"თამამად ვერ განვაცხადეთ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია" - გზაპრესი

"თამამად ვერ განვაცხადეთ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია"

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს საზოგადოებაში არსებულ იმ პრობლემებზე ვესაუბრეთ, რაც მის გულისწყრომას ყველაზე მეტად იწვევს. გამოგვიტყდა, რომ როგორც ყველა ქართლელს, "რაციონში" არცთუ ისე ცოტა უხამსი სიტყვა აქვს, თუმცა, ძირითადად, ხუმრობისას იყენებს...

- უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უსაქმურობა მაღიზიანებს. რაკი მეტი საქმე არა აქვთ, ძირითადად, სოციალურ ქსელში, ტელევიზიასა თუ ქუჩაში რაღაც ნეგატიურს ეძებენ, ყველაფერში უარყოფითს ხედავენ. შემდეგ იწყებენ ვიღაცების გაქილიკებას, ლანძღვას... უკანასკნელი ფაქტი, რაც მახსენდება, ეს არის: ჩვენმა კალათბურთელებმა რომ წააგეს, მადლობის ნაცვლად (რადგან ძალიან მაგარ გუნდებს მოუგეს), ლანძღვა დავუწყეთ - არ მოინდომეს, ზარმაცები არიანო... კი, მესმის, რომ თავისუფალი სივრცეა, მაგრამ საერთო სოციუმს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ და არ ვლანძღოთ. მაგალითად, გამაღიზიანა ქილიკმა, როცა ჩვენს ქვეყანაში ხანძრები ახალი გავრცელებული იყო: ზოგი ხუმრობდა - ნახანძრალზე ცნობილი სავაჭრო ცენტრი უნდა გაიხსნასო, ზოგი ასეთი პოსტის ავტორს აგინებდა... მოკლედ, დიდი ლანძღვა-გინება იყო. ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემაზე ძალიან ცოტა წერს. ეს იმის ნიშანია, რომ საღად მოაზროვნეების დეფიციტია. უბრალოდ, ვიღაც რომ გააცინონ, ვითომ ენაკვიმატობენ და ხუმრობენ. ჩემთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სოციალურ სივრცეში ადამიანების გაუნათლებლობა და უსაქმურობაა. რეალურ სივრცეში ყურადღებას უფრო სხვა პრობლემებზე ვამახვილებ: მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში გარემოს არავინ უფრთხილდება, ქუჩებში დანაგვიანების პრობლემაა... ახლახან მინსკიდან ჩამოვედი. რაც უცხოეთის მშურს, ბევრი ხეა. მნიშვნელობა არა აქვს, გარეუბანი იქნება თუ ქალაქის ცენტრი, ყველგან სისუფთავეა.Eეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დასუფთავების სამსახური ჩვენსაზე უკეთ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან უკეთ მუშაობენ. მათი შრომის გარეშე უარესი სიტუაცია გვექნებოდა. გარემოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენ გვაქვს: 2 ნაბიჯის გადადგმა გვეზარება, რომ სიგარეტის კოლოფი თუ საკვების პარკი ურნაში ჩავაგდოთ და იქვე არ დავაგდოთ, სადაც ვდგავართ. იმავე პრობლემას ვაწყდებით, როცა ადამიანები ბუნებაში ღრეობენ, მერე კი ნარჩენებს იქვე ტოვებენ, რადგან მთვრალებს ნაგვის მოგროვება და ურნამდე მიტანა ეზარებათ...Kკიდევ ერთი "საოცრება" ის არის, რომ მიწისქვეშა და ზებრა გადასასვლელით სარგებლობა, შუქნიშანთან გაჩერება ყველას ეზარება... საერთოდ ისეთი ადამიანები მაღიზიანებს, ვისაც სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნია: "პირადად მე თუ არ მეხება, ე.ი. ჩემი საქმე არ არის" - ამ პოზიციამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ერთიანობა დავკარგეთ. შესაბამისად, მეგობარი ქვეყნებიც დღემდე არაადეკვატურად აღგვიქვამენ. ოჯახის მაგალითი ავიღოთ: ყველა წევრი უნდა შეჯერდეს, კონრეტული ნივთი ან ქმედება ოჯახისთვის საჭიროა თუ არა. თუკი ყოველთვის ერთს სხვა აზრი ექნება, მეორეს, მესამეს - სხვა, რეალურად, ვერც ვერაფერს გავაკეთებთ და სხვა ადამიანები ყოველთვის გაგვაქილიკებენ - ჯერ ერთმანეთთან ჩამოყალიბდით და მერე მოითხოვეთ რაღაცო.

