ანდრიას "კატაბალახას წვეთები", ორი მსახიობის სიყვარულის ამბავი და XXI საუკუნის რომანტიკა - გზაპრესი

ანდრიას "კატაბალახას წვეთები", ორი მსახიობის სიყვარულის ამბავი და XXI საუკუნის რომანტიკა

მათი სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობებს არ მალავდნენ, ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არასდროს ულაპარაკიათ. ეს მათი პირველი ერთობლივი ინტერვიუა, პირველ დიდ სიყვარულზე, სცენაზე "დატყუებულ" პირველ კოცნაზე, ფანჯრებთან ნამღერ სერენადებზე, სიგიჟეებზე...

მსახიობები მაიკო ვაწაძე და ანდრია გველესიანი მათი სიყვარულის ამბავს პირველად "გზის" მკითხველს უამბობენ.

მაიკო:

- ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. სასწავლებლის წინ გოგონები ვიდექით. ანდრია შენობიდან რომ გამოვიდა, შეაფასეს, რა კარგი ბიჭიაო. ზურგით ვიდექი და რომ შევხედე, უეცრად არ მომეწონა, გაკვირვებულმა ვიკითხე, - ეს არის კარგი ბიჭი-მეთქი? მხოლოდ მე გავაკრიტიკე.

ანდრია:

- ბოლოს ყველაზე მეტად შენ მოგეწონე.

- მეგობრობის პერიოდში, ერთმანეთს პირად ამბებზე, თაყვანისმცემლებზე ელაპარაკებოდით?

მაიკო:

- რასაც საჭიროდ ვთვლიდით, იმაზე ვლაპარაკობდით. ამ მხრივ, ორივე მაინც მოზომილები ვიყავით.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო? როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში განცდა, რომელსაც უკვე მეგობრობა აღარ ერქვა?

ანდრია:

- პირველ კურსზე ვიყავით, როცა სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა" ვითამაშეთ. სცენაზე ერთმანეთს პარტნიორობას პირველად ვუწევდით, შეყვარებულებს ვთამაშობდით. რადგან მაიკოს მიმართ სიმპათია სულ მქონდა, ამ როლის თამაში არ გამჭირვებია.

მაიკო:

- თავს ყველაზე კომფორტულად ანდრიასთან თამაშის დროს ვგრძნობდი. თითქმის სულ საერთო სცენები გვქონდა.

ანდრია:

- სხვათა შორის, პირველი კოცნაც მაგ დროს გამოვტყუე.

მაიკო:

- ამას ჰგონია, რომ გამომტყუა. უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ანდრია:

- მშვენივრად გამომივიდა.

მაიკო:

- შემდეგ რომეოსა და ჯულიეტას როლები ვითამაშეთ. მალევე, მოკლემეტრაჟიან ფილმში გადასაღებად დამამტკიცეს. ამ ფილმში კოცნის სცენა იყო, ბიჭს ვეძებდით. ვიფიქრე, რაღა სხვას ვაკოცო, ანდრიას წავიყვან-მეთქი და ასე გავხდით პარტნიორები.

ანდრია:

- ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა. მესამე კურსზე ჩეხოვის "თოლია" ვითამაშეთ. მე ტრიგორინი ვიყავი, მაიკო - ნინა ზარეჩნაია. ძირითადი სასიყვარულო ხაზი ჩვენზე გადიოდა. ამ სპექტაკლზე მუშაობისას, ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. ერთი სცენა იყო, სადაც მაიკო იატაკზე იწვა, ხელში უნდა ამეყვანა და კულისებში გამეყვანა. რეჟისორის ასისტენტმა მკითხა, ხელში აყვანას და კულისებში გაყვანას შეძლებო? - კულისებში კი არა, სახლშიც წავიყვან-მეთქი. ერთი ინტიმური სცენა გვქონდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ეპიზოდი არ გამოგვდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე მეტად ამ სცენამ გაამართლა. ჩვენში ეს დიდი სიყვარული ამ სპექტაკლის დროს დაიბადა.

GzaPress

შემდეგ ქორეოგრაფიული დადგმა იყო "რომეო და ჯულიეტას" მოტივებზე, სადაც რომეოს ჩვენი მეგობარი,

გიორგი ძაგანია თამაშობდა, მაგრამ მას ფეხი "მოვტეხე", რომ შემეცვალა (იცინის). ვხუმრობ, არაფერი მოსვლია, ხელი სხვა მიზეზით შეეშალა და წავიდა. პრემიერამდე 3-4 დღე იყო დარჩენილი, როცა შევედი და თავი გავართვი. ამ შემთხვევაში, რომეოს როლს აღარავის დავუთმობდი. ჩვენ შორის არსებულ ენერგეტიკას მაყურებელი გრძნობდა. მაშინ ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ჩვენში ეს გრძნობა იმდენად მოზღვავებული გახლდათ და იმდენად მართლები ვიყავით, შეუძლებელი იყო, სხვაგვარად გვეთამაშა, ორივე ვტიროდით ხოლმე.

