რო­გორ ის­ვე­ნებს თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი - გზაპრესი

რო­გორ ის­ვე­ნებს თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრასნოდარის" შემტევი ნახევარმცველი, თორნიკე ოქრიაშვილი და მისი მეუღლე, ლიკი მუზაშვილი შვებულებას საბერძნეთში ატარებენ. "წელს ყველაზე სასიამოვნო და შთამბეჭდავი ზაფხული იყო, რადგან მე და თოკომ შვებულების დღეები, საბერძნეთის ულამაზეს კუნძულზე ერთად გავატარეთ", - მითხრა ფეხბურთელის ცოლმა.

- დასასვენებლად უფრო ხშირად, ბავშვებთან ერთად მივდივართ ხოლმე, ერთ-ერთი მაინც, ყველა ვარიანტში მიგვყავს. რა თქმა უნდა, პატარებთან ერთად იდეალური დასვენება არ გამოდის, მაგრამ მაინც...

- რამდენი შვილი გყავთ?

- ორი: 4 წლის ალექსანდრე და წლისა და 8 თვის დანიელი.

- ცელქები არიან?

- ძალიან. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო ცელქია. ორივე მოუსვენარი და ონავარია.

- დამოუკიდებლად ზრდი თუ გყავს დამხმარე?

- ერთი პერიოდი მყავდა დამხმარე, ახლა უკვე ყველაფერს დამოუკიდებლად ვუმკლავდები.

- ზღვა თუ მთა - დასასვენებლად რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- ბავშვობაში ყოველ ზაფხულს მთაში ვატარებდი, სხვაგან წასვლა არ მინდოდა. ძალიან მომწონდა ბუნებაში ყოფნა, მდინარე, ჰამაკი, ბავშვებთან ერთად გართობა... მაშინ ეს ჩემთვის იდეალური დასვენება იყო. ახლა უპირატესობას ზღვას ვანიჭებ, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ ვიცი და უფრო მეტიც, წყლის ძალიან მეშინია. ზღვაში შევდივარ იმ სიღრმემდე, სადამდეც ფეხით ვგრძნობ ფსკერს, მერე უკვე შიში მიპყრობს.

- არ გიცდია, რომ ცურვა გესწავლა და წყლის შიში დაგეძლია?

- ცურვის სწავლის მცდელობა რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ წყლის იმდენად მეშინია, რომ არ გამომდის (იღიმის).

- როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას - აქტიურს თუ უფრო "პენსიონერულს"?

- არის სიტუაციები, როცა გინდა, სადმე მშვიდ ადგილას, წყნარად დაისვენო, თუმცა ასეთი სურვილი იშვიათად მიჩნდება. აქტიურ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. რა თქმა უნდა, მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად.

- "პენსიონერული" დასვენების დროს წიგნის კითხვა თუ გიყვარს?

- დიახ, წიგნის კითხვა მიყვარს მაშინ, როცა ვიცი, ხელს არავინ შემიშლის და აზარტში შესულს იძულებით არ მომიწევს კითხვის შეწყვეტა.

- კლუბებში თუ დადიხარ ზღვაზე ყოფნის დროს? ცეკვა გიყვარს?

- რა თქმა უნდა, კლუბებშიც დავდივართ და ბარებშიც... ცეკვა ძალიან მიყვარს.

- რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, სიწყნარე და სიმშვიდე თუ ხალხმრავალ ადგილას ყოფნა და მხიარულება?

- გააჩნია განწყობას, ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მირჩევნია მშვიდად ვიყო. თუმცა, უფრო ხშირად ხალხმრავლობა, მეგობრებისა და ახლობლების წრეში ყოფნა, გართობა მსიამოვნებს.

- ექსტრემალური გართობები თუ გიყვარს? მაგალითად, პარაშუტით ფრენა და ა.შ.

- ადრე ექსტრიმი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბოლო დროს ვატყობ, რომ შიში გამიჩნდა, რის გამოც გული ძალიან მწყდება. იმედია, დავძლევ ამ შიშს.

- დასასვენებლად დიდი ბარგით მიდიხართ ხოლმე?

- კი (იცინის)... ძალიან დიდი ბარგით მიწევს კურორტზე წავლა. თუნდაც 2 დღით მივდიოდე, მაინც ბევრი რამ მიმაქვს, მით უმეტეს, თუ ბავშვებთან ერთად მივდივარ.

- ყველაზე კომფორტული სამოსი რა არის შენთვის ზღვაზე ყოფნისას?

- მაისური და შორტი... პრინციპში, გემოვნებით შერჩეული სამოსი ჩემთვის კომფორტულია.

- საცურაო კოსტიუმის შერჩევისას ფერს ანიჭებ უპირატესობას თუ დიზაინს?

- ფერიც მნიშვნელოვანია და დიზაინიც, ორივე უნდა მომეწონოს.

- კანის ფერის შესაცვლელად, სოლარიუმს სტუმრობ თუ ბუნებრივ ნამზეურს ანიჭებ უპირატესობას?

- ძალიან მომწონს "ზაგარი" და ადრე სოლარიუმში ხშირად დავდიოდი, მაგრამ გადავწყვიტე, დავივიწყო მისი არსებობა და იმედია, გამომივა. სჯობს, ჯანმრთელი ვიყო, ვიდრე მუქი ფერის კანი მქონდეს და თავი დავიავადმყოფო.

- ახლახან თორნიკეს პრიზი გადასცეს, როგორც სეზონის "საუკეთესო გოლის ავტორს"... რა ემოცია იყო?

- ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამით. სამწუხაროდ, იმ თამაშს ვერ დავესწარი, როცა "საუკეთესო გოლის ავტორად" დაასახელეს, იმ პერიოდში თბილისში ვიყავი. თორნიკე ძალიან შრომისმოყვარეა და თავისი საქმის ერთგული.

- შვილები თუ დაგყავს თამაშებზე, რათა მამას უგულშემატკივრონ?

- ამის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ვერასდროს ვერ ვახერხებ.

- დასვენების პერიოდში თუ ვარჯიშობ? როგორ ზრუნავ სხეულის გაჯანსაღებაზე?

- რა თქმა უნდა, ვზრუნავ იმაზე, რომ ჯანსაღი სხეული მქონდეს. თუმცა, სპორტულ დარბაზებში სისტემატურად სიარულს ვერ ვახერხებ, დატვირთული რეჟიმის გამო.

- ზღვაზე კოსმეტიკა თუ მიგაქვს ხოლმე?

- კი, კოსმეტიკა ყოველთვის თან მაქვს, სადაც უნდა წავიდე. თუმცა, ზაფხულში ძალიან იშვიათად ვიყენებ, მით უმეტეს, თუ "ზაგარი" მაქვს.

- შვებულების დროს რომელ საათზე იწყება შენი დილა? ძილი რომელს უფრო გიყვართ, შენ თუ თორნიკეს?

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს შვილებს ძილი არ უყვართ, ამიტომ ჩემი დილა ძალიან ადრე, 8 საათზე იწყება. თოკო, დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, დასვენების პერიოდში ცდილობს, კარგად გამოიძინოს. ასე რომ, დილის ყავის მომზადებაც თავად მიწევს (იცინის).

- შვებულების პერიოდში მეუღლეს გემრიელ კერძებს თუ უმზადებ?

- მე სულ შვებულება მაქვს, რადგან არ ვმუშაობ (იცინის). საერთოდ, სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მომზადება ძალიან მიყვარს. თან ამბობენ, რომ კარგად გამომდის. შექება მათამამებს, მერე უფრო და უფრო რთულ კერძებს "ვეჭიდები". თოკოს ყველაფერი მოსწონს, რასაც ვამზადებ. გამორჩეულად რა მოსწონს? - ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- წყალი ენერგიას გმატებს თუ გღლის?

- არა, წყალი არასოდეს მღლის, პირიქით - ენერგიას მმატებს და ცურვა რომ ვიცოდე, ალბათ კიდევ უფრო მეტ ენერგიას მივიღებდი მისგან. GzaPress

- დიასახლისობა რამდენად რთულია?

- ბავშვების მოვლა ყველაზე რთული საქმეა. მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და დღის განმავლობაში უამრავ საქმეს ვაკეთებ. როცა დასასვენებლად კურორტზე მივდივართ (უფრო ხშირად, 2 კვირით) ამ პერიოდში ვახერხებ ენერგიის აღდგენას.

- წელიწადის რომელი დრო გიყვარს?

- ყველაზე მეტად, ზაფხული მიყვარს. ამ პერიოდში, სადაც უნდა ვიყო, ყველგან კარგად ვგრძნობ თავს. მზე, სითბო, წყალი - ენერგიას მმატებს და დადებითად მმუხტავს.

- შეგიძლია, შენთვის დაუვიწყარი ზაფხული გაიხსნო?

- წელს მე და თოკო ახლობლებთან ერთად, საბერძნეთში ვიყავით დასასვენებლად და ასე მგონია, ამ ზაფხულს ვერასდროს დავივიწყებ.

სოფო ჭონიშვილი