ქართველი მწერლების გულშემატკივარი ბახვა ბრეგვაძე - გზაპრესი

ქართველი მწერლების გულშემატკივარი ბახვა ბრეგვაძე

ბახვა ბრეგვაძეს აზრის გადმოცემა ვერბალურად უკეთ გამოსდის, ვიდრე - წერით. სამაგიეროდ, კითხვა უყვარს. განსაკუთრებულად ქართველ მწერლებს გულშემატკივრობს და მათ ნაწარმოებებს აქტიურად ეცნობა. წასაკითხად შერჩეული ლიტერატურა ზურგჩანთით დააქვს და როგორც კი დროს იხელთებს, სიამოვნებით კითხულობს...

- წიგნის კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა. რა თქმა უნდა, მაშინ თანატოლებთან ერთად ეზოში თამაში მერჩივნა, მაგრამ კითხვა თითქოს თავისთავად შემიყვარდა. ჩვევად მქონდა, რომ აუცილებლად რაიმე უნდა წამეკითხა. სიმართლე გითხრათ, გარკვეული პერიოდის მერე, ეს ჩვევა აღარ მქონდა - "გვერდზე გადავდე" (მგონი - დროის უქონლობის გამო), თუმცა, როგორც კი სადმე მივემგზავრები, ვცდილობ, წიგნი თან წავიყოლო და წავიკითხო. წიგნების წასაკითხად კარგი დრო სწორედ ახლაა - ამისთვის ზაფხულში მეტად მცალია. კითხვისას კარგად ვისვენებ. თანამედროვე სამყაროში ლიტერატურული ნაწარმოებების ელექტრონული ვერსიები არსებობს, მაგრამ მომწონს, როცა ნაბეჭდი წიგნი მიჭირავს ხელში და ვფურცლავ...

- ამჟამად რას კითხულობ?

- დათო გაბუნიას "დაშლას". კითხვა დღეს დავიწყე და ალბათ, დღესვე მოვრჩები. ავტორი ძალიან კარგად წერს, საინტერესოა. მანამდე ჰარლან კობენის ბესტსელერი - "სახლი" წავიკითხე. ეს წიგნი აეროპორტში (პარიზიდან მოვფრინავდი) ვიყიდე - ხალხი მისეული იყო და მეც დამაინტერესა. "ჩემი" ჟანრის წიგნია - კვანძები, რომლებიც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, თანდათან იხსნება...

- დათო გაბუნიას "დაშლა" წასაკითხად როგორ შეარჩიე?

- დათო გაბუნია "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა. ასევე, ჩვენი გუნდი სერიალს - "ხელოვნური სუნთქვა" "აკეთებდა". ჩემთვის სცენარისტი - ქეთი დევდარიანი გენიოსია. ვერ ვხვდებოდი, ვინ შეიძლებოდა, ისეთი მაგარი ყოფილიყო, რომ ქეთისთან ერთად ემუშავა, "გაექაჩა". ასეთი აღმოჩნდა დათო გაბუნია, რომელმაც "ხელოვნური სუნთქვა" ქეთისთან ერთად "გააკეთა". ამ სერიალის სცენარიც საინტერესო გამოვიდა. მასში დათომ თავისი შტრიხები შეიტანა... ბოლო დროს სოციალურ ქსელში გადავაწყდი და ისედაც მითხრეს, რომ "დაშლა" ძალიან კარგი იყო... საერთოდ, ზაფხულის საკითხავს ერთად, ბევრს ვყიდულობ ხოლმე, რადგან ჩქარ-ჩქარა ვკითხულობ - 5 დღით სადმე დასასვენებლად რომ "გავძვრები", შეიძლება, ბევრი ვიკითხო. ამიტომ ზურგჩანთით ჩემი წიგნები დამაქვს. "დაშლა" ბოლოსთვის შემოვინახე - ძალიან "გემრიელად" იკითხება, ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია. არ "დაგასპოილერებთ" - ალბათ, "გზის" მკითხველებსაც დააინტერესებთ.

საერთოდ, ქართველი ავტორების წიგნების პოპულარობა ძალიან მიხარია. ბოლო პერიოდში, სალომე ბენიძის "ქალაქი წყალზე" წავიკითხე - ძალიან მომეწონა, ავტორი არაჩვეულებრივად წერს! ეს წიგნიც აღარ იშოვებოდა. ასევე, ნესტან კვინიკაძის "ისპაჰანის ბულბულები" გაყიდვაში აღარაა. კიდევ, ქართველი მწერლებიდან ნინია ხარატიშვილს აღვნიშნავ, რომელიც ისე მაგრად წერს, რომ გაოცებული დამტოვა!.. მოკლედ, ქართველ ავტორებს ვგულშემატკივრობ...

- შენი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა რამ ან ვინ მოახდინა?

- რა თქმა უნდა, ბავშვობაში მშობლები მეუბნებოდნენ, რა წამეკითხა. როცა რომელიმე წიგნის შესახებ მეტყოდნენ, - შენთვის ამის წაკითხვა ჯერ ადრეაო, ეს უფრო მიჩენდა ინტერესს. მახსოვს, მაგალითად, "პატარა უფლისწული" სხვა ბავშვებზე ადრე წავიკითხე და ვერაფერი გავიგე. მერე ხელახლა გადავიკითხე (იცინის)... ბავშვობაში "სამ მუშკეტერზე" ვგიჟდებოდი და ეს წიგნი დღემდე ძალიან მიყვარს! თუ მკითხავ, რომელი ლიტერატურული გმირი იქნებოდიო? - გიპასუხებ, რომ აუცილებლად, დარტანიანი (იცინის). ჩემთვის ბევრი წიგნი, პერსონაჟი ყოფილა შთამბეჭდავი. ლიტერატურულ ნაწარმოებებს სცენარივით ვკითხულობ - კადრებივით ვხედავ... ამიტომ, წიგნების ეკრანიზაციებზე ვგიჟდები! ვამჯობინებ, ჯერ წიგნი წავიკითხო, შემდეგ კი ფილმი ვნახო - მაინტერესებს, ჩემს წარმოსახვას თუ დაემთხვევა. შემთხვევით, თუ ჯერ ეკრანიზაცია ვნახე, ნერვები მეშლება, მართლა განვიცდი, რომ კონკრეტული წიგნი არ მაქვს წაკითხული (იცინის). დარტანიანი ჩემი ბავშვობის გმირია. ისეთი ამბიციურიც არ ვყოფილვარ, რომ მეთქვა, - დარტანიანი მე ვარ-მეთქი, მაგრამ მასში ყოველთვის ჩემს თავს ვხედავდი.

- ალბათ, "სამი მუშკეტერის" ეკრანიზაციები ნანახი გაქვს...

- რუსული ეკრანიზაცია მაქვს ნანახი, რომელშიც ბაიარსკი თამაშობს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მაშინ ძალიან მომწონდა... სხვა ეკრანიზაციები არ მინახავს.

- რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანია?

- იცი, რაკი წიგნებისთვის ნაკლებად მცალია, ბოლო დროს დიდტანიანი ნაწარმოებები მაშინებს და ცოტა სულელივით ვამბობ ხოლმე - აჰ, ამხელა წიგნს ვერ წავიკითხავ-მეთქი (იცინის). რა თქმა უნდა, თუ საინტერესოა, ვიწყებ კითხვას და ვეღარ ვწყდები... წიგნის წაკითხვა არ მინანია, მაგრამ ადრე რაღაცები წამიკითხავს, რაც ვერ გამიგია და ამის გამო, გავწვალებულვარ. სხვათა შორის, კითხვა შუა გზაზე არასოდეს მიმიტოვებია. ხშირად გამიგონია, - კითხვა დავიწყე, არ მომეწონა და გადავდეო. ასეთი რამ არ მჩვევია, აუცილებლად ბოლომდე ვკითხულობ.

- გაიხსენე პირველი წიგნი, რომელიც საკუთარი სურვილით წაიკითხე...

- მგონია, რომ ასეთი წიგნი ყველასთვის "ტომ სოიერის თავგადასავალია". უფროსები რომ გვიკითხავდნენ, იმ ნაწარმოებებს არ ვთვლი... "ტომ სოიერის თავგადასავალი" რატომ შევარჩიე, არ მახსოვს, მაგრამ ჩემთვის წიგნის აღქმა ასე იწყება: "ტომ! პასუხი არ არის..."

- შენს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი რომელმა წიგნმა შეასრულა?

- ამ შემთხვევაშიც, "სამ მუშკეტერს" დავასახელებ.

- შეგიძლია, ამ წიგნიდან საყვარელი ეპიზოდი დაგვისახელო?

- საყვარელი ეპიზოდის გამოყოფა არ მინდა... თუმცა, ყველაზე კარგად ის ეპიზოდი მახსოვს, როცა დარტანიანს მამა დაუბარებს, - ფათერაკები ეძიეო (იცინის)... მახსოვს, მაქს ფრიშის "ჰომო ფაბერის" კითხვა რომ დავასრულე, დიდხანს ვფიქრობდი... შთამბეჭდავი იყო მარკესის "პოლკოვნიკს არავინ სწერს"... ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა წიგნი იყო, რომელმაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- სახლში ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს, ბებია-ბაბუისგან შემორჩენილი. წიგნის ყიდვის ჩვევა მეც მაქვს: ყოფილა შემთხვევები, რაღაცები მიყიდია, მაგრამ არ წამიკითხავს - მერე სხვა წიგნის ყიდვა მომნდომებია... სულ ვყიდულობ. ძველ წიგნებსაც ვუვლით... როცა საკუთარი სახლი მექნება, მინდა, შინ ბიბლიოთეკა ცალკე მქონდეს. ხომ იცი, ფილმებში როგორც არის - კიბეს რომ მიადგამენ ხოლმე... ბევრი წიგნი მაქვს და კიბე მეც დამჭირდება.

- ე.წ. სამაგიდო წიგნი თუ გაქვს?

- არა, არ მაქვს. სხვათა შორის, ერთსა და იმავე ნაწარმოებს მეორედ არ ვკითხულობ. ერთადერთი, რაც ბავშვობაში მქონდა წაკითხული და აღარ მახსოვდა, ის ნაწარმოებები გადავიკითხე ხელახლა. მგონია, რომ "სამაგიდო წიგნი" უბრალოდ, ტერმინია და არავის აქვს - ერთ წიგნს არავინ უბრუნდება და სულ მას არ კითხულობს.

- ქართულის გარდა, წიგნებს რომელ ენებზე კითხულობ?

- ინგლისურად და რუსულად. რატომღაც, რუსულად კითხვას მიჩვეული ვიყავი - ჩემს მშობლებს უნდა ვეჩხუბო... ახლა ქართულად კითხვას მივეჩვიე და ძალიან მომწონს. უცხოურ ნაწარმოებებს ვგულისხმობ, თორემ ცხადია, ქართველი ავტორების წიგნებს მანამდეც ქართულად ვკითხულობდი. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ინგლისურად კითხვა კარგად შემიძლია. საერთოდ, ვცდილობ, თუ ენის ბარიერი არ მიშლის ხელს, ნაწარმოები "ორიგინალში" წავიკითხო.

- ორიგინალი და ქართულად თარგმანი შეგიდარებია?

- არა, მაგრამ გვერდით კომპეტენტური ადამიანები მყავს, ვისაც ვეკითხები, თუ ვისი თარგმანი ჯობია? კარგად ნათარგმნ წიგნებს ვყიდულობ. მაგალითად, სალმან რუშდის ბოლო ნაწარმოები სალომე ბენიძემ არაჩვეულებრივად თარგმნა. ეს წიგნი დედაჩემმა წაიკითხა, მე კი მას ვენდობი - კარგი და ცუდი თარგმანის გარჩევა შეუძლია. მეც აუცილებლად წავიკითხავ. სალომე მაგარი მწერალია.

- თავადაც ხომ არ გიცდია წიგნის დაწერა?

- არა. ის კი არა, სოციალურ ქსელში სტატუსებსაც იშვიათად ვწერდი (იცინის). მგონია, რომ წერის ნიჭი არ მაქვს. კარგად ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ შემდეგ, ნალაპარაკევის დაწერა რომ მინდა, "ვიჭედები" - თავისუფლად ვერ ვწერ. ჯობია, მე ვილაპარაკო, სხვამ წეროს (იცინის).

- შენთვის წიგნი სასურველი საჩუქარია?

- ძალიან! თან, ლამაზ წიგნებსაც ვაგროვებ. სახლში დიდი თაროები მექნება, სადაც ამ წიგნებს ლამაზად დავაწყობ...

- ბახვა, "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევ?

- არის ასეთი როკვარსკვლავი - პატი სმიტი, რომელმაც მემუარებზე დაყრდნობით, მხატვრული ნაწარმოები - "ჟუსტ კიდს" დაწერა. წიგნი მისი და მისი შეყვარებულის ცხოვრებაზეა, ოღონდ - ძალიან მხატვრულად გადმოცემული. ლამაზად წერს - თავიდანვე "ჩაგითრევს". არ ვიცი, ქართულ ენაზე არის თუ არა. როგორც გითხარი, ელექტრონულ წიგნებს ვერ ვკითხულობ. ამ წიგნის წაკითხვა ერთმა ადამიანმა მირჩია და ელექტრონული ვერსია ტელეფონში წავიკითხე. სხვათა შორის, ამის გამო თვალებიც მაგრად მტკიოდა, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე.

ეთო ყორღანაშვილი