"ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი" - გზაპრესი

"ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი"

21 წლის ნათია თოდუამ გერმანულ მუსიკალურ პროექტ "ვოისში" მონაწილეობით ჟიურის წევრები აღაფრთოვანა... "რთული და ეკლიანი გზა იყო", - ამბობს ნათია საქართველოდან გერმანიამდე გავლილ გზაზე საუბრისას. იმედგაცრუებული მომღერლის თქმით, საქართველო არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც წარმატებას მიაღწევდა.

- გალის რაიონში დავიბადე და გავიზარდე. ხშირად გვიწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, მაგრამ ბავშვობის წლები ნაბაკევში მაქვს გატარებული. ამავე სოფლის მე-13 საშუალო სკოლა დავამთავრე.

- დედმამიშვილები გყავს?

- დიახ, ერთი და და ერთი ძმა მყავს.

- გარდა იმისა, რომ მღერი, კიდევ რას საქმიანობ?

- 2013 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სამჯერ გამოვიცვალე ფაკულტეტი, საბოლოოდ კი ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე შევაჩერე არჩევანი. მე-4 კურსზე ფინანსური პრობლემების გამო აკადემიური ავიღე, რადგან თანხის გადახდა აღარ შემეძლო.

- მშობლები გიხდიდნენ სწავლის საფასურს?

- ვმუშაობდი ჯგუფ "ვაკის პარკთან" ერთად და მქონდა გარკვეული შემოსავალი.

- როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

- 17 წლისამ ერთ-ერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა და აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. პირველად სწორედ მაშინ დავდექი სცენაზე და მიკროფონიც პირველად დავიჭერე ხელში. ბენდთან ერთად სიმღერა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკალური კარიერა უნდა გამეგრძელებინა.

GzaPress

- როგორ აღმოჩნდი გერმანულ "ვოისში"?

- უნივერსიტეტში აკადემიურის აღების შემდეგ, 2017 წელს წამოვედი გერმანიაში. ოჯახში ვმუშაობდი, პარალელურად ვსწავლობდი გერმანულს, რომ აქაურ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა იმ ფაკულტეტზე, სადაც თბილისში ვსწავლობდი. მუსიკალურ კარიერაზე აღარც ვფიქრობდი. ჩემს დაბადების დღეზე, როცა ინტერნეტში რაღაცებს ვეძებდი, The Voice of Germany-ის შესარჩევი ტურის რეკლამა ვნახე და დამაინტერესა. დავრეგისტრირდი და შიდა შესარჩევ ტურზე დამიბარეს. გასაუბრებისას მითხრეს, შენი ვიზით პროექტში მონაწილეობის უფლება არ გაქვს. თუ გინდა, უბრალოდ, შენი სიამოვნებისთვის იმღერეო. მერე გიტარაზეც დავუკარი და ვიმღერე. გაოცდნენ. მითხრეს, გარკვეულ დროს მოგცემთ და თუ ვიზის პრობლემებს მოაგვარებ, შეგვეხმიანეო... მოკლედ, გამიმართლა, გერმანიაში გათხოვილი ქართველი ქალბატონი დამიკავშირდა და მისი დახმარებით, ვიზა გამიგრძელეს. ბედნიერი და გახარებული ვარ. მჯერა, მიზანს მივაღწევ, ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი. ჩემი პირველი გამოსვლა გერმანულ "ვოისში" წარმატებული იყო.

- პროექტში ახლა რა ეტაპზე ხარ?

- ამის წინასწარ თქმის უფლება არ მაქვს. 19 ნოემბერს გაშუქდება ტელევიზიით შემდეგი ეტაპი და ქართველი გულშემატკივრებიც შეძლებენ ახალი ვიდეოს ნახვას.

- შენ გარდა, ოჯახში მღერის ვინმე?

- ჩემი ოჯახის ყველა წევრს აქვს სიმღერის ნიჭი. დედის მხრიდან დიდი ბაბუა კოლხურ "სუიტაში" მღეროდა.

- ვისთან ერთად ხარ ახლა გერმანიაში?

- სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან ჩემი მიზნების განხორციელებაში. ამჟამად ვცხოვრობ ნათია მხეიძისა და მისი მეუღლის, რაინერ შმიდტის ოჯახში, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარი სახლში. ეს ადამიანები ისე მექცევიან, როგორც შვილს.

ნათია მხეიძე "ჯგუფ ვაკის პარკის" წევრების ბავშვობის მეგობარია. ის ჯერ კიდევ თბილისში, ბარში სიმღერისას გავიცანი. გერმანიაში ჩამოსულს დახმარების ხელი გამომიწოდა და შემომთავაზა, მასთან მეცხოვრა. უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, მასთან ვიქნები, შემდეგ კი გადავალ იმ ქალაქში, სადაც სასწავლებელია.

- გერმანიაში საკუთარი შემოსავალი გაქვს?

- კი, მაგრამ სტაბილურად მუშაობას ვერ ვახერხებ.

- და არასტაბილურად სად მუშაობ?

- ბარში ვღერი ან ძიძად ვმუშაობ.

- უცხო ქვეყანაში გზის გაკვალვა არ გაგიჭირდა?

- თავიდან ამ პროგრამით უამრავი დაბრკოლება შემექმნა... ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, უკან დაბრუნებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ საბედნიეროდ, იმდენი თანხა არ მქონდა, წასასვლელი ბილეთი რომ მეყიდა, თორემ დარწმუნებული ვარ, უკვე საქართველოში, ჩვეულ ამპლუაში ვიქნებოდი.

- საქართველოში "X ფაქტორიდან" გაგიცნო საზოგადოებამ. თუმცა, პროექტს დროზე ადრე გამოეთიშე...

- ქართულმა "X ფაქტორმა" მიმახვედრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი იმ გარემოდან, სადაც არ გამომდიოდა ის, რაც მინდოდა. რეალურად, ადამიანებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს რაღაცის მისაღწევად და ამიტომაც, უნდა მემოქმედა.

- კმაყოფილი ხარ საკუთარი გადაწყვეტილებით?

- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება მელის. მთავარი შემართება და საკუთარი თავის რწმენაა, რომელსაც არასდროს ვკარგავ, ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდშიც კი. ეს თვისება საკუთარ თავში განსაკუთრებულად მომწონს.

- შეგიძლია საკუთარი თავის დახასიათება?

- ვფიქრობ, ერთგული და მიზანდასახული ვარ და კიდევ, ოპტიმისტი. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მიუხედავად მათი სტატუსის ან მდგომარეობისა.

- რა თვისება გაქვს ისეთი, რაც არ მოგწონს და ცდილობ, გამოასწორო?

- ზარმაცი ვარ, მაგრამ ამ მხრივ საკუთარ თავზე ვმუშაობ (იცინის). არასდროს ვაფუჭებ საქმეს სიზარმაცის გამო. თუმცა, ვაღიარებ, მიჭირს ამ თვისების დაძლევა.

- ვინ არის ადამიანი, ვინც ყველაფერში მხარში გიდგას და იმედს გაძლევს?

- ყველაფერში სხვა ვერ დაგვეხმარება და სულ ჩვენ გვერდით ვერ იქნება. მგონია, რომ გულის კარნახს უნდა მივყვეთ და იმ გზაზე გავაგრძელებთ სვლას, რაც რეალური და მისაღებია. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, მყავს ადამიანები, რომლებიც მამხნევებენ და ზოგჯერ ძალას მაძლევენ, რომ არ გავჩერდე.

- დამარცხება ბევრჯერ გიგემია? დეპრესია გჩვევია?

- საქართველოსა და უკრაინის "X ფაქტორში" მონაწილეობას ვერ დავარქმევ დამარცხებას, რადგან ამ პროექტებში ბრძოლის შანსიც არ მომეცა. უფრო იმედგაცრუებები მქონია, ამ ყველაფერმა გამაძლიერა და გადამაწყვეტინა გერმანიაში წამოსვლა.

- უკრაინულ "X ფაქტორში" როგორ მოხვდი?

- ქართულ "X ფაქტორში" მონაწილეობიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინიდან დამიკავშირდნენ და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. "ჩრყ Bაბყ" შევასრულე. ამ შესრულებამ აღაფრთოვანა ყველა, წარმატებაც მომიტანა, მაგრამ ბოლოს მითხრეს, სახალხო ჟანრის პროექტები შენი სტილი არ არისო. დავბრუნდი ისევ თბილისში და "ვაკის პარკთან" ერთად, თბილისის ბარებში ვმღეროდი. ერთ დღესაც მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და დავტოვე საქართველო.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ჯერ სხვა, უფრო სერიოზული გეგმები მაქვს და პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია.

- შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?

- სამწუხაროდ, შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ.

- დამოუკიდებელი რომ ხარ, ეს ფაქტია. რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება?

- ბევრს ვაკეთებ იმისთვის, რომ არ ვიყო არავისზე დამოკიდებული, რადგან თავისუფლება ძალიან მჭირდება. როცა მატერიალურად სხვაზე ხარ დამოკიდებული, თავისუფალი ვერ იქნები და შესაბამისად, წარმატების მიღწევაც გაგიჭირდება.

- რთული იყო გზა, რომელიც გამოიარე?

- რა თქმა უნდა, რთული იყო. კონკრეტულ მაგალითებზე ვერ ვისაუბრებ. ცხოვრება რთულია, მაგრამ საინტერესო. ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი, გვერდით თითქოს არავინ მყავდა, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით, დღეს შედარებით უკეთესად ვარ. ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანებს გვზრდის, გამოცდილებას გვაძლევს, გვაძლიერებს და ბევრ რამეს გვასწავლის.

- როგორ ფიქრობ, გარდა მუსიკალური მონაცემებისა, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ წარმატებულ მომღერლად ჩამოყალიბდე?

- იმისთვის, რომ წარმატებული მომღერალი იყო, ბევრი რამ არის საჭირო. ვფიქრობ, ხელოვნების სფეროში მნიშვნელოვანია ადამიანის ნატურალისტობა და ინდივიდუალიზმი.

სოფო ჭონიშვილი