რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი მხე­და­რი და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ცხე­ნოს­ნო­ბით ოჯა­ხის რჩე­ნა? - გზაპრესი

რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი მხე­და­რი და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ცხე­ნოს­ნო­ბით ოჯა­ხის რჩე­ნა?

41 წლის გეგი მეტონიძე ცხენოსნობით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. საკუთარი ცხენებიც ჰყავდა, რომლებთან შელევაც ქვეყანაში არსებული არეული სიტუაციის გამო მოუხდა... სხვადასხვა დროს გეგი საქართველოს ჩემპიონი, წლის საუკეთესო მხედარი, კავკასიის ჩემპიონი და ჩვენს ქვეყანაში, ცხენოსნობის სფეროში არსებული თითქმის ყველა ტიტულის მფლობელი ყოფილა. საპრიზო ადგილებს უნგრეთშიც იკავებდა... გეგი მეტონიძე დღესაც აქტიური მხედარია - ახლახან კავკასიის ლიგაში მონაწილეობდა და საკმაოდ კარგ შედეგსაც მიაღწია...

- 28 წლის განმავლობაში, ბაბუაჩემი ყულარის ცხენსაშენის (სადაც ადრე მთელი მეურნეობა იყო) დირექტორი გახლდათ. პატარა ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა, მაგრამ მამისგან ცხენების სიყვარულს სულ ვგრძნობდი. ეტყობა, ამ ფაქტმა ჩემზეც იმოქმედა... 11-12 წლის ბაკურიანში თხილამურებზე დავდექი და ფეხი ვიღრძე. ისე მეტკინა, რომ მამას მოვყავდი. ცხენები რომ დავინახე, ცხენზე დაჯდომა მომინდა. მამა დავარწმუნე, - ფეხი აღარ მტკივა-მეთქი და ცხენზე დავჯექი, მაგრამ ხეს დავეჯახე და ფეხი უფრო მეტად დავიშავე. მაშინ ცხენზე პირველად ვიჯექი, მაგრამ ისე მომეწონა და დამამახსოვრდა, თბილისში დავბრუნდი თუ არა, ვიქირავე. მას შემდეგ დავრჩი და დავრჩი იპოდრომზე... მერე უკვე ბავშვები დოღის ცხენებზე ვვარჯშობდით და თან დოღში ვმონაწილეობდით. მაშინ 14 წლის ვიყავი. მამაჩემმა გამორჩეული ინტერესი რომ შემატყო, საკუთარი ცხენი მიყიდა. შემდეგ თურქმენეთიდან 7 საუკეთესო ცხენი ჩამოვიყვანეთ. მერე ქვეყანაში არეულობა დაიწყო. ხალხმა ის არ იცოდა, თავად რა ეჭამა. რა ქონებაც გვქონდა, ყველაფრი გავყიდეთ, რომ ცხენებისთვის საკვები გვეჭმია. იპოდრომზე თავლა ვიქირავეთ, სადაც ცხენები გვყავდა. ფაქტობრივად, ბედნიერი ბავშვობა მქონდა: თავლაში ცხვარიც მყავდა, თხაც, ცხენებიც... ასე ვერთობოდი, როცა შინ დენი არ გვქონდა...

- ჯირითი დამოუკიდებლად ისწავლეთ?

- როცა ცხენს ვქირაობდი, ცხენზე ჯდომას ინსტრუქტორი მასწავლიდა. ჯირითი იმ დონეზე მასწავლეს, დოღს რომ სჭირდებოდა. მერე უკვე ჩემი ცხენები მყავდა და ვცდილობდი, რაღაც ინფორმაცია ყველასგან მიმეღო და შემესრუტა. პარალელურად, სპორტულ, `სახტუნაო~ ცხენებზე ვიჯექი, ერთი ასეთი ცხენი მეც მყავდა... მათი გამრავლება გვინდოდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი აირია, ცხენები უნგრეთში გავიყვანეთ. ცოტა ხანს მეც იქ მომიხდა ცხოვრება. 24 წლამდე ბუდაპეშტში ვცხოვრობდი. უნგრეთში ცხენზე ჯდომა დამოუკიდებლად განვაგრძე. ცხენოსნობის იქაური ფედერაცია მხარში ამომიდგა. შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი და კარგი შედეგებიც მქონდა.

- თქვენს ცხენებს რა ბედი ეწიათ?

- საკმაოდ იაფად გაიყიდა. საქართველოში ვეღარ ვკვებავდით და უნგრეთში ამიტომ დავტოვე.Fფაქტობრივად, გადავარჩინეთ... უნგრეთიდან რომ დავბრუნდი, გარკვეული პერიოდი იპოდრომზე ვვარჯიშობდი. მაშინ უკვე ჩვენს ქვეყანაში ცხენოსნობის ფედერაცია ჩამოყალიბდა. ძალიან კარგი ცხენი მყავდა: უნგრეთში გამგზავრებამდე ჩემთან დაბადებული დედალი ცხენი საქართველოში დავტოვეთ თავისი კვიცით. როცა უნგრეთიდან დავბრუნდი, სწორედ ამ კვიცზე დაჯდომა მომიხდა - შეჯიბრებებზე ამ ცხენით გამოვდიოდი და ყველაზე დიდ შედეგებს მისით მივაღწიე... მერე ისე მოხდა, რომ სამსახურის გამო, 5 წელი ცხენოსნობას თავი დავანებე. მამას ბიზნესებში ვეხმარებოდი. ოჯახში პრობლემა სულ მქონდა, რადგან ცხენოსნობას ბევრ დროს ვუთმობდი. ამიტომ ამ საქმეს თავი დავანებე.

- დღეს ამ სფეროში როგორი სიტუაცია გვაქვს?

- ერთი პერიოდი, ცხენოსნობა ცოტა აყვავდა - ფული ჩაიდო. მაშინ ნაკრებში ვიყავი, ხელფასიც გვქონდა. ცხენები გერმანიიდან ჩამოიყვანეს. შემდეგ ნაკრები დაიშალა... მერე ნატახტარის კლუბში საკმაოდ კარგ ცხენზე ვიჯექი. შარშან ნორმალურ შედეგს მივაღწიე.

- კარგი ცხენოსანი როგორი უნდა იყოს?

- ალბათ, ცხენოსნობის თანდაყოლილი ნიჭი უნდა ჰქონდეს, ასევე, შრომისმოყვარე იყოს, ფარ-ხმალი არ დაყაროს. არ უნდა იფიქროს, რომ რადგან დღეს საუკეთესო ცხენზე ზის, ხვალ დაბალი კლასისაზე არ დაჯდეს. ცხენი მაინც სულიერი არსებაა და ყველა მათგანი საყვარელია. ეს სამეფო სპორტია, რომელსაც `ასაკი არა აქვს~: მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (გუნდურ შეჯიბრებაში) 62 წლის კაცი გახლავთ, შარშანდელი კი - 56-ის.

- დაბალი კლასის ცხენით შეჯიბრებაზე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა თუა შესაძლებელი?

- რთული ხასიათის ცხენს შესაძლოა, `გასაღები~ მოუძებნო და დაბრკოლება გადალახოს, მაგრამ თუ ცხენს მოცემული დაბრკოლების გადალახვა ფიზიკურად არ შეუძლია, წარმატების მიღწევა გამორიცხულია. ოლიმპიადისთვის სპეციალური ჯიშებია გამოყვანილი - მილიონზე ნაკლები არც ერთი ცხენი არ ღირს.

- ე.წ. გენიოსი ცხენი გყოლიათ?GzaPress

- სასწაულად მაღალი კლასის ცხენი არ მყოლია, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგებისთვის მიგვიღწევია. ის ცხენი, რომელზეც ვიჯექი, გენიოსად არ მიიჩნეოდა - პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საოცარი ფიზიკური მონაცემების პატრონი იყო - ვიყენებდით, როგორც შეგვეძლო... მერე, საშუალო დონის ცხენები მყავდა და გარკვეული შედეგების მიღწევას მათი საშუალებით ვცდილობდი. გერმანიიდან ჩამოყვანილი ცხენებიდან გენიოსი ერთ-ერთი გამოდგა, რომელზეც ჩემი მეგობარი ზის. კავკასიის ლიგაში 2-ჯერ გაიმარჯვა, მაგრამ მსოფლიო ფინალში მონაწილეობისთვის ცხენი ვერც ერთხელ ვერ წაიყვანა, რადგან შესაბამისი დონის არ იყო...

- ჯირითისას სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- კი, რა თქმა უნდა. არ არსებობს ცხენოსანი, რომელიც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა. ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, შეჯიბრებაზე ცხენიდან საკმაოდ ძლიერად ჩამოვვარდი. ჩაფხუტი მეხურა, თორემ ცხენმა ფეხი 2-ჯერ დამაბიჯა. საერთოდ, ეს ცხოველი ძალიან ჭკვიანია: ფეხქვეშ სირბილეს რომ გრძნობს, ფეხს უკან სწევს - არ გაგიმეტებს, ცდილობს, არ დაგაბიჯოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგაბიჯებს, წონასწორობა თუ დაკარგა, თავს ვერ იკავებს და ეცემა...

- როგორც მითხარით, სხვა პროფესიაც გაქვთ...

- ამჯერად, მხოლოდ ცხენებით ვარ დაკავებული და პატარა ოჯახური ბიზნესი გვაქვს. ისე, პროფესიით ფინანსისტი ვარ - 2 ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი...

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- 3 შვილი მყავს: 2 გოგონა და უმცროსი ბიჭი, რომელიც პატრიარქის ნათლული გახლავთ. მეუღლე ამჟამად დიასახლისია.

- შესაძლებელია, ადამიანმა ცხენოსნობით არჩინოს ოჯახი?

- ცხენოსნობიდან გარკვეული შემოსავალი მეც მაქვს: რამდენიმე კერძო ცხენს ვავარჯიშებ და ამაში ხელფასს მიხდიან, რამდენიმე მოწაფე მყავს, მაგრამ ამით ოჯახს სრულად ვერ შევინახავ. თითზე ჩამოსათვლელი სპორტსმენები არიან, რომლებიც უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ, მეტი მოწაფე ჰყავთ, მაგრამ ჩვენთან ისეთი მცირე რესურსია, რომ გამორიცხულია, საქართველოში ცხენოსნობით ოჯახის რჩენა ბევრმა ადამიანმა მოახერხოს.

ეთო ყორღანაშვილი