რაინდული სიყვარულის ამბავი და სამარის პირთან დადებული ფიცი - გზაპრესი

რაინდული სიყვარულის ამბავი და სამარის პირთან დადებული ფიცი

კინოში 30-მდე როლი შეასრულა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნაში 15 წლის მარიტად დარჩა. იმ დღეს, როცა მაყურებელი უკანასკნელ გზაზე აცილებდა, ამბობდნენ, მარიტას როლი თავადაც ისე მოსწონდა, გადასაღები მოედნიდან შინ დაბრუნებული, მარიტას კაბით დადიოდაო.

ლიკა ქავჟარაძე უკანასკნელ გზაზე მაყურებელმა ტაშით გააცილა. "ნატვრის გოგონა" ტაძრიდან "შეთემ" და "გედიამ" გამოასვენეს. ეს ცერემონიის ლამაზი ფინალი იყო და ისეთივე ამაღელვებელი, როგორც გადასაღები მოედნიდან გულებში ჩარჩენილი და წლების შემდეგ გამხელილი სიყვარულის ამბავი.

ლიკა ქავჟარაძეს ლაღი ბავშვობა არ ჰქონია. წლინახევრის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედას საშუალება არ ჰქონდა, ქალიშვილი გაენებივრებინა. ლიკას 12 წლიდან კინოში იღებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ასაკიდან არჩენდა ოჯახს. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ ათწლედში, დღეში 4 საათს მუსიკას უთმობდა. მსახიობობაზე არ ფიქრობდა, ამიტომ თეატრალურში პრინციპულად არ ჩააბარა. ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ, სწავლა კონსერვატორიაში გააგრძელა, შემდეგ კი მუშაობა მუსიკის მასწავლებლად დაიწყო.

მას შემდეგ, რაც ეკრანზე ლანა ღოღობერიძის "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა, მისი თაობის ბიჭები ლიკაზე იყვნენ შეყვარებული, მაგრამ მისთვის სიყვარულის ახსნას ვერავინ ბედავდა.

გიო ხუციშვილი, მომღერალი:

- ლიკას ბავშვობიდან ვიცნობდი, ვმეგობრობდით. ის მხოლოდ ლამაზი გოგო არ იყო, ძალიან ბევრი დადებითი თვისებით შემკული პიროვნება გახლდათ.

- როგორი მეგობარი იყო?

- მხარში დგომა იცოდა, ძალიან ხალასი, გულიანი იყო. იშვიათია ადამიანში ასე ყველაფერი კარგი იყოს თავმოყრილი.

- თქვენი ურთიერთობიდან, კონკრეტულ ამბავს თუ გაიხსენებთ?

- ჩვენი ყოველი შეხვედრა ამბავი იყო, მისი ცხოვრება ამბავი გახლდათ, მთელი თბილისი მასზე იყო შეყვარებული.

- მეგობრებთან თაყვანისმცემლებზე ლაპარაკობდა?

- არა, ამ თემაზე ნაკლებად ლაპარაკობდა. იმის ხაზგასმას, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, არასდროს აკეთებდა. ლიკამ ჩვენი თაობის გული და ნაწილი წაიღო.

გოგი ქავთარაძე, მსახიობი:

- ლიკა გავიცანი, როგორც მაყურებელმა. ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე მაშინ შევხვდით, როცა ამირან დარსაველიძემ "სათადარიგო ბორბალი" გადაიღო. იქ ჩემი სიყვარული ძალიან ჩუმი უნდა ყოფილიყო. ლიკა მოკრძალებული ადამიანი გახლდათ, ყველაფერს მშვიდად, სადად და უბრალოდ აკეთებდა. მგონი, თავადაც არ იცოდა, ასეთი ლამაზი რომ იყო. მის მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს არ ვგულისხმობ. ძალიან სუფთა და დადებითი ადამიანი იყო. კამერასთან მუშაობა იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ გახლდათ. დღეს მას უკანასკნელ გზაზე ვაცილებ და ძალიან დარდიანი ვარ.

კახი კავსაძე:

- ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს მთელი საქართველო ტირის და მეც მეტირება. სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა საქართველოს, ნიჭიერი და ლამაზი ქართველი ქალი წავიდა. რატომ წავიდა, ყოფილიყო, დაშავდებოდა რამე?

ლიკას ცხოვრებაში ჰქონდა მძიმე პერიოდები, რთულად გადაიტანა დედის გარდაცვალება. ამბობენ, რომ ხატვა სწორედ მაშინ დაიწყო.

