"სიბერე არავის უხარია" - გზაპრესი

"სიბერე არავის უხარია"

ზოგჯერ წითელი პომადა და სასურველი კაბა საკმარისია, რომ თავი მომხიბვლელ ქალად იგრძნოს. მაყურებლებისთვის უფრო მეტად იპრანჭება, ვიდრე - პაემანზე წასვლისას. ახლა უკვე რადიოს ეთერით მსმენელებისთვის საღამოების გაფერადებითაც არის დაკავებული... "ქალურ-დიასახლისურ" ამბებზე ამჯერად, მსახიობ ნინო მუმლაძეს ვესაუბრეთ...

- მადლობა ღმერთს, რუტინული ცხოვრება არ მაქვს, რომელშიც ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს: ხან სპექტაკლი მაქვს, ხან - რეპეტიცია, ხან გადაღებაზე გავრბივარ, რაიმე ღონისძიებას ვესწრები... ახლა უკვე რადიოეთერებიც დამემატა - ჩემი და გაგლოს (გიორგი გაგლოევის) დუეტი ისევ შედგა, ამჯერად - რადიოსივრცეში: მსმენელების განწყობის გაფერადებაზე საინტერესო და სახალისო გადაცემით ვზრუნავთ. ნამდვილად ფერადი საღამოები მაქვს და ვცდილობ, ეს განწყობა მსმენელებსაც გადავცე...

- რას ნიშნავს შენთვის ქალად ყოფნა?

- ეს ძალიან ინდივიდუალური ცნებაა, როგორც: სიყვარული, ბედნიერება... იცი, თავს ქალად როდის ვგრძნობ? როდესაც ზედმეტ კილოგრამებს ვიშორებ. ძალიან გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ წონაში ცოტათი დაკლების შემდეგ, საკუთარ თავში დარწმუნებული ვხდები. როდესაც სარკეში ვიყურები, ვხედავ, რომ კარგ ფორმაში ვარ და მჯერა, შემიძლია მომხიბვლელი ქალი ვიყო - ჰოდა, მაშინ ვგრძნობ თავს ქალად...

- დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ სასურველ ფორმაში იყო?

- მომხიბვლელობა ყოველთვის სიგამხდრეს არ ნიშნავს, რადგან შეიძლება, პუტკუნა ქალიც ძალიან მომხიბვლელი იყოს. უბრალოდ, არის სიტუაციები, როცა ვგრძნობ, ცოტათი წონაში დაკლება იმისთვის მჭირდება, რომ საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნო და არა - იმისთვის, რომ ძალიან გამხდარი ვიყო... თუ შედარებით ნორმალური წონის ვარ და კმაყოფილი გახლავართ, საკმარისია, წითელი პომადა წავისვა, სასურველი კაბა ჩავიცვა და ყველაფერი რიგზეა.

- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები?

- ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ. ჩემი პროფესია "ითხოვს", რომ როცა საზოგადოების წინაშე ვჩნდები, კარგ ფორმაში ვიყო, ანუ სავარაუდოდ, როდესაც რომელიმე სატელევიზიო გადაცემაში სტუმრად მივდივარ, მაშინ უფრო მეტს ვიპრანჭები, ვიდრე პაემანზე წასვლისას. რეალურად, ჩემს მაყურებლებს უფრო ვეპრანჭები, თორემ ადამიანი, რომელთანაც პაემანზე მივდივარ, როგორც წესი, მინდა ისეთად აღმიქვამდეს, როგორიც სინამდვილეში ვარ. თუ მინდა, რომ მას მოვეწონო და შევუყვარდე, დაე, ისეთი ვუყვარდე, როგორიც ვარ, რომ მერე ნიღბების ჩამოხსნა არ მომიხდეს, ამის ნერვები არ მაქვს (იცინის)...

- პროტესტის გრძნობა ხომ არ გიჩნდება, როცა მამაკაცი "ძმაკაცად" აღგიქვამს?

- ძმაკაცების მეტი რა მყავს?! ეს ძალიან მიხარია, რადგან მამაკაცმა სხვაგვარი მეგობრობა იცის - მეგობარი ქალი ასეთი ვერასოდეს იქნება. ჩემთვის ის ადამიანები ძალიან ძვირფასები არიან, რომლებიც მხარში მიდგანან და მათ ძმაკაცებად მივიჩნევ. ამაზე გული არ მწყდება, რადგან თუ კაცი კაცად მაინტერესებს, უბრალოდ, თავად ვერ ვეძმაკაცები.

- მამაკაცთან ურთიერთობის ინიციატივა თავად თუ გამოგიჩენია? მის დასაინტერესებლად რა გაგიკეთებია?

- ხომ არსებობენ ქალები, რომლებსაც ხრიკები აქვთ, როგორ გამოიწვიონ მამაკაცები? მე მსგავსი არასოდეს არაფერი გამიკეთებია. სიმართლე გითხრა, ინიციატივასაც ვერასოდეს ვიჩენ. ამით თავს არ ვიქებ, პირიქით - ცუდია, მაგრამ არ მაქვს უნარი, რომ მამაკაცის მიმართ ინიციატივა გამოვიჩინო. შეიძლება იმიტომ, რომ "ერთი შეხედვით", დარწმუნებული არ ვარ, კაცი მომწონს თუ არა. ვიდრე ადამიანს კარგად არ გავიცნობ, მანამდე ვერ ვხვდები, მის გამო თავის შეწუხება ღირს თუ არა (იცინის)... ჩემდა უნებურად, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვექცევი. ძირითადად, ასეთი პოზიცია მაქვს: თუ ურთიერთობას მთავაზობენ ან ვთანხმდები, ან - არა, თორემ ურთიერთობა თავად რომ წამომეწყოს, ასეთი რამ არ მახსენდება.

- მეგობარი სიყვარულში გამოგტყდომია?

- ნამდვილი ძმაკაცი და ახლო მეგობარი - არა.

- შენ შესახებ ჭორები რამდენად ხშირად გსმენია? რა სახის ჭორები ვრცელდება?

- უიმე, ჭორების მეტი რა მესმის (იცინის)?! ყველაზე ცნობილი ჭორი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ჩემი "ორსულობა" იყო: რადგან სერიალში ფეხმძიმედ "ვიყავი", რატომღაც ეს სიმართლე ეგონათ. ვერ მიხვდნენ, ვისგან შეიძლებოდა ორსულად ვყოფილიყავი, რადგან იმ დროს მართლა არავის ვხვდებოდი. ამიტომ საბრალო გაგლოს დააბრალეს, თითქოს "ჩემი ბავშვის" მამა ის იყო. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია! ინფორმაციის გადასამოწმებლად გაგლოს პედაგოგებიც კი ურეკავდნენ, - მართალიაო?.. როგორც წესი, თუკი ადამიანი შენი ურთიერთობის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობ, მერე ჭორებს გიგონებენ: ხან ვის "მიმაწერეს", ხან - ვის...

- ეს ჭორები გაღიზიანებს?

- თავდაპირველად მაღიზიანებდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს პოპულარობის თანმდევია და გაპროტესტებას, ჩხუბს, ნერვების წყვეტას აზრი არა აქვს. ამიტომ ბოლო დროს ჭორებს ყურადღებას აღარ ვაქცევ.

- როცა სადაქალო იკრიბებით, რა თემებზე ჭორაობთ?

- არავინ თქვას, რომ ეს არასოდეს გაუკეთებია (იცინის). სხვათა შორის, მამაკაცები ქალებზე ჭორიკანები არიან. ცხადია, ქალს და კაცსაც გააჩნია, მაგრამ თუ მამაკაცი ჭორიკანაა, მას ამაში ვერც ერთი ქალი ვერ შეედრება... როგორც წესი, ჩვენი საჭორაო თემა ის სფერო და ის საზოგადოებაა, რომელშიც ვტრიალებთ: ამა თუ იმ პიროვნების, მოვლენის მიმართ ჩვენს მოსაზრებებს გამოვხატავთ. ეს არის "კლასიკური ჭორაობა" (იცინის).

- ქალურ შურს ხშირად აწყდები?

- ვაწყდები, მაგრამ ქალური შური, როგორც თუნდაც, პროფესიული ან ნებისმიერი სახის შური, ისეთი რამ არის, რის გამოც ნერვები არ უნდა მოიშალო. როდესაც ცნობილი, ოდნავ მაინც წარმატებული, რაღაცით მომხიბვლელი ხარ, გარდაუვალია, ვიღაცას მაინც არ შეშურდეს შენი. ამის გამო ხასიათის გაფუჭება ნამდვილად არ ღირს.

- ქალური შურის გამო ხელი შეგშლია, თუნდაც - კარიერულ წინსვლაში?

- არა. ისეთი მიზანდასახული ვარ, რომ თუკი რამის გაკეთებას ვაპირებ, ხელს ვერაფერი შემიშლის. ამიტომ ნერვებს ზედმეტად არ ვიშლი. რაც გადაწყვეტილი მაქვს, იმის გაკეთებისას წინ ვერავინ დამიდგება, ვერ დამაკავებს.

- ვინმე უშვერი სიტყვებით გაგილანძღავს?

- საერთოდ, ძალიან დიდი მოთმინების ფიალა მაქვს. ბევრს ვითმენ, მაგრამ თუ გამაბრაზეს და მართლა გავცხარდი, ჯობია, მომერიდონ, რადგან შეიძლება, ამ ამბავს სხვადასხვა ნივთის სროლაც მოჰყვეს. ჩემი გაბრაზება არ ღირს.

- რამ შეიძლება მოთმინების ფიალა აგივსოს?

- როცა კონკრეტული ადამიანი ნერვებს მიშლის, ბევრ რამეს ვუთმენ, თუკი ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა და მის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ვარ, მაგრამ ეს გროვდება, გროვდება და მერე შეიძლება, უმარტივესმა რაღაცამ, რაზეც გაბრაზებაც კი არ ღირს, მოთმინების ფიალა ამივსოს. აი, მაშინ ხდება აფეთქება... კიდევ არის რაღაც, რაც უბრალოდ, მაბრმავებს: თავი შეურაცხყოფილად არ უნდა ვიგრძნო. ეს ისეთი რამ არის, რაც ნებისმიერ სხვა გრძნობას აჭარბებს - შეურაცხადი ვხდები, თვალზე ბინდი მეკვრება...

- შენი აზრით, ქალს როგორი საქციელი არ შეჰფერის?

- ბავშვობიდან ჩემი ოჯახის წევრები და სხვა ადამიანებიც მარიგებდნენ, - აი, ეს საქციელი ქალს არ შეშვენის, ქალმა ეს არ უნდა გააკეთოსო და ა.შ. მერე ცხოვრებაში ისეთ ქალებს ვხვდებოდი, რომლებიც იმას აკეთებდნენ, რასაც მე მიკრძალავდნენ და მაინც საინტერესოები იყვნენ. მიმაჩნია, რომ სტანდარტებში ადამიანის ჩასმა და იმის თქმა, თუ რა არ შეშვენის, სისულელეა, რადგან ამ დროს პიროვნებას მიუთითებ, რომ ისეთი არ უნდა იყოს, როგორიც არის და საკუთარი "მე" დაკარგოს. მთავარია, ქალი ინდივიდუალური იყოს და სხვებს "ქოფი-ფეისთივით" არ ჰგავდეს, თორემ რა შეშვენის და რა არა, რა მნიშვნელობა აქვს, თუკი თავად ბუნებრივად ირგებს? ადამიანს ყოველთვის უნდა უთხრა, რომ ისეთი იყოს, როგორიც არის - ასე უფრო ბედნიერი იქნება.GzaPress

- ასაკის მატება გაშინებს?

- რასაკვირველია (იცინის). ჩემს სახეს პატარა მიმიკურ ნაოჭებს ვამჩნევ, რაც ძალიან არ მომწონს. ვატყობ, იმხელა ფიზიკური ძალაც არ მაქვს, როგორიც მაგალითად, 16 წლისას მქონდა. სირბილს, მოძრაობას ადრე უფრო მეტად ვახერხებდი. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ახლა 33 წლის ვარ და ალბათ, 10 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად შემაწუხებს, 20 წლის მერე კი - რა ვიცი, იმედია, ამის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდები (იცინის)... დაბერება არავის უნდა, რადგან სიბერე ფიზიკური შესაძლებლობების ნაკლებობას გულისხმობს: შეიძლება გონება, გული, სული ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყოს, მაგრამ სხეული საშუალებას აღარ გაძლევს, ისეთივე იყო, როგორიც ადრე იყავი.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრების არსებობა არ გამშვიდებს?

- რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, გარკვეულ პროცედურებს მივმართავ. უბრალოდ, ადამიანმა ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვას. რადიკალურ ცვლილებებს არ მივესალმები... თუმცა, ორგანიზმის ცვლილებებს პლასტიკური ქირურგია და ესთეტიკური მედიცინის ცენტრი არ შველის, ანუ ორგანიზმი შიგნიდან მაინც ბერდება.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად თუ გიგრძნია თავი?

- მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ ჯერ დიასახლისად არ მიგრძნია თავი (იცინის), მით უმეტეს - სასოწარკვეთილად. ოჯახი არ მყავს და რომც მყავდეს, ალბათ, ყოველთვის ჩემი საყვარელი საქმით ვიქნები დაკავებული... ჩვენს სახლში 5 ქალი ვცხოვრობთ: მე, ჩემი და, დედა, დეიდა და ბებია. ამიტომ ერთ დღეს სახლი თუ არ დავალაგე და საჭმელი არ მოვამზადე, კატასტროფა არ მოხდება - შინ კიდევ უამრავი ადამიანია, ვინც ამას აკეთებს. როცა მთხოვენ ან როცა საამისო ხასიათზე ვარ, საჭმლის მომზადებაც შემიძლია და სახლის დალაგებაც, მაგრამ ეს ჩემი ყოველდღიური მოვალეობა არ არის. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დიასახლისი ვარ. სასოწარკვეთილი დიასახლისი ალბათ, ის არის, ვინც სახლში ზის და საკუთარი სურვილების რეალიზებას ვერ ახდენს, დიასახლისობას ვერ გაურბის... იმედი მაქვს, ასეთი დრო არ დამიდგება.

ეთო ყორღანაშვილი