"ჩემი შვილის მამა კრიმინალური ავტორიტეტია" - ვინ არის მსახიობი, რომელმაც "ჩიკას" დედის როლი მოირგო - გზაპრესი

"ჩემი შვილის მამა კრიმინალური ავტორიტეტია" - ვინ არის მსახიობი, რომელმაც "ჩიკას" დედის როლი მოირგო

მსმენია: იმდენად ლამაზი გოგო იყო, სკოლიდან რომ გამოდიოდა, უკან ბიჭების არმია დაჰყვებოდაო. პროფესიული არჩევანი 6 წლის ასაკში გააკეთა. ნანახმა სპექტაკლმა იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თქვა, მსახიობი უნდა გამოვიდეო. ასეც მოხდა. მერე მის ცხოვრებაში იყო არაერთი წარმატებული როლი, შემდეგ 15-წლიანი შემოქმედებითი პაუზა და ისევ სცენაზე დაბრუნება. ახლა მსახიობმა ენდი ძიძავამ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ექსცენტრიკული ჩიკას დედის როლი მოირგო.

ქალბატონ ენდის ძალიან საინტერესო წარსული აქვს და რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია, ის გულწრფელი რესპონდენტია.

- ქუთაისში ვცხოვრობდი, მამის გარეშე ვიზრდებოდი და ამას მტკივნეულად განვიცდიდი. ვცდილობდი, ყველაფერი შემეფუთა. ჩემმა კლასელებმაც კი არ იცოდნენ, უმამოდ თუ ვიზრდებოდი. მერე დავიღალე ამ შეფუთვებით და გავიხსენი. ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი.

- და იყავით ძალიან ლამაზი გოგო, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ.

- (იცინის) კი, ასე იყო. ამ ყველაფრის ფონზე კომპლექსი მქონდა. სულ მინდოდა გამერკვია, ამ ბიჭებიდან ჩემგან ვის რა უნდოდა? ვინ იყო გულწრფელი, ვინ მატყუებდა. საკუთარი თავი კონტროლის ქვეშ მყავდა. არასდროს მჭირდებოდა შემოწმება, სად მივდიოდი, ვისთან ერთად მივდიოდი, რას ვაკეთებდი. თეატრალურში სწავლისას, ერთადერთი გოგო ვიყავი, რომელიც არ ვეწეოდი.

- თქვენი მეუღლე ვინ არის?

- ამჟამად, მეუღლესთან ერთად არ ვცხოვრობ (პაუზის შემდეგ). 15 წელი მოსკოვში ვიყავით და მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან წამოვედი, ცალ-ცალკე ვართ.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ გსურთ?

- ვილაპარაკებ, პრობლემა არ არის. ჩემი მეუღლე ახლა რუსეთშია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ის პატიმარია. დიახ, ჩემი შვილის მამა არის კრიმინალური ავტორიტეტი. ეს პიროვნება გახლავთ ბადრი კოღუაშვილი. შეიძლება ხმამაღალი და თავხედური ნათქვამია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ის ზნეობითა და მორალით ბევრ ადამიანზე მაღლა დგას.

- მეტსახელი აქვს?

- არასდროს ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს რუსეთში "კუტაისკის" ეძახიან. ნარკოტიკი ჩაუდეს, ახლა პატიმარია. ის დღესაც ვარჯიშობს, იოგითაა გატაცებული. მისთვის ნარკოტიკი ყოველთვის მიუღებელი იყო, მიდრეკილება არასდროს ჰქონია.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- მერვე კლასში ვიყავი, გამოსაშვები გამოცდების შემდეგ მეგობრებმა გავისეირნეთ. ვიგრძენი, შორიდან ვიღაც ბიჭი როგორ მიყურებდა. დაახლოებით ერთ საათში, ჩემთვის სრულიად უცნობმა ორმა ბიჭმა, საჩუქრად ბეჭედი მომიტანეს და არ მითხრეს, ვისგან იყო. საჩუქარი, რა თქმა უნდა, არ ავიღე... ერთმანეთს მეორედაც შემთხვევით შევხვდით. გამეცნო. ის მაშინ 20 წლის ბიჭი იყო. დავმეგობრდით, მაგრამ ძალიან მალე დააპატიმრეს. ოთხი წლინახევრის შემდეგ გათავისუფლდა. გამიხარდა. ეს ადამიანი ჩემს მეხსიერებაში იმდენად დადებითი განცდებით იყო ჩარჩენილი, გადავწყვიტე, მენახა. მიკვირდა, თავად რატომ არ მომძებნა, რატომ არ მინახულა? ვგრძნობდი, ის იყო ადამიანი, რომელიც მომავალში, ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი კედელი იქნებოდა.

- სახლში მიაკითხეთ?

- კი და ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდა. საღამოს მე და მსახიობები: გია გოგიშვილი, ონისე ონიანი თეატრიდან ერთად გამოვედით, ვმეგობრობდით. თავში მიტრიალებდა აზრი, იმ საღამოს ბადრისთან უნდა მივსულიყავი. როდესაც სახლს მივუახლოვდით, ონისეს ვთხოვე, - ადი, ეს ადამიანი იკითხე და სახლში თუ იქნება, უთხარი, ენდი გელოდებაო. არ მეგონა, საღამოს 9 საათზე სახლში თუ იქნებოდა. ლიფტის კარი რომ გაიღო და გამოვიდა, კისერზე ისე შემოვეხვიე, როგორც ყველაზე ახლო ადამიანს. ჩვენი ურთიერთობა განახლდა. გავიარეთ შეყვარებულობის ეტაპი, შემდეგ გვქონდა თანაცხოვრების პერიოდი. არ გვქონია ტრადიციული ქორწილი. თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთს ისე შევეზარდეთ, ოჯახი დაგვერქვა და შემდეგ შვილი გავაჩინე. არ მისარგებლია შემთხვევით და შვილი ურთიერთობის დასაწყისშივე არ გამიჩენია.

- ყველაზე მეტად, რით მოგხიბლათ?

- ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო და ეს მთელმა ქალაქმა იცოდა, ნიჭიერთა სკოლაში სწავლობდა. ფრიადოსანი იყო. მომწონდა, რომ ასეთი განათლებული და ნიჭიერი "დედიკოს ბიჭიც" არ იყო. მასში ყველა ის თვისება გახლდათ თავმოყრილი, რაც მამაკაცში მომწონდა.

- პირველად რის გამო დააპატიმრეს?

- ქურდობის გამო. გათავისუფლების შემდეგ, მასში ამ სამყაროსადმი ინტერესი არ შემიმჩნევია. რომ ნახოთ, როგორია გარეგნულად, ვერაფრით წარმოიდგენთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტია. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ველაპარაკებოდი, - ბადრი, ახლა შენ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბარო, ისწავლო... როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რა გზით წასულიყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყოფილიყო იქ, სადაც ახლა არის. ამას ისე აკეთებდა, ვერაფერს ვხვდებოდი.

- საქართველოდან თავდაცვის მიზნით წავიდა?

- დიახ. მას ჩემთვის კატეგორიულად არ მოუთხოვია, თეატრი მიმეტოვებინა და გავყოლოდი. ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე და რამდენიმე თვის შემდეგ, მეც წავედი.

- თქვენი დაშორება მისმა დაპატიმრებამ გამოიწვია?

- მოსკოვში რომ ჩავედი, დიასახლისობა დავიწყე. თავიდან ეს მდგომარეობა თითქოს მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო საქმიანობას მიჩვეული არ ვიყავი. "ოჯახობანას" ვთამაშობდი, რატომღაც ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე. მერე ეს თამაშის პერიოდი გახანგრძლივდა, დავითრგუნე. არადა, მქონდა ყველა პირობა იმისთვის, რომ კომფორტი მქონოდა. თეატრი რომ მნდომოდა, ეგეც მექნებოდა, უბრალოდ მე არ ვკადრულობდი, სცენაზე ავსულიყავი. ჩემი დეპრესიულობა ფობიაში გადაიზარდა. ონკოფობია დამემართა, ისტერიკულად დავდიოდი ექიმებთან, გამოკვლევებს ვიტარებდი. შემდეგ ექიმებმა გვირჩიეს, დავბრუნებულიყავი საქართველოში და ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა.

- ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეთ?

- ის ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავდა, იქ წასვლის კი მეშინოდა. ძალიან ბევრი თხოვნის შემდეგ, შვილთან ერთად, საქართველოში დავბრუნდი. თურმე, ჩემი გვერდის ავლით, მის ცხოვრებაში ამბები ხდებოდა. ჩემი ინტუიციის პატრონი ვერ ვგრძნობდი, რომ მას ჰყავდა სხვა ქალი და სხვა შვილიც.

- ეს როდის გაიგეთ?

- საქართველოში რომ დავბრუნდი, 3 წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით გავიგე. ჩემი დეპრესიულობის გამო, მას ამ ამბის დამალვა მოუხდა. როგორც ჩანს, მომენტს ელოდებოდა.

- პირველი რეაქცია როგორი იყო?

- მოულოდნელი იყო. წვეულებაზე ვიყავი, ჩემი მეუღლის მეგობრის დედამ ჩვენს ურთიერთობაზე დაიწყო ლაპარაკი. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მიმეღო ინფორმაცია, რომ ჩემი წამოსვლის შემდეგ, მას იქ ვიღაც ქალი ჰყავდა და ერთობოდა. საუბარი შევაწყვეტინე და ვთქვი, - ამ ყველაფერს მიჩვეული ვარ-მეთქი. ბუნებრივია, ეს მოსალოდნელი უსიამოვნებისგან თავის დაზღვევა იყო. ამ ქალბატონმა კი გააგრძელა: გასაგებია, რომ მიჩვეული ხარ, მაგრამ იქ ხომ შვილიც არისო. ეს ამბავი, ჩემ გარშემო ბევრს სცოდნია. მითხრეს, რომ ფერი საერთოდ დავკარგე.

- რამდენი წელი აქვს მისჯილი?

- 9 წელი ჰქონდა, შემდეგ 7 წლამდე შეუმცირეს, მაისში უნდა გათავისუფლდეს.

- თქვენი შეხვედრა როგორ წარმოგიდგენიათ? აპატიეთ?

- ის ჩემი შვილის მამა და ჩემი ძალიან დიდი მეგობარია. სასჯელს ისეთ პირობებში იხდის, არ აქვს საშუალება, დაგვიკავშირდეს. იქ არც ტელეფონია, არც "სკაიპი", მასთან ჩიტიც ვერ შეფრინდება. ადვოკატის დახმარებით ჩვენ - მის, ის კი ჩვენს ამბებს იგებს. მეგობრებს ალბათ, არ ეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ეს ადამიანია. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი გოგონა. მასთან ერთად 22 წელი ვიცხოვრე. შეიძლება გაგიკვირდეთ, კრიმინალურ ავტორიტეტზე ამდენ კარგს რომ ვამბობ, მაგრამ ის აბსოლუტურად სხვა ადამიანია. ჩვენს ხასიათებს შორის ბევრი თანხვედრაა. ძალიან განათლებულია, ნიჭიერი, გემოვნებიანი, დახვეწილი. ზოგჯერ ვამბობ, იმ სამყაროში შემთხვევით არის-მეთქი მოხვედრილი.

- დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. ახლა კი თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში არსებულ სიახლეზე მელაპარაკეთ. "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩიკას დედის როლი როგორ მოირგეთ?

- ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, მივსულიყავი, ჩიკას დედის როლისთვის სინჯის გადაღება უნდოდათ. გამეღიმა და ვუთხარი, რომ ვერ შევძლებდი. რადგან მთხოვეს, გადაღებაზე მაინც მივედი. კიდევ რამდენიმე მსახიობი გასინჯეს, მეორე დღეს კი მითხრეს, როლზე დაგამტკიცესო. აი, ასე გავხდი ნანუნა. ანი ჩირაძემ იმდენად მკვეთრი სახე შექმნა, რომ მისი პარტნიორობა, ცოტათი რთული ამბავია და მესმის მაყურებლის, რომელიც არის კრიტიკული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ქართველი მსახიობები კინოთი განებივრებულები არასდროს ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომში გვიწერია, "დრამისა და კინოს მსახიობი", სტუდენტობის წლებში, ჩვენ არც ერთი ლექცია არ გვქონია, კამერასთან 10 წუთითაც არასდროს გვიმუშავია. ჩვენ ვართ თეატრის მსახიობები. რა თქმა უნდა, თამაშის დროს "თეატრი აჭარბებს".

არაპროფესიონალისთვის კამერის წინ მუშაობა გაცილებით ადვილია, რადგან ის იმაზე არ ფიქრობს, რაზეც თეატრის მსახიობი. ფროიდი წერს: შემოქმედთა შორის ყველაზე სათუთი და ფაქიზი არსება არის მსახიობი. ჩვენს ტკენას არაფერი უნდა, პატარა ბავშვებივით ვართ. ვიცი, კარგიც დაიწერება და ცუდიც, მაგრამ არ მინდა ვნახო. ამ სერიალს ვუყურებდი და ვეღარ ვუყურებ. არადა, იყო დრო, პარასკევის მოსვლას ველოდი.

ჩემი პირველი გამოჩენა იყო ექსცენტრიკა, სიგიჟე, სიუჟეტის განვითარების პარალელურად, მაყურებელი მიხვდება, ასეთი რატომ ვიყავი.

- ანი როგორი პარტნიორია?

- მას სულ თვალს ვადევნებდი, მიყვარს. ვფიქრობდი, გადაღების დროს სიცილი არ ამიტყდეს-მეთქი. ანი საოცრად მზრუნველია, შემოვარდება და კითხულობს, ჩემს დედას რა აცვია? ძალიან კარგი, საყვარელი და ნიჭიერია.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის!

- მადლობა თქვენ ყურადღებისთვის!

თამუნა კვინიკაძე