თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა - გზაპრესი

თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა

პოპულარობა არც აქამდე აკლდა, მაგრამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შავლეგო მადლიანის როლის შესრულების შემდეგ, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ილო ბეროშვილთან წარსულში არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად განსხვავებულად გულწრფელი დიალოგი გამოგვივიდა. ამ ინტერვიუში წაიკითხავთ პასუხებს კითხვებზე: როდის იდგა რთული პერიოდი მის ცხოვრებაში, იყო თუ არა ნარკოტიკზე დამოკიდებული, როგორი მამაა, როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან, რა ხდება დღეს მის პირად ცხოვრებაში და რა განცდა ჰქონდა მაშინ, როცა მისი შვილების დედამ ოჯახი ხელმეორედ შექმნა?

- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა და მადლობა "ჩემი ცოლის დაქალებს" ამ შანსისთვის. სერიალში გამოჩენის შემდეგ ახალი მაყურებელი შევიძინე, რაც ძალიან მახარებს... მსახიობობა იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ეს პროფესია მოითხოვს, მისთვის ყველაფერი გადადო, მით უმეტეს, თუ გაქვს პრეტენზია, მაყურებელს თავი გამორჩეულად დაამახსოვრო.

- შენს გმირს პარტნიორობა უმეტესად მეუღლესთან - ჩიკასთან უწევს. ანი ჩირაძე როგორი პარტნიორია?

- მას სამსახიობო აქვს დამთავრებული, მაგრამ დღემდე არც ერთ ფილმში არ გადაუღიათ. ძალიან კარგი პარტნიორია. დამაჯერებლობა, რომელიც მისი თამაშის დროს თვალში საცემია, ჩემზეც გადმოდის და ეს ძალიან მეხმარება. პროფესიონალებს რჩევებს ყოველთვის ვეკითხები. უყურადღებოდ თავადაც არ მტოვებენ. გიორგი ლიფონავა მეხმარება. რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია - ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ.

- შენ და ანი დამეგობრდით?

- ჩვენ ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, სანამ სერიალში გადაგვიღებდნენ. ანი ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგოა.

- ჩიკასნაირი ცოლი შენ გვერდით რამდენად წარმოგიდგენია?

- გამორიცხულია, ისევე, როგორც შავლეგოსნაირ ადამიანებთან ურთიერთობა - მიუხედავად იმისა, რომ მყოლია მეგობრები იმ წრიდან, საიდანაც შავლეგოა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი კრიმინალი იქნება, პოლიციელი თუ მხატვარი. მნიშვნელოვანი მისი შინაგანი სამყაროა. გადაღების დროს სულ ვცდილობ, თამაში ბუნებრივად გამომივიდეს. ტელევიზიაში მუშაობისას სხვა დინამიკა იყო საჭირო. ნელ-ნელა გადავდივარ იმ რიტმზე, რომელიც მსახიობს სჭირდება. მიხარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ბავშვები მომაძახებენ ხოლმე: "შავლეგო, შავლეგო!" მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი ხანდახან ძალიან უწმაწურია, ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა არ მჩვევია.GzaPress

- სერიალს შენი შვილები უყურებენ?

- უფროსი უყურებს, პატარა ძალიან პოეტური ბავშვია. სულ ბუნებაში ყოფნა უნდა. უეცრად იტყვის ხოლმე, - დღეს რაღაც სევდიანი ღამეაო. ახლახან მითხრა, ახლა კი არ შემიყვარდი, სულ მიყვარდიო. დედა ძალიან უყვართ, მათ შორის სხვა უხილავი ძაფებია. ბოლო 4 თვე ჩემთან ხშირად არიან. ერთხელ მითხრეს, - მამა, შენ დედა გახდიო. ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი სულ მქონდა. წარსულში როგორც ვიყავი, ახლა ისეთი მდგომარეობა აღარ მაქვს, გრაფიკიც შედარებით თავისუფალია და სულიერადაც დამძიმებული არ ვარ.

- "სულიერ სიმძიმეში" რას გულისხმობ?

- სულ გადარბენაზე ვიყავი, ოჯახის დანგრევის ტკივილიც არ იყო მოშუშებული. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რაღაც მოხდა, რამაც გადამღალა.

- თუ შეიძლება გკითხავ, პრობლემა, რასაც ნარკოტიკი ჰქვია, მართლა იყო შენს ცხოვრებაში?

- (პაუზის შემდეგ) არ დავმალავ და გეტყვი, რომ იყო. ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია, მაგრამ შენთან ორი მიზეზის გამო ვილაპარაკებ: მგონია, რომ თქვენ მკითხველთა ის კატეგორია გყავთ, რომლებიც მსგავს ამბებს ძალიან ჯანსაღად უყურებენ და მეორე მხრივ, გენდობი, ვიცი, როგორ დაწერ. შენთან ინტერვიუები ყოველთვის საინტერესო გამომდის, რადგან ზედაპირზე არასდროს მტოვებ, ყოველთვის სიღრმეში ჩაგყავარ.

