ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი" - გზაპრესი

ზვიად გამსახურდიას "პირადი მცველი"

მსახიობ ზურაბ ანთელავას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეა: ის "თავის მეგრელებთან" ("ჩემი ცოლის დაქალების" მეგრელი პერსონაჟების როლების შემსრულებლებთან) და სხვა საინტერესო მსახიობებთან ერთად, ახალი ახალგაზრდული თეატრის გუნდის წევრი გახლავთ... გარდა ამისა, მალე გიორგი ოვაშვილის ფილმს - "ხიბულას" თბილისის კინოთეატრშიც ვიხილავთ, რომელშიც ბატონი ზურაბი საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირად მცველს ასახიერებს...

- მინდა, ჩვენს ქვეყანას ხვავიანი და ბარაქიანი შემოდგომა ვუსურვო. თან, ახლა დასავლეთ საქართველოს ძალიან უჭირს: ხვავიანობის რა მოგახსენოთ, როცა დიდი შიმშილობაა მოსალოდნელი, მავნებელი ჭიების გამო... პირადად მე, შემოქმედებითი თვალსაზრისით, დიდი, ღრმა და საფუძვლიანი შემოდგომა მელოდება.

- გვიამბეთ, რა შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?

- სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ - სეზონი გაიხსნა, "ჩემი ცოლის დაქალები" დაიწყო... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ახალდაარსებულ ახალგაზრდულ თეატრში მიმიწვიეს, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი "ჩემი ცოლის დაქალები" პერსონაჟის - კრიმხილდას როლის შემსრულებელი - ქალბატონი ნანა კუხალეიშვილი გახლავთ, რომელიც ჩემი მეგობარია... მოკლედ, ჩემთვის ყველაზე დიდი სიახლე ეს არის. შემოდგომა ახლის მოლოდინით დამუხტულმა დავიწყე. 27 სექტემბერს პრემიერა გვქონდა - თეატრიც გაიხსნა და სეზონიც. ამ გუნდთან ერთად, ჩემი ახალი ნაბიჯები გადავდგი. ასე რომ, კიდევ უფრო საინტერესოს მოლოდინში ვარ...

- როგორ მოხვდით ამ ახალ თეატრში?

- ანეკდოტივით ნათქვამი ხომ გაგიგონიათ - თელავში ვარ და ჟინჟლავსო? 25 წელი თელავში გავატარე და იუმორისტული ნაკვესები იქიდან მომყვება... მოკლედ, ამ ზაფხულს, აგვისტოში ზუგდიდში ვიყავი - ჩემს ძმას თხილის მოსავლის აღებაში ვეხმარებოდი. რა თქმა უნდა, საღამოს სუფრა გაიშალა, შეზარხოშებული ვიყავი და "ფეისბუკზე" შევედი. უცებ, აფიშა დავინახე... რაღაცების გამოქექვა, გზის პოვნა, ურთიერთობების დალაგება საკუთარი თავისთვის უფრო მიჭირს, ვიდრე სხვებისთვის. რაკი ცოტათი შეზარხოშებული ვიყავი, აფიშა ვნახე თუ არა, მაშინვე ნანას მივწერე: ვინ უნდა შევაწუხო, რომ თქვენთან მოვხვდე-მეთქი? ახალი თეატრის იდეამ ძალიან მომხიბლა - დეტალებში იყო აღწერილი, რა უნდოდათ, რა მიზანი ამოძრავებდათ, თეატრის გახსნა რისთვის სურდათ... ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო... წერილის გაგზავნიდან ცოტა ხანში ნანამ დამირეკა - ვინმეს შეწუხება რად გინდა, კრიმხილდა აქ არ გყავარ, შე კაცოო (იცინის)?!. სხვათა შორის, სერიალის გადაღებისას ხშირად ვხუმრობდით: კრიმხილდა მეუბნებოდა, - ე, ბიჭო, ამისთანა მილიონერი თუ ხარ, ერთი 5 ათასი მომეცი რაცხაო! მე ვპასუხობდი, - რაღა ჩემთან მოდიხარ, გყავს გრიშა კაკაჩია და იმას მიაკითხე-მეთქი... მეგონა, ამ ამბავს ბოროტად დაიმახსოვრებდა, მაგრამ - არა: აი, თეატრში დამიძახა (იცინის)... ასე მოვხვდი ამ "ლამაზ გაუგებრობაში". დიდი სიხარულითა და ბედნიერებთ აღსავსე ვარ!..

- ამ თეატრმა ასე რატომ მოგხიბლათ, რითია განსაკუთრებული?

