ემოციური და რომანტიკული ანდრია გველესიანი - გზაპრესი

ემოციური და რომანტიკული ანდრია გველესიანი

მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი - ანდრია გველესიანი საზოგადოებამ სხვადასხვა პროექტის საშუალებით გაიცნო. პოპულარობამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა მოუტანა. მსახიობი ფიქრობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ შრომისმოყვარეობაშია.

- გაგვაცანი შენი ოჯახი... მშობლები პროფესიით ვინ არიან?

- დედა, თეა დემურიშვილი ოპერის მომღერალია. ის დიდი ხანი უცხოეთში მოღვაწეობდა. 3 წელია, რაც საქართველოში ჩამოვიდა და ახლა აქ, ოპერის თეატრის სოლისტია. მამა - დათო გველესიანი მომღერალი, ანსამბლ "რუსთავის" სოლისტია. სიმღერის ნიჭი მშობლებისგან გამომყვა.

- დედმამიშვილები გყავს?

- დიახ, მყავს: ნიკუშა, ანი და ანასტასია. 2 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ნიკუშა და ანი მამაჩემის მხრიდან და პატარა ანასტასია - დედის მხრიდან მყავს.

- მათ, როგორც ასაკით უფროსი, ხშირად აძლევ რჩევას?

- პირიქით, ისინი მარიგებენ ხოლმე (იცინის)... საერთოდ, სიმკაცრის მომხრე არ ვარ. ჩემი დედმამიშვილები ისეთ ოჯახებში იზრდებიან, რომ მათ ზედმეტი კონტროლი და დარიგება არ სჭირდებათ. ზუსტად იციან, რა დროს რა უნდა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ.

- ზოდიაქოთი რომელი ნიშანი ხარ?

- კირჩხიბი ვარ. ასტროლოგიაში დიდად ვერ ვერკვევი. თუმცა, რაღაცები წამიკითხავს და ასე თუ ისე ვიცი, რა ნიშან-თვისებებით ხასიათდება ჩემი ზოდიაქოს ნიშანი. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც ასტროლოგიაში კარგად ერკვევიან და მათგან ბევრი რამ ვიცი... "კირჩხიბის" ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ემოციურობაა.

- შენ ემოციური ხარ?

- დიახ და ვფიქრობ, ყველა მსახიობი ემოციურია. ეს თვისება ჩვენს პროფესიას სჭირდება კიდეც.

- მალე კარგავ წონასწორობას?

- სამწუხაროდ, კი. თუმცა, ზოგჯერ ზედმეტად თავდაჭერილიც ვარ, რაც სიმართლე გითხრა, თავადაც მიკვირს ხოლმე.

- შეგიძლია, შენს უარყოფით თვისებებზე თამამად ისაუბრო?

- როგორ არა... ჩემს უარყოფით თვისებად სიფიცხეს მივიჩნევ. უცებ ვიცი რაღაცებზე აყოლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თვისება გამოსწორებადია. ყველანაირი ემოციის კონტროლი შეიძლება. რაც მთავარია, სიფიცხეს ვაკონტროლებ და საჭირო დროს ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო... კიდევ, ძალიან სულსწრაფი და იმპულსური ვარ. ვფიქრობ, არც იმპულსურობაა ცუდი და არც სულსწრაფობა, რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შეიძლება, კარგ თვისებადაც ჩაითვალოს.

- შენს დადებით თვისებად რას მიიჩნევ?

- ყველაზე მეტად, შრომისმოყვარეობა მომწონს ჩემში. მაქსიმალისტი ვარ და საქმეს ხელს თუ მოვკიდებ, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.

- ხანდახან სიზარმაცე არ გიპყრობს?

- სიზარმაცე მძულს. ადამიანებს ამ თვისებას თუ შევამჩნევ, მათზე წარმოდგენა ეგრევე მეცვლება.

- სიზარმაცის გამო, საქმეს არასდროს აფუჭებ?

- არა, რას ამბობ, ნეტავ ყოველთვის იყოს რაღაც საქმე საკეთებელი და სიზარმაცის გამო რაიმეს გაფუჭება გამორიცხულია. ხშირად ვნატრობ, რომ სულ დაკავებული ვიყო... უსაქმურად არც არასდროს ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი საქმე ვაკეთო და შემოქმედებითად უფრო გავიზარდო.

- ამჟამად, რითი ხარ დაკავებული?GzaPress

- სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი გასტროლიდან. ახმეტელის თეატრი ფესტივალზე იყო ოდესაში, სადაც "სტუმარ-მასპინძელი" წავიღეთ და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი გვერგო. ვიდრე ოდესაში წავიდოდი, ჩემს საავტორო სიმღერაზე - "ჩემო გოგონა" კლიპი გადავიღე, ყველანაირი დაფინანსების გარეშე. მხარდამჭერები ჩემი მეგობრები იყვნენ. გამიმართლა, რომ მსახიობი ვარ, ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს ამ სფეროში. ჰოდა, აღმოვაჩინე, რომ ფინანსების გარეშეც, სიყვარულისა და მეგობრობის ხარჯზე შეიძლება კლიპის გადაღება. სატელევიზიო პრემიერა სექტემბერში გაიმართება. ძალიან მომწონს, ამაყი ვარ საკუთარი ნამუშევრით და იმედია, მაყურებელსაც მოეწონება. მეორე საავტორო სიმღერასაც ვწერ. კლიპის გადაღებაც მინდა, იდეის დონეზე უკვე ყველაფერი მზად მაქვს, უბრალოდ, ფინანსებს ველოდები, რადგან უფრო მასშტაბური პროექტია, მხოლოდ თბილისში არ იქნება გადაღება... ასევე, შემოთავაზება მაქვს ერთ-ერთი თეატრიდან, სადაც სპექტაკლში მთავარ როლს მთავაზობენ და იმედია, ესეც გამოვა.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი, პედაგოგებისგან ხშირად ვიღებდი შენიშვნებს. თუმცა, მათ ვუყვარდი, რადგან უზრდელი არასდროს ვყოფილვარ. 5 წლიდან ვმღეროდი, სიმღერა ძალიან მიყვარდა. მახსოვს, "ო სოლე მიოს" ვმღეროდი ხოლმე შუა გაკვეთილზე და თან, მაგიდაზე ავდიოდი...

- ამის გამო არ გსჯიდნენ?

- თავიდან უკვირდათ და გიჟიც ვეგონე მასწავლებლებს, მერე შეეჩვივნენ და დამრიგებელმა ცალკე მერხიც კი გამომიყო, რომელზეც ავიდოდი და ვიმღერებდი. გაკვეთილების დაწყებამდე მეტყოდა ხოლმე მასწავლებელი: ანდრია, სანამ გაკვეთილი დაიწყება, მოდი, ბარემ იმღერეო... აქტიურად ვიყავი ჩართული ღონისძიებებში. მახსოვს, ერთხელ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დავდგით და ზურიკელას როლი ვითამაშე.

- "შატალოების" ორგანიზატორიც ხომ არ იყავი?

- კი, ვიყავი და მესამე სართულიდან რომ ვხტებოდი, ისიც მახსოვს.

- როგორც ვიცი, სპორტითაც აქტიურად ხარ დაკავებული...

- დიახ, ფეხბურთს ვთამაშობდი, მანამდე მოცურავე ვიყავი, კიკბოქსინგზეც დავდიოდი... ყველა სპორტის სფეროში, რაზეც კი დავდიოდი, რაღაც წარმატებები მქონდა. ვამბობ, რომ ქვეცნობიერად სპორტსმენი ვარ. ვერასდროს ვხარჯავ ენერგიას, ამიტომ სულ ვვარჯიშობ.

- ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი გაქვს?

- ვცდილობ, ასე ვიცხოვრო, მაგრამ რომ გითხრა, დალევას ვიკლებ ან რაიმე გართობას-მეთქი, მოგატყუებ.

- სიგარეტს ეწევი?

- ხანდახან, სპექტაკლისა და გადაღებებისთვის ვეწევი... ჯერ ახალგაზრდა ვარ და ასე ვთქვათ, ჩემი ორგანიზმი ვარჯიშთან ერთად, ყველაფერს უძლებს. აი, რამდენიმე წლის მერე, კიდევ რომ ჩავწერთ ინტერვიუს, გეტყვი, როგორც ვიქნები (იცინის).

- პროფესიის არჩევის დროს გადამწყვეტი როლი ვინ ითამაშა?

- გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. 2 წლის განმავლობაში მადრიდში ვცხოვრობდი: გარდატეხის პერიოდში, 14-დან 16 წლამდე. ფეხბურთს ვთამაშობდი, თან კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც გვქონდა ასეთი გაკვეთილი - "თეატრის კლასი" და მსახიობის ოსტატობას გვასწავლიდნენ. 2 თვეში ვისწავლე ესპანური ენა და სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. იმდენად შემიყვარდა ეს საქმე, რომ გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი... მერე, რაღაც მიზეზების გამო, ფეხბურთის თამაშს შევეშვი და საქართველოში დავბრუნდი. ამ დროს უკვე აბიტურიენტი ვიყავი. ჰოდა, ბევრი აღარც მიფიქრია, პირდაპირ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე.

- პირველი პოპულარობა "ჯეოსტარმა" მოგიტანა, არა?

- დიახ, პირველი "ჯეოსტარი" იყო, ამის შემდეგ კი უამრავ პროექტში მივიღე მონაწილეობა. მეგობრები ხუმრობენ, - პროექტის კაცი ხარო. კონკურსებმა გამზარდა და დიდი გამოცდილებაც შემძინა, სულ "მოქოქილი", ტონუსში ვარ.

- პოპულარობასთან ერთად, თაყვანისმცემლების რიცხვიც გაიზარდა, არა?

- რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია (იცინის). სასიამოვნოა, როცა ადამიანების სიყვარულსა და პატივისცემას გრძნობ.

- პირველად როდის შეგიყვარდა?

- ბაღში, თუ ამას სიყვარული ერქვა (იცინის). თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ რომანტიკული ვარ. ამ მხრივ მქონდა წარუმატებელი ნაბიჯები, ზოგს არ მოვწონდი, ზოგი კიდევ მე არ მომწონდა. თუმცა, ნამდვილი სიყვარული წლების შემდეგ მეწვია. ახლა შეყვარებული ვარ.

- დაოჯახებას ჯერ არ გეგმავთ?

- არა... ყველაზე მეტად, ეგ კითხვა მაღიზიანებს. ორი ადამიანის ურთიერთობაში არასდროს არავინ არ უნდა ჩაერიოს. როდის რა იქნება, ამას ვერ განსაზღვრავ. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდება მაშინ, როცა უნდა მოხდეს.

- შეგიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება?

- იმის მიუხედავად, რომ ბებია დღემდე მანებივრებს (ბებიამ და ბაბუამ გამზარდა), მაინც საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ. მადრიდში ცხოვრებამ ჩამომაყალიბა დამოუკიდებელ პიროვნებად.

- როცა შინ მარტო ხარ, შეგიძლია რაიმე გემრიელი კერძი მოიმზადო?

- დიახ, შემიძლია (იცინის). მრავალფეროვან სადილებს ვერ მოვიმზადებ, მაგრამ კვერცხის შეწვა და ჩაის მომზადება ვიცი. მოკლედ, თავს შიმშილით არ მოვიკლავ.

- საკუთარი სამოსის დაუთოება თუ შეგიძლია?

- კი, შემიძლია... კონკურსებზე როცა მივდივარ, იქ მიხდება ხოლმე სამოსის დაუთოება. პერანგების დაკეცვაც ვისწავლე ისე, რომ არ დაიკუჭოს. ვაღიარებ, კარგად გამომდის.

- როცა მეგობრები სუფრასთან იკრიბებით, სიმღერას თუ გთხოვენ?

- თხოვნა არ მჭირდება, თავად ვიწყებ სიმღერას (იცინის)... ბავშვობის ასაკში დავტოვე ის კომპლექსები, რაც სიმღერასთან დაკავშირებით მქონდა. ახლა მეხვეწებიან ხოლმე, რომ გავჩერდე.

- შვებულების დღეები სად გაატარე?

- ოდესაში ყოფნისას დავისვენე.

- მთა თუ ზღვა, დასასვენებლად რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- ორივე ძალიან მომწონს, ზღვაც და მთაც... მიყვარს ჩემი სოფელი წევა, სადაც ბაბუას აშენებული სახლია და წელს იმ სახლის რემონტი დავიწყეთ, რაც ძალიან მიხარია. ბაბუას დიდი შრომა აქვს იქ ჩადებული და ვიცი, ახლა სიხარულით მეცხრე ცაზეა; უხარია, რომ იქაურობა უპატრონოდ არ იქნება და მისი ნაშრომი არ დაიკაგება. ისე, ყველაზე მეტად სვანეთში დასვენება მიყვარს. ვგიჟდები იქაურობაზე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჩემი ოცნებაა ამერიკაში წავიდე და იქ გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა, რათა კიდევ უფრო განვვითარდე, მერე კი ისევ საქართველოს დავუბრუნდე.

სოფო ჭონიშვილი