გახანგრძლივებული ფოთური არდადეგები, აკრძალული პირველი სიყვარული და ტყვიების ცვენის ფონზე მომუშავე ჯამბაზის ამბავი - გზაპრესი

გახანგრძლივებული ფოთური არდადეგები, აკრძალული პირველი სიყვარული და ტყვიების ცვენის ფონზე მომუშავე ჯამბაზის ამბავი

მსახიობი ეთო გუგავა, შემოქმედებითი პაუზის მერე, ნელ-ნელა აქტიურ პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდა. ამჟამად, ახალგაზრდული თეატრის - "სივრცე" დასის წევრი გახლავთ, პარალელურად კი სერიალებსა და რეკლამებში მონაწილეობს... ეთოს "პირველი ამბების" გახსენება ვთხოვეთ...

- პოპულარობის პირველი შეგრძნება...

- პირველი სიყვარულივით იყო: მუცელში - პეპლები, გაფართოებული თვალები... ადამიანები ქუჩაში მცნობდნენ... ეს "ჯეობარში" მონაწილეობის პერიოდს უკავშირდება. რუსთაველზე პროექტის მონაწილეების დიდი ბილბორდები ეკიდა და საკუთარ გამოსახულებას თავადვე აღფრთოვანებული ვუყურებდი. პროექტში ყოფნისას პოპულარობას ვერ ვგრძნობდი, რადგან სულ იქ ვიყავით გამოკეტილები. გამოვედი თუ არა, ყველა მცნობდა, მეფერებოდა, - ვაიმე, ეთო, გენაცვალეო... სასიამოვნო გრძნობა იყო, რომელიც ჩემთან თავისით "მოფრინდა" - ამისთვის არ მიშრომია, არ მიწვალია, ჩემი პროფესიით არ განვვითარებულვარ. უბრალოდ, პროექტში მოვხვდი, რომლის საშუალებითაც ძალიან ცნობილი გავხდი. თან, იმ პერიოდში ჩვენთან დიდი არაფერი ხდებოდა - ფილმებს არ იღებდნენ, ამდენი ტოქშოუ და გადაცემა არ არსებობდა. ეს პროექტი ისეთი იყო, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უყურებდა.GzaPress

- პირველი სასცენო როლი...

- სპექტაკლში - "მერი პოპინსი". სტუდიაში ახალი მისული ვიყავი. შესაბამისად, ჟარგონს გამოვიყენებ და ვიტყვი - "ბუჩქის" როლი მომცეს, მაგრამ მოვახერხე და ისე შევასრულე, რომ გაზეთში ჩემი ფოტო გამოაქვეყნეს. ჩემ შესახებ ეწერა, - საქართველოს თეატრის მომავალი ვარსკვლავიაო. მერე ეს სპექტაკლი კიდევ დაიდგა და უკვე მერი პოპინსის როლი მომცეს. მაშინ 13-14 წლის ვიყავი.

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება...

- სამედიცინო ინსტიტუტში შემთხვევით - "ჩაწყობით" მოვხვდი: ჩემი დაქალის დედა რექტორი იყო. "ამიღეს" და ინსტიტუტში "დამდეს". თავად ავიღე საბუთები, თეატრალურ ინსტიტუტში წავედი და გამოცდები ისე ჩავაბარე, არც მოვმზადებულვარ.

- ოდესმე პროფესიული არჩევანი გინანიათ?

- არა, არასდროს, რადგან ჩემი საქმის გარდა, არაფრის კეთება არ მიყვარს.

- პირველი სიგარეტი...

- 11-12 წლის ვიყავი, როცა მეზობელმა ბავშვებმა გადავწყვიტეთ, ერთმანეთისთვის დობა შეგვეფიცა. სიგარეტის თითო ღერი ყველამ მოვწიეთ, მერე თითები გავიჭერით - სისხლი წამოგვივიდა (ეტყობა, მსგავსი რამ რაღაც ფილმში გვქონდა ნანახი), ერთი და იგივე ფუნთუშა მოვკბიჩეთ... მოკლედ, რაღაც უცნაურობები ჩავიდინეთ (იცინის).

- პირველი პაემანი...

- 16-17 წლის ვიყავი. მაშინ ჯიხურები იყო და ამ ჯიხურების უფრო დახვეწილი ვარიანტი - ე.წ. კომერციული მაღაზიები გახლდათ. ჩემს უბანში სხვა უბნელმა ახალგაზრდა ბიჭებმა ასეთი კომერციული მაღაზია გახსნეს. მისი ერთ-ერთი მეპატრონე, 20-21 წლის ბიჭი იყო, რომელიც შემიყვარდა და ჩემით ისიც მოიხიბლა. სანთლის შუქზე, ყავის დასალევად დამპატიჟა, გამყიდველთან და თავის მეგობრებთან ერთად, ოღონდ - სანთლის შუქზე იმიტომ, რომ დენი არ იყო (იცინის).

- თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდა?

- ერთი თვეს გაგრძელდა. ეს ამბავი ჩემი ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს, სახლიდან აღარ მიშვებდნენ და ვიპარებოდი ხოლმე. მთელი ამბები იყო... ამ ამბავში ჩემი ძმა რომ ჩაერთო, ის ბიჭი ისე გაქრა, რომ მისი გვარ-სახელიც არ მახსოვს.

- განშორება რთულად გადაიტანეთ?

- კი, რთული იყო. რატომღაც, მასთან შეხვედრას სასწაულად მიკრძალავდნენ. ვერ ვხსნი, წინათ ასე რატომ ხდებოდა. სახლში გამომკეტეს. არადა, სერიოზულს არაფერს ვფიქრობდით. უბრალოდ, ძალიან მიყვარდა და ბედნიერი ვიყავი. საკუთარი თავი პრინცესა მეგონა, როგორც ყველას, იმ ასაკში...GzaPress

- პირველი მოგზაურობა მშობლების გარეშე...

- მშობლებმა დაქალები ზღვაზე, ფოთში (ერთ-ერთი დაქალის ბებიასთან) ერთი კვირით გაგვიშვეს, მაგრამ ერთი კვირა სამ თვემდე გაიწელა, რადგან ის ფული, რაც გვქონდა, სულ დავხარჯეთ და უკან ვეღარ ვბრუნდებოდით. მერე მეთევზეებს თევზის ჭერაში ვეხმარებოდით და ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. გავიცანით ფოთის მერი, ფოთის თეატრის მსახიობები, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებაში... ფოთში მაგრად გვიცნობდნენ (იცინის). მახსოვს, საქართველოში პირველი "მანსანკანი" მალთაყვაში გაიმართა. სერიოზულ ამბებში ვიყავით. ვერც გავიგეთ, ის სამი თვე როგორ გავიდა.

- ფოთის მერი როგორ გაიცანით?

- სანაპიროზე თავის დაცვასთან ერთად იყო. დაცვას უკნიდან კენჭებს ვესროდით (იცინის). იმ პერიოდში, ძალიან "ბნელოდა" - უცნაური ცხოვრება იყო, არაფერი ხდებოდა... კენჭების სროლით ვერთობოდით. ჩვენ გარდა, სანაპიროზე მხოლოდ 3 მეთევზე იყო და უნებურად, მერი გავიცანით. მერე მის შვილებს დავუახლოვდით, დავმეგობრდით...

- გახანგრძლივებული არდადეგების გამო მშობლებმა დაგსაჯეს?

- რა თქმა უნდა. 19 წლის გოგონები სამი თვით რომ წავედით, აბა, რას იზამდნენ? შემდეგ წელს დასასვენებლად აღარ გაგვიშვეს.

- პირველი იმედგაცრუება...

- არ მახსოვს. ცუდ რაღაცებს არ ვიმახსოვრებ... რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუება პირველი ოჯახის დანგრევა იყო, მაგრამ ვფიქრობ, როცა ოჯახი ინგრევა, ალბათ, რაღაც ცუდი მთავრდება და ეს ცუდი ამბავი აღარ არის, რა ვიცი...

- პირველი ტყუილი...

- პირველი სიყვარულის დროს იყო, როდესაც სახლიდან არ მიშვებდნენ. მხოლოდ საღამოობით, ჩვენი სახლის მოპირდაპირედ მცხოვრები მეგობრის ერთი საათით ნახვის უფლება მქონდა (მის სახლში). შინიდან გასვლამდე ჩემს მეგობარს იმ ბიჭთან, ვინც მიყვარდა, ვაბარებდი, რომ უკანა ეზოსთან დამდგარიყო. როცა მშობლებს ეგონათ, დაქალის სახლში ვიყავი, იმ დროს უკანა ეზოდან გავდიოდი და იმ ბიჭს ვნახულობდი. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ტყუილი, დანარჩენი რაღაცები არ მახსოვს.

- პირველი სამსახური...

- მაშინ 14-15 წლის ვიყავი. კომპანიას - "თოვლის ბაბუა გამოძახებით" (საქართველოში ეს სერვისი ახალი ხილი იყო), ოფისი რკინიგზელთა კულტურის ცენტრში ჰქონდა. თოვლის ბაბუა ჰყავდათ, მე კი ჯამბაზად ამიყვანეს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საღამოს 7 საათიდან მხედრიონელების ავტომატების გრუხუნი იწყებოდა და დილის შვიდამდე გრძელდებოდა, ტყვიები ცვიოდა. კომპანიის დამფუძნებლებს ასეთ ამბებში მანქანით დავყავდით. რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუის გამოძახება ფუფუნება იყო და ამ სერვისით მხოლოდ შეძლებული ოჯახები სარგებლობდნენ. მე და თოვლის ბაბუა დაახლოებით 50 ოჯახში ვიყავით. მას ჭიქა ღვინოს სთავაზობდნენ, მე კი - გოზინაყს. სადღაც, მეოცე ოჯახში სტუმრობის მერე, სერიოზული ალერგია დამეწყო, თოვლის ბაბუა კი ისე დათვრა, ფეხზე ვერ დგებოდა. ოჯახებში შესვლისას ვიხვეწებოდით, - არ გვაჭამოთ, არ დაგვალევინოთო. - რას ლაპარაკობთ, ახალი წელიაო!.. - ყველგან ასე გვპასუხობდნენ. შეშუპებული სახით, დაწითლებული თვალებით ბოლო ოჯახს ორთაჭალაში მივადექი. თოვლის ბაბუა უკვე ოთხზე იდგა. სახლში ვერ შემოვიდა და კარზე მიეყუდა. მე ვიხრჩობოდი. ალერგიის წამალი მომცეს, რომელმაც საერთოდ გამთიშა. ბავშვი ლექსს რომ ამბობდა, მეძინებოდა (იცინის)... ამ ოჯახებში ყველა ფულს "გვტენიდა" (მე - მაისურში, თოვლის ბაბუას - ხურჯინში). ბოლო ოჯახიდან გამოსულმა პირველი "ხელფასი" სადარბაზოში ავიღე - მაისურიდან, ხურჯინიდან ფული ამოვყარეთ და მთვრალმა თოვლის ბაბუამ და თითქმის გათიშულმა ჯამბაზმა ძმურად, შუაზე გავიყავით. მერე ოფიციალური ხელფასიც ჩაგვითვალეს და სახლში დავბრუნდით... იმ ფულით სამი თვე ვარჩინე ოჯახი (იცინის).

- პირველი სერიოზული საუბარი შვილთან...GzaPress

- ნიაკოს პირველი სერიოზული შეკითხვა ასეთი იყო: - დედიკო, ოქროს იმიტომ ყიდულობენ, რომ დაალომბარდონო (იცინის)?.. პირველ სერიოზულ საუბარს რაც შეეხება, როდესაც მეორე ოჯახის შექმნას ვაპირებდი, ნებართვა შვილისგან ავიღე - შეიძლებოდა თუ არა, რომ გავთხოვილიყავი და ახალ ადამიანთან ერთად გვეცხოვრა. ნიაკო გიორგის იცნობდა, მაგრამ მას ნიასთვის უკვე მამობა უნდა გაეწია. ამიტომ სერიოზულად ვისაუბრეთ. ჩემმა შვილმა ეს ამბავი დადებითად მიიღო, სხვათა შორის - გაუხარდა კიდეც და ეს სიხარული უკვე 4 წელია, მოგვყვება...

- პირველი ინტერვიუ...

- როცა "ჯეობარიდან" გამოვედი, ეს იმ ღამესვე მოხდა. ყველანაირი სისულელე ვთქვი, რაც შეიძლებოდა, მეთქვა. დიდ ემოციებში ვიყავი... სხვათა შორის, ის ჟურნალები შენახული მაქვს, რომლებშიც ჩემი ინტერვიუებია გამოქვეყნებული. ერთი თვის წინ, შემთხვევით წავაწყდი და გამეცინა.

ეთო ყორღანაშვილი