რაზე დააფიქრა და რით შეცვალა ციხეში გატარებულმა დღეებმა მომღერალი - გზაპრესი

რაზე დააფიქრა და რით შეცვალა ციხეში გატარებულმა დღეებმა მომღერალი

მომღერალი თემურ თათარაშვილი ინტერვიუებზე ხშირად უარს ამბობს, ამჯერად კი გამონაკლისი დაუშვა. ახლა მის ცხოვრებაში აქტიური და საინტერესო პერიოდია. 15 აგვისტოს სოლო კონცერტი აქვს ბათუმში, სექტემბერში - რომში, ოქტომბერში - ფილადელფიაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში...

რას საქმიანობს ამჟამად, რისი ეშინია, რომელ თვისებას ვერ მოერია საკუთარ თავში, როგორ იხსენებს დაკავების დღეს, რაზე დააფიქრა და რა დაამახსოვრდა საპატიმროში გატარებული დღეებიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1966 წლის 20 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი, ყველა ასაკში ეს სურვილი მქონდა. მეხანძრეობა და კოსმონავტობა არასდროს მნდომებია. ადრეული ასაკიდან ვმღეროდი. შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი და სიმღერა ერთდროულად დავიწყე. ბებიის დის მეუღლე სოხუმის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო და შესაძლოა, ხელოვნებისადმი ჩემი მიდრეკილება ამანაც განაპირობა. ერთი პერიოდი მსახიობობის სურვილიც მქონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. კოლეგები, რომლებთანაც ვმეგობრობ, ამბობენ, - შენთან ერთად გასტროლზე წასვლაზე ვოცნებობთო. ოჯახში შვილებთან ძალიან მკაცრი ვარ, მეგობრებთან - სრულიად განსხვავებული.

- თავად ვფიქრობ, რომ...

- ...მხიარული ვარ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, ყველანი ჯანმრთელები არიან. ბედნიერი ვარ, რომ მსმენელს ვუყვარვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- უღალატო მეგობარი ვარ და ეს ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, თავადაც არაერთხელ უთქვამთ. რაც ჩემში ძალიან მომწონს, ისაა, რომ საოცრად პუნქტუალური გახლავართ. ჩემს ხასიათში ეს თვისება ბავშვობიდან გამოკვეთილი იყო. არასდროს გაკვეთილზე არ დამიგვიანია. 10 წელი მოსკოვში ვიცხოვრე, იქ სულ საცობებია, გადაადგილება ჭირს და არსად არასდროს დამიგვიანია. იურმალაში ფესტივალზე მე და სოსო პავლიაშვილი რომ გამოვდიოდით, მაშინ მთავარი რედაქტორი ამბობდა, - რომ არსებობდეს პრიზი `ყველაზე პუნქტუალური მონაწილე~, აუცილებლად, თემურ თათარაშვილს გადავცემდიო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ეს სიფიცხეა, ადვილად ვფეთქდები. სიფიცხეს მაშინაც კი ვიჩენ, როცა ვიცი, რომ ის კონკრეტული ქმედება ძალიან დამაზარალებს - ამ თვისებას საკუთარ თავში ვერ მოვერიე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...17 წლის ასაკში, ანსამბლ `75~-ში მოხვედრა იყო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმღერო.

- არ მჩვევია...

- ...თქმა, `ხმაზე არ ვარ, ვერ გიმღერებთ~.

- მეშინია...

- ...სიმარტოვის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ცხვირს. ცოტათი გაბუშტული ცხვირი მაქვს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უცხო ენები. ბავშვობაში ინგლისური ენის შესწავლა მინდოდა, სკოლაში კი ფრანგულს გვასწავლიდნენ, დედას ვთხოვდი, სხვა სკოლაში გადავეყვანე. არ გადამიყვანა და ჯიბრზე, ფრანგულიც არ ვისწავლე.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქებენ, თან, გულის სიღრმეში ძალიან მიხარია.

- ვნანობ, რომ...

