღო. როგორც მომღერალმა გვითხრა, ბათუმი ძალიან უყვარს და ამ ქალაქთან რომანტიკული თავგადასავლებიც აკავშირებს... დათუნას პირველ პაემანზე, სიყვარულზე, საკურორტო რომანებსა და სხვა რომანტიკულ თემებზე ვესაუბრეთ...

- მთელი ბავშვობა ბათუმში მაქვს გატარებული. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. აგვისტოში ბათუმში არ ვყოფილვარ და აუცილებლად უნდა ჩავიდე...

- დათუნა, სკოლაში გოგონებში პოპულარული ბიჭი იყავი?

- (იცინის) კი, ვიყავი.

- რით იქცევდი მათ ყურადღებას - სიმღერით, გარეგნობით?..

- ბავშვობიდანვე განებივრებული იმიტომ ვიყავი, რომ სულ რაღაც კონკურსებში ვმონაწილეობდი. სკოლის ანსამბლის - "არგო" ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით. სკოლელების ინტერესს ვიწვევდი.

- შენ მიმართ გოგონები ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?

- მახსოვს, ერთხელ გოგონებმა სამასწავლებლოს გვერდით, კედელზე დიდი ასოებით მიაწერეს (მგონი - ნახშირით): "დათუნა, მიყვარხარ". ამის გამო, მეც და დედასაც საყვედური გვითხრეს (იცინის). დედა იმ სკოლის პედაგოგი იყო, სადაც ვსწავლობდი.

- შენი პირველი პაემანი გახსოვს?

- 14 წლისა ბელორუსიაში, მუსიკალურ კონკურსზე ვიყავი. იქ ერთი ბოსნიელი გოგონა გავიცანი. ასაკით ჩემზე უფროსი იყო. პაემანი სცენასთან გვქონდა. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი. მაშინ ბავშვები "როლიკებით" დავსრიალებდით და პაემანზეც "როლიკებით" მივედი (იცინის).

- თქვენი ურთიერთობა გაგრძელდა?

- არა, რა თქმა უნდა. ის თავის ქვეყანაში წავიდა, მე - ჩემსაში წამოვედი. ფულის კუპიურაზე თავისი სახელი და გვარი დამიწერა.

- ის კუპიურა შენახული გაქვს?

- სადღაც მექნება, თუ ჩემმა დისშვილებმა რამე არ უქნეს (იცინის)...

- ეს პირველი სიყვარული იყო?

- არა, ეს უბრალოდ, პირველი პაემანი იყო. შემდეგ 15-16 წლის ვიყავი, როცა ერთი გოგონა კინოში ჩემი პირველი ჰონორარით წავიყვანე... სამწუხაროდ, მას მერე მსგავსი არაფერი ყოფილა.

- ანუ თქვენი ურთიერთობა არ გაგრძელდა?

- ეს გოგონა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის გამოც აფორიაქებული ვიყავი, დილით ვდგებოდი თუ არა, ვურეკავდი... ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. დიდად არც ის გიჟდებოდა ჩემზე (იცინის).

- ანუ დიდად შენც არ გიჟდებოდი მასზე?

- მე ვგიჟდებოდი, მომწონდა, თუმცა ეს რამდენად იყო სიყვარული, არ ვიცი... ცალმხრივ სიყვარულს უფრო ჰგავდა. ამიტომ ნელ-ნელა გადავწყვიტე და შევეშვი.

- ნამდვილი სიყვარული გწვევია?

- არა, არ მწვევია და ახლა ველოდები. იმედია, რაღაც იქნება...

- რომანტიკული ადამიანი ხარ?

- ვერ გპასუხობ, რადგან ბავშვობის მერე, რომანტიკული ურთიერთობა არ მქონია. თუმცა, ჩემი შინაგანი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ - კი, რომანტიკული ვარ. ერთგული ადამიანი გახლავარ. ამბობენ ხოლმე, - დათუნა მგელაძის საწყალი მომავალი ცოლიო (იცინის), მაგრამ ასე არავითარ შემთხვევაში არ იქნება.

- საწყალი - რატომ?

- იმიტომ, რომ არც შეყვარებული მყავს, არც - ცოლი და ხომ მაქვს უფლება, გავერთო? ჩემი ცოლი უბედნიერესი იქნება. სიტყვას - "მიყვარხარ" ამიტომ არ ვაუბრალოებ. შესაბამისად, ჩემგან ნაწყენიც არავინ ყოფილა...

- ალბათ, საკურორტო რომანები გქონია...

- ალბათ, ყველას ჰქონია და გამონაკლისი არც მე ვარ...

- საზაფხულო არდადეგების მერე ურთიერთობა გაგიგრძელებიათ?

- ურთიერთობა გაგვიგრძელებია, თუმცა, სერიოზული არაფერი ყოფილა. ახლა რომ ვფიქრობ და ყველაფერი მახსენდება, დავითრგუნე (იცინის). თუმცა, ყველაფერი წინაა. იმ ასაკში ვარ, რომ ყველაფერი ახლა უნდა მოხდეს. ღვთის წყალობით, ისეთი ადამიანი გამოჩნდება, ვინც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნება.

