ნინი წიკალური შეყვარებულია - გზაპრესი

ნინი წიკალური შეყვარებულია

"პროექტის - "ორი ვარსკვლავი" დასაწყისში არ მეგონა, ჩემი და ლევანის წყვილს მაყურებელი ასე თუ უგულშემატკივრებდა", - ამბობს მომღერალი ნინი წიკლაური. ბედნიერია, როცა მსმენელის თანადგომას გრძნობს. რის გამო იტირა ბოლოს, რის გამო საყვედურობენ, რას ვერ გააკეთებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ და რა ეზარება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ლევან ჯავახიშვილთან რომ დამაწყვილეს, ვფიქრობდი, - საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა როგორ უნდა იმღეროს-მეთქი? მეგობრები მეუბნებოდნენ, ხალხურ სიმღერებს ასრულებსო. ცოტათი შეშინებული ვიყავი, ჩვენი წყვილი ვერაფრით წარმომედგინა, მაგრამ პირველი რეპეტიციის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენგან კარგი დუეტი შედგებოდა. ლევანი, მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვობის მერე დიდ სცენაზე არ უმღერია, იმაზე კარგ პარტნიორობას მიწევს, როგორიც შეიძლებოდა, პროფესიონალ მომღერალს გაეწია.

- მომავალში დუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ?

GzaPress- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ მიერ შესრულებულ სიმღერებს ძალიან ბევრი "აშეარებს", არ არის გამორიცხული, რამდენიმე სიმღერა ჩავწეროთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1987 წლის 11 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მათემატიკოსი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოცნება ავიხდინე, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობ. კომპიუტერული ტექნოლოგიები უმაღლესი მათემატიკის განხრით დავამთავრე. "ღრმა" ბავშვობაში მასწავლებლობაზე ვოცნებოდი, მამას კი უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მტირალააო. მართალია თუ არა? - ემოციური ვარ. ვიღაცას შეუძლია, ცრემლები შეიკავოს, მე კი ამას ვერ ვახერხებ. რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...სიხარულის გამო, როცა ჩემი და ლევანის გამოსვლის შემდეგ დარბაზი ფეხზე წამოდგა. ზურა ყიფშიძე და ია ნინიძეც წამოდგნენ. მათ რომ ვუყურებდი, თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ რაღაცებს შევცვლიდი და რიგ შემთხვევებში, სხვაგვარად მოვიქცეოდი, ბევრ რამეს შედარებით მარტივად შევხედავდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...სიყვარული შემიძლია.

- სიყვარული ეს...

- ...ის არის, რითიც ვარსებობ, რითიც ვსუნთქავ. მე ვარ შეყვარებული ბუნებაზე, სახლზე, მეგობრებზე, ადამიანებზე, რომლებსაც არც კი ვიცნობ... ბიჭზე ვარ თუ არა შეყვარებული? - ვარ და ეს გრძნობა ძალიან ვარდისფერია. მსაყვედურობენ, ვარდისფერ სათვალეს როდის მოიხსნიო? მთელი ცხოვრება ვარდისფერი სათვალე მიკეთია და ისე დავდივარ. ამიტომ მაქვს მოზღვავებული ემოციები. როცა პრობლემის წინაშე ვდგავარ, არ მეტირება. თვალზე ცრემლი დადებითი ემოციების დროს უფრო მადგება.

- ბიჭზე, რომელზეც შეყვარებული ვარ...

- ...უბრალოდ ლაპარაკი არ მინდა. ხომ გაგიგია, სიყვარულსა მალვა უნდაო, - ამ აზრს ვიზიარებ. არ მინდა, ამ ძალიან ლამაზ გრძნობას ვინმე ცუდად შეეხოს. მინდა, სათუთად შევინახო და გავუფრთხილდე, რათა არ გახუნდეს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების თანადგომა შემიძლია. არ არსებობს ჩემთვის საათი, მდგომარეობა, ადგილი, - თუ ვინმეს დავჭირდები, დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ადამიანებს ვენდობი, ხშირად დაუფიქრებლადაც. მგონია, რომ ყველას ვუყვარვარ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ძალიან განვიცდი.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...მართალი არ ვარ. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი მთიული ვარ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...10 წლის მერე საკუთარი თავი გაწეწილი თმით, ისევ შორტსა და კედში წარმომიდგენია. მგონია, რომ წინ ძალიან კარგი დღეები მელოდება. ბავშვობიდანვე მჯერა, რომ ბედნიერების მწვერვალზე ავალ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ჩემს თავს რაღაც მოულოდნელი ხდება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

GzaPress- ...ამერიკაში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაზე "თავისუფალი ჰაერი" ჩავისუნთქე. ძალიან გაცვეთილი ფრაზა ვთქვი, მაგრამ გულწრფელი ვარ. მინდა, იქ ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვიყო, მაგრამ დროებით. საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანაში როგორ უნდა ვიცხოვრო, ვერ წარმომიდგენია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლიათ...

- ...ადამიანებს, მაგრამ ეს ადვილი არ არის. როცა წონასწორობას ვკარგავ, საშიში ვარ თუ არა? - არა. წყენას ადვილად ვივიწყებ. ჩემი მოთაფვლაც ადვილია. ერთ დღეს რომ მაწყენინო, საკმარისია, მეორე დღეს მოხვიდე, ჩამეხუტო და წინა დღის ამბები არც გამახსენდება.

- მეზარება...

- ...დილით საწოლის გასწორება. უჰ, ეს რა გამახსენდა (იღიმის)...

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მოცეკვავე.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...მეგობრებით, ოჯახის წევრებით...

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დადებითი ემოციები მოაქვთ, მაგრამ ყველაზე კარგ ხასიათზე ისევ საკუთარი თავი მაყენებს.

- ვოცნებობ...

- ...ვიყო ძალიან ბედნიერი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია და ოთახიდან გავდივარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბებია მაქებს. ქებას რომ დაიწყებს, ისეთ რაღაცებს ამბობს, მხოლოდ ჩვენ რომ უნდა ვიცოდეთ.

- მეშინია...

- ...სიმაღლის შიში მაქვს. მეორე სართულიდანაც კი არასდროს გადმომიხედია. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და სახლში შესასვლელად სულ 3 კიბე მაქვს ასავლელი. როცა ფრენა მიწევს, ვიძინებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ემოციური ხასიათის გამო. მირჩევენ, თავი შეიკავეო.

- ვნანობ, რომ...

- ...არის საკითხები, რასაც ვნანობ, მაგრამ დეტალებზე საჯაროდ ლაპარაკი არ მინდა.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...ამდენი ადამიანის სიყვარულს თუ დავიმსახურებდი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ყავის მოდუღება. ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც - სხვები, მაგრამ ისეთი უგემური გამოდის, ვერ დალევ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ. ასეთ დროს უკან დახევა მჩვევია და ვფიქრობ, ეს ცუდი თვისებაა. რისკზე რომ წავსულიყავი, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა მექნებოდა, ვიდრე მაქვს. უსიამოვნო სიურპრიზები მაფრთხობს. ასჯერ ვზომავ და ამის გამო, ბევრ რამეს ვკარგავ.

- ...ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ღმერთს ვთხოვ, ოდესმე იმის შესაძლებლობა მომეცეს, რომ მოხუცებისთვის დიდი სახლი ავაშენო, მათ თბილი გარემო მოვუწყო. ვგრძნობ, რომ ამას შევძლებ. ბებიის გაზრდილი ვარ და ყველა მოხუცი მიყვარს. მოხუცებულთა სახლებში ხშირად მივდივარ და ყველას ვეფერები. როცა მათ კოცნი, ეხუტები, თვალებზე ცრემლი ადგებათ, ბედნიერები არიან. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენც ხომ მოვხუცდებით?!

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერ ვუღალატებ, ადამიანს ვერ მოვკლავ, ვერ გავხდები ბოროტი და კიდევ, სიმაღლიდან ვერ გადმოვხტები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში რომ დავდიოდი, პედაგოგმა მითხრა: თავი მაღლა ასწიე და ისე იარეო. ეს სიტყვები კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მითხრა, მაგრამ მთელი ცხოვრება ყურებში ჩამესმის.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ, როცა შეიძინეთ "გზა". ბევრი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ ამ ჟურნალის ერთგულები იყოთ.

თამუნა კვინიკაძე