"იმ კაცის ნაჩუქარი თანხის წყალობით ახლა პატარა და ჭკვიანი გოგო მყავს..."
გია სურამელაშვილთან შეხვედრა მუსიკალურ სალონში, ანუ "გიას სახლში" შედგა, სადაც მისი საღამოები იმართება. სალონის თანამედროვე ინტერიერი პროდიუსერ მარინა კაშიას გემოვნებით არის მოწყობილი, რაც გიას მშვიდ და სასურველ გარემოს უქმნის. პოპულარობის პიკზე მომღერალს, ზოგიერთი თაყვანისმცემელი მისგან შვილის გაჩენას სთხოვდა, კონცერტებზე მირთმეული ყვავილების წასაღებად ერთი ავტომობილი ცალკე დაჰყავდა. ათასობით წერილს იღებდა, რომლებსაც აგროვებდა და მათ სათანადო ადგილს გიას დედა უჩენდა. წუხს, რომ პატიების უნარი არ აქვს. ხშირად ზომაზე მეტ ალკოჰოლს იღებს, ზოგჯერ საკუთარ თავში იკეტება, თუმცა ამას უფრო გადაღლას ეძახის. ამბობს, რომ მძიმე ხასიათის, მაგრამ პოზიტიური და კეთილმოსურნე ადამიანია. კოლეგებიდან ყველა უყვარს, რა თქმა უნდა, გამორჩეული მეგობრებიც ჰყავს. როგორ ეზიარა მუსიკის სამყაროს და ვის სიმღერებს უსმენდა ბავშვობაში? - ამ შეკითხვაზე პასუხით დაიწყო ჩვენი საუბარი.
ბავშვობის ოცნება
- ბავშვობაში მუსიკაზე არ მივლია, ამ კუთხით გამორჩეული ნიჭი არ მქონდა. ერთი ურჩი და ხელისგულზე ნატარები, გათამამებული ბიჭი ვიყავი. მკაცრი მამა მყავდა, მაგრამ ბაბუა მშველოდა. არაფერი მაინტერესებდა. სპორტზე დავდიოდი: მძლეოსნობა, ცურვა. ვუსმენდი იმას, რაც იმ პერიოდში მოდაში იყო: "ორერა", ალა პუგაჩოვა, ტოტო კუტუნიო, ჩელენტანო, "აბბა", "ბონიემი"... პატარა ვიყავი, მაგრამ მუსიკა ყურს ყოველთვის სიამოვნებდა. ჩემი ოცნება იყო ექიმი გავმხდარიყავი. იმ პერიოდში სამედიცინოზე ჩასაბარებლად სტაჟს ითხოვდნენ. მეც ამისთვის ვემზადებოდი და სკოლის დამთავრების შემდეგ, წელიწად-ნახევარი მერვე საავადმყოფოში, სანიტრად ვიმუშავე. ძირითადად მიმღებში ვიყავი, მაგრამ ოპერაციებსაც ვადევნებდი თვალს, მორგში გადამყავდა მიცვალებულები და გაკვეთასაც ვესწრებოდი. ერთი სიტყვით, იმდენად მინდოდა ექიმობა, ყველაფერში უშიშრად ვმონაწილეობდი. ახლა შეიძლება, სისხლის დანახვაზე ცუდად გავხდე. იქ მუშაობის დრო საუკეთესოდ მახსენდება. ეჭვი არ მეპარება, გამოცდებზე რომ გავსულიყავი, სამედიცინო ინსტიტუტში მოვხვდებოდი. დადგა მომენტი, როცა რაღაცამ მიბიძგა და მივხვდი, ეს ის არ იყო, რაც მინდოდა.
ბაბუას ბიჭი
- ბაბუაჩემი - გიორგი სურამელაშვილი საბჭოთა კავშირის გმირი და დაფასებული პიროვნება, წლების მანძილზე საქართველოს პრეზიდიუმის წევრი იყო. მის მოსახელე ბაბუას ბიჭს ძალიან მანებივრებდა და შვილიშვილებში გამორჩეული ვყავდი. სადაც ის იყო, მეც აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავი. სამამულო ომის საბრძოლო პერიპეტიებზე ამბებს რომ მიყვებოდა, ტიროდა ხოლმე. მისი გმირობით ვამაყობდი და საერთოდ, ხომ იცით, რას ნიშნავს ბაბუა, მით უმეტეს, კარგ ბაბუას რა სჯობს! უამრავ რამეს მჩუქნიდა, მათ შორის იყო პრეზიდიუმის "პაპკები". ისინი სახლში მოჰქონდა და მაძლევდა. მე მიხაროდა და კარგადაც ვერთობოდი. ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა მისი ოქროს ვარსკვლავი, სულ ვეთამაშებოდი და პიჯაკიდან ვწიწკნიდი. მერე გავიგე, რომ თურმე, ნამდვილ ვარსკვლავს ყოველდღიურად არ ატარებდა. მთავარი ოქრო სხვა კოსტიუმზე ჰქონდა მიმაგრებული (იცინის). წლების შემდეგ, ბაბუამ ოქროს ვარსკვლავი გადაადნო და საქორწინო ბეჭედი გამიკეთა - ჩემს სახელზე გექნებაო.
