ნინი გრძელიშვილი პარიზში გასამგზავრებლად ემზადება - გზაპრესი

ნინი გრძელიშვილი პარიზში გასამგზავრებლად ემზადება

მოდელი - ნინი გრძელიშვილი პარიზში მიიწვიეს: Best model of the world-ის პრეზიდენტს სურს, საქართველო სწორედ ნინიმ წარადგინოს. მოდელმა ეს ინფორმაცია "გზას" ექსკლუზიურად გაანდო და სხვა დეტალებზეც გვესაუბრა...

- 2014 წელს Best model of the world-ში ვმონაწილეობდი. მაშინ "ტოპათეულში" მოვხვდი - "მის ტურიზმი" გავხდი. საერთოდ, თუ კონკურსში ვერ გაიმარჯვებ, შენი ქვეყნის სახელით მონაწილეობის უფლება კიდევ გაქვს, მაგრამ ძირითადად, ასე არ ხდება. აზრადაც არ მომსვლია, რომ ბედი კიდევ მეცადა. როდესაც ევროპაში სპორტული ჟურნალი - "რეკორდი" გამოვიდა, რომლის გარეკანზეც ჩემი ფოტო გამოქვეყნდა,Best model of the world-ის პრეზიდენტს ჩემი ვინაობა გაახსენდა და ეკა მგალობლიშვილს დაუკავშირდა. საერთოდ, პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ კონკრეტული კონკურსანტი მოითხოვოს, ისევე როგორც ქალბატონ ეკას (Bესტ მოდელ ოფ ტჰე წორლდ-ის ეროვნულ დირექტორს) უფლება აქვს, მსოფლიო კონკურსზე გასაშვებად მონაწილე კასტინგის ჩატარების გარეშე შეარჩიოს. ამ შემთხვევაში, თავად Bესტ მოდელ ოფ ტჰე წორლდ-ის პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ კონკურსზე საქართველო მე წარმედგინა. ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ გავიგე. კონკურსი 8-დან 12 დეკემბრამდე, პარიზში გაიმართება.

- საქართველოში ვინმეს ინტერესი ხომ არ დაზარალებულა? ეროვნული კონკურსის დირექტორს სხვა კონკურსანტი ხომ არ ჰყავდა შერჩეული?

- არა. სილამაზის თუ მოდელების კონკურსებს ნოემბრის ბოლოსთვის ვაჯამებთ ხოლმე. ისე დაემთხვა, რომ Best model of the world-ისთვის შერჩეული ჯერ არავინ გვყავდა და მე მიმიწვიეს.

- უყოყმანოდ დათანხმდი?

- ამ კონკურსის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს: ჯერ ერთი, ჩემთვის პირველი კონკურსი იყო; მეორეც - ნაომი კემპბელიდან დაწყებული, Best model of the world-ზე ბევრი ცნობილი მოდელი აღმოაჩინეს. მგონია, რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი პერსპექტივაა. თან, მაშინ (2014 წელს), როცა პირველად ვმონაწილეობდი, ყველაზე უმცროსი (16 წლის) კონკურსანტი ვიყავი. საერთოდ, სამოდელო სფეროში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ახლა უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვე და კონკურსზე უფრო მომზადებული წარვდგები. თან, მაინც პარიზია (იცინის)... როგორც კი მოწვევა მივიღე, არც დავფიქრებულვარ - მაშინვე დადებითი პასუხი გავუგზავნეთ. მე და ეკა მგალობლიშვილი გავემგზავრებთ. ქალბატონი ეკა ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება.

- 2014 წელს, კონკრეტულად, რა დააკელი შენს გამოსვლას, რატომ ვერ გაიმარჯვე?

- მაშინ კონკურსზე ძალიან სპონტანურად გამიშვეს. ისედაც, სამოდელო სფეროში ახალი ვიყავი, ახლა კი უკვე მესამე მსოფლიო კონკურსი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ. ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული, თავდაჯერებული ვარ. მაშინ მცირე ასაკისაც გახლდით - ალბათ, კარგად ვერც ვაცნობიერებდი, როგორი დონის კონკურსში ვმონაწილეობდი. თან, იმ წელს ქალბატონი ეკა არ მახლდა - მარტო გავემგზავრე... არ ვფიქრობ, რომ ჩემს გამოსვლას რამე დავაკელი. იმ ეტაპზე, რაც შემეძლო, გავაკეთე - ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი "ჩავდე". ახლა სხვაგვარი შემართება მაქვს, სხვანაირ პასუხისმგებლობას ვგრძნობ...

- როგორ ემზადები?

- ვცდილობ, ვარჯიში დავიწყო, რომ ტონუსში ვიყო. ჩემს თავს ვაიძულებ, რომ ამისთვის დრო გამოვნახო. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ალბათ, ყველაფრის გაკეთება ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომიწევს, როგორც ჩემს შემთხვევაში ხდება ხოლმე.

- Best model of the world-ის ტურებზე რას გვეტყვი?

- ნაციონალური სამოსის, საღამოს კაბების და საცურაო კოსტიუმების ტურები იქნება, რამდენიმე ფოტოსესიაც გაიმართება. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვიცი. იმედია, როგორც სხვა კონკურსებზე, აქაც ნაციონალურ კოსტიუმს ღირსეულად წარვადგენ.

- ნინი, პარიზში ნამყოფი ხარ?

- არა. სხვათა შორის, გამგზავრებას ვაპირებდი - პარიზის დათვალიერება ძალიან მინდოდა. კარგად დაემთხვა, რომ მიმიწვიეს. ალბათ, კონკურსის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღით კიდევ დავრჩები - იქ ბევრი ისეთი ადგილია, რომლის ნახვაც მინდა... იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

- როგორ ფიქრობ, გამარჯვების როგორი შანსი გაქვს?

- წინასწარ არ მინდა განცხადებების გაკეთება, რომ განსაკუთრებული იმედი მაქვს... კი, რა თქმა უნდა, როდესაც კონკურსში მონაწილეობ, ადამიანს გარკვეული ამბიციაც გაქვს... რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი ქვეყანა რომ ღირსეულად წარვადგინო, დანარჩენი კი - ჟიურიზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ისე აღარ ვინერვიულებ, როგორც - მაშინ, როცა სამოდელო სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ვფიქრობ, გამოცდილება "თავისას იზამს" და კონკურსზე უფრო თავდაჯერებული წარვდგები.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი