"ვმარიაჟობდი", რომ გოგო წითელი "მუსტანგით" მაკითხავდა" - გზაპრესი

"ვმარიაჟობდი", რომ გოგო წითელი "მუსტანგით" მაკითხავდა"

ისევე, როგორც სხვა საკითხებზე, სიყვარულზეც ყველას თავისებური შეხედულება გვაქვს. ამჯერად, გადავწყვიტეთ გაგვერკვია - რეპერ მასტერს (გიორგი პავლიაშვილი) როგორ ესმის "სიყვარული"... მასტერის რომანტიკული ურთიერთობების "მიმოხილვისას", რეპერმა საკუთარი კომპლექსიც აღიარა...

- ალბათ, სიყვარული კოქტეილივით არის, რომელიც ბევრ ინგრედიენტს შეიცავს: ურთიერთგაგებას, ნდობას, მეგობრობას... ვნებაც აუცილებელია, როგორც კოქტეილში - ალკოჰოლი. ჩემთვის კომფორტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ადამიანთან ისეთი უნდა ვიყო, როგორიც სინამდვილეში ვარ - თამაში არ უნდა მჭირდებოდეს. ალბათ, გოგოს გამო ვერასოდეს შევიცვლები, ამის სურვილი არც მაქვს... საერთოდ, გრძნობებს ყოველთვის ზუსტად ვაკონტროლებ: გოგოსთან ურთიერთობა წელიწად-ნახევრის განმავლობაში და უფრო მეტხანსაც მქონია, მაგრამ ვხვდებოდი, ეს სიყვარული არ იყო. ამიტომ იმ გოგოსთვის არასოდეს მითქვამს, რომ მიყვარდა. უმრავლესობას სიყვარული შეჩვევაში ეშლება. ადამიანს მთელი კვირა რომ არ ნახავ და მოგენატრება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიყვარს. ასე რომ ყოფილიყო, ალბათ ვიტყოდი, ოცჯერ მაინც მყვარებია-მეთქი.

- სინამდვილეში, შეყვარებული რამდენჯერ ყოფილხარ?

- ერთხელ. არ მჯერა, რომ ეს გრძნობა ხშირად მოდის - ჩემთვის ასეთი მარტივი არ არის... შეიძლება, ადამიანს ასაკი რომ გემატება, მეტ "ფილტრს აყენებ".

- პირველი სიყვარული როდის გეწვია?

- 23 წლის ვიყავი. მესამე ნახვისას ვუთხარი, რომ მიყვარდა.

- რატომ დაშორდით, გრძნობა განელდა თუ?..

- არა, არ განელებულა. რაღაცები მოხდა. ცოტა სუსტი გოგო იყო: ჩვენს ურთიერთობაში პატარა პრობლემები წამოიჭრა და ჩემთან ერთად ვერ გადალახა...

- სკოლაში გოგონებს შორის პოპულარობით თუ სარგებლობდი?

- მაგალითად, ჩემს კლასში გოგონების ყურადღებას მართლა ვიპყრობდი, რადგან ცოტა სხვანაირი ტიპი ვიყავი, ბევრს ვხუმრობდი. მაშინ რადიო "105" პოპულარული იყო და მისი იუმორის გავლენას განვიცდიდი (იცინის). ჩემს კლასში სულ კარგ გოგონებთან ვმეგობრობდი. ზოგი ბიჭი მათთან დაახლოებას ძალიან ცდილობდა, მე ეს იოლად გამომდიოდა, თუმცა სკოლაში შეყვარებული არ მყოლია... საქართველოში არა, მაგრამ ამერიკაში მართლა ვსარგებლობდი პოპულარობით: სკოლაში მცნობდნენ - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამერიკელი არ გახლდით და მეორეც - ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი. იქ საკლასო ოთახებში დინამიკებია. ყოველი მატჩის შემდეგ აცხადებდნენ, ვინ გაიტანა გოლი, თამაში როგორ დასრულდა... ასე რომ, ჩემ მიერ გატანილი გოლის შესახებ მთელი სკოლა იგებდა. "პავლიაშვილს" ვერ ამბობდნენ. მერე ვითხოვე, რომ "ჯორჯ ფრომ ჯორჯია" ეთქვათ, შემდეგ მთელი სკოლა ასე მეძახდა...

- პირველი პაემანი გაიხსენე...

- პირველი პაემანი ამერიკაში მქონდა. მე 15 წლის ვიყავი, ის - 16-ის. რებეკა ერქვა. ქერათმიანი, ტიპური ამერიკელი გოგო იყო. წითელი "მუსტანგი" ჰყავდა. რებეკა მე და ერთ გერმანელ ბიჭს მოგვწონდა. იმ ბიჭთან მეგობრული დამოკიდებულება არ მქონია, მაგრამ მახსოვს, კაცურად დავილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ვისკენაც ეს გოგო თავად გადადგამდა ნაბიჯს, იმისი იქნებოდა, მეორე კი ამ სიტუაციას უნდა შეჰგუებოდა. ისე მოხდა, რომ მაშინ რებეკამ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი (იცინის). ეს იყო პირველი პაემანი: სახლში გამომიარა, მერე პიცერიაში წავედით...