- გმადლობ.

- ჩემს ცხოვრებაში ქაოსი იყო. მქონდა პერიოდი, როცა ნარკოტიკს ათასში ერთხელ თუ შევეხებოდი, მაგრამ მერე ალკოჰოლიც დაემატა, აირია ერთმანეთში და... ამ დროს ოთხ პროექტში ვიყავი, მუდმივად გამოუძინებელი და გადაღლილი. მადლობა უფალს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.

- ამის ძალა საკუთარ თავში როგორ იპოვე?

- ყველა ადამიანთან, რომელიც ამ ცდუნებასთან მაკავშირებდა, ურთიერთობა გავწყვიტე. ახალი ნაცნობები გავიჩინე, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ. კუს ტბაზე ვარჯიში დავიწყე და იქ ბევრს დავუმეგობრდი. ვერ ვიტყვი, რომ ახლა იდეალურ ფაზაში ვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი რაღაცები უკვე მოვიშორე.

- ეს ხელახლა დაბადების ტოლფასია, არა?

- ნამდვილად ასეა, ეს გადაუჭარბებელი ნათქვამია. ეს არის ფერისცვალება, მანამდე სული "დაშრამული" მქონდა, წინ რომ გავიხედავდი, მეტრის იქით არაფერი ჩანდა. დღეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა მაქვს, ემოციები დამიბრუნდა, ჩანაწერების გაკეთებაც დავიწყე.

- ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც "ფერისცვალებაში" დაგეხმარნენ?

- პირველ რიგში, ოჯახი (მშობლებს და შვილებს ვგულისხმობ). მშობლების თავგანწირვამ და მოთმინებამ ამის ძალა მომცა. მათ ადგილას საკუთარი თავი წარმოვიდგინე, მათსავით უძლური რომ ვიყო-მეთქი. ახლა მშობლებთან ურთიერთობა დავალაგე. როცა ვუყურებდი, როგორ ლოცულობდნენ, რამდენად ანადგურებდათ ჩემი მდგომარეობა, გული მიკვდებოდა.

დიდი ხანია, ღამის ცხოვრებით აღარ ვცხოვრობ, "ტუსოვკებზე" აღარ დავდივარ. უმეტეს დროს ბავშვებთან ვატარებ. როცა გადაღება მაქვს, მივდივარ, ვმუშაობ. ზოგადად, სახლის გარეთ ბევრს ვლაპარაკობ, შინ ყოველთვის ჩუმი, წყნარი და თავშეკავებული ვარ. მეუბნებიან, ხმა ამოიღეო. მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებული არიან სასმელზე ან სხვა საშუალებაზე, ერთი და ორი თვე არ არის საკმარისი ეფექტის მისაღებად. რაც მეტი დრო გავა, ფხიზელ მდგომარეობას მეტად დააფასებენ. ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, რომელიც დღეს სასულიერო პირია. GzaPress

- ვიცი, რომ მისი დახმარებით პატრიარქსაც შეხვდი.

- ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო, უწმინდესის ნათქვამი - "უნდა ილოცო!" ჩამებეჭდა გონებაში და სულ მახსოვს. მე მაქვს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მის ლოცვებს დავესწრო. ძალიან მინდა უწმინდესთან ბავშვები მივიყვანო.

- ოჯახის დანგრევაზე შენმა მაშინდელმა მდგომარეობამ იმოქმედა?

- როგორ შეიძლებოდა არ ემოქმედა, მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. მაგ დროს ცოტათი ჩამცხრალი ვიყავი, მერე კიდევ ახლიდან დავიწყე. დამიჯერე, არ შეიძლება, ადამიანი ამ პრობლემის წინაშე იდგეს და მის ცხოვრებაში რაიმე ნორმალურად იყოს.

- "ფერისცვალების" შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან შერიგება არ გიცდია?

- ნელიკოს მიმართ დღემდე, მხოლოდ დადებითი ემოციები მაქვს. ძალიან კარგი დედაა, ჩვენ იდეალურად გვესმის ერთმანეთის. შემიძლია ვთქვა, რომ ნელისნაირი ახლო მეგობარი არ მყავს. არის რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც ახლოს ვარ, მაგრამ მე და ნელიკოს კიდევ შვილები გვაერთიანებს.

- შენთან დაშორების შემდეგ ნელიკომ ოჯახი შექმნა, ეს ამბავი როგორ მიიღე, არ გეტკინა?

- ადამიანი, რომელიც გიყვარდა, გინდა, რომ კარგად იყოს. მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი. ვცდილობდი, ბავშვებისთვისაც იგივე სიტყვები მეთქვა. რადგან მან ჩათვალა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო, ე.ი. ეს მას სჭირდებოდა. ამავე დროს, ჩემთვის გარკვეულწილად ტკივილიც იყო. მსგავს სიტუაციაში, ვინმე საწინააღმდეგოს თუ იტყვის, არ იქნება დასაჯერებელი. როგორ შეიძლება, ადამიანის, რომელთანაც წარსულში ოჯახი გქონდა, ხელმეორედ დაოჯახება ემოციის გარეშე მიიღო? ერთხელ თუ გიყვარდა, ის სიყვარული არსად გაქრება, უბრალოდ სახეს იცვლის და სხვაგვარ გრძნობად ტრანსფორმირდება. ადამიანი, რომელიც მიყვარდა, ჩემს ეგოსა და პირად წყენებზე მაღლა დავაყენე, თუმცა იყო ტკივილი.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ბოლოს რომ შეგხვდი, მითხარი, ერთი გოგო ძალიან მომწონსო.

- ჰო, მახსოვს და ეგ გოგო კიდევ ძალაშია. ეს გოგო ერთი მხრივ, გახსნილი პიროვნება ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ჩაკეტილია. კარგი გაგებით თანამედროვე გოგოა, ტიპური კარიერისტი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. ხანდახან ქართველი კაცები ვცოდავთ, გვწყინს ან შინაგანი ღელვა გვეუფლება, როცა ცოლი ან პარტნიორი გოგო სერიოზულ წარმატებას აღწევს, არადა, უნდა გვიხაროდეს. ქალი, რომელიც ისეა აღზრდილი, რომ თავად ვერაფერს აკეთებს, თითქოს შენზეა მოკედლებული. ამას ჯობია იცოდე, რომ შეუძლია უშენოდაც ძალიან კარგად იყოს, წარმატებულია და შენ აგირჩია - ეს დასაფასებელია, ბევრს ნიშნავს, მეტი სიამოვნებაა.

შემიძლია ვთქვა, რომ ეს გოგო სწორედ ასეთია: ძალიან პოზიტიური, ქარიზმატული, პროგრესულია, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობს. კარიერას დიდი დროს უთმობს და პირადი ცხოვრების ამბავში ცოტათი უჭირს. მეორე უკიდურესობაა, როცა თვლი, რომ პირადმა ურთიერთობამ შესაძლოა, კარიერაში აგრიოს.

- მისდამი შენი დამოკიდებულების შესახებ იცის?

- ერთი ნაბიჯით წინ ვარ, ახლა უკვე იცის და მეც ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ. უცნაური ის არის, რომ ერთმანეთს აქტიურად არც ვნახულობთ: ხან ის არის სადღაც წასული, ხან - მე, მაგრამ ვთანხმდებით, რომ საბოლოოდ მაინც ერთად ვიქნებით.

- შენ ამას "ერთ ნაბიჯს" ეძახი?

- ახლა წარსულისგან საბოლოოდ გათავისუფლებაზე მეც იმდენად გადართული ვარ, ხანდახან მეუბნებიან: რომ მორჩა, აღარ არიო და მე მაინც სულ მტკიცებაში ვარ, რომ "ისეთი" აღარ ვარ, სულ დანაშაულის განცდა მაქვს.

- ამ გოგოს შესახებ ნელიკომ იცის?

- იცის და მგულშემატკივრობს, ხანდახან რაღაცებს ვუყვები და რჩევებსაც მაძლევს.

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონს?

- პატიების უნარი მაქვს.

- რა გაღიზიანებს?

- მოუთმენლობა, სულსწრაფი ვარ, მათ შორის, პირად ურთიერთობებშიც. მოვლენების დაჩქარება მიყვარს. თუ ვინმე მიყვარდება, ეგრევე გამოვხატავ. დავურეკო? არ დავურეკო? - მსგავსი კითხვები საკუთარ თავთან საერთოდ არ მაქვს.GzaPress

- გულისა და გონების ჭიდილი?

- ეს არის ხოლმე. ვცდილობ, გადაწყვეტილება სპონტანურად არ მივიღო, ჯერ ამოვისუნთქო, დავფიქრდე და მერე ვიმოქმედო.

- ყველაზე მძაფრად შენში რისი სურვილია?

- ყველაზე მეტად ორი რამ მინდა, გავაბედნიერო ის ადამიანები, ვინც ჩემ გარშემო არიან და არ დავკარგო იმის რწმენა, რომ მეტის გაკეთება შემიძლია.

- საყვედურებს ყველაზე ხშირად რის გამო იღებ?

- სულსწრაფობის გამო.

- შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვისი აზრია?

- მშობლების. ისინი ყველაზე უღალატოები არიან, ყველაზე მეტად უნდათ, რომ კარგად ვიყო. რაც არ დავუჯერე, მერე ყველაფერი ვინანე. ამიტომ ვცდილობ, მეტი ყურადღებით მოვუსმინო. ისინი ჩემთვის ავტორიტეტები არიან.

- მადლობა შენ ამ გულწრფელი ინტერვიუსთვის. დაბოლოს, რას გვეტყვი?

- ისეთ დროში ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი ნეგატივისგან დაუცველები ვართ. მოვლენებს მხოლოდ ერთი მხრიდან არ შევხედოთ და ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვროთ!

თამუნა კვინიკაძე