"მე­გობ­რებს არ ირ­ჩე­ვენ" - რო­გორ გახ­და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე ნო­დი­კოს "გუ­ლის ნა­წი­ლი" - გზაპრესი

"მე­გობ­რებს არ ირ­ჩე­ვენ" - რო­გორ გახ­და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე ნო­დი­კოს "გუ­ლის ნა­წი­ლი"

"ჩვენ შევხვდით ერთხელ წვიმიან ქალაქში,/ არავინ აღარ გვახსოვდა სხვა,/ ცხოვრების ამ ერთ ფურცელს დრო გადაშლის,/ არ ვიცით, რა გველოდება ხვალ", - ეს გახლავთ კუპლეტი ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის დუეტის ახალი სიმღერიდან, რომელზეც ვიდეორგოლი შეიქმნა და რომლის პრემიერაც რამდენიმე დღის წინ, კინოთეატრში გაიმართა. სიმღერის მუსიკა ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ტექსტი - ირინა სანიკიძეს. კლიპი ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. ვიდეორგოლი დარბაზში მყოფმა მაყურებელმა მოიწონა.

გარდა იმისა, რომ სცენაზე შეხმატკბილებული პარტნიორები არიან, ნოდიკოსა და სალომეს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. "ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის მანძილზე ერთმანეთს სულ ვეუბნებოდით, "დუეტი არ ჩავწეროთ?.." ამასობაში, წლები ისე გავიდა, რომ ეს მხოლოდ ახლა შევძელით... ამ სიმღერის შექმნისთვის მადლობა ლილიკო ნემსაძესა და ირინა სანიკიძეს. ნამუშევარს "ერთხელ წვიმიან ქალაქში" ჰქვია, - ამბობს ნოდიკო.

ნოდიკო:

- კლიპის სიუჟეტი ასეთია, - შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან, წლების მერე კი თითოეული მათგანი სხვას პოულობს და ისევ იმ ადგილზე ხვდებიან, სადაც ყოველთვის ხვდებოდნენ, ახსენდებათ თავიანთი სიყვარული...

სალომე:

- სიმღერა რადგან ორივეში ერთნაირ ემოციას იწვევდა, - დაკარგულ სიყვარულზე და შემდეგ - ნაპოვნზე უნდა ყოფილიყო. ნესტან სინჯიკაშვილს იდეები გავუმხილეთ, რომელმაც ჩვენს ჩანაფიქრს გაცილებით კარგად შეასხა ფრთები, ვიდრე ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი... თან, ეს ის შემთხვევაა, როცა ტექსტი და მუსიკა ერთმანეთს უხდება.

- სიმღერაში ამბობთ: "ჩვენ შევხვდით წვიმიან ქალაქში". რეალურად, როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ნოდიკო:

- 2004 წელს პროექტში - "ნუცას სკოლა"... სალომე ძალიან პოზიტიური, მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანია და თავიდანვე ასე დავინახე...

სალომე:

- კარგად მახსოვს ნოდიკოსთან შეხვედრის დღე, - იმ პერიოდში კარგ ხასიათზე ვერ იყო და მისი გამხნევება გადავწყვიტე. ერთ გოგოს გაბრაზებული ჰყავდა, სიყვარული ახალი დანგრეული ჰქონდა, რაზეც გაუთავებლად ლაპარაკობდა... საერთო ენა უცებ გამოვძებნეთ.

ნოდიკო:

- სალომეს გული გადავუშალე და ჩვენი მეგობრობაც ასე დაიწყო... მგონია, მეგობრებს არ ირჩევენ, ყველაფერი თავისთავად ხდება - გული გულს პოულობს. მეგობარს ვისაც ვეძახი, ისინი ჩემი გულის ნაწილები არიან...

სალომე დასავით მყავს, მისი შვილის ნათლია ვარ...

GzaPress- სიმღერაში როგორი პარტნიორია?

- სცენაზე ერთად დგომის იმდენწლიანი გამოცდილება გვაქვს, რომ სავარაუდოდ, 300-მდე ერთობლივი გამოსვლა მაინც გვექნება.

სალომე:

- ნოდიკოსთან სიმღერა კომფორტია. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რა სიგიჟეც უნდა მომივიდეს თავში, ვიცი, აუცილებლად ამყვება. კარგად ვიცნობ მას და ისიც ვიცი, რა შეიძლება გაუხარდეს ან ეწყინოს...

- ნოდიკო საზოგადოების გარკვეული ნაწილის, უმეტესად, ინტერნეტაქტივისტების რისხვის ობიექტი გახდა, როდესაც მას ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა გაუქილიკეს...

ნოდიკო:

- მგონი, ის ამბავი თითიდან გამოწოვილი იყო და ამაზე გავბრაზდი. ის ინტერვიუ ვინც წაიკითხა, მიხვდა, რომ ინტერნეტში რაღაცები ხელოვნურად იყო გაზვიადებული. თან, კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზა გავრცელდა და სულ მგონია, ვიღაცამ "გააჩალიჩა"... თორემ ჟურნალმა, რომელმაც ის ინტერვიუ დაბეჭდა, სულ სხვა რამ ჩადო იმ ყველაფერში.

სალომე:

- ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. თუ ადამიანს ვიცნობ, პრესისა და ვიღაც ადამიანების მანიპულირების გამო, მასზე წარმოდგენა არ შემეცვლება...

ნოდიკო:

- ახლა უკვე მეც ასე ვარ, მაგრამ თავიდან რომ გამოვჩნდი და ხალხმა გამიცნო, ნებისმიერი სახის ჭორი მოქმედებდა...

თუ სცენაზე ჩემი და სალომეს პარტნიორობას დავუბრუნდებით, მარტო სამი წელი ერთ-ერთ კლუბში, ილურიძის ბენდთან ერთად ვმღეროდით. კვირაში რამდენიმე დღეს 2-საათიანი პროგრამა გვქონდა... ოქროს მომღერალია და კომფორტული ადამიანი. მისგან არანაირი ბოროტება არ გამიგია, ყველას უღიმის...

- მახსოვს, "ნუცას სკოლის" შემდეგ ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტშიც ერთად მღეროდით...

ნოდიკო:

- კი, ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტის პირველ შემადგენლობაში ვიყავი, როდესაც სოფო ხალვაში იურმალას კონკურსზე წავიდა, მერე გათხოვდა და ლატვიაში ცხოვრობდა. ალექსანდრე ბასილაიამ მთხოვა, იქნებ კარგი გოგო მომიყვანოო. იმ პერიოდში ბევრი გასტროლი და კონცერტი გვქონდა... მაშინვე დავურეკე სალომეს, ჯგუფში შენნაირი მომღერალი გვჭირდება, უახლოეს მომავალში გათხოვებას ხომ არ აპირებ-მეთქი? გაგიჟდა, რომ გაიგო, ბასილაიასთან უნდა მოსულიყო. ბასილაიაც შორიდან იცნობდა სალომეს, ერთად გვამღერა და 15 წუთში მოხიბლული იყო სალომეთი, - ასეთ გოგოს ვეძებდიო... თვითონ ბასილაიასთან ურთიერთობა ჩვენთვის დიდი დღესასწაული იყო. სულ ვამბობდი, - ჩემი მესამე ბაბუაა-მეთქი. იმდენად ზრუნავდა ჩვენზე, რომ ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც ლეგენდა, საოცარი კომპოზიტორი და კეთილი ბაბუა...

სალომე:

- ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი იყო, რაც ასევე, ნოდიკოს უკავშირდება, როგორც თითქმის ყველაფერი ჩემს კარიერაში. ალექსანდრე ბასილაიასთან მუშაობა, ზღაპარში მოხვედრას ჰგავდა. ცოცხალ ლეგენდასთან ვმუშაობდი და ვურთიერთობდი. უშუალო, ჩვეულებრივი და არაპომპეზური ადამიანი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პიროვნებასთან გვქონდა საქმე, ყველანაირ ბარიერს, დაძაბულობას გიხსნიდა. გაცნობის პირველსავე დღეს ბაბუა-შვილიშვილივით აღმოვჩნდით. იმ დღის შემდეგ ყველანი გავხდით ერთი დიდი ოჯახი და სწრაფად ვიპოვეთ საერთო ენა, როგორც მუსიკალური, ისე პიროვნული, ადამიანური მიმართულებით. კვინტეტში ერთად ყოფნამ მე და ნოდიკო კიდევ უფრო დაგვაახლოვა. თუ მანამდე და-ძმასავით ვიყავით, მერე ტყუპი და-ძმა გავხდით.

ნოდიკო:

- სალომე ლაშას რომ ხვდებოდა, დედამისი მეუბნებოდა, - მისმა საქმრომ სალომეს ხელი შენ უნდა გთხოვოსო, - მსიამოვნებდა ამას რომ ვისმენდი.

სალომე:

- ლაშას რომ უნდა გაეცნო, შეხვედრისას, მახსოვს, ძალიან ნერვიულობდა, ისეთი გაფითრებული იყო, მეცინებოდა... ვერაფერს მეუბნებოდა, არადა, რომ არ მოსწონებოდა და ჩაეთვალა, რომ ეს ის არ იყო, ვინც ცხოვრებაში გვერდით უნდა მყოლოდა, მერე რა უნდა ექნა?

- მოგეწონა სასიძო?

ნოდიკო:

- სალომე ღმერთმა შეახვედრა იმ ადამიანს, ვინც უნდა ყოფილიყო მისი მეორე ნახევარი... ჩემი და მისი მეგობრობა ხელწამოსაკრავი არ იყო. ხომ შეიძლებოდა, ჰყოლოდა ისეთი მეორე ნახევარი, ვინც რაღაც დისკომფორტს, ჩვენ შორის ბარიერს გააჩენდა? ლაშა არ აღმოჩნდა ასეთი. ის ოქროს სიძეა და თან, ჩემი ძმაკაცია.

სალომე:

- მეც მიფიქრია, - ნოდიკოს მომავალ ცოლთან რომ ვერ გამოვძებნო საერთო ენა, რა უნდა ვქნა-მეთქი? მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება! ნოდო არჩევანში არ შეცდება (იცინის)...

საერთოდ, ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლეა. როცა გახსნილი ხარ და არაფერია დამალული, იქ ყველაფერი კარგად არის.

ნოდიკო:

- ახლა კი ვარ სალომესა და ლაშას არაჩვეულებრივი შვილის, ალექსანდრეს, იმავე სანტის ნათლია.

სალომე:

- სანამ სანტი დაიბადებოდა, რამდენიმე თვე ექოსკოპიაზე სქესი არ ჩანდა. ჩავთვალეთ, რომ გოგო იყო. ბოლოს ექოსკოპიაზე რომ მივედი იმ განწყობით, რომ გოგო მყავდა მუცელში, მითხრეს, - ბიჭიაო. სად წავიდა ჩემი გოგო-მეთქი? - გაოცებულმა წამოვიძახე... ლაშას მივაკითხე სამსახურში და ექოსკოპიის ფოტო ვაჩვენე. ორივეს ისეთი განცდა გვქონდა, რომ გოგო უკვე გვყავდა და ახლა ბიჭს ველოდებოდით. ლაშიკოს საყვარელი სახელი ალექსანდრე იყო (ფეხბურთელ დელ პიეროს გამო) და ეს სახელი განსაკუთრებულად მეც მომწონდა. ჰოდა, ბავშვს ალექსანდრე, ალესანდრო ჰქვია და ბოლოს, სანტიც დავუძახეთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ ნათლია ნოდიკო უნდა ყოფილიყო.

ნოდიკო:

- ამიტომ, გადაწყვეტილი მქონდა, მის საკეისრო კვეთით დაბადებას დავსწრებოდი, რომ მისთვის სურათი და ვიდეოც გადამეღო (მანამდე დეიდაშვილის შვილის საკეისრო კვეთას დავესწარი და ის ემოცია არასდროს დამავიწყდება), მაგრამ სანტიმ დაგეგმილზე ცოტა ადრე გადაწყვიტა დაბადება... თუმცა, როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე მივვარდი სამშობიაროში და ბავშვი მანახვეთ-მეთქი. იმის მერე მიყვარს და ვგიჟდები მასზე...

- ახალი ვიდეოს შემდეგ, რა მოლოდინი გაქვთ?

ნოდიკო:

- არის არხები, სადაც ვიდეო გავა. სიმღერაა ისეთი, რომ მგონია, ბევრი ადამიანი მასში საკუთარ თავს აღმოაჩენს...

სალომე:

- არ მეშინია კრიტიკის და ამას, როგორც რჩევას, ისე ვიღებ. მაგრამ თითიდან გამოწოვილი კრიტიკა ყველაფერს აზიანებს. ჯობს, სიამოვნება მიიღონ...

ნოდიკო:

- ცოტანი ვართ ქართველები და თუ ერთმანეთის გვერდით არ ვიდგებით და მხოლოდ ცუდს დავუწყებთ ქექვას, დავმარცხდებით... ამიტომ, მეტი პოზიტივი დავინახოთ ერთმანეთში.

ლალი ფაცია