თეატრალურში სწავლის პერიოდში, სულ "მიწებებულები" დავდიოდით, ერთად იმდენ დროს ვატარებდით, ჩვენზე ხუმრობდნენ, ჯგუფში რომეო და ჯულიეტა გვყავდაო. ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, ქუჩაში ვჩერდებოდით, ერთმანეთს ვეხუტებოდით და გარშემო ვეღარაფერს და ვერავის ვხედავდით. დღემდე ასეა, დიდი მიზიდულობა გვაქვს.

- მაიკო, ანდრიამ სიყვარული როგორ აგიხსნა?

- ჩვენს მეგობარ შოთა ბაქრაძესთან ვიყავით სტუმრად და...

ანდრია:

- ...(აწყვეტინებს) კარგ ჭაჭას ვსვამდით.

მაიკო:

- მერე სახლში გამაცილა, დამშვიდობებისას შეჩერდა, უკან მოტრიალდა და... ვიგრძენი, რაც უნდა ეთქვა და ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. შემაჩერა, შენთან ერთად თუ ვიქნები, ვიქნები ბოლომდეო. სულ ეს იყო, "მიყვარხარ" არ უთქვამს.

ანდრია:

- მაგის თქმის ყოველთვის მეშინოდა. ორივესთვის ეს პირველი სიყვარულია. ამ გრძნობას ყველაზე დიდ პატივს ვცემ. 2-3 კვირა სიტყვას "მიყვარხარ" კიდევ ვერ ვამბობდი, მაგრამ მერე ენა რომ ამოვიდგი...

მაიკო:

- (...აწყვეტინებს) აღარ ჩერდება.

- ერთმანეთში ყველაზე მეტად, რა მოგეწონათ?

ანდრია:

- მაიკო გარეგნულად ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ურთიერთობაში მთავარი მხოლოდ ეს არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ენერგეტიკა, შინაგანი ინტელექტი და კომფორტი, რომელიც მე მასთან მაქვს. ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვუვლიდით, პატივს ვცემდით, ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი იმპულსი, რამაც ჩვენი ერთად ყოფნა განაპირობა. ორივე ემოციური ვართ. როცა რამეზე ვიყავი გაღიზიანებული, მაიკო ყოველთვის მხარში მედგა, ეს იყო ჩემი "კატაბალახას წვეთები", მამშვიდებდა. სხვანაირ თანადგომას გამოხატავდა, რაც ქალისგან კაცს ყველაზე მეტად სიამოვნებს. ჩვენ ერთმანეთის სულებს ჩავწვდით, რაც მნიშვნელოვანია.

მაიკო:

- ანდრია უზომოდ კეთილი და კარგი ადამიანია, ერთგულია, მზრუ ნველი. 4 წელია, ერთად ვართ. ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ.

- ერთმანეთისგან რა ისწავლეთ? ამ ურთიერთობამ რა გასწავლათ?

- მოთმენა მასწავლა და ის, რომ რაღაცებზე უნდა გავჩუმდე. მასწავლა ფიქრი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ორივემ ერთმანეთის აზრების პატივისცემა, ანგარიშის გაწევა ვისწავლეთ. იმას არასდროს გავაკეთებ, რაც ანდრიას არ მოეწონება. ამ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი ვარ, მასთან არაფერი მაქვს დამალული.

ანდრია:

- ხისტი ხასიათი მქონდა, ზოგჯერ ვჩხუბობდი, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მაიკო ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა. თავს ბედნიერ კაცად ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა.

- მოულოდნელობები, სიურპრიზები თქვენს ურთიერთობაში რამდენად ხშირია?

მაიკო:

- თავიდან ძალიან ხშირად იყო, ლამის - ყოველდღე. მახსენდება სერენადები, ფეიერვერკები... ანდრიამ კარგად იცის, მატერიალური ფასეულობა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ბოლოს ტელეფონი მაჩუქა. გამიხარდა, მაგრამ თან შევწუხდი, რომ დაიხარჯა.

ანდრია:

- დაიღალა ჩემი სიმღერით.

მაიკო:

- ვინ გითხრა, რომ დავიღალე? ამ ბოლო დროს ცოტათი მომაკლდა.

ანდრია:

- ჩვენ სულ ვფიქრობთ, ერთმანეთი რით გავახაროთ, რა გავაკეთოთ.

- ყველაზე გიჟური რა გაგიკეთებია?

- აუ! ეგ რომ მოვყვე, ხომ გადაირევიან!

- გადასარევი ამბები ყოველთვის საინტერესოა.

- კარგი, ვიტყვით, არა უშავს, მაგრამ მაიკო, მამაშენმა შეიძლება მესროლოს (იცინიან).

მაიკო:

- ტაბიძეზე ვცხოვრობ, იქ კერძო სახლებია. ჩემი ბინა ორსართულიანი სახლის მეორე სართულზეა. ფანჯრები ქუჩის მხარეს აქვს. ფანჯარასთან ვაზია ჩარგული. ერთ ღამეს კაკუნის ხმა მესმის, გავიხედე და ანდრია ამ ვაზზეა ამოსული. აქ რა გინდა-მეთქი? ფანჯარა რომ არ გამეღო, ჩავარდებოდა. ხომ ვერ გავწირავდი, შემოვიყვანე, მერე ეზოში გავედით და იქ დავსხედით.

ანდრია:

- ასე შევუხტი სახლში, თან ისეთ დროს, როცა ყველას ეძინა. სასაცილო სცენა იყო.

- მაიკო, ფანჯარასთან სერენადებს რომ გიმღეროდა, სამეზობლოში რა ხდებოდა?

- გამოდიოდნენ, უსმენდნენ, ანდრია ხომ ყველას უყვარს, განსაკუთრებით - მოხუცებს.

ანდრია:

- დღეს ძალიან ხშირად გაიგონებ ფრაზას, რომ მატერიალური მდგომარეობა ყველაფერს განსაზღვრავს. ბავშვობიდანვე ის ადამიანები უფრო მომწონდნენ, რომლებსაც შინაგანი სიმდიდრე ჰქონდათ. ეს თვისება ორივეს გვაქვს. ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ. არ ვმუშაობდი, არც შემოსავალი მქონდა, მაგრამ სულ ერთად ვიყავით, ზოგჯერ გზის ფულიც არ გვქონდა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას არაფერი აკლდებოდა. 12 საათზე მეტრო იკეტებოდა და რომ ჩაგვესწრო, 15 წუთით ადრე ჩავდიოდით. იყო შემთხვევა, როცა 20 თეთრი გვაკლდებოდა და ვეძებდით, იქნებ ქუჩაში გვეპოვა.

ეს შემთხვევები სპეციალურად გავიხსენე, ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითი რომ იყოს. მეგობრობა, სიყვარული და ურთიერთობა მხოლოდ ფული არ არის. იმის გამო, რაც მე ვთქვი, შეიძლება ბევრმა ბიჭმა და გოგომ თავი უხერხულად იგრძნო, დაითრგუნა. ჩვენ კი თავიდანვე იმდენად ერთნი ვიყავით, ფეხითაც წავსულვართ იმის გამო, რომ ფული არ გვქონდა. დღეს ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, მყარად ვართ.

- ამ ოთხწლიანი ურთიერთობიდან გამორჩეულად რომელი დღე და რით დაგამახსოვრდათ?

- (ანგარიშობს) 4 წელი 1460 დღეა. როგორ რომანტიკულადაც უნდა ჩანდეს და ბევრისთვის შეიძლება უტოპიურადაც, ყველა დღე ძალიან ლამაზია.

- ახლო მომავალში, დაოჯახების თემა განიხილება?

- ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ.

ანდრიამ მაიკოს მიუძღვნა სიმღერა - "შენ ჩემო გოგონა", რომლის მიხედვითაც კლიპი გადაიღო. ახლო მომავალში ის მაყურებელს კიდევ ერთი სიმღერისა და კლიპის პრემიერას ჰპირდება.

ანდრია:

- "შენ ჩემო გოგონა" ჩვენს სიყვარულზეა და ეს არის იმის მაგალითი, ყველა მაგარი საქმე სიყვარულითა და მეგობრების მხარში დგომით როგორ კეთდება. ყოველგვარი დაფინანსების გარეშე იმუშავეს: გიორგი ძოწენიძემ, გიორგი სუქნიძემ, ლაშა გოგნიაშვილის სტუდიის ბავშვებმა, გიორგი ცხადაძემ, დემო კალანდაძემ, თამრიკო ბეჟუაშვილმა, მამუკა მაზავრიშვილმა, იუკა ვასაძემ. მათ მადლობას კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვუხდი...

ახლა მეორე კლიპის გადაღებას ვგეგმავ. "თოლია" ჩემი ერთ-ერთი ძველი სიმღერაა. ბახის "თოლია სახელად ლივინგსტონი" რომ წავიკითხე, პირველი სტროფი მაშინ დავწერე, მეორე სტროფი ჩემზე და მაიკოზეა. მგონია, ამ შემთხვევაშიც კარგი ნამუშევარი გამოგვივა. ჩვენი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შემოდგომის ულამაზესი ფერებისა და ბუნების გადასაღებად გასვლას ამ დღეებში ვგეგმავთ. დეკემბრის ბოლოსთვის პრემიერა მექნება.

ახლახან მქონდა პრემიერა მუსიკისა და დრამის თეატრში, სადაც მიწვეული მსახიობის სტატუსით "სამგროშიან ოპერაში" მთავარი როლი ვითმაშე.

მაიკო:

- ეს იყო სპექტაკლი, რომელშიც ყველაზე მეტად მომეწონა, თუმცა, თავად უკმაყოფილო იყო.

ანდრია:

- მაიკო დაუმსახურებლად არასდროს მაქებს. მაყურებლისგანაც ბევრი კომპლიმენტი მივიღე. ეს სპექტაკლი მაიკოს მივუძღვენი.

თამუნა კვინიკაძე