"სხაპასხუპით" დამახსოვრებული პირველი პაემანი - გზაპრესი

"სხაპასხუპით" დამახსოვრებული პირველი პაემანი

მიუხედავად იმისა, რომ სალომე კოკუაშვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება, გვიმტკიცებს, - ბევრი თაყვანისმცემელი არ მყავსო. აღმოჩნდა, რომ 16 წლისას მასზე ასაკით უფროსი მსახიობი გულში ჩავარდნია და მისი ყურადღების მისაპყრობად, მთელი წელი დასჭირვებია... სალომე სასიყვარულო ამბებზე გულახდილად გვესაუბრა...

- გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე კომპლიმენტებს ვიღებდი - რა ლამაზი, რა კარგი გოგო ხარო... თითქოს ეს გონებაში ჩამებეჭდა. არ ვიცი, როდის გავაცნობიერე, რომ მომხიბვლელი ვარ.

- საპირისპირო სქესის წარმომადგენლისგან ყურადღება პირველად როდის იგრძენი?

- ეგ არა, მაგრამ ის კი მახსოვს, პირველად ბიჭი როდის მომეწონა. აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი, რადგან მასაც მოვეწონე. მაშინ დაახლოებით 12 წლის გახლდით. უბრალოდ, ბავშვური, სულელური მოწონება იყო. ცოტათი უცნაური შეგრძნება მქონდა. ყოველდღე ერთად ვსეირნობდით. მერე მოვიწყინე - ყოველდღე ბიჭთან ერთად სეირნობა არ მომეწონა, დაქალებთან ერთად ყოფნა მერჩივნა. ამიტომ ეს ამბავი დასრულდა (იცინის).

- ბიჭის მიმართ, ცოტა უფრო სერიოზული სიმპათია როდის გაგიჩნდა?

- 16 წლის ვიყავი, როცა ბიჭი გაცნობიერებულად მომეწონა. რაღა დაგიმალოთ და, საკმაოდ დიდხანს მომწონდა (ალბათ, ერთი წელი). ძალიან ბევრი წლის მერე შემამჩნია - დამინახა, რომ ვარსებობდი (იცინის).

- როცა ბოლოს და ბოლოს, შეგნიშნა, თქვენი ურთიერთობა განვითარდა?

- იყო პერიოდი, როცა ერთმანეთი მოგვწონდა, მაგრამ მხოლოდ მოგვწონდა... თუმცა, 16 წლისა ვფიქრობდი, რომ მასზე უგონოდ შეყვარებული ვიყავი და მის იქით ჩემი ცხოვრება აღარ განვითარდებოდა (იცინის).

- საინტერესოა, მის დასაინტერესებლად რა მეთოდებს მიმართავდი?

- სხვათა შორის, ყველა სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდა, ალბათ, ათ-თხუთმეტჯერ მაქვს ნანახი. სულ წინა რიგში ვიჯექი. თან, როგორც წესი, 16 წლის გოგონები მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს არ იცვამენ, მაკიაჟს არ იკეთებენ, მაგრამ რადგან ჩემზე უფროსი იყო, გოგოსავით ჩაცმა დავიწყე... ძალიან სასაცილო პერიოდი იყო და კარგად მახსენდება.

- განიცდიდი, რომ მის ყურადღებას ვერ იმსახურებდი?

- რა თქმა უნდა! ამის გამო, სადაქალოს წარმოუდგენელი დეპრესია გადაგვიტანია! ვწუხდი - არ მიმჩნევს, არც კი იცის, რომ ვარსებობ-მეთქი... ახლა ეს ყველაფერი სახალისოა, მაშინ დამთრგუნველი იყო. სხვათა შორის, ძალიან ვბრაზდებოდი, როცა უფროსები მეუბნებოდნენ, - კარგი, რა, სალომე, ჯერ პატარა ხარ, ეს არაფერიაო... მიმაჩნდა, რომ ჩემს სიყვარულს პატივს არ სცემდნენ.GzaPress

- ორმხრივი, სერიოზული გრძნობა როდის გეწვია?

- 19-20 წლის ვიყავი. საერთოდ, არ მჯერა, რომ შეიძლება, სიყვარული ცალმხრივი იყოს: გატაცება, მოწონება - რა თქმა უნდა, მაგრამ სიყვარული 2 ადამიანის ურთიერთობიდან გამომდინარეობს! მგონია, რომ ურთიერთობა აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს, რადგან სიყვარული ბედნიერებაა, ცალმხრივი ბედნიერება კი ვერ იარსებებს.

- შენი პირველი პაემანი გახსოვს?

- ჩემი პირველი პაემანი იმ ბიჭთან, რომელიც ძალიან მიყვარდა და ერთად ბევრი წელი გავატარეთ, "სხაპასხუპით" მახსოვს: 12-საათიანი რეპეტიციიდან დაღლილ-დაქანცული გამოვდიოდი. უცებ, ასეთი ტექსტი მესმის: "ძალიან დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებდი ყავაზე, მაგრამ ალბათ, შენ არ წამოხვალ, არა?" ეს "ალბათ, შენ არ წამოხვალ, არა?" - არ მომეწონა და ვუპასუხე: სიამოვნებით წამოვალ, თუ დამპატიჟებ-მეთქი. სახე შეეცვალა - მართლაო?!. მოულოდნელ და დაუგეგმავ პაემანზე წავედით. ადგილის შესარჩევად ბევრი ვიფიქრეთ. ფეხით იმხელა მანძილი გავიარეთ, რომ ახლა ვიღაცამ რომ მითხრას, იქიდან იქამდე ფეხით გავიდეთო, არ წავალ და ვერც იმას დავიჯერებ, რომ ვინმე ამ მანძილის გავლას შეძლებს (იცინის). პაემანმა შესანიშნავად ჩაიარა. იმ დღესვე მივხვდი, რომ ეს ბიჭი ძალიან, ძალიან შემიყვარდებოდა ან უკვე მიყვარდა...

- მანამდე რა ურთიერთობა გქონდათ?

- ერთმანეთი რამდენიმე თვით ადრე, გასტროლზე გავიცანით. სამსახურებრივი ურთიერთობა გვქონდა, არ ვმეგობრობდით... იმ პერიოდში, როცა პირველ პაემანზე დამპატიჟა, ერთ-ერთ სპექტაკლზე ერთად ვმუშაობდით და თავისთავად, რეპეტიციებზე ერთად ბევრ დროს ვატარებდით. ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთი ყურებამდე შეგვიყვარდა.

- ამაში ერთმანეთს როგორ გამოუტყდით?

- მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა მესიჯობა-მესიჯობით და მუშაობა-მუშაობით "წავიდა". ერთ დღეს გამოვუცხადე, რომ ურთიერთობა არ გამოგვივიდოდა, რადგან მე სხვა რამეზე ვოცნებობდი, მას სულ სხვა რამ უნდოდა. არაფერი უპასუხია. რამდენიმე დღის მერე, რაღაც საშინელი მესიჯი მომწერა, რის გამოც ბევრი ვიტირე: შენ ჩემზე ასე ფიქრობ, მაგრამ ეს ასე და ასეა, იმიტომ, რომ მიყვარხარო, - ერთგვარი განმარტება მომწერა. არადა, მეც ხომ მიყვარდა? ურთიერთობის გაგრძელება არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, უნდა დამთავრებულიყო. ვფიქრობდი, რაც მალე დასრულდებოდა, ნაკლებად გულსატკენი იქნებოდა, მაგრამ მერე ჩვენი ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა.

- ერთმანეთს რა მიზეზით დაშორდით?

- გავიზარდეთ და მივხვდით, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, დეტალებში ჩაძიებას აზრი არ აქვს... დღეს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს - ერთმანეთს არ ვერჩით და არ ვემტერებით...

- ამჟამად, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არაფერი. ამის გამო, ერთხელ მეგობრებმა მითხრეს: იცი, რატომ არ ხვდები არავის? შენმა შეყვარებულმა გაგანებივრა, კარის გაღებას და მსგავს რაღაცებს მიგაჩვიაო. მგონია, რომ ეს განებივრება კი არა, ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა, ვიღაცები ძველმოდურად მიიჩნევენ, რომ გოგოს, როცა შესცივდება, ბიჭმა ქურთუკი უნდა მოახუროს ან კარი გაუღოს, სასმელი დაუსხას და ა.შ. თუ ასეა, მაშინ მე ძალიან ძველმოდური ვყოფილვარ... სიმართლე გითხრათ, პაემანზე სიარული არასოდეს მხიბლავდა, რადგან უხერხულობას მიქმნის. თან, რომ გითხრა, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს და აღარ ვიცი, რა გავაკეთო-მეთქი, დიდი ტყუილი იქნება...

- დღეს შეგიძლია, მამაკაცთან ურთიერთობის ინიციატორი იყო?

- არა, ეს მხოლოდ 16 წლის ასაკში იყო. ახლა რაიმე მსგავსი ნამდვილად არ მიცდია.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- გულწრფელი, კეთილი, ყურადღებიანი, გულთბილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი, კარგი იუმორის გრძნობის მქონე, მზრუნველი... მოკლედ, კარგი ადამიანი უნდა იყოს.

- რის გამო შეიძლება, მამაკაცთან ურთიერთობაზე უარი თქვა? როგორი არ უნდა იყოს შენი რჩეული?

- უსაქმური, "ბეზდელნიკი" არ უნდა იყოს. ამბიცია უნდა ჰქონდეს, რომ რაღაცას მიაღწიოს ნებისმიერ სფეროში, რასაც უნდა აკეთებდეს.

- შენი დაბადების დღის თარიღი აუცილებლად უნდა ახსოვდეს?

