"იქ ჩემს თავს ვპო­უ­ლობ და ჰა­ე­რის გე­მოს ვგრძნობ" - გზაპრესი

"იქ ჩემს თავს ვპო­უ­ლობ და ჰა­ე­რის გე­მოს ვგრძნობ"

პოეტი ნიკოლოზ ნორიელი ამბობს, რომ ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას დედა ურჩევდა, პოეზიასთანაც დედამ დააახლოვა. ბებია ძილის წინ ზღაპრებს უკითხავდა. როგორც ყველა ადამიანის, მის ცხოვრებაშიც ოჯახმა დიდი როლი ითამაშა.

პრეამბულის მაგიერ

- სკოლაში სწავლა ყოველთვის მეზარებოდა, მაგრამ მხატვრული ლიტერატურის კითხვა - არასდროს. სამწუხაროდ, დღეს წიგნებისთვის იმდენი დრო აღარ მაქვს, რამდენიც ბავშვობაში მქონდა. როცა ვიზრდებით, ამას მერე ვაცნობიერებთ. წლებს გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მოაქვს, საყვარელი საქმეების საკეთებლად დრო აღარ გვრჩება.

ძალიან მიყვარს მარტინ იდენი, მასთან გარკვეულწილად საერთო თვისებებსაც ვპოულობ. ჩემს თავს მარტინ იდენს ხშირად ვამსგავსებ. მასთან ვიძმაკაცებდი და ვეცდებოდი, თავის მოკვლა გადამეფიქრებინა.

ბოლო დროს პოეზიიდან ნაბიჯების გადადგმა პროზისკენ გადავწყვიტე. ახლა რომანს ვწერ, რომლის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს თეი ჰქვია, მასზე შეყვარებული ვარ. გაინტერესებს, როგორია? ძალიან მიზანდასახული, შინაგან ხმას ხშირად მიჰყვება, ძლიერი პიროვნებაა, შეუძლია საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს. თეი ტკივილით სავსე, დრამატული ადამიანია. ცხოვრებაში მისი მსგავსი გოგო შემხვედრია თუ არა? დიახ, ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. თეი ჩემი საყვარელი ადამიანის პროტოტიპია. მან, რა თქმა უნდა, იცის ამის შესახებ. გარკვეულ ეპიზოდებსაც ვაკითხებ ხოლმე, ძალიან აინტერესებს, რომანს როდის დავასრულებ.

დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი გურიაში, ჩემს სოფელში, მაგრამ ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და უეცრად წასვლა არ გამოვა. იქ ვმშვიდდები, ჰაერის გემოს ვგრძნობ, ჩემს თავს ვპოულობ და უფრო პროდუქტიული ვარ.

ნაწარმოები, რომელმაც დღემდე წაკითხულ წიგნებს შორის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს "ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიაა". არსებობს ისეთი წიგნები, რომლებსაც პერიოდულად ვუბრუნდები. ახლა "პილატეს სახარებას" ვკითხულობ, ეს წიგნი სრული სიგიჟეა.

ჩემი საყვარელი ავტორები ესენინი და ოთარ ჭილაძე არიან. აი, ტატუ მაქვს გაკეთებული - "ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ, რაც სამუდამოდ გვემახსოვრება", ძველი ქართულით მაწერია: "ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს".

- რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როდესაც ის რაიმე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება.

- ადამიანის ეს ორგანო სიცოცხლის განმავლობაში, დაახლოებით 3 მილიარდ დარტყმას აკეთებს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- გულზე. საინტერესოა, რა პატარაა და რამდენ რამეს იტევს.

- "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა - საყვარელი. როდესაც ვიღლები, ერთ-ერთი მათგანისგან მივდივარ და მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან". რომელი ცნობილი რუსი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ტოლსტოი?

- ცდები, ის ცნობილი დრამატურგია.

- ვერ გიპასუხებ.

- ჩეხოვი.

- არ მესმის იმ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც რუსეთთთან დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო შვილს რუსულ ენას არ ასწავლიან, თავადაც არ კითხულობენ რუსულ ლიტერატურას. მარაზმია. ესენინი რომ აღმოვაჩინე, მახსოვს, რამდენად აღფრთოვანებული ვიყავი. წელს ბათუმში მეგობარმა მიმიყვანა სახლთან, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში ესენინი ცხოვრობდა. ისე გამიხარდა, მეგონა, მას შევხვდი.

- კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგებში, წერენ წერილებს და ხშირად ქურდობასაც არ ერიდებიან. რაზეა ლაპარაკი?

- ავტოგრაფებზე.

- იოანე პეტრიწის განმარტებით, ძველად არსებობდა რიტორიკის სამი დარგი: თანამზრახველთა სათათბირო, საპაექრო, სადაც პოლემიკა იმართებოდა... დაასახელე მესამე ადგილი, სადაც კარგად ჩანს სიდიადე ორატორობისა.

- ვერ დავასახელებ.

- სუფრა და თამადობა. რას ნიშნავს გერმანული წეს-ჩვეულება - ბრუდერშაფტი?

- ვერ გეტყვი.

- ქეიფის დროს დამეგობრებას. რამდენი ქვით იწყებენ დომინოს თამაშს?

- 7.

- რამდენი ქვაა საჭადრაკო დაფაზე?

- 64.

- "ჩემი თავია ჩემივე მტერი,/ თავი რომ არა, მე რა დამწვავდა". რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს ლექსი?

