"მსურს ისეთი სიბერე მქონდეს, ლოსანჯელესელ ქალბატონებს რომ აქვთ" - გზაპრესი

"მსურს ისეთი სიბერე მქონდეს, ლოსანჯელესელ ქალბატონებს რომ აქვთ"

"პარიზში ყველა გემოვნებიანად და სადად ჩაცმული დადის, კარგად შერჩეული სამკაულებით. მსოფლიოში სამი მოდის ქალაქია: პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი... გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მგონია, მათ შორის პარიზი ყველაზე დახვეწილია. იქ მეტი სისადავეა!" - ამჯერად რუბრიკაში - "გემოვნება" ხატია შამუგია ჩავწერეთ...

- რომელი მწერლების შემოქმედება გიყვარდათ ბავშვობაში და რომელი ახლა?

- ისე ვიზრდებოდი, რომ დედა და გამზრდელი დეიდა მაძლევდნენ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უნდა წამეკითხა და სექტემბერში მათთვის ზეპირად ჩამებარებინა... რაც შეეხება საყვარელ მწერლებსა და წიგნებს, გემოვნება ყველა ასაკში სხვადასხვანაირია. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მიყვარდა ჟიულ ვერნი... რაც შეეხება პოეზიას, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, ბუნებით რომანტიკოსი არ გახლავართ და პოეზიაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. რა თქმა უნდა, ლამაზი ლექსები მომწონს, მაგრამ უფრო მეტად პროზა მხიბლავს... ბავშვობიდან ხომ ყველამ ასე დავიწყეთ - "ტომ სოიერის თავგადასავალი", "პეპი გრძელიწინდა"... შემდეგ ყველა კლასში სხვადასხვა ლიტერატურას გვაკითხებდნენ.

დღემდე, როდესაც ვისმენ პატრიცია კაასის სიმღერას, თეოდორ დრაიზერი მაგონდება. იმ პერიოდში, როდესაც პატრიცია კაასი შემოვიდა მოდაში, მისი მუსიკა დაბალ ხმაზე მქონდა ჩართული და თეოდორ დრაიზერის "ამერიკულ ტრაგედიას" ვკითხულობდი. მაშინ დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი - როცა უკვე "გოგოშკობ", ძალიან სენსიტიური ხარ და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს...

მიყვარდა ასევე, დეტექტივები... ჩემი გაოცება მოახერხა სტივენ კინგმა და ეს უკვე სტუდენტობის პერიოდში მოხდა. ვინაიდან ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, გარდა სურვილისა, ვალდებულებაც მქონდა, ბევრი წიგნი წამეკითხა და სულ ვკითხულობდი...

- თქვენს შვილს რა წიგნებს ურჩევთ წასაკითხად?

- რაც შეეხება ჩემს შვილს - ნიკუშა უკვე 15 წლისაა და იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც სამწუხაროდ, წიგნის კითხვა არ უყვარს. ასე ვთქვათ, ელექტრონული ლიტერატურის თაობაა. მე ვერაფრით ვკითხულობ წიგნს კომპიუტერში და ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა წავიკითხო. ძალიან ვიღლები, თვალები მტკივდება... ადრე ლაშა ბუღაძემ დამარიგა, შვილს წიგნი თავად უნდა უკითხოო, მაგრამ ამდენი დრო და ნერვებიც აღარ არის, რომ ერთი და იგივე მეორედ, მესამედ იკითხო...

მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ნიკუშას თაობის ბავშვები ზღვა ინფორმაციას ფლობენ, რაც სწორედ კომპიუტერის მეშვეობით აქვთ. ჩემი შვილისგან ნებისმიერ თემაზე, ბევრ ინფორმაციას ვიგებ. განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც მე საერთოდ არ ვიცი...

- რამდენად გიყვართ მოგზაურობა? თქვენთვის მეგაპოლისები უფრო მიმზიდველია თუ ისტორიული ქვეყნები?

- რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისებური ხიბლი აქვს და უნდა იყოს საშუალება, ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ნახო... როდესაც ჩადიხარ იტალიაში, საბერძნეთსა და მსგავს ქვვეყნებში, ხვდები, იქ მთელი მსოფლიოს ისტორიაა თავმოყრილი და არა მხოლოდ იმ კონკრეტული ქვეყნის! პარიზში რამდენჯერაც უნდა ჩავიდე, ყოველთვის რაღაც მაქვს სანახავი და სულ ახალ-ახალი ინფორმაციები მოდის ჩემამდე. ამოუწურავი ქალაქია! ალბათ, პარიზში მცხოვრებიც ვერ იტყვის, აქ ყველაფერი ნანახი მაქვსო. ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება, გარდა იმისა, რაც უკვე ყველამ ვიცით, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ - ეიფელის კოშკი, ლუვრი, ვერსალი და ასე შემდეგ...

ლონდონს თავისებური ხიბლი აქვს და საერთოდ, ეს მონარქისტული ქვეყნები კიდევ უფრო გრანდიოზულია... ბარსელონა - ანტონიო გაუდის არქიტექტურა ხომ ლეგენდაა...

ბოლოს ბუდაპეშტში გახლდით და გაოგნებული დავრჩი. მანამდე ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს ადგილი ასეთი გასაოცარი თუ იქნებოდა. ვიცოდი მისი სილამაზის შესახებ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი ქალაქი-მუზეუმის ასეთ სიმშვენიერეს. ეს არის კლასიკა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!

ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი? - ეს მადრიდია. იმიტომ არა, რომ ყველაზე ლამაზია. ამ ქალაქში სულ სხვა განწყობილება მაქვს. იქ ლამაზი ნაციონალური პარკებია, ულამაზესი შენობები, უსუფთავესი, პრიალა ქალაქია...

- თქვენი აზრით, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე გემოვნებიანი ადამიანები?

- რა თქმა უნდა, პარიზში! იქ ყველა გემოვნებიანად და სადად ჩაცმული დადის, კარგად შერჩეული სამკაულებით. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მგონია, პარიზი ყველაზე დახვეწილია. დიზაინერებზეც რომ ვისაუბროთ, ფრანგული და ბრიტანული სკოლა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან; ამერიკული გემოვნება და ამერიკული მოდა კიდევ სულ სხვაა. ნიუ-იორკში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ვყოფილვარ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში... ნიუ-იორკი არ მინახავს, მაგრამ მსოფლიო მოდას თვალყურს ვადევნებ და დაახლოებით ვიცი, რაც ხდება იქ. აი, ლოს-ანჯელესში სულ გაპრანჭულები არიან და ყოველთვის ვამბობ, ზუსტად ისეთი სიბერე მინდა, ლოსანჯელესელ ქალბატონებს რომ აქვთ: ბედნიერები, ყოველდღიურად ხავერდის სპორტულებში გამოწყობილები, საუკეთესო მაკიაჟით, ძალიან ლაღები და კარგები...

- რას იტყოდით საქართველოში მცხოვრებ 60 წელს გადაშორებულ ქალბატონებზე? რატომ არ არიან ლოსანჯელესელი მანდილოსნებივით ბედნიერები და ლაღები?

- ეს ალბათ, ჩვენი მენტალიტეტის ბრალია. უცხოელებისგან განსხვავებით, ქართველები "ზედმეტად" დედები, ბებიები, მერე დიდი ბებიები არიან... უცხოეთში 17 წლის ბავშვს საცხოვრებლად ცალკე უშვებენ და მას შეუძლია, შაბათ-კვირას მივიდეს მშობელთან. აქ რომ დედები შვილებს ბავშვებს უზრდიან და მერე შვილიშვილების შვილებზე ზრუნავენ, ასეთი ტვირთი არ აქვს უცხოელს. ამიტომაც ირგებენ ცხოვრებას და უფრო მეტად ინარჩუნებენ ახალგაზრდობასაც და ჯანმრთელობასაც. მატერიალურადაც ძლიერები არიან: იმხელა პენსია აქვთ, შეუძლიათ მსოფლიოში იმოგზაურონ და დარჩენილი წლები სასურველად გაატარონ.

საქართველოში 60 წელს გადაშორებული ქალბატონები რომ ბედნიერად არ გამოიყურებიან, ეს მათი ბრალი არ არის! ალბათ, ჩვენც მივალთ იმ დონემდე, როცა ბებია კი არ გაზრდის შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს, არამედ საკუთარ თავს დაუთმობს დიდ დროს... ქალი უნდა იყოს ქალი და თავისი ცხოვრება ჰქონდეს! ქართველ ქალებს რომ ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც უცხოელებს აქვთ, მათ სილამაზით ბევრად აჯობებდნენ!

კირა ანდრონიკაშვილის მსგავსი ლამაზი ქალი მსოფლიოში არ მეგულება! ის რომ ჰოლივუდში დაბადებულიყო, თავად წარმოიდგინეთ, დღეს როგორი დაფასებული იქნებოდა...

- როგორი სამოსი ჯდება თქვენს გემოვნებაში?

- ზედმეტად სპორტული სტილი არასოდეს მქონია და ვფიქრობ, დიდად არც მიხდება. უფრო კლასიკური სტილი მაქვს. ზაფხულში ისე ცხელა, დაბალქუსლიან ფეხსაცმელებსაც ვატარებ და კედებსაც... "ქუსლებზე" დიდხანს სიარული არ შემიძლია, მაგრამ ძალიან მიყვარს! კაბაც მუხლამდე, მუხლს ოდნავ ქვემოთ, რაც შეიძლება სადა უნდა იყოს... მიყვარს თეთრი, კრემისფერი, ფერადი სამოსი, მაგრამ საღამოებზე შავი ტანსაცმლის ჩაცმაც მიწევს...

GzaPress

- აქსესუარებზე რას გვეტყვით?

- აქსესუარები ძალიან მიყვარს! განსაკუთრებით, საყურე, რომლის გარეშეც სახლიდან არ გავდივარ. ასევე, ძალიან მიყვარს სამაჯური... პატარა ზომის და თხელი სამკაულები მიყვარს, დიდი აქსესუარები არც მიხდება. გამორჩეულად მიყვარს თმის სამაგრებიც.

- როგორი უნდა იყოს სახლი, თავი კარგად რომ იგრძნოთ?

- სადა სახლები მიყვარს... კლასიკური, ბევრი ანტიკვარით გაწყობილი ოთახებიც მომწონს, მაგრამ საცხოვრებლად სადა და მინიმალური ავეჯით მირჩევნია. ჩემი აზრით, სადაც მეტი სისადავეა, იქ მეტი სიმშვიდეა.

- დასასვენებლად მთა გირჩევნიათ თუ ზღვა?

- რა თქმა უნდა, ზღვა! აგვისტოში, ზაფხულში დაბადებული ვარ და ჰოროსკოპის მიხედვით, ჩემი პლანეტა მზეა. ზღვა ის ადგილია, სადაც ყველაფრისგან ვისვენებ და შემიძლია, სრული სიმშვიდე მოვიპოვო... რა თქმა უნდა, მიყვარს მთაც, მაგრამ ყველაზე ბევრი, ორი დღე შემიძლია დავყო იქ, ზღვაზე კი ალბათ, მთელ ცხოვრებასაც გავატარებდი... რა თქმა უნდა, არასოდეს მაქვს იმდენი ფული და დრო, ზღვისპირეთში ძალიან დიდხანს რომ გავჩერდე. ამიტომაც, სულ მენატრება. ზღვას რომ ვხედავ, დადებითი ენერგიით ვივსები და შემდეგ ეს ენერგია მთელი წელი მიმყვება...

მანანა გაბრიჭიძე