მსახიობობიდან მომღერლობამდე
- ისე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, მშობლებმა არ იცოდნენ. მისაღებ გამოცდაზე 100 აბიტურიენტიდან სამსახიობო მეტყველებაში მხოლოდ მე დამიწერეს უმაღლესი ქულა. ოტია იოსელიანის "სიყვარული და ღალატი" წავიკითხე და კომისია დავშოკე. არადა, სულ ოროსანი ვიყავი სკოლაში. თეატრალურ ინსტიტუტში ჩვენი ვოკალის პედაგოგი გიორგი ცაბაძე გახლდათ. იმ პერიოდში ბატონი გოგი ცოტა შეუძლოდ იყო, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც მოდიოდა. მის გაკვეთილზე ყოფნა საოცრება იყო. მას ჰყავდა თანაშემწე ქალბატონი - ციალა ქადაგიძე, ოპერის მომღერალ ბადრი მაისურაძის დედა. სტუდენტობის დროსაც ურჩი ვიყავი, მაგრამ არა - ცაბაძის მიმართ. ისე, სულ ვაგვიანებდი ლექციებზე. ინსტიტუტიდან რამდენჯერმე გამრიცხეს და მერე აღმადგინეს. აუღებელი ციხესიმაგრე ვიყავი. განაწილებით ფოთის თეატრში მოვხვდი. იქ ცოტა ხანს დავყავი და მიუხედავად იმისა, რომ კარგი როლები მომცეს, მაინც წამოვედი, თეატრი ვერ გავითავისე.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა უკვე ცოლიც მყავდა და შვილიც, ქობულეთში ვისვენებდი და ტელეეკრანიდან ჯემალ ბაღაშვილის სატელევიზიო პროექტის - "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" შესახებ გავიგე. ვინერვიულე, ეს როგორ გამომრჩა-მეთქი. თბილისში ჩამოვედი და დედას (ხსოვნა მის სულს) ვუთხარი: დედა, დაიმახსოვრე, მე თუ ამ კონკურსზე პირველი არ ვიყო-მეთქი. შემდეგ წელს ასეც მოხდა, ისე აგისრულდეთ ყველა ჩანაფიქრი. მადლობა ჯემალ ბაღაშვილს. მაშინ ყველა მომღერალს მხოლოდ ტელევიზიის პროგრამებში "მუსიკალური ფოსტა" და "საესტრადო პანორამა" ნახავდით. მეცო-სოპრანო არა ვარ, მაგრამ სცენას რაც უხდება - თავისებური ხიბლი, ლამაზად და განსხვავებულად ჩაცმა (იუდაშკინის კოსტიუმები მეცვა), სიმღერის ნიჭი ყოველთვის მქონდა. მერე კი წავიდა და წავიდა.
უფროსი მეგობრები და პირველი წარმატებები
- ჯემალ ბაღაშვილის შემდეგ გავიცანი: მზია კვირიკაშვილი, ეთერ კაკულია, მედეა ძიძიგური, ქართლოს კასრაძე, ნუნუ დუღაშვილი, გურამ გეგეჭკორი, ავთო მიქაძე, გენო ნადირაშვილი - ჩემი უდიდესი მეგობრები. მათ მიმართ პატივისცემა მუდამ მექნება. მზიას კონცერტებზე დავყვებოდი, ორ-სამჯერ გამოვდიოდი და ვმღეროდი. მზიამ ყველა გამაცნო და მეც ქვეყანამ გამიცნო. პატარა ბიჭს ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, მათთან ერთად საგასტროლო მტვერი ჩავყლაპე. მთელი საქართველო შემოვიარეთ, დღეში სამი კონცერტი გვქონდა. უბედნიერესი ვიყავი მათი ახლოს გაცნობით. ეთერ კაკულიას იუმორი ხომ ყველამ იცის, აი, მედიკო ძიძიგურს შეუდარებელი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ვეხვეწებოდი, - ცუდად ვარ, გაჩერდი ცოტა ხანს-მეთქი. სიცილისგან ვტიროდი ხოლმე. ხალხს კიდევ უზომოდ სიამოვნებდა მართლაც, სახალხო არტისტების ყურება და მოსმენა. დიდებულ ოთარ რამიშვილთან განსაკუთრებულად ვმეგობრობდი. ეს საოცარი კაცი ჩემთვის ყველაფერი იყო. მის გვერდით ბევრი საუკეთესო წელი გავატარე, ძალიან ვუყვარდი. მერე ტელევიზია დამეხმარა პოპულარობის მიღწევაში, შემდეგ იყო საერთაშორისო კონკურსები.
"იურმალაზე" მე და მაია დარსმელიძე ვმონაწილეობდით. ერთ-ერთ ტურში ესპანურ სიმღერას ვმღეროდი. რომ გამომაცხადეს, გავედი სცენაზე და ტექსტი დამავიწყდა, ერთი სიტყვაც არ მახსოვს. რა ენაზე ვიმღერე, ვერ გეტყვით... 8 ქულა დამიწერეს (უმაღლესია 11), ლაიმა ვაიკულემ - 6. ძალიან გავმწარდი. ბოლოს ისე ვიმღერე და ვიცეკვე, ლაიმას "ლიუბიმჩიკი" გავხდი, ყველამ ათი დამიწერა. ამ კონკურსზე ხუთეულში მოვხვდი და მაყურებლის სიმპათიის პრიზი ავიღე.
ერთ დღესაც ფილარმონიის სოლისტი გავხდი და ვთქვი, სოლო კონცერტი მინდა-მეთქი. ეთერ კაკულიას მზიასთვის დაურეკავს: ეს ბიჭი არაა ნორმალური, რას ბოდავსო. მედიკოსაც იგივე უთქვამს. აი, ასე გავრისკე და უშუალოდ კონცერტის წინ გული ცუდად მქონდა, შიში დამეუფლა. მომკიდეს ხელი, გასწიეს ფარდა და დავინახე დიდი საკონცერტო დარბაზი გადაჭედილი, კიბეზეც კი არ იყო თავისუფალი ადგილი. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელს: სულ ანშლაგი იყო ჩემს კონცერტებზე, რომლის წამყვანი ჩემი მეგობარი, დღეს კარგი პოეტი და შემოქმედი მაია კახიძე გახლდათ. ბედნიერება იყო ჩემთვის ანსამბლ "რეროსთან" ერთად თვენახევრიან გასტროლში მონაწილეობა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იმ დროს ანსამბლს ბუბა კიკაბიძე ხელმძღვანელობდა.
ახალი სიმღერები, გასტროლები...
- ცოტა ხნის წინ ერთი სიმღერა თურქულად მოვისმინე, მომეწონა და გადმოვაქართულე. მასზე კლიპი "ჩემო მზე, ჩემო იმედო" გია ჯაჯანიძემ "გამიკეთა". მერე გავიგე, რომ თურმე, ამას დათო ხუჯაძე მღერის. მასთან უკვე ყველაფერი გავარკვიე. მიხარია, კლიპის ნახვამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. ახლახან მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა - ფიქრია მეგრელაძემ მისი შემოთავაზებით დუეტი ჩავწერეთ. ეს არის თამუნა მაისურაძის სიმღერა "მიყვარხარ". მგონი, უკვე გაჰიტდა. ფიქრია ისრაელში ცხოვრობს. მან კიდევ ორი ერთობლივი პროექტი ჩაიფიქრა და როცა მოვიცლი, განვახორციელებთ. ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა ჩემი საგასტროლო ტურნე დაგეგმა, რომელიც იწყება 20 სექტემბერს, სტამბოლში მივემგზავრები, სადაც 8 წლის ელენიკო დუმბაძეს ვეხმარებით. მერე მოვივლით იტალიას, ბელგიას, საბერძნეთს. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ადამიანებს ხშირად ვეხმარები ისე, როგორც შემიძლია. თუმცა, არც ყოვლისშემძლე ვარ და არც ათეულში შემავალი მილიონერი. ყველაზე ხშირად საგასტროლოდ ისრაელში დავდივარ. ბოლოს საბერძნეთში ვიყავი. ზოგმა რა მაჩუქა და ზოგმა - რა. ერთმა მაგარმა კაცმა პირდაპირ მკითხა: რა გინდა, რომ გაჩუქოო? თბილისში ძაღლის ყიდვას ვაპირებდი, რომელიც 400 დოლარი ღირდა და იმ კაცის ნაჩუქარი თანხის წყალობით ახლა პატარა და ჭკვიანი გოგო "კესი" მყავს, ის ძალიან მართობს.
ნანული ზოტიკიშვილი