- ...ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, რომლის შესახებაც ყველამ იცის, პატიმრობის წლებს ვგულისხმობ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი შვილები და შვილიშვილებია. ბავშვები ერთი დღეც რომ არ ვნახო, ვერ ვძლებ.

- პატიება შემიძლია...

- ...ყველა ვარიანტში. ძალიან გულმავიწყი ვარ. ნეგატივს არასდროს ვიტოვებ. როცა ვიცი, ადამიანი ჩემთან დამნაშავეა, შემიძლია მივიდე, ჩვეულებრივად დაველაპარაკო, წყენა არც კი გავუხსენო. ამ თვისებით ადამიანები გაკვირვებულები დამიტოვებია, დაბნეულობაც არაერთხელ შემინიშნავს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...აუცილებლად გამოსწორება სჭირდება. ჩემი შეცდომები ხშირად მახსენდება.

- სხვის შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ. ახლა ნატახტარში ერთ-ერთ რესტორანს ვხელმძღვანელობ. ეს რესტორანი მეგობრებმა ახლახან მაჩუქეს. რამდენიმე დღის წინ, კრება მქონდა და თანამშრომლებს ვუთხარი, რომ შეუძლიათ, შენიშვნები მომცენ. შეიძლება, 100 წლის იყო და პატარა ბავშვისგან რაღაც ისწავლო. სიმღერის ჩაწერისას, რამდენიმე ადამიანთან მუშაობა გამორჩეულად მიყვარს. ერთ-ერთი სერგო ნონიკოვია. ვეუბნები, შენ როგორც მეტყვი, ისე ჩავწერ-მეთქი, ძალიან ვენდობი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...(ფიქრობს) რა ვისწავლე? ამ წინადადების დასრულება მიჭირს.GzaPress

- ვიბნევი, როცა...

- ...სცენაზე გამოვდივარ. დარბაზში ადამიანებს საერთოდ ვერ ვხედავ. მერე მეუბნებიან, ვერ დამინახე? ხელი დაგიქნიეო... აბსოლუტურად ვითიშები. შარშან ჩემი კონცერტი ისე დამთავრდა, რეჟისორს ვკითხე, - ყველა სიმღერა ვიმღერე-მეთქი? სცენაზე გასვლისას, ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ძალიან ბევრ რამეს. `მატრაკვეცა~ ადამიანები არ მიყვარს, ლაპარაკს სახელებით და გვარებით რომ იწყებენ. არადა, ჩვენ გარშემო ასეთები მრავლად არიან. არ მსიამოვნებს, მაგრამ არაფერს ვეუბნები, აზრი არ აქვს, ეს თვისება ადამიანს არ უნდა ჰქონდეს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...30 წლის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმ დიდ შეცდომას არ დავუშვებდი, რომელმაც ძალიან ბევრ რამეში უკან დამხია. უდარდელი ცხოვრება მქონდა, არაფერი მაკლდა და რაღაც ახალი მინდოდა. ერთხელ რომ გავსინჯე, მერე მივყევი და მივყევი. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ამ ნაბიჯს არასდროს გადავდგამდი. 2 წუთის წინ რომ მკითხეთ, საკუთარ შეცდომებზე რა ისწავლეთო? წინადადება ვერ დავასრულე. აი, ეს ვისწავლე.

- თავისუფლება არის...

- ...ბედნიერება. ახლა მე თავისუფალი ვარ, მაგრამ მოსკოვში ცხოვრების პერიოდში, თავისუფალი არ ვიყავი. საქართველოში სულ სხვა განცდა მაქვს, აქ ყველასგან დიდ სითბოს ვგრძნობ და ეს მაბედნიერებს.

- მოსკოვიდან წამოვედი, რადგან...