- კონკრეტული საკითხის დასახელება შეგიძლია?

- რეალურად ვიცით, მტერი ვინ გვყავს და ვერ შევჯერდით, ვერ ჩამოვყალიბდით, რომ თამამად ვთქვათ, მტერიაო. ამდენი წლის განმავლობაში, თამამად ვერც ერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია, ყველაზე მნიშვნელოვანზე ვერ შევჯერდით. გულწრფელად მეც არ მინდა, რომ რუსეთი მტერი იყოს, რადგან ფიზიკურად ვერ ერევი, დიპლომატიაც ვერ მუშაობს კარგად... როგორც კატა ეთამაშება თაგვს, რუსეთიც ასე გვეთამაშება. 2008 წელს ჩვენი ქვეყანა გადაწვა, ახლა კი ამ ქვეყანას სთხოვ, რომ ხანძარი ჩააქროს... ეს ისეთი ცინიკურია, რომ გული მწყდება. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო... ეს ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ. რეალურად, ყოველთვის ასეთი შეუთანხმებლები ვართ...

- ვინმესთვის შენიშვნა მიგიცია, მაგალითად - გარემოს დანაგვიანების გამო?

- კი, რა თქმა უნდა. მაგალითად, მახსოვს, ავტობანზე მანქანას გავეკიდე, საიდანაც პარკი გადმოაგდეს. მძღოლს ვუთხარი, - ღორი ხარ-მეთქი! წარმოიდგინეთ, ავტომობილში 5 ზრდასრული ადამიანი იჯდა. რაც მიირთვეს, ერთ პარკში მოაგროვეს და ავტობანიდან მინდორში მოისროლეს. ის 5 ადამიანი მინიმუმ, 3 ოჯახს ხომ წარმოადგენს? ჩემი გადასახედიდან, იმ 3 ოჯახში ასე ცხოვრობენ, მათთვის ასეთი საქციელი მისაღებია - პირადი სივრციდან ნაგავი მოიშორეს და ჩვენ გადმოგვიგდეს, რა...GzaPress

- როგორ ფიქრობ, საკუთარი დანაშაული შეიგნეს?

- არ ვიცი. ერთმა მითხრა, - შენ რა გინდაო? კიდევ რომ ვუპასუხე, რაც მინდოდა, მერე ხმა არც ერთს აღარ ამოუღია... პრობლემას მოქალაქე მოქალაქესთან არ უნდა აგვარებდეს.E ეს სხვა დონეზე უნდა გვარდებოდეს: ე.წ. ვიდეორეგისტრატორები (რომელიც მანქანას უნდა ჰქონდეს) სავალდებულო უნდა გახდეს. ის ჩაიწერს, ავტომობილით სად და როგორ ვმოძრაობთ. ამ რეგისტრატორის მიერ გადაღებულ ვიდეოს კანონთან ძალა უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. თუ ადამიანი იმ აზრამდე ვერ მიდის, რომ ფეთხუმი არ იყოს, კანონმა უნდა მოაქციოს ჩარჩოში. კარგი ტიპები მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ვიყოთ, როცა ვინმე გვიყურებს, არამედ - უბრალოდ, კარგი ტიპები უნდა ვიყოთ, რა...

- საერთოდ, ფიცხი ხარ?

- ვიღაცებს არ ვლანძღავ და ვურტყამ, მაგრამ ფიცხი ვარ. ადამიანს უსამართლო საქციელზე ვპასუხობ, რომ არ იფიქროს, თითქოს რაღაცას ვერ მივხვდი, თუმცა, ხშირად გავჩერებულვარ - ცოტა "შორს გამიხედავს" და მივმხვდარვარ, რომ რაღაც არ ღირს. "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს" - ძალიან სწორი გამოთქმაა: ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ან რაღაცის გეშინია. უბრალოდ, მოცემულ სიტუაციაში შეიძლება, უფრო გონივრული გადაწყვეტილება იყოს, რომ ხმა არ ამოიღო, არ იჩხუბო...

- კიდევ რა იწვევს შენს გულისწყრომას?

- ალბათ, გაუნათლებლობა. ყველა პრობლემა, რაც ჩამოვთვალე, გაუნათლებლობასთან მიდის. არ ვამბობ, რომ ძალიან წიგნიერი ვარ. უბრალოდ, ადამიანს იმის ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეს, რომ კარგი და ცუდი ერთმანეთისგან გაარჩიოს, საკუთარ ქვეყანაზე რაღაც იცოდეს, გაცნობიერებული ჰქონდეს, თავად რას წარმოადგენს, რა უნდა, რომ გააკეთოს, რისი უფლება აქვს... ასეთი რაღაცები ქმნის საზოგადოებას. განათლებული საზოგადოება მმართველად ყოველთვის ძალიან განათლებულს ირჩევს, უტვინო კი - მასზე ოდნავ ჭკვიანს, მაგრამ "ოდნავ ჭკვიანი" შეიძლება, გლობალურად ძალიან უტვინო იყოს, თუმცა საზოგადოებას ყველაზე ჭკვიანი ჰგონია. ამიტომ პრობლემები ხშირად გვაქვს.

- არჩევნებზე ხმის მისაცემად დადიხარ?

- კი, ჩემს აზრს ყოველთვის ვაფიქსირებ. ჩვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემა არ გვაქვს. სულ ვამბობ - არავის ვუსურვებ, რომ პოლიტიკაში საკუთარი ნებით შეყოს თავი-მეთქი. ისეთი ქვეყნის მმართველობა, როგორიც ჩვენია, ძალიან რთულია. რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ვატყობ, რომ ფეხზე დადგომა ძალიან გვიჭირს: თითქოს წამოვდგებით, მაგრამ მერე სულსწრაფობა, სიხარბე გვძლევს და უკან ვბრუნდებით. შემდეგ ხელახლა ვცდილობთ წამოდგომას და ასე გრძელდება - ეს უკვე რუტინად გვექცა. ბოლოში ვერ გავედით, ლელო ვერ გავიტანეთ, საკითხი რომ მოვაგვაროთ. გვიჭირს... არჩევნებს რაც შეეხება, ჩემი გადასახედიდან, არჩევნების სისტემა იმ მოთხოვნებს არ პასუხობს, როგორიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს, თუმცა, ეს ჩემი და ალბათ, კიდევ რამდენიმე ადამიანის მოსაზრებაა. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ცოტა არასწორია... ჩვენს საზოგადოებაში არიან განათლებული ადამიანები, რომლებსაც ქვეყანა არ უყვართ და არიან ისეთებიც, ქვეყანა რომ უყვართ, მაგრამ განათლება არა აქვთ. ვერ დავამთხვიეთ, რომ ადამიანებს ქვეყანაც უყვარდეთ და განათლებულებიც იყვნენ, ასეთი ვერავინ ვნახეთ... მაგალითად, პოლიტიკური პარტიები ავიღოთ: იქ განათლებულებიც არიან და პატრიოტებიც, მაგრამ ვერ შეჯერდნენ - ზოგს პატრიოტიზმი სძლევს და აფექტურია, განათლებულებს კი პატრიოტიზმი არ გააჩნიათ... ცოტა არ იყოს, რთულია... სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი "ნახვა" აგრესიის შემცველ ინფორმაციებს, სკანდალებს, პოლიტიკურ დებატებს აქვს. რაღაცას იმიტომ ვნახულობთ, რომ შემდეგ ვაგინოთ. მაგალითად, სპორტი ძალიან მიყვარს და ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თამაშებს ვესწრები. ძირითადად, ადამიანები იქ რისთვის დადიან, იცი? ასეთი მოცემულობაა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა წააგონ, ჩვენ კი ვაგინოთ. თითქმის ყველა თამაშზე ასეა: დგას მოწიფული საზოგადოება და ილანძღება. ტრიბუნაზე ხშირად ფეხბურთელების ოჯახის წევრები არიან. ბრბომ ეს იცის, მაგრამ სპორტსმენებს მაინც აგინებს. ასეთი რაღაცები ძალიან ცუდია... ვაჟა-ფშაველას "კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა" ძალიან მაგარი მოთხრობაა. საზოგადოებას რეკომენდაციას მივცემ, რომ ამობეჭდონ, კედელზე გაიკრან და წაიკითხონ ხოლმე. მოთხრობაში ასეთი ფრაზაა: "გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!" თან, ბევრი არგუმენტია მოყვანილი, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ამიტომ, თუკი რამე გვიშველის, ეს მეტი კითხვა, მოთმინება და მიმტევებლობაა...

ეთო ყორღანაშვილი