რატომ არ მოეწონა ფამუქისა და კოელიოს ნაწარმოებები გიორგი სუხიტაშვილს - გზაპრესი

რატომ არ მოეწონა ფამუქისა და კოელიოს ნაწარმოებები გიორგი სუხიტაშვილს

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლის ასაკში, "ვეფხისტყაოსნის" გააზრებულად წაკითხვა წარმოუდგენელია, თუკი ვუნდერკინდი არ ხარ. რატომ ურჩევნია პროზა პოეზიას და რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებს საკუთარ თავს? - ამ და "წიგნის თაროსთან" დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გიორგის ვესაუბრეთ...

- ჩემი სამუშაო რეჟიმის გამო, წიგნებს ზამთრის ჭირნახულივით ვაგროვებ, რადგან სულ მგონია, ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი დადგება, როცა წიგნის კითხვას ბევრ დროს დავუთმობ. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვიცლი, თუმცა რაღაცების წაკითხვას მაინც ვახერხებ.

- რომელი ჟანრის წიგნები გიზიდავს?

- შეიძლება, ვინმემ გამკიცხოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: პოეზიაზე არ ვგიჟდები. ძალიან ცოტაა ისეთი ლექსი, რომელიც "მე მეხება". ძირითადად, პათეტიკურია ხოლმე. მე უფრო რეალისტი ვარ და მირჩევნია, ლიტერატურული ნაწარმოები პროზაული ფორმით იყოს გადმოცემული, ვიდრე ლექსად, რადგან ხანდახან ლექსი "მეყალბება"... ასევე, "მეყალბება" ადამიანები, რომლებსაც გალაკტიონი "უყვართ", მაგრამ მისი ნაწარმოებები არ წაუკითხავთ. სხვათა შორის, გარშემო ბევრი ასეთი ადამიანია. მაგალითად, ბევრჯერ შოთა ნიშნიანიძის ლექსი გალაკტიონისთვის "მიუწერიათ" და პირიქით... საერთოდ, ვრცელი რითმა მიყვარს, ანუ მოკლე სტროფები არ მომწონს. მეც ვწერდი მოკლე სტროფებს, მაგრამ - შაირობის, სხარტულების სტილში... ვიცნობ თანამედროვე პოეტებს, რომლებსაც ჩამოწერილი აქვთ, რა რაზე ირითმება და ამიტომაც "მეყალბება" ლექსი... ჩემთვის პროზა უფრო გააზრებული და ბუნებრივია - ინფორმაციას ასე უკეთ ვიღებ. შესაძლოა უბრალოდ, გამოცდილება და ინტელექტი არ მყოფნის, რომ ლექსის სიღრმე ვიპოვო.

- ამჟამად, რას კითხულობ?

- პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე წიგნს ვკითხულობ. ახლა ჯაკო პასტორიუსის ბიოგრაფიის კითხვას ვასრულებ. ფეხბურთელის - ოლივერ კანის ბიოგრაფიის კითხვასაც 2 დღეში დავამთავრებ. კიდევ, ქართული მოთხრობების კრებულს ვკითხულობ ხოლმე. "დავგოიმდი" - კოელიოს რამდენიმე წიგნის კითხვა დავიწყე და "მოვიქნიე"! ფამუქის ნაწარმოებიც მივაყოლე... არ ვიცი, ხალხს რატომ მოსწონს?! ამ ავტორების ნაწარმოებებს მარტივად დავახასიათებ: ბრაზილიური და თურქული სერიალებია.

- ყველაზე შთამბეჭდავი ვისი ბიოგრაფია იყო?

- სხვათა შორის, ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფია ძალიან საინტერესო იყო - ჩემი მოლოდინი გაამართლა. ჯაკო პასტორიუსის ბიოგრაფია კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი თანამედროვეა. ძალიან სპეციფიკურია: თუ მუსიკოსი არ ხარ (თან, თუ ის მუსიკა არ გიყვარს, რომელშიც ჯაკო მუშაობდა), წაკითხვა გაგიჭირდება. ჯაკო პასტორიუსი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ვირტუოზი და ბასისტების "მამა" იყო. ოთხსიმიან ინსტრუმენტზე ბევრი რამ მოიგონა და დღემდე საუკეთესო ბასისტად მიიჩნევა. მისი თანამედროვე მუსიკოსები (რომლებსაც დღესაც ვუსმენთ) საუბრობენ ჯაკოს უცნაური ხასიათის, მისტიკური, ბოჰემური ცხოვრების შესახებ...

- შენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესოა?

- კი. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ასაკის არ ვარ, ძალიან ბევრი რამ გადამხდა და "გადავიხდინე" თავს. სად დავიბადე, გავიზარდე, რა სირთულეები გადამილახავს და როგორ მოვედი აქამდე, შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. მემუარების წერას ხვალ არ ვიწყებ, მაგრამ წლების შემდეგ შეიძლება, ასეც მოვიქცე...GzaPress

- დღიური გიწარმოებია?

- კი, წერა მიყვარს. სხვათა შორის, მოთხრობებსაც ვწერ, რომლებშიც ჩემი ბავშვობის მოგონებებია ასახული. "ფეისბუკზეც" დევს. ჩემი პირველი მოთხრობაა "ზამთარი", მეორე - "ნახირი"... იუმორით წერა მიყვარს.

- უფროსებს შენთვის წიგნის კითხვის დაძალება დასჭირვებიათ?

- არსებობს სასწავლო და საკითხავი წიგნები. სასწავლო წიგნებთან დაკავშირებით, სულ ჯუჯღუნი იყო ხოლმე, საკითხავზე - არა. თავად ვარჩევდი, რისი წაკითხვა მინდოდა. თან, ჩემი ბავშვობა უშუქობის პერიოდს დაემთხვა, წიგნის კითხვა მაშინ დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება იყო. ჩემს სახლში ბევრი წიგნია. ასე რომ, დროც ბევრი მქონდა და წიგნიც.

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს შეადარებ?

- ყველაზე მეტად მომწონდა და დღესაც მომწონს ოდისევსი (ჰომეროსის "ოდისეა"). მისმა თავგადასავალმა ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. საერთოდ, მითოლოგია ძალიან მიყვარს. ის ფანტაზიის გახსნის კარგი საშუალებაა: მოცემულობას არ გთავაზობს. შეგიძლია, ნებისმიერი პერსონაჟი თავად წარმოიდგინო. ოდისევსი ჩემი ფანტაზიით დავინახე და ძალიან მომეწონა. ნოსტალგიურია: ახლაც, როცა ვლაპარაკობ, მახსენდება, "ოდისეას" როდის და რა ვითარებაში ვკითხულობი. მაინ რიდის მოთხრობებიც წამიკითხავს. მაგალითად, ოცეოლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ოდისევსი მაინც სულ სხვანაირი იყო: უპირველეს ყოვლისა, მისი მოხერხებულობა მხიბლავდა - პრობლემებს საინტერესოდ წყვეტდა. მთავარი ის იყო, რომ კონკრეტული მიზანი გააჩნდა და მისკენ მიიწევდა... ამ პერსონაჟს ქარიზმა აქვს. როცა "ოდისეა" პირველად წავიკითხე, ამ წიგნის შესახებ არაფერი ვიცოდი. კითხვისას ოდისევსს ვგულშემატკივრობდი... ზრდასრულობის ასაკში წაკითხულ შთამბეჭდავ წიგნებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, სერვანტესის "დონ კიხოტს" ადამიანი სულ უნდა კითხულობდეს და თუკი დონ კიხოტი ყველა ადამიანში გარკვეული დოზით ცხოვრობს, "ადამიანურ ჩარჩოებს" არ გავცდებით. დონ კიხოტს ზედმეტი პრაგმატიზმი კლავს და ნაჭუჭში აქცევს... თან, საინტერესო ისაა, რომ სპექტაკლში - "დონ კიხოტი" თამაში მომიხდა. ამიტომ ბუნებრივია, პერსონაჟებზე უფრო ბევრი ვიფიქრე. სპექტაკლში პადრეს (რომელსაც დონ კიხოტის სჯეროდა) როლს ვასრულებდი.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს განასახიერებდი სცენაზე თუ კინოში?

- ასეთი ბევრი იქნებოდა. თუნდაც, ოდისევსს სიამოვნებთ ვითამაშებდი. ალბათ, ეს ძლიერი შთაბეჭდილებები ბავშვობაში მივიღე.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებზე რას გვეტყვი?

- უმეტეს შემთხვევაში, არ ამართლებს ხოლმე, თუმცა, სერიალი - "ოსტატი და მარგარიტა" ძალიან მომეწონა.

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევ?

- მოგეხსენებათ, წელს "ვეფხისტყაოსნის" 850 წლისთავია. ყველას ვურჩევ, "ვეფხისტყაოსანი" წაიკითხოს.

- ეს ნაწარმოები გააზრებულად თავად როდის წაიკითხე - სკოლაში სწავლის პერიოდში თუ მოგვიანებით?

- გამორიცხულია, რომ სკოლის ასაკში გააზრებულად წაიკითხო, ვუნდერკინდი თუ არ ხარ. მოსწავლეობის პერიოდში, უბრალოდ, სტროფებს ვიზუთხავდი. შემდეგ იმიტომ დავინტერესდი, რომ რეალურად, ეს ნაწარმოები ჩვენი საგანძურია და ხომ უნდა ვიცოდეთ, რა არის? ვიღაცამ რომ თქვა, მაგარიაო, ეს ყველაფერი არ არის... საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებითაც იმავეს ვითხოვ ხოლმე - წაიკითხონ. არ მომწონს, სუფრასთან რომ წამოხტებიან, ერთმანეთს საუბარს არ აცდიან და "გაგნებაში არ არიან", როდის რა მოხდა. პირველ რიგში, ის უნდა წაიკითხონ, რაც ჩვენია - საქართველოს ისტორია და "ვეფხისტყაოსანი".

ეთო ყორღანაშვილი