- ...იქ ჩემი ნებით არ წავსულვარ, ცხოვრებამ ასეთი გამოცდა ჩამიტარა. რაღაც პერიოდი აუცილებელი იყო წავსულიყავი. მერე დადგა დრო, შემეძლო დავბრუნებულიყავი და ხშირ-ხშირად ჩამოვდიოდი. ვხედავდი, როგორ მხვდებოდნენ მესაზღვრეები, რიგითი ადამიანები აეროპორტში და ეს სითბო ჩემზე ძალიან მოქმედებდა. გარდა ამისა, ოჯახის წევრები, მეგობრები სულ მენატრებოდნენ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემს საქმესთან კავშირი ჰქონდა დეკანოზ მამალაძის საქმის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს - ეს ამბავი ჟურნალისტებისგან გავიგე. არ ვიცი, მე მას არ ვიცნობ. მე წამლის გამო დაჭერილი არ ვიყავი და თავის დროზე, როცა ეს ვთქვი, ვიღაცებს გაეცინათ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. კომენტარებს უსაქმური, დაბოღმილი, შეუმდგარი ადამიანები წერენ. ქეთა თოფურიაზეც ბევრ სისულელეს წერენ, არადა, ამ გოგოს მადლობა უნდა უთხრან, საქართველოზე ყველგან ლაპარაკობს და ძალიან ბევრ მეგობარს ეხმარება.

- ჩემი დაკავების დღეს...

- ...გეტყვით, რა და როგორ მოხდა. 25 სექტემბერია, დილის 11-დან 12 საათამდე პერიოდში, მირეკავს კანცელარიიდან ადამიანი, რომელმაც მაცნობა, რომ არის პრეზიდენტის პროტოკოლის თანამშრომელი. ამ დღეს `პესკებზე~ ღვინო იწურებოდა, მე ოლიმპიელებთან ერთად უნდა ვმდგარიყავი პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით და ღვინო დამეწურა. პროტოკოლის თანამშრომელს ვუპასუხე, - ამას არ გავაკეთებ, სააკაშვილის გვერდით არ დავდგები, რადგან მერე სარკეში ჩემი თავის დანახვის შემრცხვება-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე. მისთვის მანამდეც არასდროს მიმღერია. თავად ხომ აცხადებდა, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებო და მეც ჩემი ნება გამოვხატე. 3 საათზე რიყეზე არ მივედი და ზუსტად 4-ს აკლდა 15 წუთი, როცა დამაკავეს. 9 მანქანა ხალხი იყო გამოყოფილი ჩემს დასაკავებლად. მე ვსვამ კითხვას: პროტოკოლის თანამშრომელი დარეკავდა და პრეზიდენტთან მიიწვევდა იმ მომღერალს, რომლის დაკავებაც სამართალდამცავებს დაგეგმილი ჰქონდათ? 3 საათში გადაწყდა ჩემი დაჭერის ამბავი? ხომ ნათელია, რის გამოც დამაკავეს. ადვოკატმა მითხრა, შენი ნათქვამი პროკურორს მაგიდაზე უდევსო. კანცელარიიდან რომ რეკავენ, საუბრის ჩანაწერი კეთდება.

- ახლა სააკაშვილს რომ შევხვდე...

- ...არაფერსაც არ ვეტყოდი, მასთან შეხვედრა საერთოდ არ მინდა.

- მომავალში რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პირის მხარდამჭერ კონცერტზე...

- ...შეიძლება თუ არა მიხილოთ? კახი კალაძეს როგორც უნდა დავჭირდე, ყოველთვის მხარში დავუდგები, თავად კი პოლიტიკისგან ისევე შორს ვარ, როგორც - ბალეტისგან. კალაძეს არ ვიცნობ, მასთან არ ვმეგობრობ, მაგრამ რომ ვნახო, გამარჯობას ვეტყვი და დარწმუნებული ვარ, თავადაც მომესალმება. ის ასაკით ჩემზე პატარაა. მის თანაგუნდელებთან უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს.

- მაგალითად...

- ...ქინქლაძესთან და ბევრ სხვასთან. კალაძე მესახება თბილისის მერად. ის ნიჭიერია, პატივს ვცემ. მართალია, მის პროგრამას ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ მხარდაჭერას პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ვუცხადებ.

- სიყვარული ეს...

- ...ურთიერთგაგებაა. გაგების გარეშე, სიყვარული წარმოუდგენელია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...სკოლის მოსწავლე ვიყავი, დედას სუნამოებს ვპარავდი და იმ გოგოსთან მიმქონდა. დღეს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, სოციალურ ქსელში - მიმოწერაც.

- ვრისკავ, როცა...

- ...გასარისკია, ისე არაფერი გამოვა. რისკზე ბრმადაც წავსულვარ, არაერთხელ გამმართლებია, მაგრამ ცხვირიც წამიტეხია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სიზარმაცის გამო. ეს თვისება მაქვს, ვერ უარვყოფ. ხშირად მეუბნებიან, ახალი სიმღერები ჩაწერეო, მაგრამ სტუდიამდე მისვლა მიჭირს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ოჯახსა და ნათესავებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. ბავშვებზე ვგიჟდები და ვისაც მზრუნველობა აკლია, ყველას ბედნიერ დღეებს ვაჩუქებდი.

- როცა მარტო ვარ...

- ...სახლში მარტო ყოფნა მიყვარს. ტელევიზორი და კომპიუტერი ყოველთვის ჩართული მაქვს. ამ მდგომარეობას მოსკოვში იმდენად მივეჩვიე, ახლა ბინა ცალკე მაქვს ნაქირავები. თბილისში ბინა აღარც მაქვს, გავყიდეთ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...სიგარეტი და ყავა მშველის.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია...

- ...ასეთი არაერთი პიროვნებაა. მაგალითად, ერთ-ერთი ბატონი ნუგზარ ფოფხაძეა. გამოცდილია და ვიცი, ყოველთვის სიმართლეს მეუბნება.

- ვჯიუტდები...

- ...ხშირად, მათ შორის, იმ ადამიანებთანაც, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- ინტუიცია...

- ...მაქვს არაჩვეულებრივი. მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ. საოცარია, ჩემს დაჭერამდე 6 თვით ადრე, ისტერიულად ვყიდულობდი ფილმებს ციხეზე და ვუყურებდი. არ ვიცი, მაშინ ამისკენ რა მიბიძგებდა. რომ დამაკავეს, ეს იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო, მეგონა, მაშინდელ გადაცემას - `მზის დარტყმა~ იღებდნენ.

- ციხეში გატარებული დღეებიდან გამორჩეულად მახსოვს...

- ...ძალიან ბევრი რამ. ყველა თბილად მეპყრობოდა, ღამით ციხის დირექტორს კაბინეტში ჩავყავდი, ტელევიზორს მაყურებინებდა და ყავით მიმასპინძლდებოდა. ყველანი ფანტასტიკურად მექცეოდნენ. დაჭერის წუთიდან ზედმეტი არაფერი უკადრებიათ. სოდ-ში რომ მიმიყვანეს, სიგარეტის მოწევა მინდოდა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, - წამოდი, მოგაწევინებო. მეორე იქვე გათხლაშული იჯდა და მოგვაძახა, `პოპულარნია~ და იმიტომ, აბა, სხვას ხომ არ გაიყვანდიო.

- ციხეში გატარებულმა დღეებმა დამაფიქრა, შემცვალა...

- ...ყველაზე მთავარი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, 25 სექტემბერს 12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკს არ გავკარებივარ. `პლანს~ არასდროს ვეწეოდი, ყოველთვის მეზიზღებოდა. ცუდს რასაც ვაკეთებდი, იმას აღარ ვაკეთებ და ეს იქ ყოფნის შედეგია. ჩემს მსმენელს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს გული ძალიან ვატკინე. რამდენიმემ მითხრა, - არ გვჯერა, რომ კაიფობდი, არასდროს გეტყობოდაო.

- დაბოლოს...

- ...დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს და ვინც ჩემს სიმღერებს უსმენს.

- მადლობა თქვენ და მოგვიკითხეთ დედა, რომელიც ვიცით, რომ ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველია.

- (იცინის) კი და ასე ამბობს ხოლმე: `ჩემი საყვარელი `გზა~.

თამუნა კვინიკაძე