"ნატოს თამადობა შესანიშნავად გამოსდიოდა" - შვილის თვალით დანახული ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია - გზაპრესი

"ნატოს თამადობა შესანიშნავად გამოსდიოდა" - შვილის თვალით დანახული ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია

"ჯერ მეტყევე მინდოდა გამოვსულიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი "გეპეის" ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე შევედი, სადაც ნახევარი წელი ვისწავლე. მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და რეჟისორობა გადავწყვიტე. დედა ძალიან შეწუხდა, იმ პერიოდში თითქმის არ იღებდნენ ფილმებს და უმუშევარი დარჩებიო. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ არ შევარცხვინო დედა და მამა. ფილმის დაწყების წინ ასეთი რიტუალი მაქვს: მშობლების საფლავზე მივდივარ, ცოტა ხანს ვდგავარ, მათგან ერთგვარ დალოცვას ვიღებ და მერე ვიწყებ სურათის გადაღებას", - ამბობს ელდარ შენგელაია.

ჩვეულებრივი დედა და დიასახლისი

- ოჯახში საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ დედა ვარსკვლავი იყო. ის გახლდათ ჩვეულებრივი დედა და დიასახლისი, რომელიც ოჯახსა და შვილებს უვლიდა. დედას და მამას სიყვარულზე გადმოცემით ვიცი, რომ მათი შეხვედრა კამათით დაიწყო, განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ და ალბათ, ამიტომ. მამას უთქვამს, ჩემს ფილმებში არასოდეს გადაგიღებო, მაგრამ შემდეგ შეუყვარდა და "გიულის" რომ იღებდა, იქ მიიწვია. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. საერთოდ, მათ შეუღლებას საზოგადოება ნეგატიურად შეხვდა. ხალხისთვის ნატო ვაჩნაძე უკვე ვარსკვლავი იყო და გარკვეულწილად, საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. სწორედ იმხანად თბილისში ჩამოსული იყო ვლადიმერ მაიაკოვსკი. რა თქმა უნდა, მისი პოეზიის საღამო გაიმართა, რომელზეც დედა და მამაც მივიდნენ. მაიაკოვსკი ლექსს კითხულობდა, როცა ყველასგან მოშორებით მდგომი ჩემი მშობლები დაინახა. პოეტმა ლექსის კითხვა შეწყვიტა და სცენიდან დაუძახა: კოლია და ნატა, მანდ რას დგახართ, აქ ამოდით და ჯვარს დაგწერთო. მაიაკოვსკის ხუმრობამ დამსწრე საზოგადოებაში მხიარულება გამოიწვია. დადნა ყინული, ხალხმა მიიღო მათი სიყვარული და სრულფასოვან ოჯახად აღიარა. დედა ადამიანების მოყვარული იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა. სხვათა შორის, ხანდახან თამადობდა კიდეც, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა. დედა ნამდვილი კახელი ქალი იყო, რომელსაც უყვარდა თავისი კუთხე და კახურ ქუდსაც ხშირად ატარებდა. მოგონებების წიგნში წერს, რომ კახეთი მისთვის არის, როგორც მშობელი დედა ან ღვიძლი შვილი. გურჯაანში გაიზარდა, სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმია.

მამა - კოლორიტული პიროვნება

- მამა სწავლობდა იმ გიმნაზიაში, სადაც მაიაკოვსკიმ, სიმონ ჩიქოვანმა და ბევრმა სხვა მწერალმა თუ მოღვაწემ მიიღო განათლება. მამას ძალიან უყვარდა ქუთაისში თეთრი ხიდიდან წყალში ხტომა. "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ხიდიდან გადმოხტომის სცენა მას ეძღვნება. მამას ფილმები ნანახიც არ მქონდა, რადგან თითქმის ყველა აკრძალული იყო. მის ფილმებში: "ელისო", "26 კომისარი", "ნარინჯის ველი" თამაშობდა მსახიობი მიხეილ გელოვანი, რომელმაც მოგვიანებით სტალინის როლი შეასრულა. როგორც კი გელოვანმა სტალინის თამაში დაიწყო, მისი მონაწილეობით ფილმები აიკრძალა. ამიტომ "ელისო" მხოლოდ მაშინ ვნახე, როცა "ვგიკ"-ში ჩავაბარე.

