"ვტკბები ყოველი გათენებული დღით..." - გზაპრესი

"ვტკბები ყოველი გათენებული დღით..."

მომღერალი სოფო საჟინიანი პროფესიით იურისტია და გადაწყვეტილი აქვს, ნოტარიუსი გახდეს. პირველად 16 წლისას შეუყვარდა... რა ხდება ამჟამად მის პირად ცხოვრებაში და რატომ სურს საზღვარგარეთ გამგზავრება? - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- წარუმატებლობა ხშირად გამოგიცდია?

- ხშირად - არა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დაღმართიც ყოფილა, რომელსაც შემდეგ აღმართი მოჰყოლია. არასოდეს გამოცადო წარუმატებლობა - ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია. ვფიქრობ, ცხოვრება იმითაა საინტერესო, რომ ხან ვმარცხდებით და ხანაც ვიმარჯვებთ. ია-ვარდით მოფენილი ცხოვრების გზა მოსაბეზრებელი იქნებოდა.

- თუ ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ჩემი აზრით, ყველამ საკუთარი გასავლელი გზა უნდა გაიაროს... არსებობს რაღაც, რასაც ვერ შევცვლით და ამის მრავალი მაგალითი მქონია. ხანდახან იმის კეთებაც გვიხდება, რაც არ მოგვწონს, ვიღაცის ან რაღაცის ხათრით.

- რაღაცის შეცვლის შანსი რომ გქონდეს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?

- არ ვიქნებოდი შორს საყვარელი ადამიანებისგან.

- სად არიან ისინი?

- მამა, ბებო, მამიდა და ბიძა საქართველოში არ ცხოვრობენ, მათ გარეშე ძალიან მიჭირს. სულ მენატრებიან. ძნელია საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა, თუმცა ვეგუები, სხვა რა გზაა...

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- მუსიკა, სიმღერაა ჩემთვის ბედნიერება და შესაბამისად, მხოლოდ ასეთი სამსახური გამხდიდა მდიდარს.

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- მე მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ და იმისიც მჯერა, რომ რაც გულით მინდა, ყოველთვის მივაღწევ. მთავარია მონდომება, სურვილი და მიზნისკენ სწრაფვა. ყოველთვის მაქვს მიზანი, რის გამოც, ყოველი დღის გათენება მიხარია.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს. რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- არაფერს შევცვლიდი, გარდა იმისა, რომ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებდი, წამს არ დავკარგავდი უაზროდ.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ზოგჯერ ადამიანებს გვგონია, რომ საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერს ვაკონტროლებთ, თუმცა, ასე არ არის. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. არავინ იცის, ხვალ რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ, მიუხედავად დიდი სურვილისა, ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია.GzaPress

- რომ შეგეძლოს შვილისთვის მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა, რას ეტყოდი?

- იცხოვრე დღევანდელი დღით და არასდროს იდარდო იმაზე, რა იქნება ხვალ. მთავარი ბედნიერების შეგრძნებაა და ყველაფერი უნდა გააკეთო საიმისოდ, რომ ბედნიერი იყო.

- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- აუცილებლად დავარღვევდი, წუთითაც არ დავფიქრდებოდი.

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ აგისრულდა...

- არ მიყვარს ლოდინი. შესაბამისად, არც არაფერს ველი. მივყვები ცხოვრების დინებას და ვტკბები ყოველი გათენებული დღით.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვიდოდი და რატომ?

- ალბათ, ბრიტანეთში წავიდოდი, პირადი მიზეზების გამო (იცინის).

- რა ხდება ბრიტანეთში?

- ამ თემაზე საუბარი სამომავლოდ გადავდოთ.

- პირველად როდის შეგიყვარდა?

- 16 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და ამიტომ მალევე დასრულდა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და კიდევ ვაგრძელებ სწავლას.

- ადვოკატი უნდა გახდე?

- არა, ნოტარიუსობა მინდა. თუმცა შესაძლებელია, გადაწყვეტილება შევიცვალო.

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად, რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო სწრაფად მოვა?

- ადამიანებს რატომღაც გვგონია, ასე უფრო დავაჩქარებთ ლიფტის მოძრაობას, არადა, ეს უბრალოდ, ჩვევაა.

- რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

- მირჩევნია ვიყო ბედნიერი სულელი, რადგან როდესაც ყველაფერს უღრმავდები და ბევრს ფიქრობ, ცხოვრება თითქოს, უფრო რთული ხდება.

- ისურვებდი ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

- ნამდვილად ვისურვებდი ჩემნაირ მეგობარს. საერთოდ, ყველანაირ ურთიერთობაში ერთგულება ყველაზე დასაფასებელი თვისებაა და მე ერთგული ვარ!

- რა უფრო უარესი იქნება: შენი მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად, თუ ახლოს გყავდეს, მაგრამ შეწყვიტოთ ურთიერთობა?

- მირჩევნია, წავიდეს სხვა ქვეყანაში და მქონდეს კონტაქტი, ვიდრე ახლოს მყავდეს და არასოდეს შევურიგდე!

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- მადლიერი ვარ, რომ ვარსებობ, ვსუნთქავ, ვხედავ, მაქვს ხელ-ფეხი.

- რომელს აირჩევდი: ძველი მოგონების წაშლას, თუ ახლის მოპოვებას?

- ახლის მოპოვებას. ახალი ყველაფერი სიცოცხლისუნარიანობას გვმატებს.

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- სიმართლე არ იმალება, ხშირად ძალისხმევის გარეშეც ვლინდება.

- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

- რომ ვთქვა, რეალობის დიდი შიში მაქვს-მეთქი, ვიცრუებ. რაც მელოდება, ის მაინც მოხდება და ნერვიულობას აზრი არ აქვს.

- გახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული?

- არ მახსოვს. წყენის გულში ჩადება არ მჩვევია. არ მიყვარს ბოღმიანი ადამიანები.

- რა არის შენი ბავშვობის დროინდელი ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- როცა მთელი ოჯახი მაგიდასთან, სავახშმოდ ვიკრიბებოდით და ბაბუა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო...

- წარსულში ჩადენილმა რა ქმედებამ გაგრძნობინა თუნდაც წამით, რომ ადამიანი ხარ?

- 8 წლისამ ყულაბა გავტეხე და მთელი წლის მანძილზე ნაგროვები ფული მთლიანად მოწყალების მთხოვნელს მივეცი ისე, რომ არც დამითვლია, რამდენი იყო. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გავტეხე, ფული შავ ცელოფანის პარკში ჩავყარე, გავიქეცი და ხელში შევაჩეჩე. მერე ამით ბედნიერი ვიყავი.

- ჯერ თუ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს - ეთანხმები ამ აზრს?

- არასოდეს არის გვიან გავაკეთოთ ის, რაც გვაბედნიერებს.

- შეიძლება დაუფიქრებლად უპასუხო, შენთვის რა არის კარგი და რა - ცუდი?

- დაუფიქრებლად ალბათ, გამიჭირდება...

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- ჩემთვის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია და ამიტომ, მას არასოდეს არაფერზე გავცვლი.

- არსებობს განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის?

- არსებობ მაშინ, როდესაც არ გაქვს მიზანი და მუდამ უკმაყოფილო ხარ ცხოვრებით. ცხოვრობ მაშინ, როდესაც გაქვს მიზნები და მათკენ მიისწრაფვი.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- გვეშინია, რომ არ დავკარგოთ საყვარელი ადამიანები, კარგი სამსახური და ა.შ... თუმცა, ზოგჯერ შეცდომაზეც ვერ სწავლობ.

- ბოლოს როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?

- 2 დღის წინ... საოცარია, როცა შენს გულის ფეთქვას უსმენ და ეს ყოველივე კარგი ემოციითაა გამოწვეული.

- ყოველთვის დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებას?

- გადაწყვეტილებებს ყოველთვის თავად ვიღებ და ეს 5 წლის ასაკიდან ხდება. დამოუკიდებლობა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. თუ არ ხარ თავისუფალი, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ.

სოფო ჭონიშვილი