სად ხვდებოდნენ ერთმანეთს სტეფანე და "იქს ფაქტორის" ექსტრავაგანტური მონაწილე - გზაპრესი

სად ხვდებოდნენ ერთმანეთს სტეფანე და "იქს ფაქტორის" ექსტრავაგანტური მონაწილე

შვილი შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, ექსტრავაგანტურად ჩაცმულმა მომღერალმა კი კონკურენტები უკან ჩამოიტოვა და პროექტის მესამე ეტაპზე გადავიდა.

ქალი ლაბრადორით თამთა გოდუაძის ჯგუფში, 25 წელზე უფროსი ასაკის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად მოხვდა. წინ შემდეგი ტურია, სადაც მწვრთნელმა ანუ ჟიურის წევრმა ათიდან ოთხი კონკურსანტი უნდა დაიტოვოს გუნდში. მანამდე არიელს ინტერვიუ ჩამოვართვი. საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

- უცნაური სახელი გაქვს, ვინ დაგარქვა?

GzaPress- ჩემი ბავშვობის სახელი - ხათუნაა. არასდროს მომწონდა, მთელი ცხოვრება ვეძებდი სხვა სახელს, ხან რას ვირქმევდი და ხან - რას. სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა ცხოვრება, რთულად გამოსათქმელია "ხათუნა". "არიელი" უკრაინელმა გოგონამ დამარქვა. დამინახა და პირდაპირ დამიძახა, არიელ! მულტფილმის პერსონაჟია, ქალთევზა. მომწონს, სასცენო სახელად ავიღე.

- რამდენი წლის ხარ?

- 37-ის. მეგობრები მეჩხუბებიან, ნუ ამბობ ასაკსო, მაგრამ არასდროს დავმალავ მაინც. მიხარია, ასაკთან შედარებით უკეთ რომ გამოვიყურები. მინდა ვიყო მაგალითი სხვა ქალებისთვის. ყველას შეუძლია თავის მოვლა. ცოტა ხაჭაპური რომ გამოაცხონ და მეტი ივარჯიშონ, სულ ფორმაში იქნებიან. მხოლოდ ფერუმარილში არ არის სილამაზე. მთავარი - ვარჯიშია, ცურვა. ფიზიკურად თუ ხარ ძლიერი, უკვე 20 წლის ხდები.

- შენ რამდენი წლის ხარ ახლა?

- 25-მდე (იღიმება).

- რა პროფესიის ხარ?

- ბევრ რამეს მივედ-მოვედე ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს მაინც მუსიკასთან ვბრუნდები. გასართობი პროგრამების მენეჯერი ვარ. საზღვარგარეთ დავამთავრე ეს ფაკულტეტი. ვსწავლობდი თბილისშიც, ხელოვნების ინსტიტუტში, კლასიკური ვოკალის განხრით, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე სწავლა. დიპლომიც არ მაქვს. გავთხოვდი, შვილი მყავდა პატარა და... მერე დავამთავრე ეკონომიკური - მენეჯმენტი. სანამ საქართველოდან წავიდოდი, ვმღეროდი ჯგუფში "ბერმუხა". კარგად მახსენდება ეს პერიოდი. სოლო კონცერტიც გვქონდა ფილარმონიაში 2006 წელს. მაგრამ ცუდი დრო იყო, მუსიკით ფულის კეთება შეუძლებელი იყო. თუ მანამდე მშობლების კმაყოფაზე ვცხოვრობდი, 27 წლის გოგოსთვის ეს ცოტა უხერხულად მიმაჩნდა. როგორც ამბობენ ხოლმე, რკინის ქალამნები ჩავიცვი და წავედი საქართველოდან. რვა წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა ცხოვრება. ძირითადად შოუების დაგეგმარებაზე ვმუშაობდი.

- უცხო ქვეყანაში მარტო თავის დამკვიდრება რთულია. მძიმე პერიოდებიც იყო ალბათ შენს ცხოვრებაში.

- რა თქმა უნდა. იქ არავინ არ ხარ, შენით უნდა გაიტანო ცხოვრება. ვიღაცამ შეიძლება, აგდებულადაც მოგმართოს, მაგრამ უნდა მოითმინო. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. მანამდე გათამამებული, ფუფუნებაში გაზრდილი თბილისელი გოგო ვიყავი; ამბიციურიც. გამომადგა ეს პერიოდი, სხვანაირი გავხდი.

- შენი შინაგანი თავისუფლება შენი აღზრდიდან მოდის? ასე აღგზარდეს?

- არა, ძალიან კონსერვატორი მშობლები მყავს. თავისუფლება თვითონ მოვიპოვე დიდი გარჯის შედეგად. ხშირად ვაწყდებოდი წინააღმდეგობას მშობლების მხრიდან, მაგრამ "რქებით" გამქონდა ჩემი.

- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ? როგორ შეეგუვნენ შენს ასეთ ტრანსფორმაციას?

- ადვილად, რადგან ეჭვი ჩემი პიროვნების მიმართ არ ყოფილა. ძირითადად ფიქრობდნენ იმაზე, თუ რას იტყოდა ხალხი. მათ აზროვნებას ტრანსფორმირება "გავუკეთე"; ავუხსენი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ხალხი, მთავარია, შენ რას ფიქრობ; რომ როცა დაგჭირდება ის ხალხი, ვინც შენზე ლაპარაკობს, მხარში არ ამოგიდგება.

- რა ასაკში გათხოვდი?

- 18 წლის. ეს იყო გაქცევა მშობლებისგან. თან მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა. თითქმის ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ყველაფერი ვცადე ურთიერთობის შესანარჩუნებლად: ვიცხოვრეთ ცალკეც, მშობლებთანაც, დედამთილ-მამამთილთანაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისე განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა.

- უმეტესად რა თემებზე გქონდათ კონფლიქტი?

- აზიატი იყო, ჩვეულებრივი ქართველი მამაკაცი, რომელსაც მოსწონს ჩემნაირი გოგოები, ოღონდ - სახლში და სამზარეულოში. სამზარეულოშიც ვიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.

- დღეს სად არის?

- ჩემი მეზობელია. ისიც მოვარჯულე (იცინის). ცივილური ურთიერთობა გვაქვს. ერთი ქალიშვილი გვყავს, 18 წლის. ამ პროექტში მონაწილეობდა ისიც, მაგრამ ვერ გადავიდა შემდეგ ტურში. მისი წყალობით მოვხვდი ამ კონკურსზე. ჩემი ყოფილი მეუღლე გვგულშემატკივრობდა ორივეს.

- ვიცი, რომ ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია გქონდა ჰოლანდიაში. მიამბე, თუ შეიძლება.

GzaPress- ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. დიდი ისტორიაა, წიგნი დაიწერება, ოდესმე ალბათ დავწერ კიდეც. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად მე და სტეფან მაურერმა. ეს იყო ჩემი მეორე ქორწინება. ორი წლის შემდეგ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი. მერე გავიგე, რომ მიმალავდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ მისი მეზობელი ჩამოვიდა დასასვენებლად იმ სასტუმროში, სადაც ვმუშაობდი და მისგან გავიგე ყველაფერი. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვამთ ექიმებს და გამერიდა: იფიქრა, რომ ამით გული ნაკლებად მეტკინებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს განსაცდელში არასდროს ვტოვებ. ზოდიაქოთი ლომი ვარ და მიყვარს ჩემს ხალხზე ზრუნვა, პატრონობა. მაგრამ არ დამაცადეს. რამდენჯერაც მასთან დაკავშირება და ურთიერთობის გაახლება ვცადე, ასეთი პასუხი მივიღე, - არ მინდა, ჩემ გამო იტანჯებოდე; დრო უჩემობას გადაგატანინებს, ჩემს ავადმყოფობას კი დრო ვერ უშველისო.

- რატომ დაბრუნდი საქართველოში?

- შვილი მყავს აქ. 18 წლამდე აქ იზრდებოდა. ჰოლანდიაში წაყვანას ვაპირებდი. მინდოდა, იქ ესწავლა კონსერვატორიაში (ფორტეპიანოზე უკრავს), მაგრამ ერთ დღეს დამენგრა ყველა აშენებული კოშკი. დამენგრა პირადი ცხოვრება და იქ ვეღარ დავრჩებოდი. ნულიდან დავიწყე ყველაფერი.

- დღეს რას საქმიანობ?

- კარაოკე კლუბში ვმუშაობ, წამყვანი ვარ.

- ექსტავაგანტურად გამოიყურები საქართველოს "კვალობაზე". ეს პრობლემებს გიქმნის?

- ისეთ ადგილებში არ დავდივარ, სადაც ეს უკვირთ. მაგალითად, გუშინ ეს ჩემი ვარცხნილობა კიდევ უფრო მაღალი იყო. მაღაზიაში ხალხის გაოცებული სახეები რომ დავინახე, დღეს ცოტა დავადაბლე (იცინის). მაგრამ არ მინდა, სტანდარტული გოგო გავხდე, გასწორებული თმით. ხომ უნდა ეტყობოდეს მომღერალს, რომ მომღერალია.

- კიდევ რა უკვირთ?

- ჩემი პირსინგები, განსაკუთრებით - ქვედა ტუჩთან.

- არიელ, თუ გავიდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ სხვა მამაკაცზე ფიქრი შეძლო?

- (ფიქრობს) კი, გავიდა.

- ერთ-ერთი უკვე აღფრთოვანდა შენით. სტეფანემ ვნება დაინახა შენს თვალებში. შენ თუ მოიხიბლე მისით?

- (იცინის) შეიძლება, თვითონ არ ვახსოვარ, ძალიან შევიცვალე, მაგრამ დიდი ხნის წინ ერთი და იმავე ადგილებში დავდიოდით, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. სტეფანე კარგი ბიჭია, ჩემი დასაწუნი რა სჭირს?! მომწონს მისი აზროვნებაც.

- ოთხი მონაწილე უნდა დარჩეს ლაივ-კონცერტებისთვის იმ ჯგუფიდან, რომელშიც შენ ხარ. როგორ გგონია - მოხვდები ოთხეულში?

- მართალი გითხრა, ვნერვიულობ, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაქვს. ვნახოთ, გული მკარნახობს, რომ ყველაფარი კარგად იქნება.

ნინო მჭედლიშვილი