- იმით, რომ აქ ახალგაზრდებისა და პროფესიონალი მსახიობების სინთეზია: მეგობრებთან ერთად, ქალბატონ ნანას სტუდია ჰქონდა. ამ სტუდიიდან საუკეთესოები სცენაზე ამოვიდნენ და პროფესიონალებთან ერთად თამაშობენ. ამ ახალგაზრდების გაზრდა-განვითარებას ჩვენი თანადგომით შევუწყობთ ხელს. ყველაზე კარგი შედეგი ის არის, რომ ახალგაზრდები ქუჩას აარიდეს. იცით, ეს როგორი სიტუაციაა? თუ წყალში ღრმა ქვას ჩააგდებ, წყალი რაც უფრო ღრმაა, მით უფრო დიდ წრეებს აკეთებს, ხოლო რაც უფრო "თხელია", უფრო წვრილ-წვრილი წრეები ჩნდება და მალე ქრება. მგონი, ჩვენს თეატრთან დაკავშირებული წამოწყება სწორედ ის "სიღრმეა", რომელიც 1 წრიდან თანდათან გაფართოვდება, გაიზრდება და ჩვენს ახალგაზრდობას მოიცავს, ხელოვნებასთან დააბრუნებს და არა - ქუჩასთან.

- თქვენთან ერთად, გუნდში რომელი ცნობილი მსახიობები არიან?

- მარინა დარასელია ("ჩემი ცოლის დაქალებში" ლამარას როლის შემსრულებელი), ალექსანდრე ბეგალიშვილი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ეთო გუგავა, "კრიმხილდა", მეც აქ ვარ და სხვა ძალიან კარგი ახალგაზრდებიც...

- თეატრი რომელი სპექტაკლით გაიხსნა?

- ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - "ჯვარცმული ბედნიერება". აფხაზეთის თემაზეა. პიესას რომ გავეცანი, დამბურძგლა კი არა, ცუდად გავხდი... აღწერილია აფხაზისა და ქართველის ცხოვრების დეტალები საპატიმროში, მათი ფსიქოლოგიური დაპირისპირება, თუ რატომ კლავს 2 ძმა ერთმანეთს... ეს პრობლემა მანამდე იარსებებს, სანამ იმ მარწუხებისგან არ გავთავისუფლდებით, რომელსაც რუსეთი ჰქვია...GzaPress

- სპექტაკლში ვისი როლი მოირგეთ?

- აფხაზი ექიმის, რომელიც იმ ქართველ ტყვეს ემადლიერება, ვინც არეულობის პერიოდში, აფხაზებს ყაჩაღობისა და სიკვდილისგან გადარჩენაში ეხმარებოდა. მადლიერების ნიშნად, აფხაზი ექიმი ქართველის გადარჩენას ცდილობს.

- თქვენი კოლეგები სცენაზე თქვენთვის როგორი პარტნიორები აღმოჩნდნენ?

- სცენაზე ერთმანეთთან შეხება არ გვაქვს, ცალ-ცალკე ეპიზოდებია დადგმული. აფხაზეთის ომის პერიოდის მოვლენები, შავბნელი დეტალებია წარმოდგენილი: შვილმკვდარი აფხაზი დედა, ქართველი და აფხაზი ტყვე ერთად ციხეში... ეს ის საშინელებაა, რომელმაც ჩვენი ისტორიული ფესვები გადათელა...

- თეატრის მსახიობები ხშირად აღნიშნავენ, რომ თეატრს მაყურებელი აკლია... თქვენ როგორ აპირებთ საზოგადოების დაინტერესებას?

- საინტერესო ის არის, რომ ეს თეატრი საფუძველის ჩაყრიდანვე იღბლიანი გამოდგა, რადგან სასწაული გუნდი დაგვხვდა. თეატრი "ერთჯერად" მაყურებელზე დაფუძნებული არ არის: სკოლებისთვის აბონემენტები კეთდება, კოლეგებთან ურთიერთობები ვითარდება, იქმნება სტუდია... წინა სტუდიის გამოშვება ამ დასში მოვიდა. ეს ბავშვები ხელფასს მიიღებენ და პროფესიონალ მსახიობებთან ერთად იმუშავებენ. სტუდია ფილიალებსაც ხსნის... "კრიმხილდა" მაინც თავისი მეგრული "ზახოდით" კარგად მოიქცა (იცინის). სტუდიას მეგობრები ჰყავს: კარგი გაგებით, "საცეცები" ვითარდება, ინტერესი ჩნდება...

- მოხარული ვარ, რომ შემოქმედებითად დატვირთული შემოდგომა გაქვთ... ზაფხული როგორი იყო?

- ზუგდიდში, ჩემს სამშობლოში ვიყავი - ადგილის დედა ხშირ-ხშირად მეძახის. ძმასთან ყოველთვის ჩავდივარ (სოფელში, სახლში ვარ დაბადებული და არა - სამშობიაროში). თხილის კრეფისას, აღდგომის თუ სხვა დღესასწაულებზე ყოველთვის ჩემი ძმის გვერდით ვარ... თბილისს აქტიური საქმიანობით რომ შევუერთდი, სწორედ ამ დროს "ხიბულას" პროდიუსერ-რეჟისორი შემოგვეხმიანა და შეგვატყობინა, რომ ბათუმის კინოფესტივალი გიორგი ოვაშვილის "ხიბულათი" საზეიმოდ გაიხსნებოდა. ეს ფილმი არის შავი და სასტიკად არაადამიანური ისტორია ჩვენი პირველი პრეზიდენტის მიმართ. მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი: ფილმში ის არასწორი, არაჯანსაღი დეტალებია წარმოჩენილი, რაც ადამიანებს არაადამიანებად გვაქცევს. სამწუხაროდ, 25 წლის განმავლობაში, ასეთი საქციელებითაც ვერ ვისწავლეთ ჭკუა, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. ფსიქოლოგიური და ძალიან მძიმე ფილმი გამოვიდა. როცა ვნახე, კარგა ხანს წესიერად ვერ ვილაპარაკე, ვერ ვაზროვნებდი. მიზეზი ის კი არ არის, რომ ფილმში თავად ვმონაწილეობ - არა, სასტიკად მძიმე ფილმია... ფესტივალმა დიდი ოვაციებით ჩაიარა. ჩვენი დიდი მაესტრო - გია ყანჩელი ესწრებოდა. ფილმით მოხიბლული დარჩა... 12 წელია, რაც ამ კინოფესტივალს ბათუმი მასპინძლობს. თანდათან ძლიერდება და ფართოვდება, მასშტაბური ხდება... ოქტომბერში, რუსთაველის კინოთეატრში "ხიბულას" თბილისური პრემიერა იქნება. ნამდვილად პროდუქტიული, შედეგიანი ფილმი გამოვიდა: თუ ამ ფილმით ჭკუა ვისწავლეთ, ჩვენი ისტორიული ცხოვრებით უფრო წინ წავალთ; თუ არადა, ის მაინც გავაანალიზოთ, რა შეცდომებს ვუშვებთ ადამიანები...GzaPress

- "ხიბულაში" თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით?

- ფილმში ის ძირითადი 50 დღეა აღებული, როცა ზვიად გამსახურდიას ნადირივით დასდევდნენ... მას 13 ერთგული ადამიანი ჰყავდა, რომელიც ბოლომდე გაჰყვა. მათ შორის 2 მისი პირადი მცველი იყო. ერთ-ერთი პირადი მცველის როლს მე ვასრულებ... ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომ ცოტა არ იყოს, რეჟისორებთან კამათი მიყვარს, რაც შემდეგ ჯაჯღანში გადადის, მაგრამ იცით, რატომ? რეჟისორებს კი არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ, მინდა, კამათისას დამარწმუნონ, რა უნდათ. ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, ბატონი გიორგი იქამდე მივიყვანე, რომ ჩემს გმირს ის ნაბიჯი არ გადავადგმევინე, რომელიც ფილმში დიდ კითხვის ნიშანს ტოვებს. არ შეიძლება, ის ადამიანები, ვინც ბოლო წუთამდე ზვიად გამსახურდიას გვერდით იყვნენ, დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ღმერთი არც ერთს არ აპატებდა... ამიტომ მათი ხელით არაფერი მომხდარა... კითხვა დატოვებულია, პასუხი კი მაყურებელმა გასცეს...

- ბატონო ზურაბ, "ჩემი ცოლის დაქალებში" რა ხდება, "მეგრული ხაზი" განვითარდება?

- ალბათ. ნახეთ, სეზონი როგორ მთავრდება: კაკაჩიამ შვილი აღიარა, მანტკავამ მეორე სიძე იშოვა. ინტრიგა ხომ დარჩა? კვანძი შეიკრა და ალბათ, ამ სეზონზე გაიხსნება.

- სერიალის გადაღებებში უკვე ჩაებით?

- ჯერ არა. ახალი "ხაზი" შემოვიდა. მერე, "ჩვენს მეგრელებამდე" როგორ მივალთ, ვნახოთ...

- წარმატებას გისურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი