"მე ვიპოვე ტანგო!" - სასიამოვნო ექსპერიმენტები და ცეკვა, რომლის სწავლაც არასდროს არის გვიან - გზაპრესი

"მე ვიპოვე ტანგო!" - სასიამოვნო ექსპერიმენტები და ცეკვა, რომლის სწავლაც არასდროს არის გვიან

თეკლა გოგრიჭიანი - ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ტანგოს პედაგოგი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და "ტანგოს დიჯეი". ასევე, "სტუდენტური ტანგოს ფესტივალის" იდეის ავტორი და ორგანიზატორი, რომლის კეთილშობილური ინიციატივის განხორციელებამ დიდი გამოხმაურება პოვა ქართველ საზოგადოებაში.

- ტანგოს მუსიკის მოსმენა მის სწავლამდე დავიწყე და მალევე მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი, საყვარელი ჟანრი იყო. ამ მუსიკის სიყვარულმა განაპირობა ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ტანგოს მიმართ და მალევე დავიწყე ცეკვის სწავლა. პარალელურად, დავიწყე ჩემი ტანგო-მუსიკის კოლექციის გამდიდრება, ყოველდღე ვუსმენდი არგენტინულ ორკესტრებს და ვკითხულობდი მათ შესახებ. ერთხელაც, ჩემი მეგობრების - ტანგოს საზოგადოების წევრების შემოთავაზებას დავთანხმდი და ეს ცეკვა ჩემთვის ნელ-ნელა, ჰობიზე მეტი გახდა. ახლა სტაბილურად ვარ "დიჯეი" თბილისის სხვადასხვა "მილონგაზე", დიჯეი ვიყავი ასევე თბილისის "ტანგოს კვირეულსა" და "შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე". 2015 წლიდან კი ტანგოს სწავლება დავიწყე და დღემდე აქტიურად ვმუშაობ. თუმცაღა, ეს საქმიანობა სტუდენტურ ფესტივალთანაა დაკავშირებული, რომელიც 2012 წელს, როგორც პროექტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განვახორციელე, პირველი კურსის დასრულებისთანავე და ამ წარმატებამ განსაზღვრა სხვა უნივერსიტეტების დაინტერესება.

- რა არის "სოციალური ტანგო"?

- ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ფენომენია. ესაა: ცხოვრების წესი, კულტურა, იდეა, ფილოსოფია. დაზუსტებით არავინ იცის, როდის და როგორ დაიწყო ტანგომ განვითარება, რადგან არ არსებობს მხოლოდ ერთი და სარწმუნო მტკიცებულება. ერთ-ერთი ვერსიით, ტანგოს ბორდელებში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ცეკვავდნენ, რის გამოც, ის მიუღებელი იყო საშუალო და მაღალი ფენებისთვის. არსებობს ვერსიაც, რომ ის მამაკაცების ჩხუბისგან წარმოიშვა. ჩემი რწმენით, ტანგოს განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ უცნობმა ემიგრანტებმა ითამაშეს, რომლებიც ჩავიდნენ სამხრეთ ამერიკაში, მონტევიდეოსა და ბუენოს-აირესში, ჩაიტანეს თავიანთი მუსიკა, კულტურა, ცეკვები, "შეურიეს" ის არგენტინულ ხალხურ მუსიკასა და ცეკვას, ესპანურ "ფლამენკოს", კუბურ "ჰაბანერას", აფრიკულ "კანდომბეს" რიტმებს. ამ ნაზავიდან ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ტანგო.

პირველი დიდი წარმატება ამ ცეკვას პარიზში ხვდა წილად, სადაც საზოგადოების ყველა ფენამ ერთნაირად მიიღო და შეიყვარა. ამ პერიოდის შემდეგ, ტანგო ბუენოს-აირესშიც მიიღეს და მან ბორდელებიდან ნელ-ნელა ბარებში, ქუჩებში, ოჯახებსა და მოგვიანებით, სცენაზეც გადაინაცვლა.

2009 წელს ტანგო კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. დღესდღეობით იგი მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრად ითვლება და ცეკვაც, მსოფლიო კულტურის ნაწილია. GzaPress

- საქართველოში როდის გახდა ეს ცეკვა პოპულარული?

