"ქართველებმა ნორმალურად დასვენებაც არ ვიცით" - როგორი კულინარია ნუკა კაციტაძე - გზაპრესი

"ქართველებმა ნორმალურად დასვენებაც არ ვიცით" - როგორი კულინარია ნუკა კაციტაძე

"საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე რომმა. შოკირებული ვიყავი! თავიდანვე პირი რომ დავაღე გაოცებისგან, იქიდან ისე მოვდიოდი, პირი ვეღარ დავხურე", - ამბობს პირველი "მის საქართველო" - ნუკა კაციტაძე, რომელიც საკუთარ გემოვნებაზე გვესაუბა.

- ბავშვობაში რომელი მწერლები, წიგნები იყო თქვენთვის ყველაზე საყვარელი?

- სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები მიყვარდა. მაგალითად, დღემდე მახსოვს ინდური ზღაპრები, იმდენად საინტერესო იყო... როცა ადამიანს ასაკი ემატება, რომანები იტაცებს. ჰოდა, ემილ ზოლას "ნანა" და მსგავსი ნაწარმოებები, სხვების მსგავსად, მეც მიზიდავდა. შემდეგ გამოძიების თემა გახდა ჩემთვის ძალიან საინტერესო და დეტექტიურ მოთხრობებს ვკითხულობდი... როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, სხვა ინტერესები გამიჩნდა: შემიყვარდა ლექსების კითხვა (სხვათა შორის, ახლა არ მიყვარს ლექსები და ვერაფრით წავიკითხავ წიგნსაც კი, რადგან სულ ტელევიზორითა და კომპიუტერით ვართ დაკავებული)... სტუდენტობის პერიოდში უამრავი ლექსი ვიცოდი ზეპირად...

რასაკვირველია, თაობებს შორის გემოვნება იცვლება და ჩვენი შვილებისთვის სულ სხვა წიგნებია საინტერესო. მაგალითად, ჩემი მეგობრის შვილმა "ჰარი პოტერი" წლების წინ წაიკითხა, ახლა სტუდენტია და დღემდე, ლამის სულ "ჰარი პოტერს" ახსენებს...

- რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მეტად მიმზიდველი - მეგაპოლისები თუ ისტორიული ქვეყნები?

- ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს: როდესაც დასასვენებლად მივდივარ, ამ მოგზაურობაში ექსკურსიაც შედის... რასაკვირველია, ყველაფერს ვერ ნახავ და დაათვალიერებ! არც მიყვარს ძალიან გადატვირთვა, ცოტ-ცოტა კი ყველაფერი კარგია: ექსკურსია, გასეირნება, ქალაქის დათვალიერება, შოპინგი... ბავშვობაში დედასთან ერთად, პოლონეთში ვმოგზაურობდი. აქ პოლონელები ჩამოდიოდნენ, მათთან მეგობრული ურთიერთობები გვქონდა და შემდეგ ჩვენ ჩავდიოდით სტუმრად. ზაფხულობით პოლონეთში ფესტივალი იმართებოდა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომღერლები ჩადიოდნენ. საქართველოში მაშინ ე.წ. დახურულ სივრცეში გვიწევდა ყოფნა და ცნობილი მომღერლების მოსმენის საშუალება არ გვქონდა... პოლონეთში კი შეგეძლო ფესტივალზე დასასწრები ბილეთი გეყიდა...

ბაბუა მოსკოვში ცხოვრობდა და ბებიას იქ ხშირად დავყავდი. პეტერბურგი, სხვათა შორის, ულამაზესი ქალაქია და გული მწყდება, იქ ძალიან ცოტა ხნით რომ ვარ ნამყოფი. სულ მინდა, იქ წავიდე და უფრო ნაყოფიერად ვნახო ყველაფერი... ახალგაზრდობაში კი სულ მინდოდა დისკოთეკაზე წავსულიყავით, მხოლოდ გართობაზე ვფიქრობდი. მიუხედავად პატარა ასაკისა, დედამ მთელი პეტერბურგი დამათვალიერებინა, მაგრამ როგორც ყველა ბავშვი, მუზეუმებში ყველაფერს ცალი თვალით ვუყურებდი და ცალი ყურით ვისმენდი.

სტუდენტობისას ბულგარეთში მომიხდა წასვლა. თეატრალურ ინსტიტუტში ლექსის კითხვაში გავიმარჯვე და ჯილდოს სახით, ბულგარეთში მოგზაურობა მერგო. სხვადასხვა ინსტიტუტიდან ვიყავით სტუდენტები და პირველად წავედი მარტო ევროპაში. უკვე "ნამდვილი საზღვარგარეთის" ნახვა იმდენად სასიხარულო იყო, ლამის ჭკუიდან შევიშალე... ხშირად ვიყავით იალტაზე... "იალტობანა" მოდასავით იყო და ხშირად მივდიოდით ჯგუფები თბილისიდან... როცა გავიზარდე, ვიმოგზაურე: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში...

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება, გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვით?

- რომმა (იტალიაში მხოლოდ რომში ვარ ნამყოფი). შოკირებული ვიყავი! ოთხი დღე ვიყავი და ეს ოთხი დღე არაფერში მეყო. ავტობუსით დავდიოდი ქალაქში და ყველაფერს ვათვალიერებდი. იქ ხალხი მართლაც გამოირჩევა მაღალი გემოვნებით. იტალიელები საერთოდ, პრანჭია ტიპები არიან... ერთხელ კანში ვისვენებდი და როდესაც ზღვის სანაპიროზე მეგობრებთან ერთად ვირუჯებოდი, იქ მყოფმა იტალიელებმა გამაოცეს! ბებიები და ბაბუები იყვნენ, დაახლოებით ექვსი ადამიანი, ქოლგა და სკამები ჰქონდათ გაშლილი და ბანქოს თამაშობდნენ. ყველას ოქროსა და ბრილიანტის სამკაულები ჰქონდა ასხმული. თავზე "პრიჩოსკები" ედოთ, სიგარეტს ეწეოდნენ... ჩვენთან კი ძალიან დაჩაგრულები არიან ბებიები და ბაბუები. ასე ჯგუფურად რომ სადმე მიდიოდნენ გალაღებულად დასასვენებლად, ჯერ არ მინახავს. საერთოდ, არც ერთი ასაკის ქართველმა ნორმალურად დასვენება არ ვიცით და ეს ცუდია! ცოლ-ქმარი მოხუციც რომ იყოს, დასასვენებლად უნდა მიდიოდეს და თავს უფლებას აძლევდეს, უამრავი საინტერესო რამ ნახოს... ჩვენთან კი ბებია 24 საათი აუცილებლად, სამზარეულოში უნდა იყოს და მთელ ნათესაობას საჭმელები მოუმზადოს. ნუ, ეს საცოდაობაა... ქართველი ბებია ახლა დასასვენებლად და დროის სატარებლად ზღვაზე რომც გაუშვა, შეიძლება იქ გადაირიოს, თავისი სამზარეულოს გარეშე ვეღარც გაძლოს და გამოიქცეს...

- დასასვენებლად რომელი უფრო მიმზიდველია თქვენთვის - მთა თუ ზღვა?

- ორივე ძალიან მიყვარს! ახლა მინდა რაჭაში, ჩემს სოფელში სახლს მივხედო! ამ სახლში ბებიას დავყავდით ზაფხულობით და მინდა, მისი აშენებული უფრო კომფორტულად მოვაწყო: მქონდეს ცხელი წყალი, სველი წერტილები სახლში და ა.შ. აქ ჰაერი არასოდეს მყოფნის, რაჭაში კი მოგეხსენებათ, არაჩვეულებრივი ჰაერია. ვგიჟდები იქაურობაზე! როცა იმ სახლში ჩავდივარ, ბებიაჩემი მახსენდება და ახლა, როცა მეც ბებია გავხდი, საოცარი ემოციები მიპყრობს... ზღვაც ძალიან მიყვარს! ზღვა და ზაფხული ჩემია. მიყვარს ზღვის სურნელი, ვდუნდები, ვისვენებ, მსიამოვნებს ცურვა.

- როგორი ჩაცმულობაა დღეს თქვენთვის მისაღები და კომფორტული?

- ჩემი ყოველდღიური სტილი სპორტულია. "დაბლები" კომფორტულია: მანქანაში ჩახტები, ბაზარში შეივლი და ა.შ. ადრე კი სულ მაღალქუსლიანებით დავდიოდი, მერე გავაჩუქრე ყველა. თუმცა, როცა ვთქვათ, წვეულებაზე მივდივარ, აუცილებლად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ. GzaPress

- როგორი აქსესუარები გიყვართ?

- აქსესუარებიდან ძალიან შემიყვარდა საათი, რომელიც ჩემი ძმის ცოლმა ამერიკიდან გამომიგზავნა. ოქროსფერია და საოცრად ლამაზია. საათს მივუმატე სამაჯური, რომელიც ასევე ძალიან მომწონს და ერთმანეთს მოუხდა... ორი-სამი პატარა ბეჭედი მაქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა მეკეთოს. მათ მხოლოდ ზაფხულში ვიხსნი.

- რამდენად გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება?

- ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და ჩემს სიძესაც მოსწონს ჩემი მომზადებული კერძები, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი უბადლო მზარეულია! მასთან სტუმრად თუ მიხვალ, წუთებში დაგიცხობს ხაჭაპურს, ბლინებს და ა.შ. ჩემი გაკეთებული საცივი, კატლეტი, ლობიო და სხვა კერძები მოსწონთ. ერთადერთი, ცომთან ურთიერთობა არ მიყვარს. გამზადებულ ფენოვან ცომს ვყიდულობ, მოვჭრი, გავაბრტყელებ, ყველს ჩავახეხავ და ადვილად გამოვდივარ (იღიმის)...

- ალბათ, ჯანსაღად იკვებებით და ამიტომ ხართ მუდმივად ფორმაში...

- რაღაც პერიოდი ჯანსაღად ვიკვებებოდი და მერე ავურიე... როდესაც სახლში ხარ, უყურებ ტელევიზორს და თან გეფიქრება, რა შეიძლება მიირთვა (იღიმის)... სამსახურში კი ამ ყველაფრისთვის არ გცალია და ამიტომაც ვამბობ, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმე, რათა მუდამ ფორმაში იყოს. მე კი ბოლო დროს წონაში 8 კილო მოვიმატე. მართლია, დიდად არ მეტყობა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ! ვეცდები, მალე ისევ დავუბრუნდე სასურველ წონას!

მანანა გაბრიჭიძე