რაში ხარჯავენ თავიანთ შემოსავალს ცნობილი და წარმატებული ქართველი ქალები? - გზაპრესი

რაში ხარჯავენ თავიანთ შემოსავალს ცნობილი და წარმატებული ქართველი ქალები?

სოციალური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი კვებაზე იხარჯება. ქართველი დიასახლისების მუდმივი საზრუნავი კი ის არის, როგორ გააწვდინონ ოჯახს თანხა, რომელიც ხშირად მიზერულია. როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემას წარმატებული ქალები და რაში იხარჯება მათი შემოსავალი? - ამის თაობაზე ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ:

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი: GzaPress

- სხვებისგან განსხვავებული ხარჯები ნამდვილად არ მაქვს: ჩემი ფული ძირითადად ბენზინს, ბავშვის საკვებსა და ყოველდღიურ ხარჯებს მიაქვს. რომ გითხრათ, სულ სალონში ვზივარ და მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ვფიქრობ-მეთქი, მოგატყუებთ, ამისათვის არც დრო მაქვს და არც ხალისი. არ არის აუცილებელი, ყოველდღე სალონში იჯდე, სილამაზე რომ შეინარჩუნო. ვფიქრობ, მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, მაინც ვახერხებ ფორმაში ყოფნას. თმას იშვიათად ვიღებავ, ათ დღეში ერთხელ მხოლოდ ფრჩხილების გასაკეთებლად ვსტუმრობ სალონს. უბრალოდ, სულ ვვარჯიშობ და ვცდილობ, სწორად ვიკვებო. ტანსაცმელზეც არ ვხარჯავ დიდ ფულს. მიმაჩნია, რომ სამოსი გემოვნებით უნდა იყოს შერჩეული, ფასი მეორეხარისხოვანია. ყოველთვის ვცდილობ, ნორმალური ხარისხის სამოსი ნორმალურ ფასად ვიყიდო. კონცერტისთვის და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კი ვიკერავ, რაც საკმაოდ იაფი მიჯდება: ჩემი მეგობარი ანუკა ქებურია მიკერავს, კმაყოფილი ვარ მისი. საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს აქვს ბანკის ვალი, რომელიც მე არ მაქვს და არც არასდროს მქონია. ახლა რემონტს ჩემი შემოსავლით ვაკეთებ, ვალით არაფრის გაკეთება არ მიყვარს. ყველაზე მეტად პენსიონერების ბედი მაღელვებს, ბებია მყავს პენსიონერი და მათი პრობლემები კარგად ვიცი. წარმომიდგენია, რა რთულია პენსიონერისთვის 180 ლარად თავის გატანა, თუ არავინ ეხმარება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ვისაც ეხება: პირველ რიგში ამ ადამიანებს მიხედონ და როგორმე ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნან.

ეკა მიშველაძე, ჟურნალისტი:GzaPress

- ჩემი შემოსავალი ძირითადად საკვებში იხარჯება. გადასახადებს ჩემი მეუღლე იხდის და ეს საშუალებას მაძლევს, ლამაზად ჩაცმაზეც ვიზრუნო, მაგრამ სამოსში ბევრი ფული არ მეხარჯება. მთავარია, მომწონდეს და ვიხდენდე, არ მიმაჩნია, რომ ტანსაცმელი აუცილებლად ძვირი უნდა ღირდეს და ცნობილი ბრენდის იყოს. როდესაც დაძაბული რეჟიმი გაქვს, დასვენება და განტვირთვა აუცილებელია. ამიტომ თუ თანხა მრჩება, ყოველთვის დასვენებაში ვხარჯავ.

ნატო მეტონიძე, მომღერალი:

- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, რადგან ადამიანი თავის შემოსავალს იმაზე ხარჯავს, რაც მისთვის საჭირო და აუცილებელია. ჩემი ხარჯები სხვებისგან დიდად არ განსხვავდება: შემოსავლის დიდი ნაწილი გადასახადებში, მედიკამენტებსა და ყოველდღიურ წვრილმანებზე მიდის.

მაყვალა გონაშვილი, პოეტი:

- საქართველოში ხელოვანის შემოსავალი არაფერს ყოფნის, გარდა საკვებისა. ფუფუნება კი არა, ყოველდღიურად ფორმაში რომ იყო, იმასაც ვერ შეძლებ, თუ მეუღლე ან ოჯახის წევრი არ გეხმარება. როდესაც რაღაც ღონისძიებაა, ყოველთვის ვიბნევი და ეიფორიაში ვვარდები, რადგან იძულებული ვარ, რაღაც ახალი ჩავიცვა და განსაკუთრებულ ფორმაში ვიყო. ზოგს ჰგონია, რომ ინტელიგენციას დალხენილი ცხოვრება აქვს, მაგრამ ასე არ არის. მაგალითად მე, საკუთარი ბინა გავაქირავე და საცხოვრებლად ჩემს შვილთან გადავედი. ახლა ამ თანხით ვცხოვრობ, რადგან სხვა საშუალება ვერ გამოვძებნე. ხელოვანი ადამიანისთვის თავისი სახლის დატოვება ძალზე რთულია, რადგან მისთვის სიმყუდროვე ყველაზე მეტად საჭიროა, მაგრამ მაინც მადლობა ღმერთს: სხვებს ესეც არა აქვთ და მიზერული ხელფასით არსებობენ.

ნინა წკრიალაშვილი, ტელეწამყვანი:

- ჩემს შემოსავალს ძირითადად მოგზაურობაზე ვხარჯავ, ასევე - აუცილებელ საყოფაცხოვრებო საჭიროებაზე, დანაზოგით კი უცხოეთში მივდივარ. სახლში ისეთი დაღლილი ვბრუნდები, სადმე წასვლა მეზარება კიდეც. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ თითქმის არსად დავდივარ. ასეთი რეჟიმი მაქვს - სამსახური - სახლი. ზოგჯერ ვხუმრობ, რომ დავბერდი, უკვე გამოვედი "ტუსოვკების" ასაკიდან და ისე ვეღარ ვერთობი, როგორც 10 წლის წინ ვერთობოდი-მეთქი. თანაც, სადაც წავედი და ვინმემ რამე დააშავა, ყველაფერი მე დამბრალდა, ამიტომ "ტუსოვშიცას" იმიჯი აღარ მომწონს. გამიმართლა, რომ ევროპაში ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს და ხშირად მათთან მივდივარ ხოლმე. მოგზაურობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მომწონს, რომ იქ შემიძლია უბრალო კედებით, უმაკიაჟოდ, თმადაუვარცხნელმა ვიარო და არავინ არაფერი მომაძახოს. ჩაცმის მიმართ კრიტიკული ვარ: შეიძლება ადამიანს 5-ლარიანი მაისური ეცვას, მაგრამ ძალიან უხდებოდეს. ამიტომაც არ ღირს ჩაცმაში ზედმეტი ფულის გადაყრა. მოგზაურობა კი ჩემთვის ყველაფერია, ერევანშიც ისეთივე სიხარულით მივდივარ, როგორითაც ლონდონში ან პარიზში. ყველაზე მეტად მაინც იტალია მიყვარს, განსაკუთრებით, ტოსკანის მხარე. იქ ყველა იღიმის და ქუჩაში არავინ არავის ლანძღავს. ჩემს ცხოვრებაში ისეთი რთული პერიოდები ყოფილა, რომლის გადატანაც ბევრ კაცს გაუჭირდებოდა, მაგრამ მოვერიე და არ გავბოროტებულვარ, რადგან ვიცი, შურიან და ბოღმიან ადამიანს ამ ცხოვრებაში კარგი არაფერი ეძლევა.

მარინა ბერიძე, მუსიკალური პროდიუსერი: GzaPress

- ორიგინალური ვერ ვიქნები და გეტყვით: ჩემი შემოსავალიც ძირითადად საოჯახო ხარჯებს მიაქვს - კვება, გადასახადები, ბინის ქირა და ა.შ... ძალიან ფრთხილი და მომჭირნე მხარჯველი ვარ, ამიტომ ჩემს დიასახლისობას ოჯახში არავინ უჩივის. რაც შეეხება ჩაცმას, როცა მაქვს საშუალება, ტანისამოსს მაშინ ვყიდულობ. როცა არა მაქვს, არ ვყიდულობ და იმას ვჯერდები, რაც მაქვს. მიმაჩნია, რომ ჩაცმაში მთავარი გემოვნებაა: რაც გაცვია, უნდა გიხდებოდეს. ადამიანს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სამოსიც კი დააუშნოებს, თუ ის ულაზათოდ და უგემოვნოდაა შერჩეული.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:

- ჩემი შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილი ჩემს შვილთაშვილზე იხარჯება, რომელიც ჯერ წლინახევრისაა, რადგან ბევრი რამ სჭირდება. საერთოდ, თუ ოჯახში პატარა ბავშვია, იმ ოჯახს მეტი სჭირდება - ბავშვისთვის ათასი რამ უნდა შეიძინო: მედიკამენტები, საექიმო მომსახურება, ხარისხიანი სათამაშოები, ტანსაცმელი და ა.შ... სატელეფონო მომსახურება, შუქი, გაზი, კომუნალური გადასახადები - ამაზეც სოლიდური თანხა მიდის. ამ ხარჯებს ემატება წიგნები, რომელსაც ხშირად ვყიდულობ და საკმაოდ ძვირი ღირს. ასე რომ, ჩემი ხარჯები სხვა დიასახლისებისგან განსხვავებული სულაც არ არის, თუ ამ უკანასკნელ პუნქტს არ გავითვალისწინებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე