"ქალობა ძალიან დიდი ფუფუნებაა" - გზაპრესი

"ქალობა ძალიან დიდი ფუფუნებაა"

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემდეგ, მომღერალი - სოფო გელოვანი ყოველ დილას ვარჯიშით იწყებს. ამბობს, რომ პროექტი ფორმაში ჩადგომაში ძალიან დაეხმარა და ცდილობს, სხეულის მომხიბვლელი ფორმები შეინარჩუნოს. მომღერალს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ.

- სოფო, შენთვის რას ნიშნავს "გათხოვილი ქალის" სტატუსი?

- პასუხისმგებლობას, ანუ რეალურად, გათხოვილი ქალი ისეთი თავისუფალი აღარ ხარ, როგორიც - გაუთხოვარი, რადგან საკუთარ თავზე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებ.

- ოდესმე გათხოვება გინანია? გიფიქრია, რომ ნაადრევად დაოჯახდი?

- არა, ნამდვილად არ მინანია, პირიქით - ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი ზუსტად იმ დროს გადავდგი, როცა საჭირო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ!

- "ქალური შურის" მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- "ქალური შური" რა არის, არ ვიცი. ყველანაირი შური საშინელებაა და პირადად მე, მთრგუნავს, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. როცა ადამიანი გრძნობ, რომ ვიღაცას შენი შურს და ეს მის ქცევაშიც გამოიხატება, ძალიან ცუდია. ვფიქრობ, შურიანი ადამიანის ცხოვრებაც რთული იქნება, რადგან ამ გრძნობასთან ერთად ცხოვრობს...

- საკუთარი თავი თუ "დაგიჭერია", რომ ვინმესი შეგშურებია?

- კეთილია თუ "შავი", შური მაინც შურია. ალბათ, ადამიანს იმის შეგშურდება, რისი ნაკლებობაც გაქვს - გსურს, შენც გქონდეს... ძალიან თავდადებული ადამიანების მშურს, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ, საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვისთვის აქვთ გადადებული. შესაძლოა, საკუთარ თავს, შვილებს საჭმელი მოაკლონ და სხვას გაუნაწილონ. მე ასე ცხოვრება მიჭირს, რომ მაგალითად, ჩემს შვილებს მოვაკლო და სხვებს მივცე. ვცდილობ, მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ფიქრით არ ვიცხოვრო, მაგრამ ეს ძალიან რთულია. თუმცა, ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია, ვინც ასე ცხოვრობს: თავად გაჭირვებაში არიან და სხვებს ეხმარებიან.

- როცა დაქალები იკრიბებით, თქვენი საუბრის ძირითადი თემები რა არის?

- ყველაფერი: ოჯახი, შვილები, მეუღლეები... რა ვიცი, ყველაფერზე ვსაუბრობთ, პრობლემებს განვიხილავთ... ჩვენი საუბრის მოსმენა საინტერესოა (იცინის).

- საუბარი ჭორაობაში თუ გადაზრდილა?

- დავსხდებით და შეიძლება, ვიღაც განვიკითხოთ - რაღაც "ისე" ილაპარაკა, ასე რატომ მოიქცაო? თუმცა, შემდეგ ვამბობთ, - კარგი, რა ჩვენი საქმეაო. როცა გოგონები ერთად ვსხდებით, ბევრ საინტერესო ამბავზე ვსაუბრობთ.

- შენ შესახებ ჭორები ხშირად გსმენია?

- კი, გამიგონია. სიმართლე გითხრათ, ჭორების გამო არ გავღიზიანებულვარ - გამცინებია, რადგან ეს ხომ ჭორია, რომელიც რეალობასთან ახლოსაც არ არის?!

- მაგალითად, საკუთარ თავზე რა ჭორი გაგიგონია?

- ის, რომ თურმე, ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამბობენ, ძალიან კარგად აქვს გაკეთებული და არ ამბობსო... ასეთი სასაცილო ჭორები ყოფილა.

- ოდესმე გითქვამს, - ნეტავ, ქალად კი არა, მამაკაცად დავბადებულიყავიო?

- ასეთი სურვილი არასოდეს გამჩენია. ერთადერთი, როცა ბიჭები "მრავალჟამიერს" მღერიან, ხანდახან ხუმრობით ვამბობ: აუ, კაცი რატომ არ ვარ? კარგ ბანს "ვიტყოდი"-მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ ქალად დავიბადე. ქალობა ძალიან დიდი ფუფუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობს, ქალად ყოფნა მარტივი არ არისო (რადგან ბევრს მუშაობენ), ქალის ცხოვრება ძალიან საინტერესოა...

- როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი ქალი ხარ?

- ვაიმე, არ ვიცი (იცინის). საერთოდ, 20 წლამდე ძალიან ბავშვური აღნაგობა მქონდა. შინაგანად სულ მინდოდა, "დიდი" ვყოფილიყავი, უფროსებთან მეგობრობა მომწონდა, მაგრამ ასაკი არასოდეს მეტყობოდა. ქალურობაც გვიან შევიგრძენი. მახსოვს, სკოლაში სწავლის პერიოდში, ისეთი გამხდარი და წვრილი ფეხები მქონდა, რომ განვიცდიდი და 3-4 კოლჰოტს ვიცვამდი, რომ ცოტათი მსხვილი ფეხი გამომჩენოდა (იცინის). ეს კომპლექსი მქონდა, ახლა კი მეცინება... ალბათ, როცა გავთხოვდი, შვილები გავაჩინე, უკვე მივხვდი, რომ პატარა გოგო აღარ ვარ.

- ოჯახური თანაცხოვრებისას, მეუღლესთან ურთიერთობაში კრიზისი შეგქმნია?

- ჩვენ 11 წელია, ერთად ვართ და ცხადია, კონფლიქტი გვქონდა, მაგრამ სერიოზული - არაფერი, მხოლოდ ისეთი - რომელიც უნდა გადაილახოს და ადამიანმა ჩვეულებრივად მიიღოს. გვქონია და დაგვიძლევია! მიმაჩნია, რომ ურთიერთობაში ეს ნორმალურია, რადგან შეუძლებელია, ყველაფერი იდეალურად იყოს. გარკვეულ სიტუაციაში შესაძლოა, რაღაც დათმო... ჩვენს ურთიერთობას, ამდენი წლის ოჯახს ძალიან ვუფრთხილდებით. ვცდილობთ, ერთმანეთს არ ვაწყენინოთ. ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით, ამიტომ კრიზისული სიტუაციაც აღარ იქმნება. ეს მაშინ იყო, როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ... ამ ყველაფერმა გაიარა.

- როგორ ფიქრობ, კარგი დედა ხარ?

- ჯერ არ ვიცი, კარგი ვარ თუ არა. როცა შვილებს გავზრდი, მერე გიპასუხებთ - გამოვდექი თუ არა კარგი დედა.

- შვილებთან ურთიერთობისას, გარკვეულ სიტუაციებში იბნევი ხოლმე?

- 2 ბიჭი მყავს: 8 წლის დათა და 2 წლის აკა. აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. დათა მარტივად გასაზრდელი ბავშვია და კონტაქტში ადვილად შემოდის: ყველაფერზე ვსაუბრობთ, ყველაფერს იოლად იგებს... უმცროს შვილს რაც შეეხება, მარტივი ხასიათი არა აქვს და სიმკაცრე სჭირდება. მოკლედ, ბავშვებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. ვცდილობ, შვილები წესრიგს მივაჩვიო - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს ყველა სურვილი არ უნდა შეუსრულო - უნდა იცოდეს, რას რის ხარჯზე იღებს. ყველაფერი მარტივად არ უნდა ეჩვენებოდეს. საერთოდ, შვილების აღზრდა ძალიან რთულია... ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დამაბნეველ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ - ალბათ, ეს დროც დადგება, როცა ბიჭები გაიზრდებიან. ჯერჯერობით, ვუმკლავდები... მიმაჩნია, რომ ბავშვებთან სულ უნდა იმეგობრო, ისაუბრო, "გახსნილი" ურთიერთობა გქონდეს...

- თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოს?

- ალბათ - უზრდელობამ. არც მახსოვს, მეყვიროს და მეჩხუბოს. ასეთი საქციელი ჩემს ხასიათში არ "ზის". შეიძლება, ძალიან მეწყინოს, მაგრამ ყვირილისა და წივილის ნაცვლად, ეს სიტყვიერად გამოვხატო... მაგალითად, ქუჩაში დაყრილ ნაგავს რომ ვხედავ, ვგიჟდები!.. ბევრი დეტალია, რაც ძალიან მაბრაზებს...

- როგორი საქციელი არ შეჰფერის ქალს?

- ალბათ, ამორალურობა არც ქალს შეჰფერის და არც - კაცს. ასეთი საქციელი არც ერთმა ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს.

- როგორი მოხუცი იქნები, ამაზე თუ გიფიქრია?

- ძალიან ხშირად მიფიქრია და როცა ჩემს ბებიებს (ორივე ცოცხალი მყავს) ვუყურებ, ვამბობ, რომ ძალიან კარგად გამოიყურებიან და კარგადაც აზროვნებენ. მამაჩემის დედა 93 წლის გახლავთ. ვფიქრობ, - მე ამ ასაკამდე მივაღწევ? ყველაფერი შინაგან განწყობილებაზეა დამოკიდებული - ადამიანს ცხოვრების წყურვილი უნდა გქონდეს. მოხუცებულობისას საკუთარი თავი შვილიშვილების გარემოცვაში წარმომიდგენია. ალბათ, ქალაქგარეთ ვიცხოვრებ, სადაც ჩემი მწვანე ეზო მექნება და იქ აუცილებლად დავრგავ: კიტრს, პომიდორს... მიწასთან მუშაობა ჩემს მეუღლესაც მოსწონს. თან, ვაზი, ღვინო ძალიან უყვარს... ზაფხულობით შვილიშვილები მესტუმრებიან (იღიმის)...

- ოდესმე, სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- აუ, არა, ნამდვილად არ მიგრძნია. ძალიან ბედნიერი ვარ და ვცდილობ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდე.

ეთო ყორღანაშვილი