"მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ" - "მის ბიკინის" პირადი ცხოვრება - გზაპრესი

"მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ" - "მის ბიკინის" პირადი ცხოვრება

22 წლის მოდელი - ლიზი წიგნაძე გარეგნობის გამო, ზოგჯერ მისთვის დისკომფორტულ სიტუაციაში ხვდება. ლიზის შესახებ ჭორებიც ხშირად ვრცელდება. მოდელი გამოგვიტყდა, რომ ჭორებს ცრემლებამდეც კი მიუყვანია... პირველ სიყვარულზე, ჭორ-მართალზე, კრეატიულ თაყვანისმცემლებსა და ამჟამინდელ ურთიერთობაზე მოდელი გულახდილად გვესაუბრა...

- დაახლოებით 18 წლისამ გავაცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ვარ. ყურადღების ცენტრში ხშირად ვხვდებოდი და შესაბამისად, მივხვდი - ცუდი არ ვარ (იღიმის).

- 18 წლამდე ყურადღება არ გიგრძნია?

- კი, როგორ არა! უბრალოდ, როცა იზრდები, ბევრ რაღაცას მერე უფრო ხვდები... 18 წლამდეც თავს ვუვლიდი. გაპრანჭვა ბავშვობიდან მიყვარს. ადამიანი (მით უმეტეს - ქალი) ყოველთვის გრძნობ, როცა ყურადღების ცენტრში ხარ. თავდაპირველად, ეს მაკომპლექსებდა - ამ სიტუაციასთან შეგუება ადვილი არ იყო. ჩემს მეგობრებს ჩემთან ერთად სიარული არ უყვარდათ, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონდათ, დღეს კი - პირიქით არის... მეც მაქვს შემთხვევები, როცა ფიქრებით სხვაგან ვარ, სხვები კი საქციელით გამოხატული ყურადღებით მაწუხებენ. მაგალითად, ბიჭს ჩემი გაცნობის სურვილი აქვს, მოდის და კომპლიმენტებს მეუბნება. ბანალური ერთფეროვნებაა, ეს მაღიზიანებს.

- სამოდელო სფეროში რომელი ასაკიდან ჩაერთე?

- 13 წლის ვიყავი, როცა სააგენტოში პირველად მივედი. მას შემდეგ მოდის სფეროში გახლავართ და მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ შემდგარი, წარმატებული მოდელი ვარ.

- შენს საქმეში ყველაზე დიდ წარმატებად რას მიიჩნევ?

- ასე განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ. ჩემ მიერ გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი წარმატებად მიმაჩნია. ჩემთვის თუნდაც ისაა წარმატება, რომ ბევრ ლამაზ გოგონასთან ერთად, პოდიუმზე გავდივარ, დიზაინერის სამოსი მაცვია... გარდა ამისა, კონკურსებში, სადაც ვმონაწილეობდი, ყველგან წარმატება მხვდა წილად. ბოლოს "მის პლანეტაზე" საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი და "მის ბიკინის" ნომინაციაში გავიმარჯვე.

- შენი სხეულის მომხიბვლელი ფორმები ბუნებრივია თუ პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიგიმართავს?

- (იცინის) ყველაფერი ჩემია.GzaPress

- გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?

- ალბათ, ჩემი გარეგნობა გენეტიკის "ბრალია": დედა რუსი მყავს, მამა - ქართველი. შესაბამისად, ჩემს გარეგნობაზე დედის გენეტიკამ იმოქმედა... კვების მხრივ, თავს არ ვიზღუდავ. როცა ვახერხებ, ყოველთვის ვვარჯიშობ. პირად ჰიგიენაზე, სახის კანზე დამოუკიდებლად ვზრუნავ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ.

- როგორც ვიცი, შენი საქმრო კალათბურთელი ლევან გუგუშვილია...

- მყავდა, მაგრამ დავშორდით. ალბათ, ეს სიყვარული ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც გვეგონა...

