"ამ სიყვარულმა უკონტროლო გამხადა" - გზაპრესი

"ამ სიყვარულმა უკონტროლო გამხადა"

მსახიობი თამთა პატაშური წლებია, ახმეტელის თეატრის დასში ირიცხება. ლევან ანჯაფარიძემ ფილმში - "არის ასეთი ქვეყანა" გადაიღო. მის სამსახიობო ბიოგრაფიაში არის რამდენიმე ეპიზოდური როლიც. ახლახან კი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. რის გამო თქვა უარი თამამ სცენებში გადაღებაზე, როდის დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე, რას ამბობენ მასზე, რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის ხასიათში და რას თვლის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 9 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. 3 წლის ვიყავი, მანანა თოდაძის სტუდიაში რომ მივედი, იქ გვამეცადინებდნენ ვოკალში, ცეკვასა და სამსახიობო ოსტატობას გვასწავლიდნენ. დაიდგა სპექტაკლი "რომეო და ჯულიეტა", სადაც ჯულიეტას როლს ვთამაშობდი. საბოლოოდ, ეს სპექტაკლი არ შედგა, მაგრამ მე ამ საქმით იმდენად მოვიხიბლე, მივხვდი, ეს ის იყო, რაც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა. მაშინდელი სიყვარული სცენისადმი დღემდე მომყვება და იმედია, ეს განცდა სულ მექნება.

- ჩემთვის სცენა არის ადგილი...

- ...სადაც უბედნიერესი ვარ, სიამოვნების ზენიტში ვიმყოფები. კამერის წინ მუშაობას სცენაზე მუშაობა მირჩევნია. ეს ყველაზე რთულია, მაგრამ დიდი სიამოვნება ახლავს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ გულწრფელი, თბილი და კეთილი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი. ის 9 წლის არის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მტკიცე ხასიათი მაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზარმაცი ვარ.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი.

- როცა მატყუებენ...

- ...ძალიან ცუდი ვხდები. ტყუილისთვის ადამიანი არ დამიკარგავს, მაგრამ იმდენად მტკივნეულია, შესაძლებელია, დავკარგო.

- ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ის ერთადერთი ადამიანი იყო ოჯახის წევრებიდან და ახლობლებიდან, რომელიც ჩემს პროფესიულ არჩევანს მხარს უჭერდა. დანარჩენი ყველა წინააღმდეგი გახლდათ. დედა მხარში მედგა, სხვები მიშლიდნენ, არგუმენტად მსახიობის არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა მოჰქონდათ - ახლა ვხვდები, რასაც ამბობდნენ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიყო წარმატებული მსახიობი და ვუყვარდე მაყურებელს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- მეშინია...

- ...სიმარტოვის. ეს შიში შესაძლოა, იმის გამო მაქვს, რომ დედისერთა ვარ. ბავშვობაში დიდად არ განვიცდიდი და ან ძმა რომ არ მყავდა, ახლა მინდა, მყავდეს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ხიფათიანი ადამიანი ვარ. ბავშვობიდან მოყოლებული, ხან რა დამემართა, ხან - რა. იმ პატარა იარებს მოვიშორებდი, რომელიც მაქვს. ავარიის შედეგად ერთი ნაიარევი შუბლზე მაქვს. მერე აქ, თეატრში ბოძს შევასკდი და წარბი გამისკდა. ბაკურიანშიც დავიმტვერი, ტუჩი სულ გადახსნილი მქონდა, კბილებიც დამიზიანდა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ ადამიანებთან ბოლომდე გულწრფელი არ ვიყო. ზოგჯერ ამის გამო გულს მტკენენ და განვიცდი.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...არ ვარ ბოლომდე გულწრფელი.

- ვნანობ, რომ...

- ...უარი ბევრ როლზე მაქვს ნათქვამი.

- ამის მიზეზი იყო...

- ...ფიზიკური სიშიშვლე. მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს მთავაზობდნენ და საჭირო იყო გავშიშვლებულიყავი. თამამ სცენებს მეუღლისა და ოჯახის გამო მოვერიდე.

- დღეს რომ იგივე შეთავაზება მივიღო...

- ...ალბათ, უარს არ ვიტყვი. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდები. რეჟისორს და შემოქმედებით გუნდსაც გააჩნია. არ მინდა, პოპულარობა ამ კუთხით მოვიპოვო, არ მინდა მაყურებელმა შემიძულოს. ჩემი და მაყურებლის ურთიერთობას მაქსიმალურად ვუფრთხილდები და ამ ზედმეტი სიფრთხილის გამო, ბევრიც დავკარგე. რომ გავშიშვლებულიყავი, დღეს ძალიან პოპულარული ვიქნებოდი. როცა ხარ პროფესიონალი, უნდა შეძლო და ბევრი რამ გააკეთო. მსახიობი რომ ხარ, ხან დადებითი პერსონაჟის როლი შეგხვდება, ხან - უარყოფითის.GzaPress

- ჩემთვის ყველაზე საინტერესო...

