ქეთი მამულაშვილის წარმატებები ევროპაში და მომავლის პოლიტიკური ხედვა - გზაპრესი

ქეთი მამულაშვილის წარმატებები ევროპაში და მომავლის პოლიტიკური ხედვა

ქეთი მამულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ასაკით ყველაზე უმცროსი მაჟორიტარობის კანდიდატია. ის კენჭს სამგორში იყრის. ამბობს, რომ აქვს შესაბამისი გამოცდილება და უფრო დიდი სურვილი, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და სამგორი სიცოცხლით სავსე რაიონი გახადოს. ვინ არის ქეთი მამულაშვილი, როგორია მისი პოლიტიკური მიღწევები, ამ ყველაფერს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- პროფესიით იურისტი ვარ, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დავამთავრე. კრწანისის რაიონში ვცხოვრობ, მაგრამ კენჭს სამგორში ვიყრი. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან პატარა ვიყავი, როცა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავერთე. მე და ჩემი ოჯახი იმ მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდით, რომელიც ახლო წარსულში, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხდებოდა. მაშინ სულ იმის განცდა მქონდა, რომ ვიღაც იჩაგრებოდა, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში ბევრი პრობლემა იყო. შინაგანმა მდგომარეობამ მიბიძგა, წავსულიყავი პოლიტიკაში და გარკვეული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო.

- პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- სტუდენტობის პერიოდში ძალიან ვაქტიურობდი, არაერთ ორგანიზაციაში ხელმძღვანელი პოზიცია მეკავა. სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლამ ზვიად ძიძიგურთან დამაახლოვა. მესამე კურსზე ვიყავი, "კონსერვატიულ პარტიაში" რიგით წევრად რომ მივედი. პარტიულ აქტივობებში ჩავერთე. მალე "კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის" თავმჯდომარედ ამირჩიეს. 2014 წელს ჩვენი პარტია "ევროპელ კონსერვატორ რეფორმისტთა ალიანსში" გაწევრდა. ეს სიდიდით მესამე ალიანსია ევროპარლამენტში, ხოლო "ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორები" მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვან ახალგაზრდულ ორგანიზაციად ითვლება. ეს ორგანიზაცია 1993 წელს ბრიტანელი კონსერვატორების მიერაა დაფუძნებული, რომელშიც 30-მდე ქვეყნის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ ორგანიზაციაში საქართველოს წარმოვადგენდი და "კონსერვატიული პარტიის" სახელით გამოვდიოდი. პირველ წელს ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარედ ამირჩიეს, 2015 წელს კი ორგანიზაციის თავმჯდომარედ. საქართველოში ჩავატარეთ "მშვიდობის კონფერენცია", რომელიც უსაფრთხოებას ეძღვნებოდა. არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი გვესტუმრა. ჩვენი მხარდამჭერი იყო ამერიკის საელჩო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ნიდერლანდების საერთაშორისო ინსტიტუტი. 2016 წლის დეკემბერში ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხელმეორედ ამირჩიეს, ამჟამად მოქმედი თავმჯდომარე ვარ.

2017 წლის არჩევნებში ჩემი კონკურენტი ირლანდიის მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი, ძალიან დიდი კონკურენცია იყო, თუმცა, ბევრი მხარდამჭერიც მყავდა.

- იქ არჩევნების ჩატარების წესი როგორია?

- ძირითადად, ვმუშაობთ დელეგაციებთან და მათ წარმომადგენლებთან, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე უშუალოდ პირადი კომუნიკაციით. ორგანიზაციის წევრებს ჩემი სამომავლო ხედვა, გეგმა გავაცანი და თავმჯდომარედ ჩემი არჩევის გადაწყვეტილება ხელმეორედ მიიღეს.

- დეკემბერში ისევ არჩევნებია. ამ თანამდებობისთვის ბრძოლას ისევ აპირებ?

- შეიძლება ახალგაზრდულში არა, მაგრამ უკეთეს შემოთავაზებებს ველი. ჯერ არ დავაკონკრეტებ, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ახლა ადგილობრივ არჩევნებზე ვარ გადართული, თუმცა ამის პარალელურად, ევროპაში საქმიანობას აუცილებლად გავაგრძელებ.

- ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, საარჩევნო კამპანიის წარმართვაში რამდენად გეხმარება?

- ძალიან მეხმარება. 2016 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვიყარე კენჭი და ახლა თბილისის საკრებულოში მოქმედი მაჟორიტარი ვარ. ამჟამად კენჭი სამგორის რაიონში უნდა ვიყარო. ნდობა გამომიცხადა კახა კალაძემ და გუნდმა, რომელმაც ჩემი საქმიანობის შესახებ იცის. მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის.

- საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში, თქვენი მთავარი საზრუნავი რა იქნება?

- ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალგაზრდების გააქტიურება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა იქნება. მათი დასაქმების საკითხზე აქტიური მუშაობაა საჭირო. ძალიან ბევრი პროგრამა და დიდი პერსპექტივა არსებობს. ხშირად ამას ახალგაზრდები ვერ ხედავენ და გზის ჩვენება სჭირდებათ. საამისოდ ყველანაირ რესურსს გამოვიყენებ.

- ამ რაიონის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

- მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი პოზიტიური რამ გაკეთდა, ადამიანებს მაინც ბევრი პრობლემა აქვთ. სოციალური მდგომარეობა, დასაქმების საკითხი, როგორც დანარჩენ საქართველოში, სამგორშიც ძალიან მწვავედ დგას. ყალბი დაპირებების დრო უნდა დამთავრდეს, პოლიტიკოსები გულწრფელები უნდა ვიყოთ. ამომრჩეველს არ უნდა შევუქმნათ ილუზია, რომ ყველა პრობლემას ხვალვე მოვაგვარებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სურვილია, მაგრამ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომელიც გვაქვს. ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი გუნდისგან გადაიდგმება, მხოლოდ და მხოლოდ ამ პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული. ძალიან მეიმედება კახა კალაძე და მისი გუნდი. მაქვს განცდა, თითქოს თვითმმართველობის ისტორიაში ახალი ერა იწყება. ერთადერთი ის დაგვრჩა, რომ მოსახლეობისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთობა სამართლებრივად გავაფორმოთ და ამის შემდეგ, ჩვენი ვალდებულება იქნება, კეთილდღეობა თითოეულ ადამიანამდე მივიდეს. ეს ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია.

- ამ კეთილდღეობას ხალხს ყველა არჩევნებში, ყველა პოლიტიკური ძალა და სუბიექტი ჰპირდება. თქვენ რატომ უნდა დაგიჯერონ?

- ჩემ გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. მე ის შუალედური რგოლი ვიქნები, რომელიც ამ ადამიანების პრობლემებს ყველა დონეზე მიიტანს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია მექნება. ყველა გადაწყვეტილების მიღებაში მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული. ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც პრობლემები აქვთ, ვეკითხები, - გამგეობას მიმართეთ? მეუბნებიან, რომ არ მიუმართავთ.

- თუმცა, ბევრი პრობლემა გამგეობაში გაცხადების შემდეგაც გადაუჭრელი რჩება.

- მაგაში გეთანხმებით, მე გეუბნებით, რა შემთხვევებს ვაწყდები მოქალაქეებთან ურთიერთობისას და რა მინდა შევცვალო. ადამიანებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები და ძალა. ადგილობრივი თვითმმართველობის არსი ის არის, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტები ადგილზე დასახოს. მაქვს ენერგია და ახლებური ხედვა, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მოქალაქეებმა უკეთეს გარემოში იცხოვრონ.

- მხარდაჭერას რამდენად გრძნობთ?

- მე ყველას გულწრფელად ვესაუბრები. არ ვპირდები რამე ისეთს, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ეს ძალიან კარგად მოქმედებს, მათ აღარ უნდათ ტყუილი დაპირებები, მათ უნდათ სწორი ინფორმაცია. შეხვედრის დროს ძალიან უშუალო ურთიერთობა გვაქვს, სითბოს ვგრძნობ ამ ადამიანებისგან. 2 დღის წინ კახა კალაძე იყო ჩვენთან მოსული, მე დავინახე, რამდენი ადამიანი უცხადებს ნდობას და მხარდაჭერას ჩვენს გუნდს, რაც სტიმულს მმატებს და ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ამ ადამიანების წინაშე ვიღებ. ბატონ კახას შევთავაზე, სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობა სამგორის რაიონიდან ხომ არ დაგვეწყო-მეთქი? ამას დიდი ოვაციები მოჰყვა. ამ რაიონს გაცოცხლება ნამდვილად სჭირდება.

- ახალგაზრდები აქტიურობენ?

- აქტიურობენ, მაგრამ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ. სამწუხაროდ, ახალგაზრდებში ნიჰილიზმი შეინიშნება, რაც ძალიან არ მომწონს.GzaPress

- პირად ცხოვრებაზე გკითხავთ: დაოჯახებული ხართ?

- დიახ, სულ 2 თვეა, რაც ოჯახი შევქმენი. ჩემი მეუღლე გია ჩირგაძე გახლავთ. 11 წლის ვიყავი, რომ გავიცანი. მომდევნო 12 წელი აღარ მყავდა ნანახი. ერთმანეთს სრულიად შემთხვევით, ქუჩაში შევხვდით. ისე მოხდა, ძველ ნაცნობს რომ მოიკითხავენ ხოლმე. გია აქტიურად წერს, მუშაობს, ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერია. მის მიღწევებს ძალიან ვაფასებ. შრომით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. გია ჩემს საქმეში სრულ მხარდაჭერას მიცხადებს, პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებებს, მხარში მიდგას და რჩევებსაც ხშირად მაძლევს, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვითვალისწინებ.

- დაბოლოს, რას ეტყვით სამგორელ ამომრჩეველს? მხარი რატომ უნდა დაგიჭირონ?

- სამგორელებს ვეტყვი, რომ ძალზე გულწრფელი ვარ. ენერგიას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ მათი პრობლემების მოსაგვარებლად. უიმედობის დრო უნდა დასრულდეს. მინდა, სამგორი მართლაც სიცოცხლით სავსე რაიონი გახდეს, რომლის ქუჩებშიც ღიმილიანი და ბედნიერი სახეების ნახვა იშვიათობა აღარ იქნება.

თამუნა კვინიკაძე