- თქვენი ურთიერთობა რატომ ვერ აეწყო?

- აზრთა სხვადასხვაობის გამო.

- შეგიძლია, პირველი პაემანი გაიხსენო?

- პირველი პაემანი არა, მაგრამ ერთმანეთს როგორ შევხვდით, მახსოვს: ერთ-ერთ "ივენთზე" ვიყავი. ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ჩემს გასაცნობად ბევრი ადამიანი მოდიოდა. მარტო ვიყავი (ჩემი მეგობრები სხვაგან ისხდნენ). ძალიან შევწუხდი. ლევანის სამეგობრომ თავის მაგიდასთან მიმიპატიჟა - დაინახეს, რომ მაწუხებდნენ და ზრდილობის გამო, ყურადღება გამოიჩინეს. მათ მაგიდასთან მივედი, ერთმანეთი გავიცანით... იმ დღის მერე, ძალიან მალე, მე და ლევანი შეყვარებულები აღმოვჩნდით.

- ამჟამად, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შენი გული დაკავებულია?

- საინტერესო კითხვაა (იცინის)... რატომღაც, ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის საქვეყნო განხილვის თემა ხდებოდა. მიმაჩნია, რომ პირადი ჩემთვის უნდა შევინახო, რადგან ბევრი ისეთი ფაქტი მოხდა, რამაც გამაღიზიანა: უაზრო ჭორები ვრცელდებოდა, დაშორებულები არ ვიყავით, როცა "გვაშორებდნენ" და ა.შ. ასე გეტყვი: ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვისაც ვუყვარვარ.

- თავად თუ გიყვარს?

- იმ ადამიანზე მეც ვფიქრობ (იღიმის). ალბათ, მიყვარს. გრძნობების გარკვევის პროცესში ვარ. ძალიან ბევრი წელია, რაც მას ვუყარვარ. ჩემ გარდა, ასე არც ერთი გოგო არ ჰყვარებია. კარგი ადამიანია.

- შენთვის იდეალური მამაკაცი როგორი უნდა იყოს?

- მაღალი, სიმპათიური და რაც მთავარია, კეთილი. კარგად უნდა აზროვნებდეს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეეძლოს. ალბათ, უმთავრესი ისაა, რომ ყველაზე მეტად ვუყვარდე...

- როგორი შეყვარებული ხარ? შენს რჩეულზე ეჭვიანობა გჩვევია?

- ეჭვიანი არ ვარ (რა თქმა უნდა, თუკი საამისო მიზეზი არ მაქვს). იმათ არ ვგავარ, ვინც უაზროდ, უმიზეზოდ ეჭვიანობს. მგონია, რომ ეჭვიანობით ნდობა იკარგება და ურთიერთობა ინგრევა... ძალიან მხიარული შეყვარებული ვარ. შემიძლია, 24 საათი მასთან ერთად ვიყო და სხვაგან წასვლაზე წუთითაც არ დავფიქრდე - ის ადამიანი არ მბეზრდება. ყველაფერში ვეთანხმები. ალბათ იმიტომ, რომ ვენდობი.GzaPress

- ლიზი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლიტიკოსს ხვდებოდი. ეს სიმართლეა?

- ეს სკანდალური ჭორი იყო. ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს. იმ ადამიანს ვიცნობ, ვმეგობრობ და სხვა არაფერი.

- თაყვანისმცემლები გაწუხებენ?

- ის არ ვარ, ვინც შეიძლება, შეაწუხო. რა თქმა უნდა, მოვწონვარ, ვუყვარვარ, მაგრამ მთავარია, მიდგომა იცოდე - ადამიანს ყველაფერი ზრდილობიანად, კულტურულად აუხსნა და არავინ შეგაწუხებს.

- ბევრ ბიჭს უყვარხარ?

- საკმაოდ (იცინის).

- ანუ მათთან მეგობრობ?

- არ შემიძლია, ადამიანს გული ვატკინო, უხეშად მივმართო და ვაწყენინო. ვფიქრობ, რომ ეს სწორი საქციელი არ იქნება. როცა ადამიანი არ გიყვარს და მის მიმართ სიმპათიები არ გაქვს, შეგიძლია, მას ეს ყველაფერი უბრალოდ, აუხსნა... ისეთი თაყვანისმცემლები არ მყავს, სისულელეებს რომ აკეთებენ ხოლმე.

- რომელიმე კრეატიული სიურპრიზის შესახებ მოგვიყევი...

- დაახლოებით 1 თვის წინ, ჩემს სამეგობროში, დაბადების დღის წვეულებაზე ბიჭი გავიცანი (მეგობრის მეგობარი). ხუმრობით (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ჩავთვალე) მკითხა, - ცოლად გამომყვები თუ არაო? ამაზე ვიცინეთ. ჩემი დაქალი ეხუმრა, - სანამ ბრილიანტისთვლიან ოქროს ბეჭედს არ მოიტან, "ჩემს" გოგოს არ გაგაყოლებო (იცინის)... მეორე დღეს მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, ერთ-ერთ კაფეში გავსულიყავი. კაფეში გავედი, სადაც წინადღეს გაცნობილმა ბიჭმა ხელი მთხოვა - ზუსტად ისეთი ბეჭდით, როგორიც ჩემა მეგობარმა უთხრა. ადამიანს, რომელსაც არც იცნობ, ვერანაირ პასუხს ვერ გასცემ. უბრალოდ, ხალხს ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ რაიმეს თქმის შემრცხვა. ბეჭედი გავიკეთე და დავჯექი. ვუთხარი, რომ ამ წინადადებას ხუმრობად მივიღებდი.

- თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდა?

- ის ბიჭი ლონდონს დაუბრუნდა. იცოდა, რომ კონკურსში მონაწილეობას ვაპირებდი და მითხრა, - კონკურსი როცა გექნება, ჩამოვალო. საბოლოოდ, მისი ცხოვრებიდან ისევე გავქრი, როგორც გავჩნდი.

- და ბეჭედი?..

- სხვათა შორის, ვუთხარი, - დაგიბრუნებ-მეთქი, მაგრამ არ დაიბრუნა (იცინის). ეტყობა, პასუხის იმედად დარჩა - ელოდება...

- არის შანსი, რომ თქვენი ურთიერთობა განვითარდეს?

- არანაირი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭია. ვფიქრობ, ადამიანი მხოლოდ გარეგნობით არ უნდა შეაფასო. როდესაც პიროვნებას არ იცნობ, მასზე ვერაფერს იტყვი.

- და რომ გაიცნო და მოგეწონოს, გამორიცხავ?

- დღეს ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ბიჭია.

- ცნობილი ადამიანია?

- ამას არ ვიტყვი (იცინის)...

- კარგი. შენთვის ჭორებს პრობლემა შეუქმნია?

- უბრალოდ, ჩემი ნერვიულობის მიზეზი ყოფილა, რადგან რთულია, როცა რეალობისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჭორს იგებ და მეგობარი ან ოჯახის წევრი გეუბნება - შენ შესახებ დღეს ეს წავიკითხეო. თავდაპირველად, ამის გამო ვნერვიულობდი, განსაკუთრებით - მაშინ, როცა პირადი ცხოვრება მქონდა: ჩემ შესახებ ყოველკვირა რაღაცას წერდნენ... ხშირად ჭორებს ცრემლებამდეც მივუყვანივარ. მერე უკვე შევეგუე. დღესაც ვიგებ რაღაცებს - თითქოს ვინმეს დავშორდი, შევურიგდი, ოჯახი დავანგრიე (იცინის)... სიმართლე არც ერთი არ არის.

ეთო ყორღანაშვილი