"ან­ტო­ნოვ­კა" მსა­ხი­ო­ბის ერუ­დი­ცია - გზაპრესი

"ან­ტო­ნოვ­კა" მსა­ხი­ო­ბის ერუ­დი­ცია

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თეატრში მუდმივად დაკავებული ვარ და თან სამ შვილს ვზრდი, მხატვრული ლიტერატურისთვის დროის გამონახვას მაინც ვახერხებ", - ამბობს მსახიობი ანიკო ცეცხლაძე. მისი საყვარელი ავტორები არიან ვაჟა-ფშაველა, ფოლკნერი, დოსტოევსკი... "ძმები კარამაზოვები" ის წიგნია, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ანიკო წარდგენილია პრემია "დურუჯზე" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (სპექტაკლი "გათვლა").

- კითხვა ძალიან მიყვარს. მოსწავლეობისა და სტუდენტობის წლებშიც აქტიურად ვკითხულობდი, მაგრამ მაშინ ეს სავალდებული იყო. დღეს ყველა წიგნთან საკუთარი სურვილითა და დიდი ინტერესით მივდივარ. ბევრი თავისუფალი დრო რომ მქონდეს, უფრო მეტის წაკითხვას შევძლებდი. პროფესიასა და ოჯახს დიდი დრო მიაქვს. მახსოვს, ბავშვობაში საბნის ქვეშ, ფარნის შუქზე ვკითხულობდი, ძილის წინ კითხვა ძალიან მიყვარდა.

ამჟამად მიშელ უელბეკის "პლატფორმას" და ფოლკნერის მოთხრობებს ვკითხულობ. კიდევ ერთი წიგნი მაქვს ნაყიდი, რომლის კითხვას ამ დღეებში აუცილებლად დავიწყებ. ცოტა ხნის წინ, შემთხვევით მოვისმინე, ვიღაც ამბობდა, ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობო. მსგავსი რამ არასდროს მქონდა გაკეთებული და დავფიქრდი, იქნებ, კითხვის ეს ფორმა საინტერესო იყოს-მეთქი. ზოგჯერ ხომ არის მომენტი, როცა მხოლოდ 15 ფურცელი გინდა წაიკითხო, უბრალოდ, არ გინდა, უკვე დაწყებული და დაპაუზებული სქელტანიანი ნაწარმოები გააგრძელო. ასეთ დროს, კარგი იქნება, პატარა მოთხრობების წიგნი გადმოიღო და ერთი მოთხრობა წაიკითხო.

ფოლკნერი არის ავტორი, რომელსაც სხვა განზომილებაში გადავყავარ. დოსტოევსკი ცოტათი მძიმეა, მაგრამ კითხვის დროს, თითქოს სულ მოძრაობაში გამყოფებს, არ გადუნებს.

ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვებია".

თანამედროვე ავტორების (უმეტესად დრამატურგების) შემოქმედებას ჩემი როლებიდან ვეცნობი, პიესების წაკითხვა მუდმივად მიწევს.

პოეზია მიყვარს, მაგრამ პროზა უფრო მეტად მიზიდავს.

ლიტერატურული პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, სიამოვნებით ვიმეგობრებდი რასკოლნიკოვთან (დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი"). ზედაპირული ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც არ მიყვარს, "მრავალწახნაგიანები" უფრო საინტერესოები არიან და მეტად მიზიდავენ. ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფითი პერსონაჟებიც ძალიან საინტერესოები არიან.

კამიუს "უცხო" რომ წავიკითხე, გავიფიქრე, მეუღლე რომ არ მყავდეს, ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი შემიყვარდებოდა-მეთქი. ის სჩადის მკვლელობას, მაგრამ ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება. ხშირად ხომ ასეთი დიდი ამბები გაუცნობიერებლად ხდება.

ბავშვობაში მეგონა, რომანტიკული ადამიანები მეტად მომწონდა, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემში ვნებებს მიწაზე მყარად მდგარი ადამიანები უფრო იწვევენ. ეს პერსონაჟი ძალიან რეალისტია, სულ სხვა მხრიდან დავინახე.

არაერთი ისეთი პერსონაჟია, რომელსაც სცენაზე დიდი სიამოვნებით განვასახიერებდი. "სტუმარ-მასპინძელში" აღაზას როლი მაქვს შესრულებული. ვაჟა-ფშაველაც გამორჩეულად მიყვარს.

- რომელი ნივთიერება სწევს თოვლის ტემპერატურას 0 გრადუსზე მაღლა?

- არ ვიცი.

- მგონი, დაიბენი, მიგანიშნებ, ამ ნივთიერებას ჩვენ საკვებად ვიყენებთ.

- (იცინის) ა! მივხვდი, მარილზეა ლაპარაკი, მოყინულ გზაზე ამიტომაც ყრიან.

- ეს ცნობილი ინგლისელი საზოგადო მოღვაწე მემუარებში წერდა, რომ მას მშობლები არასდროს მიჰფერებიან. სამაგიეროდ, აღმერთებდა ძიძას და კაბინეტში მისი სურათი ეკიდა. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- მისი ცნობილი გამონათქვამია: "ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ დამერწმუნებინა ჩემი ცოლი, ჩემზე დაქორწინებულიყო".

- რომელ პერიოდში მოღვაწეობდა?

- 1965 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. ის არა მხოლოდ სახელმწიფო მმართველი, ცნობილი ორატორი და მწერალიც იყო.

- ჩერჩილი?

- დიახ. ყველაზე კარგად ფრანგ მეწარმეს, ლუის რენოს გამოსდიოდა კაბრიოლეტების გაკეთება. ეს ფაქტი მარტივად ახსნეს ექიმებმა, როდესაც მის სამედიცინო ბარათში ჩაიხედეს. რა სჭირდა რენოს?

- კლაუსტროფობია, ანუ დახურული სივრცის შიში ექნებოდა, ხომ?

- დიახ. შუმერელმა მოაზროვნეებმა გამოიგონეს ციფრები, მაგრამ ვერ მიაგნეს მათემატიკის ერთ-ერთ უდიდეს საოცრებას. ეს ციფრი მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში აღმოაჩინეს ბაბილონელებმა. დაასახელე რომელ ციფრზეა ლაპარაკი?

- 0.

- ეს მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეაში, ნაზარეთიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მთის თავზე 2 მონასტერია - მართლმადიდებლური და კათოლიკური. რომელ მთაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- თაბორის მთაზე. რომელ ბრძოლაში მონაწილეობდნენ ჯვაროსნები?

- ვერც ამ კითხვაზე გიპასუხებ.

- დიდგორის ბრძოლაში. აინშტაინი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: არავითარი ტალანტი არ გამაჩნია, მაგრამ მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს. რომელ თვისებაზე მიუთითებდა მეცნიერი?

- ცნობისმოყვარეობაზე.

- "ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს". რომელი პროფესიის ადამიანებს აღწერდა ასე მარკ ტვენი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ფინანსებთანაა დაკავშირებული.

- ბანკირებს?

- დიახ.

- მაგას საქართველოს ბანკებში არსებული მდგომარეობა რომ ენახა, მერე რას დაწერდა, საინტერესოა.

- ამ ნაგებობის გამო გი დე მოპასანი საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. თავდაპირველად, როცა პროექტი წარადგინეს, ინტელიგენციის 40-მდე წარმომადგენელმა მოაწერა ხელი განცხადებას, რომლითაც მთავრობას სთხოვდნენ, რომ ამ პროექტზე უარი ეთქვათ, მაგრამ აზრი არ გაითვალისწინეს. ამ ქალაქში ის დღეს ყველაზე პოპულარული შენობაა. მის ბოლო სართულამდე რომ ახვიდე, 1792 საფეხური უნდა აიარო. რაზეა ლაპარაკი?

- სავარაუდოდ, ეიფელის კოშკზე, ხომ?

- დიახ. ნაპოლეონ ბონაპარტი საკუთარ თავს ბედნიერების ქმარს ეძახდა, ხოლო ძალაუფლებას...

- ვერ გიპასუხებ.

- მის საყვარელს. რომელი ცნობილი ქართველი პოეტი ამბობდა, ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალიაო?

- გალაკტიონი.

- რუს მწერალს, ანტონ ჩეხოვს ფანების დიდი არმია ჰყავდა...

- ...(მაწყვეტინებს) მეც მისი ფანი ვარ, ძალიან მიყვარს.

- რას ეძახდნენ ჩეხოვის ფანებს რუსეთში?

- "ანტონოვკებს".

- 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. ვისზეა ლაპარაკი.

- ველასკესზე?

- არა.

- ვაიმე! არადა, მამა მხატვარია (ფიქრობს), ვერ გიპასუხებ.

- პაბლო პიკასოზე. მსოფლიოში სახელგანთქმული ლონდონის თეატრის "გლობუსის" თავზე ფრიალებდა დროშა, რომელზეც ეწერა...

- რაღაც შექსპირთან დაკავშირებული?

- "მთელი მსოფლიო სცენაა". რომელი ყვავილი ითვლება მიუწვდომლობის სიმბოლოდ?

- ედელვაისი.

- რომელი ფერი ითვლება ჩინეთში სამგლოვიარო ფერად?

- თეთრი.

- "ქართველებს უყვართ სტუმარი, სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია, გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით, რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მივედით. გულითად და აღფრთოვანებულ შეხვედრებს გვიწყობდნენ და ეს შეხვედრები გვინაზღაურებდნენ იმ დიდ ცდასა და მძიმე საათებს, რაც მათი ენისა და ქართული ზმნის შესწავლას მოვანდომეთ... ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას, საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა". - ვკითხულობთ ინგლისელი ქართველოლოგის მოგონებებში. დაასახელე ეს ადამიანი.

- მარჯორი უორდროპი.

- რომელი სასახლე ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ სასახლედ, სადაც მეფეები და დედოფლები ისევ ცხოვრობენ?

- ბუკინგემის?

- უინძორების სასახლე. რომელ ქვეყანაში მიიჩნევა კიმონო ქალისა და მამაკაცის ტრადიციულ სამოსად?

- იაპონიაში.

- დაასახელე შტატი, რომელიც ამერიკას რუსეთმა მიჰყიდა.

- არ მახსოვს.

- ალასკა. "ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის", "ყინწვისის ანგელოზივით მჭმუნვარე", რომელ პერსონაჟს ახასიათებდა ასე კონსტანტინე გამსახურდია?

- "მთვარის მოტაცებიდან" არის?

- არა.

- აბა, "დიდოსტატის მარჯვენიდან"?

- დიახ.

- შორენა კოლონკელიძეს.

- რისი შიშია პელადოფობია?

- არ ვიცი.

- მელოტი ხალხის შიში.

- (იცინის) რა უცნაურია.

- თავად რისი შიში გაქვს?

- წყლის, სიმაღლის და გველების. ცურვა არ ვიცი. მიცდია, მაგრამ ვერ ვსწავლობ. ფეხქვეშ მიწა რომ არ ვიგრძნო, წარმოდგენაც არ მინდა, რა დამემართება.

- დაბოლოს, დაასრულე ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "სიყვარულის სიმცირე კი არა, მეგობრობის ნაკლებობა განაპირობებს უიღბლო..."

- "...უიღბლო ქორწინებას".