მანეთიანის გამო მოტეხილი ხელი და ეკა მჟავანაძის მყუდრო "სამყარო" - გზაპრესი

მანეთიანის გამო მოტეხილი ხელი და ეკა მჟავანაძის მყუდრო "სამყარო"

ქალია, მაგრამ ვაჟკაცური ხასიათი აქვს. არასდროს იბნევა, ყველა ნაბიჯს ყოველთვის საკუთარი გადაწყვეტილებით დგამს. არ შეუძლია უქმად ყოფნა და სულ საქმეს ეძებს. თუ არ აქვს, რაღაცას გამოჩხრეკს. ძალიან ემოციური ქალბატონია. დედა მეგრელი ჰყავს, მამა - გურული. შეიძლება რაიმე ამბავი მოისმინოს და უცბად, შოკში ჩავარდეს ან მოულოდნელად აფეთქდეს. თუმცა, მალევე მშვიდდება. რაც წლები ემატება, ცდილობს, ასე აღარ მოიქცეს, - ასეთი ხასიათისაა ეკა მჟავანაძე, მსახიობი და კასტინგის მენეჯერი.

8 წლის "ცაბუნია"

- ჩემი უფროსი დები ექიმობაზე ფიქრობდნენ დედის მსგავსად, თუმცა შემდეგ, სხვა პროფესიას დაეუფლნენ, მე კი მამის გზა ავირჩიე. ჩემი მომავალი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან განისაზღვრა. 8 წლის ვიყავი, როცა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სახალხო თეატრში პირველი როლი ვითამაშე. სპექტაკლი რამდენიმე ნოველის მიხედვით დაიდგა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების იუბილეს ეძღვნებოდა. კონსტანტინე ლორთქიფანიძის ნოველაში "ცაბუნია" მთავარ როლს ვასრულებდი. ჩემი პერსონაჟი პატარა გოგონა იყო, რომელიც ომში წასულ მამას ეძებდა. ის მატარებლებს ხვდებოდა და ყველას ეკითხებოდა: ქერჩიდან მოდიხარ, ბიძია? მამაჩემი ხომ არ გინახავსო?.. საკმაოდ ტრაგიკული როლი იყო და სწორედ მისი შესრულება მომანდვეს. პრემიერამ მარჯანიშვილის თეატრში წარმატებით ჩაიარა. ამ როლით დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება.

კოტე მარჯანიშვილის საფლავთან

- ვერაზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხის აივანზე დავპაკუნობდი. მეზობელი სომხები ამომძახებდნენ ხოლმე: ეკა, გოგოჯან, გაიხადე ეგ ფეხსაცმელებიო. უბნის ბავშვებთან ერთად სპექტაკლებს ვდგამდით, მოსაწვევებს ვხატავდით, ბილეთებს ვყიდდით... პიონერთა სასახლის დრამწრეზე უბედნიერესი დღეები მაქვს გატარებული. მერაბ ნინიძე, ლალი კეკელიძე, გია როინიშვილი, გია გაჩეჩილაძე, დიმა ხვთისიაშვილი, გურამ ჯაში, თამრიკო ბუხნიკაშვილი ჩემთან ერთად სწავლობდნენ. გასტროლებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით და შესანიშნავ დროს ვატარებდით. ჩვენი ოცნებები და სურვილები გვქონდა. გაზაფხულზე მთაწმინდაზე ავდიოდით. მე და მერაბ ნინიძეს პანთეონში, საფლავებთან მისვლა გვიყვარდა. ყველაზე ხშირად კი კოტე მარჯანიშვილის საფლავთან ვსხდებოდით და შთაგონებული სახეებით ხელოვნებაზე ვსაუბრობდით. მე და მერაბი ახლა რომ ვხვდებით ერთმანეთს, იმ პერიოდს სიცილით ვიხსენებთ. ძალიან სასაცილოები ვიყავით. იმ დღეების მოგონება საუკეთესო ხასიათზე მაყენებს.

GzaPress

არაჩვეულებრივი ჯგუფი

- სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ ჩემი უფროსი და დამყვებოდა. მამას გამოვუცხადე, იქ არ დაგინახო-მეთქი. ძალიან ნერვიულობდა და არ მინდოდა, მოსულიყო. არაჩვეულებრივი პედაგოგის და რეჟისორის - გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში ვსწავლობდი. ასევე, გვასწავლიდა რეზო თავართქილაძე. ბატონი რეზო პიესას რომ მოიტანდა, მეტყოდა: - აბა, გაანაწილეო და მეც დავიწყებდი როლების განაწილებას. როცა საქმეს მოვრჩებოდი, ხელს ჩამომართმევდა. ჩემს ჯგუფში სწავლობდნენ: ეკა კახიანი, მალხაზ ქვრივიშვილი, დათო ბახტაძე, თემიკო ჭიჭინაძე, გია გაჩეჩილაძე, ზაზა წაქაძე... ყველა ნიჭიერი და ერთიმეორეზე უკეთესი იყო, ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. დღეს სხვადასხვა თეატრში ვართ, თუმცა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. როცა ვხვდებით, ასაკი გვავიწყდება, თითქოს ისევ 18 წლისანი ვხდებით. როგორც ინსტიტუტში სწავლის დროს, ისე ვეფერებით ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ჟანა დ"არკი ვითამაშე, მეგობრები ხუმრობით ამ გმირის სახელს მეძახდნენ. ახლაც, ხანდახან ჟანათი მომმართავენ. მათთან ერთად ყოფნა ენერგიას მმატებს. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.

მანეთიანის გამო გაჩენილი თავსატეხი...

- ერთხელ თემიკო ჭიჭინაძეს ხელი მოვტეხე. მაშინ სასწავლო თეატრში "ჟანა დ"არკს" ვდგამდით. თავშენახული ვიყავი და ფული ყოველთვის მქონდა. ზოგჯერ ბიჭები საფულეს ჩუმად მიხსნიდნენ და ფულს იღებდნენ. მოკლედ, რეპეტიციაზე ვიყავით. უცებ დავინახე, რომ თემიკომ ჩემი საფულე გახსნა და მანეთიანი ამოიღო. წივილ-კივილით გავეკიდე, ის გაიქცა. მოპრიალებულ იატაკზე ფეხი აუსრიალდა და დაეცა. ვაიმე, ხელიო, - თქვა. მეგონა, იტყუებოდა. მანეთიანი ხელიდან გამოვგლიჯე და ისევ საფულეში ჩავიდე. თემიკო მთელი დღე ამბობდა, - ვაიმე ხელიო, მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციეთ. მეორე დღეს ინსტიტუტში მივდიოდი. რუსთაველზე უდარდელად მიმავალს, მერაბ ნინიძე შემხვდა და მითხრა: ჭიჭინაძეს არ დაენახო, თორემ მოგკლავს, გუშინ თაბაშირში ჩაუსვეს ხელიო. თემიკო გაცეცხლებული დამეძებდა, მანეთიანის გამო ხელი მომტეხაო. მოკვლით მემუქრებოდა (იცინის). რომ დავინახავდი, გავურბოდი და კარგა ხანს ვემალებოდი.

მეგობრები

- მეგობრები სისხლს მიშრობდნენ. ჭოლა ერთი კურსით წინ სწავლობდა, მაგრამ სულ ჩვენთან იყო. ერთ დღეს ინსტიტუტის წინ ვიდექი. რაღაც ყრილობა ტარდებოდა და მისი მაუწყებელი აბრა იყო აღმართული. ზამთრის საღამოა, შავი პალტო მაცვია. ბახტაძე და ჭოლა მომიახლოვდნენ და რაღაცას მელაპარაკებიან. უცებ ხელში ამიყვანეს და იმ აბრაზე შემომსვეს. იქიდან ვეღარ ჩამოვდიოდი, თანაც, სიმაღლის მეშინია. ვწიოდი და რას აღარ დავპირდი, ამას გაჩუქებ, იმას გაჩუქებ, ოღონდ აქედან ჩამომსვით-მეთქი. დიდი ხვეწნის მერე, როგორც იქნა, ჩამომსვეს.

ერთ დღეს წაქაძემ და ჭოლამ "ოქროს ტახტრევანი" გააკეთეს, ზედ შემომასკუპეს და ჩქარი ნაბიჯით ოპერიდან კიროვის პარკამდე (დღევანდელი ვერის პარკი) მატარეს. თან, ხმამაღლა ამბობდნენ, ეს გოგო ხელით საგოგმანებიაო. ჩემი მეგობრები ფანტასტიკურად მღეროდნენ. რეპეტიციების შემდეგ ჩემთან, სახლში ავდიოდით და დილამდე ვქეიფობდით. მეზობლის ქალი მეტყოდა ხოლმე: ღამე ვნატრობ არ ჩამეძინოს, რომ სიმღერებს ბოლომდე მოვუსმინოო.

