"ყველას თავისი მძიმე ჯვრის ზიდვა უწევს..." - ანი ჯაჯანიძის აუხდენელი ოცნება და ყველაზე დიდი "მტერი" - გზაპრესი

"ყველას თავისი მძიმე ჯვრის ზიდვა უწევს..." - ანი ჯაჯანიძის აუხდენელი ოცნება და ყველაზე დიდი "მტერი"

ლათინურამერიკული ცეკვების დიდოსტატი, წარმატებული მოცეკვავე არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც - ანი ჯაჯანიძე პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს. ბავშვობაზე, ახდენილ და აუხდენელ ოცნებებზე, იმედგაცრუებებზე, ცხოვრებასა და არსებობაზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე კი ვფიქრობ, გულწრფელად ისაუბრა.

- გებნებიან, რომ ასაკთან შედარებით, უფრო პატარა ჩანხარ?

- გააჩნია, როგორ მაცვია ან თმა როგორ მაქვს... როდესაც თმას მაღლა ვიკრავ და ე.წ. კუდს ვიკეთებ, 15 წლის გოგოს ვემსგავსები, ხოლო როცა თმა გაშლილი მაქვს, თითქოს ასაკი მემატება.

- ოდესმე წარუმატებლობას დეპრესიაში ჩაუგდიხარ?

- ვისურვებდი, რომ აწი აღარასდროს გამოვცადო წარუმატებლობა. თუმცა, ყველა იმ წარუმატებლობამ, რაც ცხოვრებაში მქონდა, უფრო გამაძლიერა და დიდი გამოცდილება შემძინა. დეპრესია არ მჩვევია. პატარ-პატარა წარუმატებლობებს ვეგუები, რათა შემდეგ კიდევ უფრო მეტად წავიწიო წინ.

- ოდესმე, იძულებით გაგიკეთებია ის, რისი გაკეთებაც არ გინდოდა?

- საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ მქონია... ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს და მაბედნიერებს. ვფიქრობ, ამ ხანმოკლე ცხოვრების წლებს უაზროდ არ ვხარჯავ.

- რომ შეგეძლოს, შენი ცხოვრებიდან რას ამოშლიდი ან რას შეცვლიდი?

- საინტერესო კითხვაა, მართლა დამაფიქრა... არასდროს მიფიქრია ამაზე. ალბათ, ყველაფერს ისე მოვაწყობდი, რომ მეცხოვრა ჩემს ქვეყანაში და მქონოდა ისეთივე ან თუნდაც, უფრო მეტი წარმატება, როგორიც ახლა სხვა ქვეყანაში მაქვს. ძალიან მიყვარს საქართველო და უბედნიერესი ვიქნებოდი, მანდ ცხოვრებისა და წარმატებულად არსებობის საშუალება რომ მქონოდა. შეიძლება, ახლა ბევრმა გამაკრიტიკოს, მაგრამ შორიდან ვერავინ იმსჯელებს იმ განსხვავებაზე, რაც სხვა ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის არის. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ეს შორიდან უფრო ნათლად ჩანს.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- მდიდარს ლათინურამერიკული ცეკვების შესრულება გამხდიდა, კიდევ: ქორეოგრაფობა, ლათინურამერიკული ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა და კერვა. უამრავი ჩანახატი მაქვს "ლათინოკაბების". თუმცა, მე მაინც ჩემი მწვრთნელის, როსტომ აროშვილის დიზაინის კაბებს ვანიჭებ უპირატესობას, რომლებიც საბოლოოდ, ყველას აღტაცებას იწვევს. ჩემს მოსწავლეებს ჩემ მიერ შექმნილი მოდელების მიხედვით ვაკერვინებ კაბებს... აი, ეს საქმიანობები მანიჭებს დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას, ამიტომაც, ეს ყველაფერი იქნებოდა ჩემი გამდიდრების წყარო.

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- მე მყარად მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ, იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ჩემი ინსპირაციაა, ცხოვრების უდიდესი ნაწილია. თუმცა, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება შეგეპაროს ეჭვი შენი მიზნის სისწორეში; იმ გზის სისწორეში, რომელსაც ადგახარ და ეს გრძნობა ზოგჯერ შემზარავია. იმის გაფიქრება, რომ წლები ტყუილუბრალოდ შესწირე იმას, რამაც შეიძლება არ მოგცეს ის შედეგი, რასაც ელი, საშინელებაა. რჩება ორი გზა: ან შეწყვიტო და სხვა მიზანი აირჩიო, ან გააგრძელო ბრძოლა, მყარი რწმენით. თუმცა, თუ არ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, ჯობია საერთოდ შეეშვა ამ საქმეს.

- რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი საკუთარ გარეგნობაში?

- გარეგნობაში არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად შევცვლიდი ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებს. ვისურვებდი, ძილი და ენერგიის აღდგენა არ იყოს საჭირო. მინდა, არ ვიღლებოდე და მქონდეს უამრავი, ულევი ენერგია იმის საკეთებლად, რაც ძალიან მიყვარს. დაღლა ჩემი ყველაზე დიდი მტერია.

- რთულია შენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება თუ ამას ახერხებ?

- ვცდილობ, ვაკონტროლო ყველაფერი, მაგრამ ზოგჯერ, მგონია, ყველაფერზე ფიქრით ტვინი "გამისკდება". განსაკუთრებით ღამით, ძილის წინ მეორე დღის გეგმებს ვაწყობ და დრო ისე მეპარება, რომ შეიძლება, თავზე დამათენდეს კიდეც...

- გიყვარს რაღაცების დაგეგმვა?

- ზოგადად, ძალიან "გეგმიანი" ადამიანი ვარ. მიყვარს დღის რეჟიმის სწორად დალაგება და კომფორტულად გათვლა. შემდეგ, თუ რაიმე შეცდომა მომდის, ანუ დროს სწორად ვერ ვანაწილებ, ამას ძალიან განვიცდი.

- წარმოიდგინე, რომ ადამიანები აკრიტიკებენ პიროვნებას, რომელიც შენი მეგობარია და თქვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იციან. ასეთ შემთხვევაში, როგორ მოიქცევი?

- თუ უსამართლოდ აკრიტიკებენ, მათ ვეტყვი, რომ არ არიან მართლები და ავუხსნი, რატომაც. თუ არ შეიცვლიან აზრს, ვეტყვი, რომ ეს მხოლოდ მათი აზრია და თუ არ უნდათ აზრის შეცვლა, ესეც მათი პრობლემაა, ხოლო თუ არ შეწყვეტენ ჩემს მეგობარზე ჭორაობას, ეს ნიშნავს, რომ მეც არ მაფასებენ, ამიტომაც ავდგები და გავეცლები ამ ადამიანებს. ჩემი მეგობრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასები არიან.

- რომ გთხოვონ, რაიმე ურჩიო ბავშვებს, რას ეტყოდი?

- რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, განათლება მიიღონ სხვადასხვა სფეროში, იზრუნონ იმაზე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ჰქონდეთ, აირჩიონ საქმე, რომლითაც ბედნიერები იქნებიან და ბოლომდე არავის ენდონ, ოჯახის წევრების გარდა.

- დაარღვევდი კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- დიახ, დავარღვევდი. თუმცა, გააჩნია, რა სახის გადარჩენაზეა ლაპარაკი და რომელი კანონის დარღვევაზე.

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ აგიხდა.

- ძალიან მინდოდა, ბალერინა ვყოფილიყავი. 9 წლის გახლდით, როცა დედას ვუსაყვედურე, თავის დროზე ბალეტზე რატომ არ მიმიყვანე-მეთქი? ოპერაში პირველად "მაკნატუნას" რომ ვუყურე, მაშინ გამიჩნდა ბალერინობის სურვილი. დედამ იმავე კვირაში, თავის ახლო მეგობართან და ოპერის ერთ-ერთ საუკეთესო ქორეოგრაფ-მასწავლებელთან მიმიყვანა. უთხრეს, რომ მქონდა ელასტიკური ტანი, მაგრამ ბალეტის სწავლა ამ ასაკში უკვე გვიანი იყო. გული ძალიან დამწყდა. მას შემდეგ, სულ აღტაცებით ვუყურებ ბალეტს და ბალერინებს. ვფიქრობ, ულამაზესები არიან, საოცრად ფლობენ საკუთარ სხეულს.

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად, რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო სწრაფად მოვა?

- არა, ამის არანაირად არ მჯერა, მაგრამ ჩემი ნერვიულობისა და "გამწარების" გამო ჯავრს "საწყალ" ლიფტის ღილაკზე ვიყრი (იცინის).

- რომელს ისურვებდი რომ იყო: უბედური გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

- არც ერთს... მსურს, ბედნიერი გენიოსი ვიყო... ვფიქრობ, ამ ქვეყანაზე ყველა ადამიანს თავისი მისია აკისრია და საკუთარი გზა აქვს გასავლელი. ყველას თავისი მძიმე ჯვრის ზიდვა უწევს. ვფიქრობ, ცხოვრება არ არის ადვილი. უბრალოდ, ზოგს შეიძლება ყველაფერი იოლად მიუვიდეს, ზოგს - შედარებით რთულად.

- შენ ადვილად შეძელი ცხოვრების აწყობა?

- არა, ჩემს ცხოვრებაში შრომისა და ბრძოლის გარეშე არაფერი მოსულა.

- რა უფრო უარესი იქნება: შენი მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად, თუ ახლოს გყავდეს, მაგრამ შეწყვიტოთ ურთიერთობა?

- მირჩევნია, ჩემ გვერდით იყოს და მერწმუნე, თუ ნამდვილი მეგობრები ვართ, არასდროს შევწყვეტთ მეგობრობას. ისე, თუ სხვა ქვეყანაში უფრო ბედნიერი და წარმატებული იქნება, მისით შორიდან გავიხარებ.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- მადლიერი ვარ, რომ მყავს ასეთი კარგი დედა, შესანიშნავი მეგობრები. უფლის მადლიერი ვარ, რომ ჯანმრთელი გახლავართ და საყვარელი ადამიანებიც, ასე თუ ისე, ჯანმრთელები მყვანან.

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- დიახ, შესაძლებელია. ზოგჯერ არც ველი, არც ვიბრძვი, სიმართლე თავისით მოდის ჩემამდე. როცა ვცდილობ, რაიმე გავიგო, მაშინ უფრო რთულდება სიმართლისთვის ფარდის ახდა.

- გახსოვს, დაახლოებით 5 წლის წინ, რაზე იყავი გაბრაზებული?

- დიახ, მახსოვს. ახლა უბრალოდ, იმ ადამიანზე აღარც ვფიქრობ, ვინც გამაბრაზა.

- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- ბევრი ბედნიერი მოგონება მაქვს, მაგრამ რაც ახლა გამახსენდა, არის ბაჭია-კურდღელი, რომელიც მამამ მაჩუქა, როცა 5 წლის ვიყავი... მართალია სახლში ყველაფერი დაგვიღრღნა და შეგვიჭამა, მაგრამ მაინც მიყვარდა და მახარებდა.

- გქონია თუ არა შემთხვევა, როცა ვინმესთან დრო სრულიად უხმოდ გაატარე და შემდეგ მიხვდი, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო შენს ცხოვრებაში?

- დიახ, ზოგჯერ უთქმელობა ბევრად ჯობია უაზროდ საუბარს.

- შეიძლება, დაუფიქრებლად უპასუხო კითხვას: რა არის კარგი და რა - ცუდი?

- დიახ. სიყვარული და სიკეთე კარგია, ბოროტება, შური და ბოღმა - ცუდი.

- ახლა წინ მილიონი დოლარი რომ დაგიწყონ და გითხრან, - ეს თანხა აიღე და სანაცვლოდ, სამსახური მიატოვეო, როგორ მოიქცევი?

- გავაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. მიყვარს ჩემი საქმე და ვიცი, ყველაფერს რომ შევეშვა, მოვკვდები. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მილიონ დოლარს არც დავხედავ.

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- ვეცდები, მსოფლიო აღიარებას ჩემი ცხოვრების 10 წლის გაყიდვის გარეშეც მივაღწიო.

- არსებობს განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის?

- არსებობაა, როდესაც თავი დღიდან დღემდე გაგაქვს და ცდილობ, ყოველდღიური საკვები მაინც მოიპოვო და სხვა სიამოვნებების მიღების საშუალება არ გეძლევა, ხოლო ცხოვრებაა, როდესაც იღებ ყველა სიამოვნებას და არ გიწევს მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრი; გაქვს დრო და შესაძლებლობა გაერთო, ისიამოვნო ცხოვრებით.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- რადგან მარცხის განცდა სასიამოვნო არ არის. ვფიქრობ, ბრძენია ის, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს და თავად ნაკლებ შეცდომას უშვებს.

სოფო ჭონიშვილი