- ასანთის.

- "წუნა და წრუწუნა" გავიხსენოთ: ვის მიმართა დახმარებისთვის წრუწუნამ?

- ფიცხელას.

- სპარსული ანდაზა ამტკიცებს: თუ ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ის ჭკვიანია. ამავე ანდაზის მიხედვით, როდის არის ის სულელი?

- როცა ჰგონია, სიბრძნე იპოვა.

- ცეცხლსასროლ იარაღებში ერკვევი?

- საჭირო დონეზე, რამდენადაც შეიძლება, კაცი ერკვეოდეს.

- რუსული წარმოების ამ იარაღიდან რომელია ავტომატური: "მაკაროვი", "სტეჩკინი" თუ "ტეტე"?

- "სტეჩკინი".

- იზაბელა, ალექსანდროული, საფერავი, ცოლიკაური. ვაზის ამ ჯიშებიდან რომელს აქვს თეთრი ნაყოფი?

- ცოლიკაურს.

- წარსულში ქმრის მოღალატე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას რომ გაეგო. სწორედ მაშინ გაჩნდა და დღემდე მოაღწია ვარცხნილობის ამ ფორმამ. რომელ ფორმაზეა ლაპარაკი?

- ე.წ. ჩოლკა?

- დიახ, რა ჰქვია მას ქართულად?

- არ ვიცი.

- წინამო. "სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა,/ სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა,/ მას შემდეგ, რაც შენი ხატება ბინდბუნდზე,/ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა". ვის მიუძღვნა ეს ლექსი გალაკტიონმა?

- მეუღლეს, რომელიც გადაუსახლეს.

- ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უფროსი, გოგი თუშურაშვილი იყო. რა მეტსახელით ვიცნობთ მას?

- ვერ ვიხსენებ.

- კუკარაჩა.

- აი, ნოდარ დუმბაძე დიდი ხანია აღარ წამიკითხავს და ზოგიერთი რამ დამვიწყნია. მისი მოთხრობები ბავშვობაში ყველაზე საყვარელი საკითხავი იყო.

- რომელმა მეფემ მოახერხა მონღოლთა თითქმის ასწლიანი ბატონობის შემდეგ, მათი საქართველოდან განდევნა?

- გიორგი ბრწყინვალემ.

- სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლებს აწერიათ ნომრები ქუდებზე?

- წყალბურთელებს.

- "ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,/ გამიღვიძებდეს წუთით იმედებს,/ ჩემი სიცოცხლის შემოდგომაზე,/ ერთ აპრილს კიდევ წამიკიდებდეს,/ მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას,/ მისი თვალების ჩუმი ბრძანება,/ გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს,/ ჩემი ლომური ამპარტავნება,/ გითხრათ სიმართლე, არ დავირცხვენდი,/ არ დავირცხვენდი, არა და არა./ ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს,/ გახელებამდის, თავდავიწყებით,/ ოღონდაც ღმერთო გარდასულ ყრმობის,/ ისევ მარგუნე უცხო თრიაქი, ის ღვთაებრივად მაცდური გრძნობა,/ შიში, ცახცახი და ფორიაქი". ვინ არის ამ ლექსი ავტორი?

- ვერ ვიხსენებ.

- შოთა ნიშნიანიძე. ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ბრუკ შილდსმა გაყიდა ის, რისმა ფასმაც 45.000 დოლარს მიაღწია. როცა ვაჭრობა შეწყდა, ბრუკის საქმროს ნერვებმა უმტყუნა და ეჭვიანობით დაბოღმილმა სკანდალი ატეხა. რა გაყიდა შილდსმა?

- კოცნა.

- რომელი ყვავილი ითვლება მიუწვდომლობის სიმბოლოდ?

- ედელვაისი. მიუვალ ადგილებში იზრდება.

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად ჯაკომო. მან 73 წლის მანძილზე სარეცელი 122 ქალთან გაიყო, რომელთა შორის იყვნენ წარჩინებული მანდილოსნები, მსახიობები, მოცეკვავეები... ის მოძალადე არასდროს ყოფილა. ქალების უმეტესობას უყვარდა. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში თითქმის მთელი ევროპა მოიარა. იყო ჯარისკაცი, ბიბლიოთეკარი, მუსიკოსიც. არაერთხელ იჯდა ციხეშიც.

- კაზანოვა?

- დიახ. რა არის ცანგალა?

- არ ვიცი.

- მუსიკალური საკრავი. რამდენი გქონია ხელფასი თუ 20 ლარით გაზრდი და ამის შემდეგ 20%-ით შემცირებისას იგივე დაგრჩება?

- 100 ლარი.

- ერთმა ბრიტანულმა კლუბმა გამოსცა პლაკატი, რომელზეც ეწერა: "ღმერთმა შექმნა არც ისე ბევრი სრულყოფილი თავი, ხოლო დანარჩენი დაფარა თმით". ვინ იყვნენ ამ კლუბის წევრები?

- მინიშნებას ვერ მეტყვი?

- მათ ვიზუალური მხარე აერთიანებდათ...

- სიმელოტე?

- დიახ.

- საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე მეც მათ რიგებს შევუერთდები.

- დაბოლოს, დაასრულე აგათა კრისტის ცნობილი გამონათქვამი: "ძალიან დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის..."

- ვერ დავასრულებ.

- "...ყოველთვის მართალია".

თამუნა კვინიკაძე