- როგორი გოგონები იქცევენ შენს ყურადღებას?

- სულ რაღაც, 3 წლის წინ, უფრო სხვა ინტერესი მქონდა და პირველ რიგში, გარეგნობას ვანიჭებდი უპირატესობას. ამ მხრივ, ახლაც არაფერი შეცვლილა, მაგრამ გარეგნობას ინტელექტიც დაემატა - გოგონას ინტელექტი თუ არა აქვს, შანსი არ არის, ერთად ვერ ვიქნებით, რადგან ზუსტად ვიცი, ურთიერთობა ძალიან მალე დაინგრევა. მივხვდი, სილამაზე ყველაფერი არ ყოფილა - ამის იქით მთელი სამყარო, მთელი ცხოვრებაა...

- სიყვარული რა არის?

- (იცინის) ამაზე ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს. გუშინ ვსაუბრობდით და ახლობელმა თქვა, - სიყვარული შეჩვევააო. არ ვიცი, ამ მოსაზრებას დავეთანხმო თუ არა. სიყვარული ის არის, რაც აგაფორიაქებს. სამსახურში, გასტროლზე თუ კონცერტზე წასულს ერთი სული გაქვს, ჩამოხვიდე და მას ჩაეხუტო... შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, შეიძლება, ისევ ბავშვობაში ვარ ჩარჩენილი, მაგრამ სიყვარული მე ასეთი წარმომიდგენია. შეჩვევა სხვა რამეა - ვერანაირად ვერ შევეჩვევი, არც ისე მსუბუქი ხასიათი მაქვს. ამიტომ წყვილს შორის გულწრფელი გრძნობა უნდა არსებობდეს.

- გოგონას გამო გიჟური საქციელი ჩაგიდენია?

- როცა იცი, ისეთი გოგონა მოგწონს, რომელიც მთელ თუ არა, ნახევარ უბანს მაინც მოსწონს და მის სანახავად გადიხარ, მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული გაქვს, მარცხენა, მარჯვენა ან ორივე თვალი ლურჯი გექნება, გიჟური საქციელია, აბა, რა არის (იცინის)? ამას მანდილოსანი, მის მიმართ არსებული სიმპათია გაკეთებინებს. ამ დროს შენი პირველი ამოცანა მისი ნახვაა და ამას რა მოჰყვება, მნიშვნელობა აღარ აქვს...

- კინოში რომ დაპატიჟე, იმ გოგონაზე საუბრობ?

- კი.

- შეგიძლია, დარწმუნებით თქვა, რომ აღარ გიყვარს?

- კი, წლებია უკვე. დღეს ამ ამბავზე ვხალისობთ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

- დღესდღეობით, გოგონები შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- ძალიან ბევრნაირად. ყოფილა შემთხვევა, ჩემს სადარბაზოსთან ღამეები გაუთენებიათ, უამრავი საჩუქარი მოურთმევიათ. ახლაც ძალიან მაგარი საჩუქრები გამიკეთეს. ეს ყველაფერი სასიამოვნოა.

- სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ?

- არ ვიცი, ჩემგან რას უნდა ელოდონ. ალბათ, არიან ადამიანები, ვინც სანაცვლოდ რამეს ითხოვენ. ალბათ, საჩუქარსაც გააჩნია, თუმცა ჩემს მეგობრებს ძვირად ღირებული საჩუქრები მოუძღვნიათ, მაგრამ საბედნიეროდ, სანაცვლოდ არავის არაფერი მოუთხოვია... თუ ვინმე მოითხოვს, დიდ მადლობას გადავუხდი, მაგრამ საჩუქარს არ დავიტოვებ... როცა გულითაა ნაჩუქარი და ჩემი შემოქმედების, პიროვნების მიმართ პატივისცემას გამოხატავს, საჩუქრის ყუთში რა დევს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

- წარმოდგენილი გაქვს, შენი ქორწილი როგორი იქნება?

- ქორწილში სტუმრის სტატუსით როცა მივდივარ, მომწონს... ჩემი ქორწილი ალბათ, უფრო ორიგინალური იქნება: ღია ცის ქვეშ, ბევრი ნათურა, თეთრი და მწვანე ფერების სინთეზი, აუცილებლად კარგი მუსიკა... არ ვამბობ, რომ ქართული, ტრადიციული დეტალები არ იქნება - თამადაც გვეყოლება... მოკლედ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იქნება.

- გასაგებია, რომ შეყვარებული არ ხარ, მაგრამ იქნებ, ვინმე გყავს შეგულებული?

- ჯერ კიდევ ოცნებებში ვცხოვრობ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- მაგალითად, 10 წლის მერე, შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

- მე და შენ ისევ ინტერვიუს ვწერთ, ოღონდ, მე მარჯვენა ხელით ჩემი პატარა კაცუნა ან ქალბატონი მიჭირავს (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი