"მამაკაცური აზარტია, ადვილად მისაწვდომი გოგონები არ მომწონს" - გზაპრესი

"მამაკაცური აზარტია, ადვილად მისაწვდომი გოგონები არ მომწონს"

მან უკვე მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცის ტიტული. ძალოსანი ლაშა ტალახაძე ახლა ახალი ასპარეზობისთვის ემზადება. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, შეცვალა თუ არა პოპულარობამ, როგორია მისი რჩეული გოგონა და როდის გრძნობს თავს უხერხულად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1993 წლის 2 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ცოტათი ზარმაცი და განებივრებული ბავშვი ვიყავი. ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანებს, მათ შორის მამასაც, სპორტთან ჰქონდა კავშირი და მეც ვფიქრობდი, რომ სპორტს გავყოლოდი. მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, ამ საქმეში ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავი, სიზარმაცე დავივიწყე და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ყველაზე ხშირად მესმის, დიდი სპორტსმენი ხარ, წინ დიდი მომავალი გაქვსო.

- მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცის ტიტულის მოპოვება...

- ...რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო. ეს ძალიან დიდი შრომისა და ვარჯიშის შედეგად მოხდა.

- ბედნიერი ვარ...

- ...პირველ რიგში იმით, რომ ქართველი ვარ. ოჯახის წევრები ჯანმრთელად და კარგად მყავს. ცხოვრებაში ყველაზე დიდ სტიმულს სწორედ ისინი მაძლევენ. რასაც ვაკეთებ, მათთვის ვაკეთებ. ბედნიერი ვარ, რომ წარმატებული სპორტსმენი გახლავართ. ჩემი საქმე მიყვარს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სიკეთის უანგაროდ კეთებაა. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაბედნიერებს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია. უჟმური ვარ და ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება ადამიანს გული ვატკინო, მაგრამ როცა დავმშვიდდები, ყველაფერს მალე ვალაგებ. ამ თვისებას საკუთარ ხასიათში გამუდმებით ვებრძვი.

- ამ თვისების გამო უსიამოვნო სიტუაციაში...

- ...მოვხვედრილვარ თუ არა? - ნაკლებად, ასეთი ძალიან ახლობლებთან ვარ, მათგან შენიშვნებს ვიღებ. უხერხული მომენტები, რა თქმა უნდა, მქონია და ამასთან ერთად - სინანულის გრძნობაც.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო, როცა პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაზე გავედი ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდელთა შორის და გავიმარჯვე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ბევრი სიკეთე ვაკეთო. მინდა, იმდენი საშუალება მქონდეს, რომ დაავადებულ ბავშვებს და სხვებსაც დავეხმარო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს. მირჩევნია, ისეთი ვიყო, როგორიც ღმერთმა გამაჩინა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ასეთი რამ არ არსებობს. რაც კი მომინდომებია, ყველაფერი მისწავლია.

- მეზარება...

- ...ბევრი რამ. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება სპორტითაა მოცული. ხანდახან ვარჯიშზე წასვლა მეზარება, მაგრამ მაინც მივდივარ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ხალხმრავალ ადგილზე მოვხვდები და ვიღაც ჩემ შესახებ ყველას გასაგონად ამბობს, - ეს ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაციო. რა თქმა უნდა, ამ უხერხულობას თან სიხარულის განცდაც ახლავს.

- ვნანობ...

- ...ისეთი სინანული არ მაქვს, ძალიან რომ მაწუხებდეს და მოსვენებას მიკარგავდეს. პატარა სინანულები ყველა ჩვენგანს გვაქვს, გამონაკლისი მეც არ ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...საერთოდ არაფერს შევცვლიდი.

- პატიება შემიძლია...

- ...მარტივად. ყველა ჩვენგანს გვეშლება რაღაც, ამ შეცდომებს ადამიანებს მარტივად ვპატიობ. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს, ეს უზრდელობაა, ამის პატიება მიჭირს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...სპორტში ბევრი შეცდომა დამიშვია. მქონდა პერიოდი, როცა სხვა რამეზე ვიყავი გადართული, ზოგჯერ თავშიც მქონდა ავარდნილი, სპორტი ნაკლებად მაინტერესებდა, შეჯიბრების თარიღი რომ ახლოვდებოდა და ფორმაში არ ვიყავი, მერე უკვე განვიცდიდი.

თუ გაინტერესებთ, სპორტს მიღმა საკუთარ შეცდომებზე რა ვისწავლე, შემიძლია გითხრათ, რომ ერთ დასკვნამდე მივედი: ადამიანს, რაც უნდა კარგი საქმე გაუკეთო, ერთხელ რამეზე უარი თუ უთხარი, მერე ყველა სიკეთე წყალში გეყრება.

- ჩემში პოპულარობამ შეცვალა...

- ...საერთოდ არაფერი შეუცვლია, პიროვნულად ისევ ისეთი ლაშა ტალახაძე ვარ, როგორიც მანამდე ვიყავი, ვიდრე ფართო საზოგადოება გამიცნობდა. ძალიან მახარებს ის, რომ ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ, ეს ძალიან კარგი განცდაა, სტიმულის მომცემია.

- სიყვარული ეს...

- ...კარგი რაღაც ყოფილა. ცოტათი ნერვების შლაც ახლავს, მაგრამ დიდი ძალაა. ამ დროს შეგწევს უნარი, საყვარელი ადამიანის გამო, შეუძლებელიც კი შეძლო, ბევრი რამ დათმო.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ, მაგრამ ამ თემაზე სხვას ვერაფერს ვიტყვი, მას საზოგადოება მალე გაიცნობს.

- დაქორწინებას...

- ...წელს არ ვაპირებ, რადგან წინ 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატია და ვემზადები, მოპოვებული ტიტულის დასაცავად. იმედია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებ.

- სასურველი გოგო უნდა იყოს...

- ...ისეთი, როგორიც ჩემი შეყვარებულია.

- ჩვენ ერთმანეთი გავიცანით...

- ...ბათუმში, დაახლოებით ერთი წლის წინ. გოგო პირველ რიგში, გარეგნულად უნდა მომეწონოს, მისი ხასიათით მერე ვინტერესდები. ტიპური ქართველი მამაკაცი ვარ, ტრადიციების მოყვარული და დამცველი. ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. როცა ვიცი, შეყვარებული ჩემს სურვილებს ითვალისწინებს, ძალიან მიხარია. ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება. ის იმ პერიოდში შემიყვარდა, როცა ყველამ გამიცნო, ყველა ჩემს სახელსა და გვარს გაიძახოდა, ის კი ადვილად მოსახიბლი არ აღმოჩნდა. მამაკაცური აზარტია, ადვილად მისაწვდომი გოგოები არ მომწონს. საკუთარი თავის ფასი ყველამ უნდა იცოდეს. როგორც მერე მითხრა, მასაც პირველივე დანახვისას მოვწონებივარ, ჩემი წარმატების შესახებაც ყველაფერი იცოდა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ახლა ოჯახის წევრებისგან შორს ვარ, ბაკურიანში შეკრებაზე ვიმყოფები. ძალიან მინდა, ჩემს შეყვარებულთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო, ყველანი მენატრებიან, მაგრამ ჩემი ცხოვრების რეჟიმი და საქმე ხშირად მათგან შორს ყოფნას ითხოვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო. არადა, ასეთი არ ვარ, მოუცლელობის ბრალია. ხშირად ვარჯიშიდან ისეთი დაღლილი ვბრუნდები, ლაპარაკის თავიც აღარ მაქვს.

- ვრისკავ...

- ...ხანდახან დაუფიქრებლადაც.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ ვიტყვი, რომ სულ ქველმოქმედებაში ჩავდებდი-მეთქი. ჩემს თავს, ოჯახსაც მოვახმარდი და დიდი ნაწილით ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი.

- თავისუფლება არის...

- ...როცა არ ზღუდავ სხვა ადამიანს. მე თავისუფალი ვარ, ბევრს თავისუფლება აღვირახსნილობა ჰგონია, ეს ძალიან ცუდია. ყოველთვის თავისუფალი ვარ, მაგრამ საზღვრებს მიღმა არასდროს გადავდივარ. სხვის თავისუფლებასაც არასდროს ვეხები.

- ბედისწერის...

- ...არ მჯერა. ადამიანი თავის ბედს თავად ქმნის. კარგსაც და ცუდსაც თავის თავს თავად უკეთებს.

- როცა მარტო ვარ...

- ...მარტოობა არ მიყვარს, ამ დროს ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ. ხმაურს და ხალხმრავლობას შეჩვეული ვარ და მარტოობას ვერ ვეგუები.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ..სანამ პრობლემა არ მოგვარდება, ვერ ვისვენებ.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...მშობლები და ოჯახის წევრები არიან. მათგან ბევრი დარიგება მომისმენია, ხშირად გამითვალისწინებია, ზოგჯერ მაინც ჩემი გამიკეთებია და მერე მინანია. ყველაზე კარგი ძმაკაცი მამაა, მეგობარი - დედა.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...ეს თვისება მაქვს, ზოგჯერ მაშინაც ვჯიუტდები, როცა ვიცი, მართალი არ ვარ, გადის რამდენიმე წუთი და ვაღიარებ.

- ვიტყუები...

- ...ბევრ ტყუილს ვამბობ ხოლმე (იცინის), მერე ამ ჩემს უწყინარ ტყუილებს სიმართლესაც ვაყოლებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამა ხშირად მიმეორებდა, პირველ რიგში კარგი პიროვნება უნდა იყო და მერე შენი საქმის პროფესიონალი, ნებისმიერი წარმატება უფერულდება, როცა პიროვნებად არ ვარგიხარ, ჩათვალე, არაფერი გაგიკეთებიაო.

- დაბოლოს...

- ...ძალიან დიდი მადლობა თქვენს მკითხველს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, ვეცდები, იმედი გავამართლო და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი წარმატება მოვუტანო.

თამუნა კვინიკაძე