ერთ ზაფხულს ბიჭებს გამოვუცხადე: თქვენი გაძლება აღარ შემიძლია, სამეგრელოში უნდა წავიდე-მეთქი. დედაჩემი იქ ისვენებდა. ბარგი ჩავალაგე და ბილეთის ასაღებად წავედი. ბიჭები ჩემს სახლში დავტოვე. რომ დავბრუნდი, იცით, რა დამხვდა? ჩემი ტანსაცმელი, რაც კი ჩემოდანში ჩავალაგე, ამოულაგებიათ და მთელ სახლში იყო მოფენილი - ზოგი ჭაღზე ეკიდა, ზოგი კარადაზე... აბა, ახლა როგორ წახვალო? - გამომიცხადეს. ჩემი სახლი უამრავ მოგონებას ინახავს. მეგობრებს იქ ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე გვაქვს გატარებული.

GzaPress

სერიალების "დედა"

- სერიალებში თამაშთან ერთად დავიწყე მუშაობა "ფორმულა კრეატივში". ეტყობა, ჩემი ორგანიზატორული ნიჭით მოიხიბლნენ და ახლაც ერთად ვმუშაობთ. პირველად მე და ბიძინა მახარაძე სერიალში - "საპონი" გადაგვიღეს. იმ პერიოდში ბიჭები ყველა მსახიობს არ იცნობდნენ და ამ კუთხით, ცოტა გამოუცდელებიც იყვნენ. კასტინგ-მენეჯერი არ ჰყავდათ, რაღაცას მეკითხებოდნენ და როცა სერიალის სცენარს ვკითხულობდი, მეც რჩევებს ვაძლევდი ხოლმე. მოგვიანებით მთხოვეს მუშაობა სერიალზე - "გოგოები და ბიჭები". დავნიშნეთ კასტინგი, გადასაღებ მოედანზე მე, გიორგი ლიფონავა და გია ცინაძე ვმუშაობდით. სწორედ იმ პერიოდში შემარქვეს "დედა", რადგან ყველაფერი ჩემს მხრებზე გადადიოდა: საჭმელი, დალაგება, ჩხუბი, შენიშვნა, საქმეების მოგვარება. 24 საათი ერთად ვიყავით, კარგი პერიოდი იყო.

როცა სერიალი "გოგონა გარეუბნიდან" იწყებოდა, ძალიან ცხელი ზაფხული იდგა. იმ პერიოდში გიორგი ლიფონავასთან ერთად ვმუშაობდი "პროფილის" პრომოზე. სიცხის გამო სუნთქვა ჭირდა. თან, არ ვიცი, რა დამემართა. თითქოს არ მინდოდა სიახლეს შევჭიდებოდი ან შიში გამიჩნდა. ვიფიქრე, რაღაცას ისე ვერ გავაკეთებდი, როგორც საჭირო იყო. ერთი სიტყვით, როცა დამირეკეს, უარი ვუთხარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ დამირეკეს და დავთანხმდი. ვიფიქრე, რაც იქნება, იყოს-მეთქი. ვთამაშობდი ზაირას, გურული ქალია, ერთ-ერთი მთავარი გმირის, ლევან ხომერიკის დედა. თავად გურული ვარ, მაგრამ შეხება გურიასთან არ მქონია. ზაირას როლმა დიდი პოპულარობა მომიტანა და ბევრს დღესაც ახსოვს.

"ჩემი ცოლის დაქალები"

- მერე "ფორმულა კრეატივი" გაიზარდა, თანამშრომლები მოგვემატნენ. ახლა "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" მსახიობებს ვარჩევ, მაგრამ გადაღებებზე არ დავდივარ. უბრალოდ, დაწერილ სცენარს მიგზავნიან, მე კი მისი წაკითხვა და როლისთვის შესაფერისი მსახიობის პოვნა მევალება. ნებისმიერ პატარა ეპიზოდზე არტისტი ყურადღებით უნდა შეირჩეს. მარჯანიშვილის თეატრში აღარავინ დარჩა, ამ სერიალში რომ არ მიმეწვიოს (იცინის). სულ ფიქრში და ძიებაში ვარ, სამზარეულოში ფუსფუსის დროსაც კი. სხვათა შორის, სადილის მომზადებისას იდეა ბევრჯერ მომსვლია.