- ...დრამაში მუშაობაა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია, თან მიხარია. როგორც ჩანს, ამ სერიალს სრულიად საქართველო უყურებს. მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვჩნდი, ბევრი მცნობს. დადებით შეფასებებს ვისმენ და ეს საოცარი ემოციით მავსებს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ადამიანს როგორც უნდა ვეჩხუბო, წყენა ადვილად მავიწყდება. ოღონდ აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ მეწყინა, გულში ჩადება არ შემიძლია.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ვცდილობ, გამოვასწორო. ბოდიშის მოხდის არ მრცხვენია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ მხოლოდ დღევანდელი დღით არ უნდა ვიცხოვრო და წინ უნდა გავიხედო.

- ბოლოს ვიტირე...

- ...სპექტაკლში "დაბრუნებამდე" სხვა მსახიობი ჩავანაცვლე. ეს წარმოდგენა ომის თემაზეა, ძალიან ემოციური გამოვიდა, რეპეტიციის დროს ვიტირე.

- ვიბნევი, როცა...

- ...ტყუილს ვამბობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ამერიკაში, დედასთან ერთად. 14 წელია, დედა იქ ცხოვრობს. 26 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა და მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ მოხერხდა. თავის დროზე წავიდა იმისთვის, რომ ჩემი მომავალი უზრუნველეყო. განებივრებულად გაზრდილი ვიყავი და მის გარეშე გაძლება ძალიან გამიჭირდა. ჩემი წაყვანა უნდოდა, მაგრამ ვიზა არ მომცეს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ....ადამიანების უპასუხისმგებლობას.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...დიზაინერი. ინტერესი და მცდელობა მქონდა, კულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მსახიობობის ინტერესმა გადასძალა, დრამისა და სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე.

- სიყვარული ეს...

- ...არის მარადიულობა? კი, ნამდვილი სიყვარული არის მარადიულობა, თუმცა ძალიან იშვიათია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს იყო განსხვავებული გრძნობა. ამ გრძნობამ აბსოლუტურად სხვა თამთა დამანახვა და გამაცნო. საკუთარ თავში არაერთი ახალი თვისება აღმოვაჩინე, ამ სიყვარულმა აბსოლუტურად უკონტროლო გამხადა.

- ჩემი მეუღლე არის...

- ...ბექა სირბილაძე, ყოფილი მორაგბეა. ახლა აღარ თამაშობს. ერთმანეთი საერთო მეგობრებისგან გავიცანით და დავმეგობრდით, მერე ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მას ჰქონდა მოტაცების მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდა, მერე ყველაფერი ტრადიციულად მოხდა, გვქონდა ჯვრისწერა, ქორწილი. 9 წლის ქეთევან სირბილაძე გვყავს.

- ვეპრანჭები...

- ...მეუღლეს, მაგრამ პირველ რიგში - საკუთარ თავს.

- ვრისკავ, როცა...

- ...რაღაცას დაუფიქრებლად ვაკეთებ.

- თავისუფლება არის...

- ...ძალიან კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გარდა პროფესიისა, ზომიერებაა საჭირო. პროფესიაში არანაირი საზღვარი არ არსებობს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ წიგნებს, დავდივარ თეატრებში და ვფიქრობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ამქვეყნად ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ვცდილობ ვაკეთო ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამ გზით დადებითი ენერგიით ვიმუხტები. დედა სულ მეუბნებოდა: "უნდა იყო ბედნიერი!" და ეს არ მესმოდა, როგორ უნდა ვიყო ბედნიერი? მაგრამ წამოვიზარდე და მივხვდი, ბედნიერება არჩევანია. მე შემიძლია ვიყო ძალიან ცუდად და ძალიან კარგად. ყველამ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ კარგად ვიყოთ. როცა ცუდად ვარ, მაშინაც კი ვცდილობ ვიყო ბედნიერი. ამ სიტყვებს ჩემს შვილსაც ხშირად გავუმეორებ.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია...

- ...დედაა.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...ვაწყდები უსამართლობას. ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანობამ იზეიმოს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დედის ნათქვამი: "უნდა იყო ბედნიერი!"

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იყავით ბედნიერები!

თამუნა კვინიკაძე