- საქართველო ტანგოს კულტურას 2008 წლიდან ეზიარა, როცა თბილისში დაარსდა "ტანგოს საზოგადოება", რის შემდეგაც ეს ცეკვა ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა. ბოლო ორი წლის მანძილზე, მოყვარულების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამან ტანგოს სკოლების კიდევ უფრო გააქტიურება გამოიწვია, იმატა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების რაოდენობამაც. მაისში, ჩვენს დედაქალაქში გაიმართა "თბილისის ტანგოს კვირეული" (ორგანიზატორები ბექა და ლევან გომელაურები იყვნენ), ხოლო ივლისში "შავი ზღვის საერთაშორისო ტანგოს ფესტივალი" ბათუმში (ორგანიზატორი კობა შონია) ჩატარდა. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ქართველი ტანგეროების (ტანგოს მოცეკვავე) გარდა, უცხოელი მოცეკვავეების ყურადღებაც მიიპყრო, ამიტომაც ხშირად გვიწევს ვუმასპინძლოთ უცხოელ პროფესიონალ თუ მოყვარულ მოცეკვავეებს.

- შენ ხარ პირველი, ვინც "სოციალური ტანგო" სცენაზე, საკონცერტო სივრცეში გადაიტანა. ამაზე გვიამბე ...

- პირველი კონცერტი 2015 წელს, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ეს იყო "SUEST ARTE"-ის (პორტუგალიური მუსიკის ანსამბლი) პროექტი - "ფესვები და რევოლუცია". ამ კონცერტზე ანსამბლის ერთ-ერთ წევრთან, მოცეკვავე და მუსიკოს ჟორჟ სალგადო კორეიასთან ერთად, რამდენიმე სხვადასხვა სტილის ტანგო შევასრულე. ამის შემდეგ "თბილისის მოდის კვირეულზე" იყო ქართველი დიზაინერისა და ფოტოხელოვანის - ირმა შარიქაძის ტანგო პერფორმანსი "ვარდების ტანგო", რომელიც თბილისის შემდეგ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გავიმეორეთ, ხოლო მოგვიანებით, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის - "საჩუქარი" ბოლო წარმოდგენა გახლდათ. ამასთანავე, ანსამბლ "ოროველას" სოლო კონცერტზე შევასრულე ჩემს პარტნიორთან, კობა შონიასთან ერთად (ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში), სადაც კვარტეტმა შეასრულა ვაჟა აზარაშვილის სენტიმენტალური ტანგო. ახლახან მონაწილეობა მივიღეთ ანსამბლ "შავნაბადასა" და "გოგონათა კამერული გუნდის" ექსპერიმენტულ კონცერტში (გაიმართა ბათუმის ხელოვნების ცენტრში), რომელიც არანაკლებ ექსპერიმენტული აღმოჩნდა ჩემთვის და ჩემი პარტნიორისთვისაც. გოგონათა გუნდის მიერ "ცოცხლად" შესრულებულ ასტორ პიაცოლას ლიბერტანგოზე, მაყურებელს "ესცენარიო" (სასცენო ტანგო) შევთავაზეთ, რაც ჩვენთვისაც საინტერესო გამოცდილება იყო. მსგავსი ტიპის კონცერტები ტანგოს პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასე შეძლებს ტანგო საქართველოში განვითარებას და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლებას.

- შენ ხარ საქართველოში პირველი ალტერნატიული ტანგოს საღამოს ორგანიზატორი და დიჯეი...

- "ტანგო ფაბრიკაში" - ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. "ნეოლონგა", ანუ თანამედროვე ტანგოს საღამო საკმაოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ის ტრადიციული "მილონგის" ალტერნატივაა. თუ "მილონგაზე" ძველი არგენტინული ორკესტრების მუსიკაზე ვცეკვავთ, "ნეოლონგაზე" გაჟღერებულია თანამედროვე ტანგო ან ზოგჯერ სხვა მუსიკაც, თუ მასზე ცეკვა შესაძლებელია. ჩემთვის, როგორც დიჯეისთვის, "ნეოლონგა" ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ვფიქრობ, დროდადრო ისევ შევთავაზო მსგავსი საღამო საზოგადოებას. დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ტანგოს მოცეკვავეთა ასაკი შეუზღუდავია და არც ცეკვის წარსულ გამოცდილებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ტანგოს ცეკვას ყველა შეძლებს! მე ვიპოვე ტანგო! ძალიან მიყვარს და მასში მთლიანად ვდებ ჩემს გულს, დროს, რესურსს... მე მჯერა, რომ ე.წ. წარმატების ფორმულა საქმისადმი სიყვარულით იქმნება და ფორმირდება მას შემდეგ, რაც ბოლომდე ვიშრომებთ ამ სიყვარულისთვის!

ლიკა ჯანანაშვილი