ბაქარის როლის შემსრულებელი ბუბა მირცხულავა საბავშვო თეატრში ვნახე, სადაც რამდენიმე ბავშვს ფოტო გადავუღე. იმ პერიოდში ინგლისელი რეჟისორი ფილმს იღებდა და იქ ერთი როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. რეჟისორს ბუბა მოეწონა, მაგრამ მერე აღარ გადაიღეს, რაზეც გული დასწყდა. შევპირდი, რომ სერიალში ავიყვანდი და ახლა ბუბა როგორც თამაშობს, ყველანი ხედავთ.

ჯეკო ანუ გიორგი ბარბაქაძეც უცნაურად მოხვდა სერიალში. ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე კახეთში ვიყავით. იქ გიორგის ძმას ვიღებდით. მას კახეთში დედა წამოჰყვა და გიორგიც წამოიყვანა, - ვერავის დავუტოვე, ძალიან ცელქიაო. მართლაც, იმდენი ირბინა, ყველა დაგვღალა. იმ პერიოდში სერიალი იწყებოდა და ბავშვებს ვეძებდით. გიორგი თავისი სისხარტით იმდენად მომეწონა, რომ დედამისს ვუთხარი, - რამე რომ იყოს, სერიალში ითამაშებს-მეთქი? - გიჟდება, ისე უნდა მსახიობობაო. მერე შვილს დაუძახა. გიორგის ვუთხარი: ახლა დაწყნარდი და სერიალში გადაგიღებთ, ხომ ითამაშებ-მეთქი? - კი, ვითამაშებო. მას მერე ჩვენი გუნდის წევრია. ტასო - ქეთა ორბელაძე კი ძალიან პატარა იყო, როცა მოიყვანეს. ვფიქრობ, ამ ბავშვმაც იმედი გაამართლა.

ბევრ რეჟისორთან მიმუშავია ფილმებზე და მთელი საქართველო მოვიარე, უამრავი ადამიანი გავიცანი... ამჟამად, დიტო ცინცაძესთან ფილმზე - "შინდისი" ვმუშაობ.

ოჯახი ჩემთვის ყველაფერია

- სახლში ჩემს სამყაროში ვარ. 1990 წელს გავთხოვდი. მეუღლე თამაზ გოგუა ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული, ჩემზე 10 წლით უფროსია. თამაზი პროფესიით ინჟინერია. ორი შვილი გვყავს - ალექსანდრე და ვაჟა. ისინი უკვე დამოუკიდებლები არიან... 90-იან წლებში მოგეხსენებათ, იყო არეულობა, მიტინგები. ისე მოხდა, რომ თამაზი და მე დავმეგობრდით. ერთმანეთს ვუზიარებდით აზრს და მიტინგებზე დავდიოდით. ასეთი ურთიერთობა ერთი წელი გაგრძელდა. მერე ოჯახი შევქმენით და დღესაც ერთად ვართ.

მეუღლე ყველაფერში მიწყობდა ხელს, ჩემს მძიმე სამუშაო გრაფიკსაც ეგუებოდა. ჩემი ქმარი ხუმრობს ხოლმე, ეკა ცხოვრების ათვლას თეატრალური ინსტიტუტიდან იწყებსო. სხვათა შორის, როცა დავურეკავდი, სპექტაკლის შემდეგ ბიჭებთან ერთად მივდივარ-მეთქი, არ მახსოვს ეთქვას, - არ წახვიდეო. თამაზს ძალიან კარგი იუმორი აქვს.

იყო პერიოდი, როცა ვასიკო ძოწენიძე და მე, ზედიზედ რამდენიმე სპექტაკლში ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. ერთხელ თურმე, ვასიკომ ჩემთან დარეკა. თამაზმა უთხრა, ეკა სახლში არ არისო. კი, მაგრამ სად დადისო? - ჰკითხა ვასიკომ. თამაზმა უპასუხა: შენ უნდა გეკითხებოდე და აქეთ მეკითხებიო?

ნანული ზოტიკიშვილი