როგორი ქალები მოსწონს ბექა ჩხაიძეს? - გზაპრესი

როგორი ქალები მოსწონს ბექა ჩხაიძეს?

რუბრიკის სახელი რომ გაიგო, მირჩია, არ გამოგადგები, ვინმე სხარტი გონების რესპონდენტთან უკეთესი ინტერვიუ გამოგივაო. თან დაინტერესდა, რამდენიმე წუთის შემდეგ მომწერა, როგორი კითხვები უნდა დამისვა? ჩვენი პირადი მიმოწერა ასე გაგრძელდა:

პრეამბულის მაგიერ

- წუთში ერთხელ არის წამშიც ერთხელ არის, საათში არ არის და წელიწადში 2-ჯერ არის. რა არის?

- დრო?

- მაგრად გამაცინე. ამ კითხვაზე პასუხს იმ შემთხვევაში გეტყვი, ინტერვიუსთვის თუ შემხვდები.

- არ მგონია, კარგი რესპონდენტი ვიყო (10 წუთის შემდეგ). აუ, რა არის ახალი წელი?

- არა.

- მითხარი, გთხოვ და შეხვედრაზე შევთანხმდეთ.

შეხვედრის შემდეგ

- სწორი პასუხია ასო "წ".

- ვაა! რას მეღადავები. იცი რამდენი ვიფიქრე? როგორ ვერ გამოვიცანი. ეგეთები აღარ მკითხო, საჩემო კითხვები შემირჩიე, რა.

- საშენო კითხვები როგორია?

- სუფრაზე, ღვინოზე, ქეიფზე... ამ ყველაფერში კარგად ვერკვევი. ვერ ვიტყვი, რომ ახლა აქტიური მკითხველი ვარ, მაგრამ სტუდენტობის წლებში მართლა ძალიან ბევრს ვკითხულობდი.

- შენი საყვარელი ავტორი რომელია?

- კონსტანტინე გამსახურდია ძალიან მომწონს.

- პოეზია გიყვარს?

- რა თქმა უნდა მიყვარს, მაგრამ ლექსებს ზეპირად ვერ ვიმახსოვრებ. მხოლოდ ფრაზები მამახსოვრდება, უფრო სწორად ის ფრაზები, რომელიც საჭიროა. ახლა რომელიმე ჩემი სიმღერის ტექსტი რომ მკითხო, როგორც ლექსს ვერ გეტყვი, მაგრამ წამღერებით არ შემეშლება. ყველა მომღერალი ასეა.

- "საჭირო ფრაზებში" რას გულისხმობდი?

- იმ ფრაზებს, რომლებსაც მერე გამოვიყენებ სადღეგრძელოებში, მიმართვებში...

- გოგოსთვის თავის მოწონება ლექსით და სიმღერით გიცდია?

- წამღერებით მიცდია. კარგი რააა რეებს მალაპარაკებ?

- "ალილოში" სიმღერებს რომ აქტიურად წერთ ვიცი. დისკის გამოცემას აპირებთ?

- ბევრი სიმღერა დაგვიგროვდა. მაისში ან ივნისში დისკის გამოცემას და სოლო კონცერტის გამართვასაც ვგეგმავთ.

- ამ სითხეს ბერძენი ჰიპოკრატე მედიკამენტის სახით არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რომელ სითხეზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) მედიცინაში ახლაც გამოიყენება?

- დიახ. ამ სითხის შესახებ არაერთი გამოთქმა არსებობს. ერთმა ბრძენმა თქვა: "მისი ხარისხის და ხანის გასაგებად, ხელადა ბოლომდე არ უნდა დაცალო".

- ღვინოზე ვფიქრობ და ვთქვა?

- გამოიცანი. წლების წინ, ბოთლის რა ნაწილზე იყო დატანილი ღვინის სახელი, დაკრეფის, ჩამოსხმის წელი და სხვა ინფორმაცია?

- ეგ ყველაფერი საცობზე ეწერა. ამ ამბებში კარგად ვერკვევი (იცინის). მომწონს კარგი კითხვებია.

- "დამისხი, დამალევინე,/ ე ღვინო ოხერ-ტიალი/ ეგება წაღმა ვიფიქრო/ სოფლის უკუღმა ტრიალი!/ ეგება გულის ვარამი/ ჩავკლა ამ ჯიხვის რქაშია,/ თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,/ ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია". ამ ლექსს "ქეიფი" ჰქვია, ვინ არის მისი ავტორი?

- ვაჟა-ფშაველა.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს ბოლის გადასახადი უნდა გადაეხადა. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- ყველას არ ახდევინებდნენ? უნდა დავფიქრდე (პაუზის შემდეგ). ალკოჰოლიკები იხდიდნენ?

- არა. ერთ-ერთ მავნე ჩვევაზეა ლაპარაკი.

- მივხვდი, მწეველებს გულისხმობ.

- რა ერქვა ჩუქჩების საცხოვრებელ სახლს, რომელიც ირმის ტყავებით იყო დაფარული?

- ვერ ვიხსენებ.

- იარანგი. "ღამის ოსტატი", "ჩემი ცხოვრება", "მულენ რუჟი", "ოქროს კომპასი": დაასახელე, რომელი მსახიობი მონაწილეობს ამ ფილმებში?

- ნიკოლ კიდმანი.

- ფინანსურ ოპერაციებში კარგად ერკვევი?

- ნაკლებად.

- რა ჰქვია ფასიან ქაღალდს, რომელიც მის გამცემს ავალდებულებს გასცეს თანხის ძირითადი ნაწილი და პროცენტი განსაზღვრულ ვადაში.

- შეიძლება ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები, რაზეა ლაპარაკი.

- ობლიგაცია. სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას 1 პარტნიორთან ატარებს კიდევ რას არ იცვლის იგი სიცოცხლის განმავლობაში?

- ბუდეს.

- ამ კლუბის წევრები ამბობენ: ღმერთმა შექმნა არც ისე ბევრი სრულყოფილი თავი, ხოლო დანარჩენი დაფარა თმით". ვინ არიან ამ კლუბის წევრები?

- გთხოვ, შეკითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ) მელოტები.

- რომელია დედამიწაზე ყველაზე პატარა კონტინენტი?

- ავსტრალია.

- "ბენტლი", "იაგუარი", როლს-როისი", ლენდ როვერი" - რომელი ქვეყანა აწარმოებს ამ ავტომობილებს?

- დიდი ბრიტანეთი.

- რომელი მხედართმთავარი აარსებდა დაპყრობილ ტერიტორიებზე თავის მოსახელე ქალაქებს?

- ვერ გიპასუხებ.

- ალექსანდრე მაკედონელი. რა ჰქვია ლომის შვილს?

- ბოკვერი.

- ნაპოლეონი ალუროფობიით იყო დაავადებული. რისი ეშინოდა მას?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ის შინაური ცხოველია.

- მაინც ვერ გიპასუხებ.

- კატების ეშინოდა. თავად თუ გაქვს რამე ფობია?

- სერიოზული არაფერი თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნაბახუსევზე გაურკვეველი შიშის გრძნობა მაქვს ხოლმე, მაგრამ რისი მეშინია, არ ვიცი. გავიკითხე და გავარკვიე, ასეთი შიშები ბევრს ჰქონია.

- დაასრულე იტალიური ანდაზა "არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის, აუცილებლად...

- დაგაზიანებს.

- "...აუცილებლად მოვა შემდეგი".

- აუ!!! ეს რა მაგარი რაღაც მასწავლე. ქალთან თამაში სახიფათოა.

- შენს ცხოვრებაში სახიფათო ქალები ყოფილან?

- კარგი, რას მეკითხები, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, არ დამესიონ, სერიოზულ შარში მხვევ.

- "ქალი? მიყვარს, მიყვარს ქალი/ ღვინოც, მაგრამ არა ქარხნის,/ პურიც, ოღონდ არა ფურნის,/ პური - თონის,/ ღვინო - ჭურის,/ ქალი - მსგავსი გაზაფხულის" ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომეწონა.

- მუხრან მაჭავარიანი.

- ჩემი და მისი გემოვნება ემთხვევა, მხოლოდ ღვინო ქვევრის მირჩევნია. გაზაფხულივით ქალებზე კი მართლა ვგიჟდები.

- "საერთო სენია კაცთა, მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი". "ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს, არც ბრძენია სადმე ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას". რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

- კონსტანტინე გამსახურდია. ხომ გითხარი, ეს ავტორი გამორჩეულად მიყვარს-მეთქი.

- ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. "საბრალო საბერძნეთი" მან სიკვდილის წინ ბოდვისას ეს სიტყვები წარმოსთქვა. დაასახელე ეს პოეტი.

- ვერ დავასახელებ.

- ჯორჯ ბაირონი. კამათლის მოპირდაპირე მხარეებზე ამოტვიფრულ ციფრთა ჯამი ერთი და იგივეა. რამდენია იგი?

- 7.

- რა გვარია მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟი მარგო?

- თეიმურაზი ხევისთავია, მარგოს გვარს ვერ ვიხსენებ.

- ყაფლანიშვილი. რა ერქვა წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ საბერძნეთში საქონელს მიერეკებოდნენ?

- ვერ ვიხსენებ.

- ამ სიტყვას დღეს სხვა მნიშვნელობით ხშირად ვიყენებთ.

- მართლა? არ ვიცი.

- სტიმული. რის გამო ჩასვეს 12 წლით ალ კაპონე ციხეში?

- გადასახადებს არ იხდიდა.

- ვისკი გიყვარს?

- ნაკლებად.

- რას ნიშნავს სიტყვა "ვისკი"?

- არ ვიცი.

- სიცოცხლის წყალს. "ეს გახლავთ სტილი მმართველობისა, რა დროსაც მთავრობა აწვდის ან ცდილობს მიაწოდოს ხალხს ილუზია იმისა, რომ თითქოს ქვეყნის ბატონ-პატრონი თავად ხალხია". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს მუსოლინი?

- არ ვიცი.

- დემოკრატიული მმართველობის შესახებ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ხმა გავრცელდა, თითქოს გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე შენი კანდიდატურა განიხილებოდა.

- ამდაგვარი ლაპარაკი იყო, მაგრამ პოლიტიკა საჩემო საქმე არ არის. პოლიტიკოსებმა იპოლიტიკოსონ და ჩემი "მრავალჟამიერი" რომ დასჭირდებათ, მათ გვერდით ვიქნები.

- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი, გორი: ამ ქალაქებიდან, რომელია ყველაზე ძველი?

- ქუთაისი.

- რომელ ნაწარმოებს უწოდებენ ბეთჰოვენის მუსიკალურ ანდერძს?

- მე-9 სიმფონიას, რომელიც მან დაყრუების შემდეგ დაწერა.

- ეს მუსიკალური საკრავი ორნაირია - ენიანი და უენო.

- ხალხურია?

- დიახ.

- სალამური.

- ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა, რომ ეს არის მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილი და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რის შესახებ ლაპარაკობდა ვერდი?

- ვერ გიპასუხებ.

- აპლოდისმენტები. რა არის მათამეტიკაში წესიერი და არაწესიერი?

- წილადი.

- დაბოლოს დაასრულე სოლომონ დოდაშვილის ცნობილი გამონათქვამი: "არაფერი ისე არ ამძიმებს ადამიანს, როგორც ცარიელი...

- "...თავი".

თამუნა კვინიკაძე