ლექ­სო ჩე­მი­ას გამ­ხე­ლი­ლი "ცოდ­ვა" - გზაპრესი

ლექ­სო ჩე­მი­ას გამ­ხე­ლი­ლი "ცოდ­ვა"

"მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დაკავებული ვარ, მხატვრული ლიტერატურისთვის დროის გამონახვას მაინც ვახერხებ. მერე რა, რომ ზოგჯერ წიგნზე მეძინება", - ამბობს მსახიობი ლექსო ჩემია და დასძენს, რომ ყველაზე აქტიური მკითხველი სტუდენტობის წლებში იყო, მაშინ ვალდებულებაც ჰქონდა, დრამატურგთა ცხოვრებასა და შემოქმედებას საფუძვლიანად გასცნობოდა.

- ძალზე ბანალური ვიქნები, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჩემი საყვარელი დრამატურგი შექსპირია. სტუდენტობის წლები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ერთდროულად ინფორმაციას განსხვავებული სტილისა და ხელწერის დრამატურგების შესახებ ვეცნობოდი. ერთ დღეს ვკითხულობდი შექსპირის შესახებ, მეორე დღეს ათასგზის წაკითხული კლდიაშვილისა და ჯავახიშვილის შესახებ ვიღებდი საინტერესო ინფორმაციებს. მეორე კურსზე სულ ბიბლიოთეკაში ვიჯექი. ასევე ძალიან მიყვარს სელინჯერი.

პროზასა თუ პოეზიას შორის არჩევანი რომ გამაკეთებინო, ალბათ პროზას ავირჩევ, მაგრამ ჩემში პოეზიისადმი სიყვარულიც ძალიან დიდია. მიყვარს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება, რომანტიზმის ეპოქა მხიბლავს. ასევე მომწონს ტერენტი გრანელის პოეზია, აღარაფერს ვამბობ გალაკტიონზე. განსხვავებული და საინტერესო ხელწერა აქვს ინოლა გურგულიას. თანამედროვე ავტორებიდან რატი ამაღლობელის ლექსები მომწონს. მისი სტილი მსახიობისთვის უკვე კითხვის სტილის კარნახია. ზეპირად უამრავი ლექსი ვიცი, უმრავლესობა სტუდენტობიდანაა გონებაში დალექილი, მაგრამ არ მიყვარს, როცა ლექსებს სუფრასთან კითხულობენ.

ბავშვობაში წიგნის სამყაროში ჩემი მეგზური და გზის გამკვალავი ჩემი და - დიანა იყო, რომელიც ახლა ჟურნალისტია. ჩემზე უფროსია, თავად კითხვა ძალიან უყვარს.

ცოდვა გამხელილი სჯობს და რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ სოფელში გასტროლზე ვიყავი. იქ მიტოვებულ ბიბლიოთეკაში ჩარლი ჩაპლინის "ჩემი ბიოგრაფია" ვნახე და წამოვიღე.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე. ბავშვობაში თავი ტომ სოიერი მეგონა, წამოვიზარდე და ვამბობდი, კორფილდი ("თამაში ჭვავის ყანაში") ვარ და ახლა მივხვდი, დიდი გეტსბობა მინდა-მეთქი. გეტსბისთან ვიმეგობრებდი.

ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა (პაუზის შემდეგ)? ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. მიუხედავად მისი მზაკვრული ზრახვებისა, შესაძლოა, ლედი მაკბეტი შემყვარებოდა. ამ ქალში იდუმალი ფანტომი მხიბლავს, რაც აკრძალულთანაა დაკავშირებული. ქალში მიუწვდომელი და დამალული მეტად მხიბლავს, ეს უდიდესი ჟინი და აზარტია. დიდი სიამოვნებით შევასრულებდი მაკბეტის როლს. როცა შექსპირზეა ლაპარაკი, უმრავლესობა ჰამლეტს ასახელებს, ჩემთვის მაკბეტის როლი უფრო სასურველია.

- კოკო შანელი ამბობდა, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი - პასპორტი, ქალის სხეულის რომელ ნაწილს უწოდებდა ის "საზღვარგარეთის პასპორტს"?

- თვალებს?

- ცდები.

- მაშინ ფეხებს?

- მკერდს გულისხმობდა.

- ვა! მკერდი როგორ არ გამახსენდა.

- XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში იყო პოპულარული ჩაის სერვიზი ორ პერსონაზე, რომელსაც ფრანგული სახელწოდება "ტეტ ა ტეტ" ერქვა. რა სახელწოდებას ატარებდა, იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?

- "ეგოისტი". ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს ყავის სერვიზი ერთ პერსონაზე, შენ ისეთი ნარცისი ხარ, ეს "ეგოისტი" საშენოდააო და დამამახსოვრდა, რომ ასე ერქვა.

- ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები, მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლე.

- "გულო, ოცნებას მალავ!/ ცაო, ლურჯდება ზოლი!/ ვაჟი: - დაიცა, ქალავ!/ ქალი: - დაგიბრმა თოლი!/ შორით ბრუნდება წყალი,/ ნისლი იცრება მთაში./ - არა! - ჩურჩულებს ქალი./ - კარგი! - ამშვიდებს ვაჟი"... ვისი პოეზიიდან არის ეს სტროფი?

- გალაკტიონ ტაბიძის.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინდოეთში ჩატარდა დემონსტრაცია ხურდა ფულის გაუქმების მოთხოვნით. ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები?

- ....

- მიგანიშნებ, ისინი გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ამბობდნენ, ხურდა ფული იმდენად გაუფასურებულია, ვერაფერს იყიდიო.

- ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ?

- დიახ. "ეს გახლავთ სტილი მმართველობისა, რა დროსაც მთავრობა აწვდის ან ცდილობს, შეუქმნას ხალხს ილუზია, რომ თითქოს ქვეყნის ბატონ-პატრონი თავად ხალხი იყოს". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს მუსოლინი?

- არ ვიცი.

- დემოკრატიული მმართველობის შესახებ. სად არის დაკრძალული ივანე ჯავახიშვილი?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

- ეს საზოგადო მოღვაწე გორის მაზრაში ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. კიევის სასულიერო აკადემიაშიც ჩააბარა, მაგრამ უკრაინის ცივი ჰავა ვერ აიტანა და III კურსიდან სწავლას თავი დაანება. დაასახელე ეს პიროვნება.

- ვერ ვხვდები, ვისზეა ლაპარაკი?

- მიგანიშნებ, ის საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლად ითვლება. მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

- იაკობ გოგებაშვილი.

- ეს ორგანო ადამიანის წონის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ახლა შენი ეს ორგანო დატვირთვით მუშაობს.

- გული? ა! მივხვდი, ტვინზეა ლაპარაკი.

- ისინი ძმები იყვნენ: ადლოფი და რუდოლფი. ერთმანეთი არ უყვარდათ. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი 2 ცნობილი ფირმის დამაარსებლები იყვნენ. დაასახელე ეს ფირმები.

- სპორტული ხაზით, ხომ?

- დიახ.

- "ადიდასი" და "პუმა".

- "პატარაობიდანვე ვოცნებობდი, კოსმონავტი გავმხდარიყავი, მაგრამ ამას საკმაოდ ბევრი მეცადინეობა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი". ამერიკის რომელი პრეზიდენტია ამ სიტყვების ავტორი?

- რეიგანი?

- ცდები. კოსმონავტობაზე ბუში ოცნებობდა. ციყვს ხეზე აძრომა უფრო სწრაფად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

- ალბათ ხეზე აძრომა.

- დიახ. ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- ზომიერად. ვისკი მიყვარს.

- რას ნიშნავს სიტყვა "ვისკი" ქართულად?

- არ მახსოვს.

- სიცოცხლის წყალს.

- დავიმახსოვრებ. ჩემი ინფორმაციით, მას სიმინდისგან ამზადებენ.

- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტულებისგან. მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ის ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ლუდზე.

- რისი საცავია ფონოთეკა?

- ხმის ჩანაწერების.

- მსოფლიოში პირველი ფრთიანი გამონათქვამების კრებული გამოიცა 1864 წელს, გერმანელი მეცნიერის, გეორგ ბიუხმანის მიერ. რომელი ფრთიანი გამონათქვამის ავტორია ის თავად?

- ვერ გიპასუხებ.

- "ფრთიანი გამონათქვამი". რისი შიშია ჩეროფობია?

- არ ვიცი, "ჩეროს" ანუ ჩრდილის?

- ჩეროფობია გართობის შიშია. 1204 წელს ქართველები მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორია დალაშქრეს და შექმნეს...

- ტრაპიზონის იმპერია.

- რომელი ფილმის პერსონაჟია ბოლოკა?

- "ღიმილის ბიჭების".

- "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- ვინ იყო კონიაკის პირველი მწარმოებელი საქართველოში?

- სარაჯიშვილი.

- რომელ ქართულ მხატვრულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი - "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- მაია წყნეთელის მამაკაცური სახელი გახსოვს?

- მათე ბიჭს ეძახდნენ.

- ყოფილი სსრკ-ის დროს ცეკას ერთ-ერთი გენერალური მდივნის დადგენილებით, საშენი მასალების ეკონომიის მიზნით, საცხოვრებელ სახლებს ჭერის სიმაღლე შეუმცირეს. ვინ იყო ამ დადგენილების ავტორი?

- ხრუშჩოვი.

- რა ეწოდება სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც აღჭურვილია შეუზღუდავი ძალაუფლებით?

- დიქტატორი, ტირანი...

- დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "არასდროს შეიყვაროთ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენ მოგეპყრობათ, როგორც..."

- ვერ დავასრულებ.

- "...როგორც ჩვეულებრივ ადამიანს".

თამუნა კვინიკაძე