მამაჩემზე ლეგენდები დადიოდა. როცა შინ სტუმრები გვყავდა, მაშინ ის მეფე იყო. რუსთაველის კინოთეატრთან ახლოს ვცხოვრობდით. ერთი რამ მახსოვს: რაღაც ფილმი ნახეს ჩემმა მშობლებმა, მათმა მეგობრებმა და მერე ჩვენთან ამოვიდნენ. ქალბატონმა ვერიკო ანჯაფარიძემ და მამამ ისე იჩხუბეს ფილმის გამო, რომ ბოლოს, ვერიკომ სკამი მოუღერა. მამა თავისებური, კოლორიტული პიროვნება იყო. ნანობდა, რომ ლიტერატურას თავი დაანება, პოეტი გახლდათ. ჭიდაობა უყვარდა. გადაღების შუალედებში, შესვენებისას მოაწყობდა ხოლმე ჭიდაობაში შეჯიბრებას. მისი თაობიდან ბევრი შეეწირა ცენზურას. მასაც ჯერ ერთი სურათი დაუხურეს, მერე მეორე, მესამე, მეოთხე. დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, წასვლა უნდოდა მოხალისედ. არ გაუშვეს, კინო გადაიღეო. დედა ამბობდა, - ნეტავ წასულიყო, ხელოვნებაში რა ინტრიგებიც ხდებოდა, იმას მაინც მოსწყდებოდაო.

პატარა ვიყავი, მაგრამ მამაჩემის პიროვნებას ვგრძნობდი. მინახავს, როგორ წერდა სცენარს ან როგორ ესაუბრებოდა სცენარისტებს. შევიპარებოდი მის ოთახში და კუთხეში დავჯდებოდი. ერთხელ შალვა დადიანი იყო ჩვენთან, რაღაცას წერდნენ. მაშინ ქაღალდი უხარისხო იყო. გადავწყვიტე ეს პრობლემა გადამეჭრა. სახლში შექსპირის გრავიურებიანი ძვირფასი წიგნი გვქონდა. ამ გრავიურებს ქაღალდი ფარავდა. ამოვხიე ფურცლები და მამას მივუტანე, - ამაზე დაწერე-მეთქი. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოუვიდოდა.

42 წლისა გარდაიცვალა, გულმა უმტყუნა, არადა, როგორი ჯანმრთელი იყო.

გადაღებიდან ბრუნდებოდნენ. ისეთი დრო იყო, მამა მძღოლადაც მუშაობდა დიდ მანქანა "ტრიოხტონკაზე" - ამ სახელს მისი სიმძიმის გამო ეძახდნენ. მასზე გასანათებელი აპარატურა იდო. წარმოიდგინეთ, რა ძალას მოითხოვდა საჭის ტრიალი. გული ცუდად გაუხდა, კაბინიდან გადმოიყვანეს და ჰაერზე დააწვინეს. ასეთ ვითარებაში წავიდა მამა ამ ქვეყნიდან.

სულ სხვა ცხოვრება...

- ჰიდროტექნიკური ფაკულტეტიდან საბუთები გამოვიტანე და დედას ვუთხარი, მოსკოვში მივდივარ, სარეჟისოროზე უნდა ჩავაბარო-მეთქი. მერე მოსკოვიდან პროგრამა გამოვითხოვე. მგონი, არასოდეს ისე არ მისწავლია, როგორც იმ პერიოდში. დილიდან საღამომდე საჯარო ბიბლიოთეკაში ვიჯექი, ამავე დროს დიდი "შპარგალისტი" ვიყავი. მოსკოვში დედამ ჩამიყვანა. გამოცდის დღეს უთენია გავედი სახლიდან. დედა გავაფრთხილე, არ მოხვიდე, თორემ უკან გამოვტრიალდები-მეთქი. აბიტურიენტებს ანბანის მიხედვით იძახებდნენ. ლოდინში თითქმის მოსაღამოვდა და ძალიან მომშივდა. ცოტა ხანში ვიღაც მეუბნება: გარეთ ქალი დგას და გეძახისო. მივხვდი, დედა იქნებოდა. მაინც თავისი გაიტანა და მოვიდა. გამოცდაზე გასასვლელად ცოტა ღონე ხომ გჭირდებაო? ახლოს იყო ვაგზალი, იქ რაღაც შეუკვეთა და მერე ოფიციანტს 50 გრამი არაყი მოატანინა. როცა ჭამა დავამთავრე, მითხრა: არაყი უნდა დალიო, როგორც წამალი, ისე შეგერგებაო. მართლაც, შემერგო. გასაუბრებამ და გამოცდებმაც კარგად ჩაიარა. რუსულის გამოცდაზე მოვიდა თემა "გორკი და სოციალისტური რეალიზმი". "შპარგალკიდან" ისე გადავწერე, ერთი ასო არ გამომიტოვებია. მეორე დღეს ერთ-ერთი აბიტურიენტი ამბობდა: ვიღაც ქართველს ხუთიანზე დაუწერია თემა. ჩვენ, რუსებმა კი სულ სამები და ორები მივიღეთო. ჩავირიცხე და დაიწყო სულ სხვა ცხოვრება, ძალიან საინტერესო.

GzaPress

თბილისის კინოსტუდიისკენ

- მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა - ალექსეი სახაროვმა მოსკოვში ორი ფილმი დავდგით: "ლეგენდა გაყინულ გულზე" და "ზამთრის ზღაპარი". მეორე ფილმში თამაშობდა ევგენი ლეონოვი, რომლისთვისაც ეს პირველი როლი იყო. ფილმის გადაღების შემდეგ გვაძლევდნენ ე.წ. სადადგმო თანხას. იმ პერიოდში უფროსი ქალიშვილი, ნატო მეყოლა. სტუდიიდან წამოსულმა ამ თანხით მისთვის ღამის ქოთანი ვიყიდე, მოვიტანე სახლში და ვთქვი: აი, მთელი ჩემი სადადგმო-მეთქი...

მერე გულმა თბილისის კინოსტუდიისკენ გამიწია. დავწერე განცხადება, მაგრამ ერთი კვირა არ მიშვებდნენ. ყველა "მოსფილმში" მოხვედრას ნატრობს, შენ კი აქედან მიდიხარო? - უკვირდათ. ერთი კვირის მერე განცხადებაზე ხელი მომიწერეს და ჩამოვედი თბილისში. მალე მე და თამაზ მელიავამ, რომელთან ერთადაც ვსწავლობდი მოსკოვში, გადავიღეთ ფილმი მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობის - "გზები და გზაჯვარედინები" მიხედვით. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი იყო უაღრესად განათლებული ადამიანი, მიხეილ კვესელავა. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიურნბერგის პროცესზე ის თარჯიმნად მუშაობდა. კინოსტუდიაში მან მოიყვანა მწერლები, რომელთაც იმდროინდელი ხელისუფლება დიდად არ სწყალობდა: ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, გურამ ასათიანი... ნოდარმა თქვა, არ მომწონს ეს "გზები და გზაჯვარედინები", მოდი, დაარქვით "თეთრი ქარავანიო". ასე რომ, ნოდარის წყალობით, ამ სურათს "თეთრი ქარავანი" ჰქვია, რომელიც შემდეგ კანის ფესტივალზე აჩვენეს.

"ცისფერი მთები" კანის კლასიკის ოც საუკეთესო ფილმს შორისGzaPress

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი იყო "ცისფერი მთები", სადაც მონაწილეობდა ძალიან კარგი მსახიობი და რეჟისორი რამაზ გიორგობიანი. ასევე, შესანიშნავი პიროვნება თემიკო ჩირგაძე, იგივე ჩირგო, რომელმაც ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი სახე შექმნა. მან ბევრი რეპლიკა თავად მოიგონა. რა თქმა უნდა, საოცარია სესილია თაყაიშვილი.

"ცისფერი მთები" ინდოეთში დელის კინოფესტივალზე წარვადგინე, სადაც ფილმის ჩვენების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ ფილმი ინდოეთზეა. იმავე ფილმით ვენის ფესტივალზე ვიყავი. ქალაქის ერთ-ერთ შენობაზე მიმითითეს და მითხრეს: აი იქ, წერილი რომ გაგზავნოთ, პასუხს ვერ მიიღებთო, ანუ ეს არის პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება. ჩემი ფილმებიდან ყველაზე დიდი წარმატება "ცისფერ მთებს" ხვდა წილად. ის მონაწილეობდა ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა "პანორამაში".

კანში 1985 წელს, პირველად წარდგა "ცისფერი მთები", ოღონდ კონკურსზე არ გაიტანეს. რეჟისორთა კვირეულზე ფილმი დილით აჩვენეს, ცოტა ხალხი ესწრებოდა. უცნაური რამ მოხდა, ამ ჩვენების შემდეგ ითქვა, - ეს საუკეთესო ფილმიაო. ამიტომ საღამოს სპეციალურად მეორე ჩვენება გაიმართა, რომელსაც კინომცოდნეების უმაღლესი შეფასება მოჰყვა. ფილმი კანის ფესტივალზე მეორედ 2014 წელს, პირველი ჩვენებიდან 29 წლის შემდეგ დაბრუნდა. არჩევანი 1000 ფილმს შორის გაკეთდა და იგი კანის კლასიკაში ოც საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.

ნანული ზოტიკიშვილი