გოჩა აბაშიძის პირველი წარმატება და "გზის" ფურცლებიდან ახსნილი სიყვარული - გზაპრესი

გოჩა აბაშიძის პირველი წარმატება და "გზის" ფურცლებიდან ახსნილი სიყვარული

გოჩა აბაშიძე ჭიათურის თეატრის მსახიობია. ამბობს, რომ ახლა მის ცხოვრებაში პოზიტიური პერიოდია. მას შემდეგ, რაც სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ნიკა თვაურის როლი მოირგო, ქუჩაში ყველა ცნობს, დადებით შეფასებებს ისმენს და იღებს სოციალურ ქსელშიც. ცნობილი მსახიობის სახელისა და გვარის ტარება მისთვის სასიამოვნოა: "უფროსი თაობის ადამიანები მეუბნებიან ხოლმე, კარგი იქნება გოჩა აბაშიძის საქმეს თუ გააგრძელებო. ჩვენს ნათესაობაც გვაკავშირებს. ჩემი მშობლები რომ შეუღლდნენ, საჩხერეში, სოფელ ჭალაში, გოჩას სახლში წავიდნენ. მამა და გოჩას შვილები მეგობრობდნენ". როდის იგრძნო თავი პირველად წარმატებულად, რას გააკეთებდა ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რა არის სიყვარული, თავისუფლება, რას ნანობს და როდის იბნევა?  - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1978 წლის 3 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. სულ ეს სურვილი მქონდა. არ ვიცი, მაშინ ამ არჩევანისკენ რამ მიბიძგა. რომ წამოვიზარდე, ერთი პერიოდი თითქოს, ამ პროფესიაზე ფიქრი შევწყვიტე, 90-იან წლებში აღარც კინო იყო, აღარც  - თეატრი, მე კი ეს ყველაფერი ძალიან მაკლდა. მერე ახალი ტალღა წამოვიდა, თეატრი გაცოცხლდა და მსახიობობა ისევ მომინდა. 2001 წლიდან ჭიათურის თეატრის დასში ვარ. წლის განმავლობაში საშუალოდ 5 პრემიერა გვაქვს. ბევრ სპექტაკლში ვთამაშობ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს სიკეთის კეთების უნარია.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...პრინციპული ვარ. მინდა, ცოტათი "რბილი" ვიყო.

- არ მჩვევია...

- ...ადამიანების ღალატი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...2003 წელს თეატრალურ ფესტივალზე "ახალგაზრდა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად" დამასახელეს (სპექტაკლი "დიო"). ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო, შეიძლება წარმოუდგენელიც კი, თან დიდი ემოცია ახლდა.

- მეშინია...

- ...სიყვარულის დაკარგვის. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში ახალი ურთიერთობის საწყისი ეტაპია. ამ ყველაფრის დაკარგვის მეშინია. ყველაფერს ვაკეთებ, სულ ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნო. ახლობელი ადამიანების დაკარგვისაც მეშინია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...იარებს მოვიშორებდი. უმეტესად, ეს ბავშვობის დროინდელი ტრავმებით არის მიღებული.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ის, რომ პუნქტუალური ვიყო, სულ ვაგვიანებ. არადა, ძალიან ვცდილობ, არ დავაგვიანო.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...რაღაცას ვაშავებ. შეგნებულად არ ვაშავებ, მაგრამ მაინც ასე გამოდის ხოლმე. წვრილმანებს ვგულისხმობ, სერიოზული არაფერი დამიშავებია. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება და ყოველი გახსენებისას, ძალიან მრცხვენია. იმ დღეს სპექტაკლში ვთამაშობდი და თეატრში ნასვამი მივედი. ეს აღარასდროს განმეორდება. დღემდე სინდისის ქენჯნა მაქვს.

- ვნანობ, რომ...

- ...თავის დროზე არ წავედი ჩემი ქალაქიდან, არადა, შანსები მქონდა. უბრალოდ, ჭიათურის თეატრი იმდენად მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. თეატრიდან სამჯერ წავედი და სამჯერვე მივბრუნდი. მე ვარ ადამიანი, რომელიც თეატრით სუნთქავს. იმ პერიოდში, როცა თეატრიდან წამოსული ვიყავი, გვიან ღამით, თეატრში ვიპარებოდი, დარაჯს სინათლეს ვართვევინებდი, სცენაზე გავდიოდი, პარტერში ჩამოვჯდებოდი, იქაურობას ვეფერებოდი. მერე თითქოს, იქ ნასუნთქი ჰაერი მიმყვებოდა და ბედნიერი ვიყავი. ამას ისე ვაკეთებდი, დარაჯის გარდა ვერავინ იგებდა, არც ვლაპარაკობდი. სულ თეატრის "ლომკა" მაქვს.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს...

- ...ის როლია, რომელმაც 2003 წელს პირველი წარმატება მომიტანა. ასევე, ძალიან მიყვარს ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დადგმული სპექტაკლი "გეტო", სადაც გეტოს თავს ვთამაშობ. ეს არის როლი, რომელზეც შეიძლება ვთქვა, რომ ყველაზე მეტი მიფიქრია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უაზრო ჭორებს, რაც მე ძალიან მაწუხებს. ჭიათურა პატარა ქალაქია, ერთი რაღაცას იტყვის, მეორე რაღაცას უმატებს, მერე  - მესამე და ბოლოს, ჩემამდე ისეთი ამბავი მოდის, მიძნელდება საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგო.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის? ამას თუ ვინმე ახსნის და მეტყვის, მადლიერი ვიქნები. ცხოვრებაში ერთხელ მიყვარდა და ახლა მეორედ ვარ შეყვარებული. მე და ჩემი შვილების დედა დაშორებულები ვართ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძველებურად ვეღარ ვმეგობრობთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს.

- სასურველი გოგო უნდა იყოს...

- ...ისეთი, როგორიც დღეს მიყვარს. არც მგონია, ასეთი ლამაზი გოგო დედამიწაზე თუ დააბიჯებს.

- მას "გზის" საშუალებით ვეტყვი...

- ...რომ ძალიან მიყვარს.

- კიდევ, ვეტყვი...

- ...რომ ძალიან მიყვარს და (პაუზის შემდეგ) სიჯიუტეს შეეშვას, რა.

- ვრისკავ, როცა...

- ...ეს ახლობელს სჭირდება, არანაირ სიძნელეს არ ვუფრთხი. ჩემი პირადი კომფორტისთვის რისკზე იშვიათად მივდივარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დედა მსაყვედურობს, სახლიდან გადიხარ და იკარგები, მთელი დღე სად ხარო?

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარებოდი. ჭიათურის თეატრს იმდენს დავახარჯებდი, მსოფლიოში საუკეთესო თეატრად ვაქცევდი. თერჯოლის რაიონში, მამაპაპისეულ ნასახლარზე ვეებერთელა ეზოა. ყველა ჩემი ახლობლისთვის თითო პატარა სახლს ავაშენებდი, მერე ჩემთვის ერთ პატარა თეატრსაც ავაწყობდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს საუკეთესო წამალი განმარტობაა, ამისთვის საუკეთესო ადგილი კი ჩემი სოფელია. ეზოში დიდი მუხაა, სიჩუმე, მხოლოდ ჩიტები ჭიკჭიკებენ. იმედგაცრუებული გავქცეულვარ და საოცრად მშვიდი დავბრუნებულვარ.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია...

- მყავს მოძღვარი, რომელთანაც ერისკაცობაში ვმეგობრობდი და ყოველთვის მიყვარდა. მამა გიორგი ჭიათურაში წირავს, ის ყოველთვის სწორ გზას მიჩვენებს. როცა არ დამიჯერებია, მინანია. ბოლო პერიოდში ავირიე, ეკლესიას და მოძღვარსაც ცოტათი დავშორდი. რომ ვნახე, მითხრა,  - აღსარებაზე შენ აღარ მოდიხარ, მეგობრობა შენ აღარ გინდა, ისე მაინც დავსხდეთ, თითო ჭიქა ღვინო დავლიოთ და ვილაპარაკოთო. მინდა, ეს წუთი რაც შეიძლება მალე დადგეს. ახლა ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპია, როცა მისი სიბრძნე და სწორი გზის ჩვენება ძალიან მჭირდება.GzaPress

- ვჯიუტდები, როცა...

- ...ჩემს აზრს არ ითვალისწინებენ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. ჩემი დაყოლიება ტკბილი სიტყვით ადვილია, მაგრამ შანსი არ არის, იძულებით რამე გამაკეთებინო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ. ამ ბოლო დროს, ჩემი მისამართით პოზიტიური ტალღა წამოვიდა, პირად შეტყობინებებას უამრავი მაყურებლისგან ვიღებ, მეფერებიან და ეს იცი, რა კარგია?!

- შენი პერსონაჟი მაყურებელმა როგორ მიიღო?

- ჩიკა 90-იან წლებს რომ იხსენებდა, ის კადრები სიბნელეში გადაიღეს, ჩემი სახე ახლო კადრით არ ჩანდა. ეს ეპიზოდი ეკრანზე გავიდა თუ არა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, მეკითხებოდნენ, - შენ ხარ? მიგამსგავსე, შენი ხმა იყოო?.. არ ვამხელდი, რეაქციები მაინტერესებდა. ამ ნაწყვეტს საიტზე უამრავი ნახვა ჰქონდა, მესიამოვნა.

ისეთი გარემო დამხვდა, მქონდა განცდა, წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. ანი ჩირაძე როგორიც არის სერიალში და რეალურ ცხოვრებაში, მსგავსი რადიკალიზმი და გარდასახვა არ მინახავს. ჩიკა ვიცით, როგორია, ანი კი საოცრად თბილი, ძალიან მეგობრული გოგოა.

თეატრისა და გადასაღები მოედნის სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია. ვთვლი, რომ გამიჭირდა, ბევრი ვინერვიულე. პირველ დღეს სერიალს საერთოდ ვერ ვუყურე, მეორე დღეს ვნახე, ისიც, ბავშვების დაჟინებული თხოვნით.

- შენს პერსონაჟს ჰგავხარ?

- სულ მიწევს სიტუაციების დალაგება, რაღაც ამბებში ჩარევა. ბილწსიტყვაობა არ მჩვევია. ქუჩაში ბევრი ადამიანი მცნობს, ეს მიხარია და თან, ცოტათი დავკომპლექსდი. ჩემი მარიამი და ქეთევანი გახარებულები არიან, მოსწონთ იმ სერიალში რომ მიმიწვიეს, რომელსაც მათი მეგობრებიც უყურებენ.

- როგორი მამა ხარ?

- მეგობრული მამა ვარ, 14 და 11 წლის გოგონები მყავს, სულ ჩემთან ყოფნა უნდათ. ვცდილობ, მათთან ვიძმაკაცო და მიხარია, რომ ეს გამომდის.

თამუნა კვინიკაძე