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი ახლო მომავალში, ლიკას ფილმში გადაღებას აპირებდა. სცენარიც გაუგზავნა - ქავჟარაძეს ექსცენტრიკული მხატვრის როლი უნდა შეესრულებინა.

ერეკლე ბადურაშვილი:

- ამ შეთავაზებამ ძალიან გაახარა. საინტერესო პერსონაჟი იქნებოდა, ორ დროში უნდა ეთამაშა. მასთან ჩვენს საერთო მეგობართან ერთად მივედი, ძალიან გახარებული იყო, გაგვიმასპინძლდა. გამოფენისთვის ემზადებოდა. უხაროდა, ვარსკვლავსაც რომ უხსნიდნენ. მე და ლიკა არ ვიყავით მხოლოდ რეჟისორი და მსახიობი, ჩვენ ერთად გავიზარდეთ.GzaPress

- ბავშვობიდანვე რა პიროვნული თვისებით იყო გამორჩეული?

- სიკეთით. ძალიან სუფთა გოგო იყო. ის ცხოვრებაშიც მარიტა იყო. ლიკაზე 2 წლით პატარა ვარ. ჩვენი ბავშვობიდან გამორჩეულად, დაბადების დღეები მახსენდება. ბავშვებს წრეში დაგვაყენებდა, თავად შუაში იდგა და ცეკვავდა, ილხენდა და გვალხენდა. უფრო და უფრო ლამაზდებოდა. 2 დღის წინ, ტელევიზორი რომ ჩავრთე, "ნატვრის ხე" გადიოდა და ვალიდოლი დამჭირდა, რომ მეყურებინა, ჩემთვის იმდენად ემოციური იყო. ლიკა ყველას ძალიან დაგვაკლდება.

- ფილმში გადაღება რომ შესთავაზეთ, რა გითხრათ ან მის შემდეგ, როლთან დაკავშირებით თუ გელაპარაკათ?

- სცენარი რომ წაიკითხა, როგორც ჩანს, იფიქრა, რა როგორ უნდა გაეკეთებინა. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, ამ სცენაში რაღაცას დავამატებ, ამ სცენას ასე გავაკეთებო. - როგორც შენ გინდა, თავისუფლებას გაძლევ-მეთქი. რაც მითხრა, ძალიან ჭკვიანურად ჰქონდა მოფიქრებული. გულიანი გოგო იყო. როგორც ჩანს, გულმა უმტყუნა. სახლში რომ შევიდნენ, თქვეს, სცენარი თავთან ედოო.

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი:

- მარიტას ძალიან დიდხანს ვეძებდით. ვეძებდით ყველგან, მათ შორის, სკოლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსახიობი გავსინჯეთ, მაგრამ... ეს პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ერთ მშვენიერ დღეს კი თენგიზ აბულაძემ კინოსტუდიის ეზოში ლიკა ქავჟარაძე აღმოაჩინა. მას იმ დროს რეზო გაბრიაძე იღებდა. ბატონი თენგიზი მოვიდა და თქვა, - ეზოში მარიტა ვნახეო. ჩვენ ეს წინადადება ძალიან სკეპტიკურად მოვისმინეთ, მაგრამ ლიკა რომ შემოვიდა, უკვე ყველაფერი დალაგდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავდა მარიტა და გედია. ორივე ერთად იყვნენ.

- მსახიობი არც ერთი იყო, მთავარ როლებზე მუშაობა არ გაუჭირდათ?

- ერთი იყო კარგი სპორტსმენი და მეორე - კარგი მუსიკოსი. ეს უკვე ხელობაა, როცა ფლობ, როგორ უნდა მიაღწიო სრულყოფას. როცა ეს იცი, მერე არაფერი გირთულდება. ლიკა ძალიან სადა და კარგი ზნის ადამიანი იყო. იმ ასაკში ისეთი სილამაზე რომ გაქვს, თან, ასეთ ფილმში გიღებენ, ძალაუნებურად შეიძლება, ცოტათი ამპარტავანი იყო. ლიკას მსგავს რამეს ვერასდროს შეამჩნევდით. ის ყველას მიმართ ალერსიანი და თბილი იყო, ეს 15 წლის გოგონა გარშემო სხივებს აფენდა. მისი თვისებებით მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მოხიბლული იყო. ის ყოველ დილით მიდიოდა და მუსიკაში მეცადინეობდა, 3-4 საათი უნდა დაეკრა და გადაღებების პარალელურად, ამას ახერხებდა. ძალიან ბეჯითი იყო, სიზარმაცე არ სჩვეოდა. კარგად ცეკვავდა - ესეც გამორჩეულად დამამახსოვრდა. რომ არა გარკვეული სირთულეები მის ცხოვრებაში, ის დიდი მსახიობი იქნებოდა. ლიკა ქართულმა კინომ სათანადოდ ვერ გამოიყენა. მისი სადარი (ისეთივე, როგორც მარიტა) როლები არ დაიწერა.

- ისეთი ეპიზოდი თუ გახსენდებათ, რომლის გადაღებაც ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?

- "ნატვრის ხის" გადაღების - არა, მაგრამ "მონანიებაზე" მუშაობის ერთი შემთხვევა მახსენდება. ლიკა ერთ ეპიზოდურ როლში გადავიღეთ, რომელიც სამწუხაროდ, ფილმში არ შევიდა. ლიკა პატიმარი იყო, ციხის ჯურღმულებში ეცვა თეთრი, არაჩვეულებრივი კაბა. გეგონებოდათ, ეს წუთია, ოპერიდან აიყვანესო. ლიკა დედოფალივით მოდიოდა და ანათებდა, თან მოჰყვებოდნენ ჯღიბა მცველები. ეს სცენა ახლა გამახსენდა. იმ კადრში ლიკა დატყვევებული სილამაზის ხატი იყო.

- მარიტას დასჯის სცენის გადაღება რთული არ იყო?

- ძალიან რთული იყო, დიდხანს ვიღებდით: გვჭირდებოდა წვიმა, ნისლი, ტალახი, "მასოვკა"... ის უნდა ყოფილიყო ფეხშიშველი და აუცილებლად, ვირზე უკუღმა მჯდარი, სცმოდა აბრეშუმის თეთრი, თხელი კაბა. ვესროდით ტალახს, ეს კი ადვილი ასატანი არ იყო. საოცარია ფინალური სცენა, ლიკას გამოსამშვიდობებელი ღიმილი, რომლითაც ემშვიდობება საწუთროს და მერე ტალახში აგდია. ეს უმძიმესი ეპიზოდი იყო. ის კაბა ყოველდღე ირეცხებოდა და შრებოდა. მთელი დღე სველი კაბით ყოფნა უწევდა, არასდროს არაფერზე წუწუნებდა, საყვედური არ დასცდენია. გადაღებები სიღნაღში გვქონდა.

- მოქალაქეებისგან მოვისმინე, მარიტას როლი იმდენად უხაროდა, გადაღებების შემდეგაც მარიტას კაბით დადიოდაო.

- არ ვიცი, ასე თუ იყო, ეს მშვენიერი ლეგენდაა. დღეს ყველა მარიტას ემშვიდობება. ლიკა დარჩა კინოლეგენდად. მასზე ვერ ვიტყვი, რომ უბრალოდ, ლამაზი ქალი იყო, ასე ვერ დავაკნინებ. ის ჩამობრძანებული მშვენიერება იყო, რომელიც შეგვეხო და მალე დაგვტოვა. დღეს მას ყველა სიყვარულით აცილებს.

ცნობილია, რომ ლიკას დედა მკაცრად ზრდიდა, დაჰყვებოდა გადაღებებზე და უფრო მეტიც, მის ცხოვრებაში ყველაფერს დედა წყვეტდა. ლიკა აპროტესტებდა, მაგრამ....

როგორც ჩანს, იმ წლებში თავისუფლების შეზღუდვამ, ძალიან იმოქმედა. ამიტომ, როცა შვილი წამოეზარდა, ის ლევანს სრულ თავისუფლებას აძლევდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობის ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი იხსენებს: "ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა...

ჰგავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. ლიკა ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ - ჯიუტი... ლიკა ბევრნაირია...

პირველად "ნატვრის ხეში" რომ ვნახე, ბევრი ვიტირე. თან, მაშინ აქ არ იყო და მეგონა, მოკვდა" (წყარო - "ცხელი შოკოლადი". - ავტ.).

ლიკა ქავჟარაძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გადასაღებ მოედანზე ერთად თითქმის ორი წელი გაატარეს, ორი წელი შეყვარებულებს თამაშობდნენ და რა გასაკვირია, რომ გედიას მარიტა ცხოვრებაშიც შეჰყვარებოდა. სოსო ჯაჭვლიანი ადასტურებს, რომ ეს ასეც მოხდა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდეგ, "ნატვრის გოგონას" სიყვარულში არ გამოსტყდომია.

მარიტა შეთესაც შეჰყვარებია. ზაზა კოლელიშვილი წლების განმავლობაში, გულში რაინდულად ნატარები სიყვარულის ამბავზე, დღეს უკვე ღიად ლაპარაკობს.

- ბატონო ზაზა, ამ გრძნობის საიდუმლოდ ტარება არ გაგიჭირდათ?

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი:

- არა, კაცობა ზუსტად ეგ არის. ზოგჯერ გამოუთქმელი და გაუმხელელი უფრო სათუთია და ძვირფასი, ვიდრე გაცხადებული. თან, ხომ ვიცოდი, ლიკას სხვა მოსწონდა. ჩემი მხრიდან არაკაცური საქციელი იქნებოდა.

- წლების შემდეგ მაინც თუ გქონდათ ამ თემაზე მასთან ლაპარაკი?

- არა, არასდროს გვისაუბრია. მაშინდელ სიყვარულზე მინიშნებითაც კი არასდროს არაფერი მითქვამს.

- ძალიან ამაღელვებელი იყო ლიკას ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ეს იყო "ნატვრის ხის" უცნაური "დასასრული" და მაყურებლის უკანასკნელი ტაში.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა. იმ წუთებში რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი, ამის გადმოცემას ალბათ ვერასდროს შევძლებ. რა უცნაურია ცხოვრება. სამარის პირამდე მივყევი და... არც ვიცი, ის ქალბატონი ვინ იყო, ლურჯი ყვავილი მომაწოდა. ის ყვავილი ლიკას თავთან დავდე, ვეამბორე და შევფიცე, რომ მისი ნახატების გამოფენა აუცილებლად მოეწყობა. ლიკას ჩემმა დამ, თამარ კოლელიშვილმა ლექსი მიუძღვნა და მინდა, ეს ლექსი თქვენს ჟურნალში დაიბეჭდოს:

მარიტას

ნატვრის ხის ძირში მოკვდა

მარიტა.

ყველა ტკივილი დამთავრდა უცებ.

ვერ მივეშველეთ დედოფლად

შობილს...

სოფელი ისევ ჭორ-მართალს

უსმენს.

მარტომ ატარა ცხოვრების

ტვირთი...

მარტომ, ღირსებით და ვეღარ

ზიდა.

ახლა კი დროა, დროა ვიტიროთ,

ცრემლები ყველა შეცდომას

წმინდავს...

ან სასწაული ხდებოდეს ნეტავ,

როგორც ზღაპარში, ანდა კინოში...

გაისმას უცებ ბრძანება მკვეთრი:

"არა, არ ვარგა, ისევ თავიდან"...

როგორც ოდესღაც, დუბლი

მეორე...

...და გაეღვიძოს ზღაპრულ

მარიტას,

დუბლი მეორე და განმეორდეს...

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ადამიანები მასთან შეხვედრის წუთებს იხსენებდნენ, მასზე წერდნენ, დაიბადა ბროწეულების ბაღის გაშენების იდეა, რომელიც მარიტას სახელობის იქნება.

ლიკას ნახატების გამოფენა 19 ოქტომბერს გაიხსნება და სიმბოლურად, მის დაბადების დღეს - 26 ოქტომბერს დაიხურება. დაგეგმილია ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნაც.

მსახიობს ერთი შვილი და შვილიშვილი დარჩა. ლევან თაქთაქიშვილი ამერიკაში, მამასთან და ოჯახთან ერთად ცხოვრობს და საქმიანობს. თუ ვინმე დასვამს ცნობილ შეკითხვას - სად მიდის სილამაზე? ამის პასუხი ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილია.

ლიკა ყოფით პრობლემებზე ახლობლებთანაც კი ნაკლებად ლაპარაკობდა. რა სიმბოლურია, რომ ჩარაზულ კარს მიღმა გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს, ვაკის სამების ეკლესიის ეზო, მის მოკუმულ ხელისგულს ჰგავდა, რომელზეც მკვდარი ბეღურა ესვენა, მაგრამ არსად ჩანდა ბროწეულის ყვავილები "მარიტას სახესავით ალაკრული".

მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას...

თამუნა კვინიკაძე