- აუცილებლად! სხვათა შორის, შეყვარებულთან პირველად იმის გამო ვიჩხუბე, რომ დაბადების დღეზე სიურპრიზი მომიწყო და 21 სანთლის ნაცვლად (21 წლის ვხდებოდი), ტორტში 22 სანთელი იყო. ლამის მოვკალი (იცინის)! სიურპრიზი, ბუშტები სულ დამავიწყდა. ის მიმტკიცებდა - ჩემმა ძმაკაცმა იყიდა, რადგან მე ვერ ვასწრებდი და მას აერიაო. - არ მაინტერესებს-მეთქი... საერთოდ, გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და მსგავს რაღაცებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. დაბადების დღე კი არა, ზოდიაქოს რა ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული, ეგეც უნდა იცოდეს (მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპში საერთოდ ვერ ვერკვევი). ასევე, უნდა იცოდეს, რა მიყვარს, რა მომწონს და მეც, ანალოგიურად - მის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდე...

- შენთვის სასურველი მამაკაცის გარეგნობაზეც გვითხარი რამე...

- ერთი ძალიან უცნაური "ფეტიში" მაქვს - მაღალი ბიჭები მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ბიჭის გარეგნობა სულერთია - მოვლილი და მოწესრიგებული ადამიანი ყოველთვის სასურველი და საინტერესოა, მაგრამ პიროვნული თვისებების გარეშე, გარეგნობა არაფრის მომცემია.

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, დაქალების აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?

- მე მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა, თუმცა, ახლობლების აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- სადაქალოს შენთვის გამოსადეგი რჩევა მოუცია?

- ძირითადად, სადაქალოში გამოსადეგ რჩევებს მე ვიძლევი (იცინის).

- როგორი ქორწილი გექნება, ამაზე გიფიქრია?

- ამ თემაზე არასდროს მიფიქრია. ქორწილები ბავშვობიდანვე არ მომწონს. ალბათ, ვიღაცის ქორწილში ვიყავი, სიტუაცია არ მომეწონა - ღრეობა იყო და მას მერე გონებაში ჩამებეჭდა, რომ ქორწილი არ მინდა.

- სიყვარულის გამო მსხვერპლის გაღება შეგიძლია?

- ალბათ, რაღაც მსხვერპლზე ყველა მივდივართ, მაგრამ ეს ის არ უნდა იყოს, რაც თავს გაკარგვინებს, რადგან თუ საკუთარ თავს კარგავ, იმ სიყვარულს აზრი აღარ აქვს - ბედნიერი მაინც ვერ იქნები, თუ შენ "შენ" აღარ ხარ... რაღაც უმნიშვნელო დეტალები, რასაც მანამდე ვაკეთებდი და ახლა აღარ გავაკეთებ, რადგან "მას" არ მოსწონს, ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს პროფესიას არ უნდა უკავშირდებოდეს. საერთოდ, მგონია, რომ თუ ბიჭს ასეთი შევუყვარდი, როგორიც ვარ, რაღაც რატომ უნდა ამიკრძალოს?

- საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერად ცხოვრებას შეძლებდი ეკრანისა და სცენის გარეშე?

- არავითარ შემთხვევაში! ამის გარეშე ბედნიერი ვერასდროს ვიქნები, რადგან ბავშვობიდან ამ ყველაფერზე ვოცნებობ.

- როგორ ძლიერადაც უნდა გიყვარდეს მამაკაცი, მაინც?

- მაინც! ამ ეტაპზე, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს საყვარელ საქმეზე ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებს უარს...

- როგორ ფიქრობ, მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილი ბედნიერება შესაძლებელია?

- კი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე. არიან ადამიანები, ვისთვისაც კარიერა გაცილებით მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში, სიყვარულს მეგობრები გივსებენ, სრულყოფილი ბედნიერების შეგრძნებას განიჭებენ, თუმცა გარკვეული ასაკის "იქით", ოჯახი აუცილებლად გჭირდება.

- და რა ასაკამდეა შესაძლებელი მეორე ნახევრის გარეშე ბედნიერება?

- ალბათ, 35 წლამდე ან ცოტა "იქითაც"... ზოგი თავისი პროფესიით ისეა გატაცებული, რომ მეორე ნახევრის პოვნაზე საერთოდ არ ფიქრობს. როგორც აღვნიშნე, მე ძალიან რომანტიკული ვარ, სიყვარულის მჯერა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდეს - "ქმარი" ერქმევა, "შეყვარებული" თუ "ბოიფრენდი", ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანია და გუნება - ვიღაცებს სიყვარულის საერთოდ არ სჯერათ და არ ფიქრობენ, რომ ორგანიზმისთვის ეს "ქიმია" საჭიროა. მე მინდა, გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდეს, საყვარელი საქმე და წარმატებული კარიერა მქონდეს. მგონი, ამ სამყაროსგან ძალიან ბევრს არ ვითხოვ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი