რაზე შეუთანხმდა ლოლიტა სადედამთილოს - გზაპრესი

რაზე შეუთანხმდა ლოლიტა სადედამთილოს

თავშეკავებული, ზრდილობიანი და მომხიბვლელი მოცეკვავე - ლოლიტა ცინცაძე ერთ ქალბატონს უმადლის ყველა იმ ღირსეულ ადამიანურ თვისებას, რაც მას გააჩნია... "ქალურ-დიასახლისური" თემები ახალდანიშნულ მოცეკვავესთან ერთად განვიხილეთ...

- ყოველთვის ვფიქრობდი, - რა კარგია, რომ ქალად დავიბადე-მეთქი, რადგან ქალში ყველაფერ კარგს ვხედავ. სწორედ ქალია ის ადამიანი, ვინც დედა ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები "დედიდან" წარმოდგება: "დედამიწა", "დედა ენა"... მიმაჩნია, რომ ქალად დაბადება ბედნიერებაა და მე ეს პატივი მერგო...

- სამაგალითო, მისაბაძი ქალი გყავს?

- რა თქმა უნდა. ბავშვობიდანვე დედაა ჩემთვის მისაბაძი ქალი. ის ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერია. გაწონასწორებული ადამიანია, ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვს და თავიდანვე საზღვრავს, რა როგორ მოხდება. ამიტომ ჩემი მისდამი დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება - ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი ქალი იქნება.

- დედისგან ყველაზე ფასეული რა რჩევა მიგიღია?

- ის მხოლოდ დედა კი არა, ჩემი მეგობარი და დაქალია. დღის განმავლობაში რამე თუ მოხდება, საღამოობით აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვები. მისგან რაც მისწავლია და ვფიქრობ, მთელი ცხოვრება გამომადგება, ეს არის გაწონასწორებულობა ანუ დედამ საზოგადოებასთან ურთიერთობა მასწავლა - სად და როგორ მოვიქცე... ადამიანში ფასეული რაც არის, ყველაფერი დედამ გადმომცა და მგონი, დღეს ღირსეულად ვიყენებ.

- შენს პირად ცხოვრებას ყოველთვის დედას ანდობდი?

- როდესაც ჩემი რჩეული გამოჩნდა, რომელიც პირველია და უკანასკნელი იქნება, ამის შესახებ დედაჩემმა ურთიერთობის დასაწყისშივე იცოდა. მე მას გავენდე - ვუთხარი, რომ სიმპათიები მქონდა... არ არსებობს თემა, რომელსაც დედასთან ვმალავ. ვიცოდი, რომ მისგან გამოსადეგ რჩევას მივიღებდი.

- შენ ბათუმში ცხოვრობ, შენი რჩეული - თბილისში. ერთმანეთისგან შორს ყოფნას როგორ უძლებთ?

- ეს ძალიან რთულია, რადგან ერთმანეთი გვენატრება, მაგრამ როდესაც სიყვარული ჭეშმარიტია, ყველაფერს გაუძლებ. ჩვენ ძლიერები ვართ.

- როგორც ვიცი, დაინიშნეთ. დაოჯახებას როდის გეგმავთ?

- რამდენიმე კვირის წინ ნიშნობა გვქონდა - ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დავუკავშირეთ, დაწინდვის ცერემონიალიც ჩავატარეთ, ბეჭდები გავცვალეთ, სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევა მივიღეთ და ქორწილი გაზაფხულისთვის დავგეგმეთ.

- უკვე წარმოდგენილი გაქვს, როგორი იქნება თქვენი ქორწილი?

- ნიშნობის ცერემონიალზე ბევრი ვიფიქრე. ყველაფრის იდეა ჩემი იყო, თუ რა როგორ გამეკეთებინა. ყველაფერი გავაკეთე, ოღონდ - ოჯახის დახმარებით. ახლა უკვე ქორწილის საქმეებზე "გადავერთე": მოფიქრებული მაქვს, რა როგორ უნდა გაკეთდეს, ინტერიერი როგორი უნდა იყოს და სხვა წვრილმანები, რაც ქორწილში აუცილებელია. რა თქმა უნდა, ჩემი და უკვე ჩემი მომავალი ანუ ერეკლეს ოჯახიც დამეხმარება - სურვილებსა და ოცნებებს რეალობად მიქცევენ.

- ქორწილის ორგანიზებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საქმროსთან ხომ არ კამათობ?

- არ გვიკამათია. მაგალითისთვის ნიშნობას მოვიყვან: ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებოდით. თუ რაღაც არ მოგვწონდა, ერთმანეთის იდეებს ვითვალისწინებდით და საბოლოო შედეგამდე ყოველთვის კამათის გარეშე მივდიოდით.

- როგორც აღნიშნე, თავშეკავებული ადამიანი ხარ, მაგრამ თუ ყოფილა შემთხვევა, რომ წონასწორობა დაგეკარგა?

- წონასწორობიდან ჩემი "გამოყვანა", ცოტა არ იყოს, რთულია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გაჩუმება არ შემიძლია: უსამართლობას, ცილისწამებას, უზრდელობას უპასუხოდ ვერ დავტოვებ. მაგალითად, როდესაც მოხუცს ეუზრდელებიან, ამის ატანა არ შემიძლია - უნდა მივიდე და მოხუცი აუცილებლად დავიცვა. ასევე, ხშირად მინახავს, როდესაც მდიდრები ღარიბებს ჩაგრავენ. ჩემთვის ასეთი საქციელი მიუღებელია. მოკლედ, მსგავს სიტუაციებს ნამდვილად ვერ ავიტან და შემიძლია, სიტყვიერად გავუსწორდე.

- უშვერი სიტყვებით თუ გაგილანძღავს ვინმე?

- არა. ყოველთვის ვცდილობ, მშვიდად მივახვედრო, რომ მართალი არ არის. ასეთ მოპყრობას გაუმართლებია. აუცილებელი არ არის, აყვირდე - "ვერდიქტამდე" მისვლა მშვიდი საუბრითაც შესაძლებელია.

- შენთვის პოპულარობას რაიმე სახის დისკომფორტი თუ შეუქმნია?

- არა, პირიქით - ქუჩაში მცნობენ, მიღიმიან... გადაძახილები მესმის: "ეს ის გოგოა", "ლოლიტაა"... ეს ღიმილს მგვრის. პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილეობის შემდეგ, ერთი თვე სახლიდან ვერ გავედი, რადგან ფეხზე ტრავმა მქონდა (კოჭი ვიღრძე). მერე, როცა უკვე უნივერსიტეტში წავედი, შუადღისას სკოლას ჩავუარე. იმ პერიოდში ბავშვები სკოლის შენობიდან გამოდიოდნენ. შეძახილები მესმოდა - ლოლიტა, ლოლიტაო! სხვათა შორის, მაშინ ასეთი უცნაური შეგრძნება პირველად დამეუფლა - ვერ მივხვდი, როგორ მოვქცეულიყავი: გზა გამეგრძელებინა თუ პირიქით - მოვტრიალებულიყავი და მათ ჩავხუტებოდი? უკვე მათგან შორს ვიყავი. სწორედ ეს იყო ის ხელის შემშლელი ფაქტი, რომ ბავშვებს არ ჩავეხუტე, თორემ სხვა შემთხვევაში, როდესაც ჩემთან ახლოს მოდიან, გულში ვიხუტებ და მათი არსებობით მეც ვხარობ.

- ოდესმე გიფიქრია, რომ ლამაზი არ ხარ?

- ყველა ქალის ცხოვრებაში დგება დღეები, როცა ვფიქრობთ, რომ ლამაზები არ ვართ. ასეთი შემთხვევები მეც მქონია, მაგრამ - იშვიათად.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლიდი?

- მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მიფიქრია, ლამაზი არ ვარ-მეთქი, საბოლოო ჯამში, ჩემს გარეგნობაში მაინც არაფერს შევცვლიდი (იღიმის).

- რას აკეთებ იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში იყო, მომხიბვლელად გამოიყურებოდე?

- რა თქმა უნდა, ამისთვის ვვარჯიშობ, კვების რეჟიმს ვიცავ, ყოველთვის მოწესრიგებული ვარ.

- გარეგნობაზე ზრუნვას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- აუცილებელი არ არის ფიტნეს-დარბაზში ივარჯიშო - ამის გაკეთება სახლის პირობებშიც ან ბუნების წიაღშიც შესაძლებელია (ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა). ასევე, სახლში მაკიაჟის გაკეთება, ფრჩხილების მოწესრიგებაც შეიძლება. ასე რომ, თავის მოვლისთვის დიდი ფინანსური სახსრები საჭირო არ არის.

- მელანქოლიურ განწყობას როგორ "მკურნალობ"?

- მოწყენილი იშვიათად ვარ. ჩემს ცხოვრებაში დგება დღეები, როდესაც რამდენიმე საათით ცუდ ხასიათზე ვარ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეთ დროს უნდა ვიცეკვო, ვიმღერო ან წიგნი წავიკითხო, რის შემდეგაც ისევ კარგ ხასიათზე, ენერგიულად ვიქნები.

GzaPress

- ქალურ შურს ხშირად აწყდები?

- მიმაჩნია, რომ საერთოდ, ადამიანს შური შინაგანად ანგრევს. ქალურ შურს რაც შეეხება, პირადად მე, არ გამჩენია და სხვისგანაც იშვიათად მიგრძნია.

- გემრიელი კერძების მომზადება შეგიძლია?

- ეს ცოტათი "ჩამჭრელი" შეკითხვაა (იცინის). სახლში კერძების მომზადება არასდროს მიწევდა, რადგან ბავშვობიდან, დილიდან საღამომდე სულ გარეთ ვიყავი (სკოლა, ცეკვა, მუსიკა, სხვადასხვა აქტივობა...). უკვე გავიზარდე და კვლავ ასეთი რეჟიმით ვცხოვრობ. მარტივი კერძების მომზადება ვიცი. "გემრიელობებს" რაც შეეხება, ჯერ არ მომიმზადებია. სამაგიეროდ, ტკბილეულს ხშირად ვამზადებ, რადგან ძალიან მიყვარს.

- შენი კულინარიული შესაძლებლობების შესახებ სადედამთილომ თუ იცის?

- იცის და შევთანხმდით, რომ მასწავლის. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვისწავლი (იცინის).

- გათხოვების შემდეგ, ალბათ, თბილისში იცხოვრებ. საქმიანობას დედაქალაქში განაგრძობ?

- ამჟამად, ბათუმში მოსწავლეების ჯგუფები უკვე აღარ მყავს, რადგან ისევ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ვზრუნავ. იმავდროულად, ქორწილთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვფიქრობ. ჩემს მომავალს რაც შეეხება, ვგეგმავ, რომ თბილისში ისევ პროფესიით დავსაქმდე.

- მრავალფეროვანი სამეგობრო წრე გყავს?

- ბევრი მეგობარი არ მყავს, თუმცა ვინც მყავს, ისინი ჩემთვის ყველაფერია, რადგან მათთან გატარებული თითოეული საათი ჩემთვის დასვენება და სიამოვნებაა. მადლობა მათ, რომ არსებობენ.

- საქმროსთან გაბუტული ყოფილხარ?

- ალბათ, რამდენიმე წუთით. ერთმანეთს ხშირად ვერ ვხედავთ, გაბუტვის დრო და სურვილი ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით - ერთმანეთს ვეფერებით და ვესიყვარულებით.

- ქალური ბედნიერების ფორმულა როგორ შეგიძლია, ჩამოაყალიბო?

- ქალს გვერდით ნამდვილი მამაკაცი, სიყვარული, ურთიერთობა სჭირდება. სიყვარულს მოფრთხილება უნდა (ქალისგანაც და კაცისგანაც). ადამიანებმა ერთმანეთს ერთგულება უნდა აჩუქონ. ქალს კარიერული განვითარებაც სჭირდება, თუმცა პირველ ადგილზე მაინც, ოჯახს ვაყენებ. "ოჯახი" - ეს სიტყვა სიცოცხლის დასაწყისთან ასოცირდება, სადაც სიყვარული უკვდავია. ამიტომაც, ქალს კარიერული წარმატებისა და ოჯახის დაბალანსება უნდა შეეძლოს და რა თქმა უნდა, როცა საჭიროება მოითხოვს, ოჯახი უფრო მაღალ საფეხურზე დააყენოს. თუმცა, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ქალმა საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახდინოს.

- სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- არა, არასდროს და დარწმუნებული ვარ, ჩემს მომავალ მეუღლესთან ერთად, სასოწარკვეთილ დიასახლისად თავს არასდროს ვიგრძნობ.

ეთო ყორღანაშვილი