"ფლირტი კარგი გასართობი რამ არის..." - გზაპრესი

"ფლირტი კარგი გასართობი რამ არის..."

"მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას. ზოგჯერ გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა. ძალიან ცნობისმოყვარეა, ხშირად სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაც სჩვევია. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას. არ იცის წყენის გულში ჩადება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ თინა გვაზავას ზოდიაქოს ნიშანია.

- ჩემი ზოდიაქოს ნიშანს კარგად ვიცნობ. პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ხშირად არ გამითვალისწინებია. ყოველთვის ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მინდა. აქედან გამომდინარე, რჩევებს ნაკლებად ვითვალისწინებ, ზოგჯერ ცხვირს ვიმტვრევ და ჭკუას მერე ვსწავლობ.

- ცვალებადი ხასიათი გაქვს?

- კი, ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილებიც მაქვს. დავიბადე იმ დროს, როცა მთავრდება ტყუპის ზოდიაქო და იწყება კირჩხიბის, ამიტომ ჩემში თავმოყრილი ორივე ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებაა, არეული ვარ. ხასიათის ცვალებადობა ძალიან დამღლელია.

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი. ჭკვიანი და მოხერხებულია".

- როცა პრობლემა მაქვს, ძალიან ვნერვიულობ, "ვიკეტები" და ვითრგუნები, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება. გონზე მოსასვლელად 3-4 დღე მჭირდება. მთავარია, საკუთარ თავთან მარტო დავრჩე და ყველაფერი გავაანალიზო. მერე ფრენას ვიწყებ, ვითომ ის ცუდი არც მომხდარა.

- სულსწრაფი ხარ?

- კი და მოუთმენელიც.

- "ხშირად გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- მართალია, გადაწყვეტილებების მიღების წინ სულ მეშინია, განცდებში ვარ.

- ამ დროს სითამამე არ გჩვევია?

- თამამი იშვიათად ვარ.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- (იცინის) უჰ! ზუსტად ასეა. უმნიშვნელო ამბავმაც კი შეიძლება "ამაფეთქოს", მაგრამ ამავე დროს, მოთმინების უნარიც მაქვს.

- შენი თავნებობა რაში გამოიხატება?

- "ტვინში მიქრის" (იცინის), არავის რჩევას არ ვითვალისწინებ, მოსმენითაც იშვიათად ვისმენ.

- ამის გამო არ გსაყვედურობენ?

- სულ მსაყვედურობენ და თან, იქვე დასძენენ: ახლა ამასთან ლაპარაკს რა აზრი აქვსო? ამ თვისებას დადებითი მხარეც აქვს: რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებ, კარგსაც და ცუდსაც, სხვა არასდროსაა დამნაშავე.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- იოლად შემიძლია ყველას ყველაფერი ვაპატიო. წყენა 2 საათში მავიწყდება. ბოღმა გულში არასდროს ჩამიდვია.

- ეს თვისება გაზარალებს?

- ძალიან ბევრი სარგებლობს ჩემი ამ თვისებით და მერე ცუდად იყენებს, მაგრამ შემდეგ, ეს ჩემი მხრიდან ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ხშირად სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაც სჩვევია".

- ვერ უარვყოფ, ასეა. როცა ჩემს რომელიმე ახლობელთან რაღაც სერიოზული ხდება, ვინტერესდები, თავიდან ბოლომდე ვიკვლევ და ყველა დეტალს ვეცნობი.

- შესაძლოა, ეს ბევრისთვის უსიამოვნო იყოს...

- ასე უცხოსთან არასდროს მოვიქცევი, მეგობრებთან და ძალიან ახლობელ ადამიანებთან კი პრობლემა არ მქონია.

- ავანტიურისტი ხარ?

- არა.

- ამბიციური?

- ამბიციური საერთოდ არ ვარ. ვისურვებდი, ეს თვისება ცოტათი მაინც მქონდეს.

- "ერთგული შეყვარებულია, ყველა დეტალს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება".

- მართალია. თუ შემიყვარდა, ბოლომდე მხარში ვუდგავარ.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- არა.

- მას შემდეგ, რაც ოჯახი დაგენგრა, აღარ გყვარებია?

- კი, მიყვარდა, მაგრამ ის ურთიერთობაც დასრულდა.

- "ისეთივე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- კი, დახარჯვა რა პრობლემაა?! როცა ფული მაქვს, მხოლოდ ჩემთვის არ ვხარჯავ. სხვების გახარება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამიტომ ვხარჯავ ყველასთვის და შეიძლება, მეორე დღეს გზის ფული არ მქონდეს.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ადამიანებთან ისე მარტივად ურთიერთობა, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- მსგავსი რამ ადამიანებისგან არაერთხელ მსმენია. სულ ვცდილობ, კარგი მუხტის, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ვიყო. სულ ვიღიმი, მაშინაც კი, როცა ძალიან ვნერვიულობ.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას".