- განვითარდა თქვენი ურთიერთობა? პირველ პაემანს მეორე, მესამე მოჰყვა?

- კი, როგორ არა! ერთმანეთს საკმაოდ დიდხანს ვხვდებოდით, ურთიერთობა უფრო "გავასერიოზულეთ", როგორც ამერიკელი თინეიჯერები იქცევიან. "ვმარიაჟობდი", რომ გოგო წითელი "მუსტანგით" მაკითხავდა (იცინის)... ამერიკაში ასეთ ურთიერთობას შეჩვეული, საქართველოში დაბრუნებული, დაახლოებით წელიწადის განმავლობაში, გოგონებთან დალაპარაკებასაც ვერ ვახერხებდი - არ ვიცოდი, მათთვის რა მეთქვა. განა მრცხვენოდა? მგონი, ზედმეტად "გახსნილი" ვიყავი და ეს ყველაფერს "კეტავდა". თან, მაშინ სხვა დრო იყო. ახლანდელი 18 წლის გოგონები "ინსტაგრამზე" ნახევრად შიშვლები არიან, ადრე კი სხვა "პონტი" იყო - ინტერნეტი საზოგადოებას არ "ჭამდა"... მერე სიტუაციას შევეჩვიე - მივხვდი, ადამიანს როგორ უნდა მივდგომოდი. მოკლედ, "აკლიმატიზაცია" დამჭირდა და ამაში რეპი დამეხმარა: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცნობილ ადამიანთან ურთიერთობა საზოგადოებას სიამოვნებს.GzaPress

- შეგინიშნავს, რომ გოგონას შენთან რომანტიკული ურთიერთობის გაბმა პოპულარობის გამო სურს?

- კი, ძალიან ხშირად. საერთოდ, პირველად გოგო ასეთ მესიჯს მწერს: "არ გეგონოს, იმიტომ გწერდე, რომ ცნობილი ბიჭი, მასტერი ხარო. ყოველთვის ვპასუხობ, - კი, იმიტომ მწერ, რადგან მასტერი ვარ-მეთქი. ზოგს უბრალოდ, გიორგისთან დაახლოება უნდა, ზოგს - მასტერთან... თუკი გოგოს სერიოზულად ვუყურებ, ჩემთვის მთავარია, მას გიორგი გავაცნო და არა - მასტერი. ყოფილა შემთხვევები, სპეციალურად დავკვირვებივარ გოგოს: ის სულ ცდილობდა, ხალხმრავალ ადგილებში წავეყვანე, რომ ჩემთან ერთად გამოჩენილიყო. ეს ჩვეულებრივი ამბავია - "გასატეხი" არაფერია.

28 წლის ვარ და გაგანდობთ, გოგოსთან ურთიერთობაში რისი კომპლექსი მაქვს: მაგალითად, არ მინდა, ზედმეტად შევაწუხო და ისეთი ტიპი გამოვჩნდე, რომელიც გოგოს ურთიერთობას აძალებს, "ჩალიჩობს"...

- ამ კომპლექსს გოგოსთან ურთიერთობისას შენთვის ხელი შეუშლია?

- ალბათ, კი. პირველსავე "არაზე" შეიძლება, შევეშვა. არადა, შესაძლოა, თამაშობდეს, თავს იფასებდეს (კარგი გაგებით)... ვფიქრობ: იქნებ, ამ გოგოს არ მოვწონვარ და ურთიერთობა რატომ უნდა დავაძალო-მეთქი? ისეთ ბიჭებს არ ვგავარ, გოგოს გულს რომ ვერ მოიგებენ და დამოკიდებულება აგრესიაში გადასდით. ჩემი ძმაკაცები მეუბნებიან, - დღეს თუ არ გხვდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მიმართ სიმპათიები არ აქვსო. ეს არ მესმის. შესაძლოა, ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. ამიტომ შეიძლება, გოგოს მივწერო: "კარგი, აღარ შეგაწუხებ, კარგად". ხომ ვერ გამომეკიდება? ადამიანებს სულ ვაფრთხილებ, რომ ნიღბების გარეშე იურთიერთონ - ის თქვან, რასაც ფიქრობენ. მე სწორედ ასე ვიქცევი.

- მასტერი და გიორგი - ერთმანეთისგან რით განსხვავდებით?

- გიორგი ხანდახან მარტოა, მასტერი თავის შემოქმედებაზეა შეყვარებული. ვამბობ ხოლმე, თუკი გოგო ისე ძალიან შემიყვარდა, რომ ვთქვი, - უფ, ერთი ამ რეპის დედაც ვატირე-მეთქი, ე.ი. ნამდვილი სიყვარული ეგ არის (იცინის). მეეჭვება, ვიღაცამ მუსიკის მიმართ ჩემი სიყვარული გადაწონოს და მათქმევინოს, - მოდი, სიმღერას ხვალ ჩავწერ, კლიპს ხვალ გადავიღებ და ა.შ.

- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები?

- ვერ ვიტყვი, რომ ვიპრანჭები. ძირითადად, პირველად ყოველთვის ქალაქში ვსეირნობთ. რატომღაც ასე მაქვს დაცდილი: გოგოს გაცნობას ყველაზე უკეთ მანქანაში ვახერხებ, როცა ვსაუბრობთ. კაფეში ან სხვა ხალხმრავალ ადგილას ადამიანს "დამცავი შრეები" ერთვება - პირისპირ სხედხართ და თანამოსაუბრე ცდილობს, თვალი აგარიდოს... მანქანაში უფრო თავისუფალი გარემოა. ასე რომ, ბიჭებს ვურჩევ: გოგოს გაცნობის ყველაზე კარგი ხერხი მასთან საუბარია, თან - ისეთ ადგილას, ორივემ რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი... თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გოგოს არსად ვეპატიჟები (იცინის)... თუ შეიძლება, გოგონებს ასეთ პატარა რჩევას მივცემ: მინდა, საკუთარი თავის ფასი ისწავლონ, სხვაგვარად დაგვენახონ... ჩემთვის მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები დიდ როლს თამაშობს. ზოგ ბიჭს ჩემი ნათქვამი სხვაგვარად ესმის და ამბობენ, - აუ, ეს მეცხრამეტე საუკუნეშიაო, მაგრამ რომ დაფიქრდნენ და იმ ფოტოებს გადახედონ, რაზეც მე ვსაუბრობ, თავადაც არ მოეწონებათ. მესმის, ყველა ლამაზ გოგოს, ყველა ქალს, ვინც თავს უვლის და კარგად გამოიყურება, უნდა, თავისი სილამაზე გამოაჩინოს, მაგრამ - ამით ცხოვრობენ! გოგონების იმ საშინელ კატეგორიაზე, ე.წ. ინსტაგრამის გოგოებზე არ ვამბობ, ფულის გამო, ყოველდღე ძვირად ღირებულ სასტუმროში გადაღებულ ფოტოებს რომ დებენ: გამორიცხულია, 21 წლის გოგოს იმხელა შემოსავალი ჰქონდეს, რომ ყოველდღე ასეთ სასტუმროში გაიღვიძოს. ამ კატეგორიას ყურადღებას არც დავუთმობ. არ მესმის, ზედმეტად გამომწვევი ფოტოები რა საჭიროა? დაქალი ან მეგობარი არ ჰყავთ, რომ უთხრან, - გავიგეთ, რომ 26 ასეთი ფოტო გაქვს, ცოტა ხანს აღარ გამოაქვეყნო, ჩაიცვიო? შეიძლება, ასეთი სურათებით გოგოს პატიოსნება არ განისაზღვრება, მაგრამ მისი განვითარების დონე ნამდვილად ჩანს.

- შენი აზრით, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გოგონას რამდენი ფოტოა "ზღვარი"? თუ ასეთი ფოტო სოციალურ ქსელში საერთოდ არ უნდა გამოაქვეყნოს?

- საერთოდ რატომ არ უნდა გამოაქვეყნოს? Aამას რომ მეკითხებიან, თავს "კომუნისტ" ტიპად ვგრძნობ. არადა, ასეთი საერთოდ არ ვარ... კი, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა (ზღვაზე ან აუზზე) როგორ არ შეიძლება, ფოტო გადაიღოს, მაგრამ ამდენი პოზირება?! თან, გააჩნია, როგორ დგანან, როგორ აქვთ ამოჩრილი ეს საცურაო კოსტიუმი (იცინის)... ამ ნაბიჯით ეს გოგოები ისეთ ბიჭებს აგროვებენ, რომლებიც მათ შესახებ ამბობენ, - აუ, რა მაგარი ნაშააო! თუკი ეს უნდათ, მაშინ სწორად იქცევიან... გარკვეული ხნის წინ, ერთ გოგოს "ფეისბუკზე" ვწერდი. 8 დღის გაცნობილი მყავდა. "ფეისბუკზე" ჩვეულებრივი ფოტოები ედო. "ინსტაგრამი" გაუქმებული მაქვს, მაგრამ სულ სხვა რამის გამო შევედი და ამ გოგოს ფოტოებიც ვნახე - ისეთი სურათები ედო, მასზე წარმოდგენა შემეცვალა...

(სტატიაში გამოყენებული ფოტოების ავტორია ირაკლი შალამბერიძე)

ეთო ყორღანაშვილი