- კი, ფლირტი კარგი გასართობი რამ არის.

- "კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- ტყუილია.

- სხვის გრძნობაზე არასდროს გითამაშია?

- არასდროს! მაქვს გამოცდილი, ეს რაც არის, ძალიან მტკივნეულია.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- ალბათ, ასეა, რადგან ვინც მომწონებია, მისი მოხიბვლა არ გამჭირვებია.

- წარუმატებელი შემთხვევა არ გახსენდება?

- არა, მაგრამ ძალიან მძიმეა, როცა რაღაც ეტაპის შემდეგ, ურთიერთობას ვამთავრებ. ამ დროს მაქვს განცდა, რომ სამყაროში ყველაფერი ჩერდება და იყინება, ისტერიკაში ვვარდები, პანიკა მეწყება.

- ეს მდგომარეობა რამდენ ხანს გრძელდება?

- 3 დღის შემდეგ ჩვეულებრივი თინა ვარ.

- "მისთვის იდეალური სიყვარული მოდის გონებიდან და არა - გულიდან".

- პირიქით უფროა, გონებით არასდროს არაფერს ვაკეთებ, სულ გულს ვარ მინდობილი. არ გავიზარდე, ვერაფერი ვისწავლე. ჯერ კიდევ 15 წლის გოგოსავით "დავფრინავ".

- "მას შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი - გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც დასახული აქვს".

- მაცდურიც შემიძლია ვიყო, გულუხვიც და სასტიკიც - ეს ყველაფერი თავისით ხდება და მერე ვხვდები, რომ მაგალითად, მაცდური ქალის როლი ვითამაშე; სასტიკი მაშინ ვხდები, როცა რაღაცას შეურაცხყოფად ვიღებ.

- ადამიანებთან ურთიერთობისას, ყოველთვის გულწრფელი ხარ?

- გააჩნია, ვისთან მაქვს საქმე.

- მისი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის გამოც, ხასიათი ხშირად ეცვლება".

- კი, მთვარიანი ღამე ძალიან მიყვარს.

- "მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია, ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ზუსტად ასეა! მეუღლეს რომ დავშორდი, იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი. ბავშვი 3 წლის იყო, როცა ეს ნაბიჯი თავად გადავდგი. მაშინ გავაცნობიერე, რომ პატარა გოგო აღარ ვიყავი, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული და საკუთარ თავს შემოვუძახე. დღემდე ასე ვარ. ყოველდღე, როცა სარკეში ვიხედები, რიტუალი მაქვს: საკუთარ თავს ვეუბნები, - "თინა, აბა, შენი იცი, შენ ყველაფერს შეძლებ, კარგი გოგო ხარ!"

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- მელანქოლიის ტყვეობაში ხშირად ვარ, მაგრამ არ გამოვხატავ. ტკივილზე არასდროს ვლაპარაკობ.

- "არ უყვარს საკუთარი გრძნობების აფიშირება".

- არასდროს არავისთან ვლაპარაკობ. ზოგჯერ დედა ხვდება, რომ რაღაც მჭირს. მინიშნებებით მახვედრებს, მაგრამ ღიად არ ვლაპარაკობთ.

- "თუ კეთილად ეპყრობიან, მისი მართვა ადვილია, მაგრამ თუ რაიმეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ძალიან "რბილი" ხასიათი მაქვს.

- რამდენად ხშირად გაქვს განცდა, რომ შენი ძალზე ცოტას ესმის?

- სულ მგონია, რომ ჩემი არასდროს არავის ესმის.

- "მისი სახე სარკეა, რომელზეც შინაგანი განწყობაა ასახული".

- თვალებზე ყველაფერი მეტყობა. ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობისას, თვალებს ყურადღებას ვაქცევ. ზოგჯერ ისეთი რაღაცები წამიკითხავს, რისი დაფარვაც უცდიათ, მაგრამ მე მითქვამს, - ვიცი, ასეა-მეთქი და მერე უღიარებიათ, რომ მართალი ვიყავი.

- "როგორც ბუნებაში კირჩხიბს სჩვევია, მას თუ რამე სურს, მთელი ძალით ჩააფრინდება, საყვარელი ადამიანიდან დაწყებული, უბრალო საგნამდე".

- ასეთი ვარ. მიზნის მისაღწევად იმდენს ვიბრძოლებ, რომ სურვილს აუცილებლად ავისრულებ.

- ახლა რაზე ხარ "ჩაფრენილი"?

- ჩემს პროფესიაზე და ზუსტად ვიცი, წინ კარგი ამბები მელის.

თამუნა კვინიკაძე