თამ­თა პა­ტა­შუ­რის რო­მეო და სა­ოც­ნე­ბო რო­ლი - "ის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა და ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ" - გზაპრესი

თამ­თა პა­ტა­შუ­რის რო­მეო და სა­ოც­ნე­ბო რო­ლი - "ის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა და ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ"

"მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დაკავებული ვარ, მაინც ვცდილობ, მხატვრული ლიტერატურისთვის დრო გამოვნახო", - ამბობს მსახიობი თამთა პატაშური და აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ნაწარმოებებს ძალით აკითხებდნენ. წიგნის სამყაროში მისი მეგზური ბებია იყო, მამა კი ყოველთვის ისტორიული ჟანრის ლიტერატურას ურჩევდა.

- ვნანობ, ბავშვობისა და თინეიჯერობის პერიოდი უფრო ნაყოფიერად რომ არ გამოვიყენე. მაშინ წასაკითხად გაცილებით მეტი დრო და საშუალება მქონდა, ინტერესი კი - ნაკლებად. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" რომ წავიკითხე, შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ კითხვა მოთხოვნილებად გადამექცა. ეს ნაწარმოები ძალიან მომეწონა.

მამა ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო. რა თემაზეც უნდა დავლაპარაკებოდი, რაც უნდა მეკითხა, პასუხი ყველაფერზე ჰქონდა. ის პროფესიით ინჟინერია, ყოველთვის ისტორიული ჟანრის წიგნებს მირჩევდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად ბებია აქტიურობდა, გასაქანს არ მაძლევდა, სულ მიმეორებდა, რომ კარგად მესწავლა და ბევრი წამეკითხა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ზედმეტი მოსდიოდა, ახლა კი ვხვდები, მართალი იყო. ოჯახი ყველანაირად უნდა ეცადოს, ბავშვს კითხვა შეაყვაროს და პირველ რიგში ამის მაგალითს შვილებს მშობლები უნდა აძლევდნენ.

ერთი შვილი მყავს. ვცდილობ, ასაკის შესაბამისად მივუდგე, რაც უძნელდება, სხვაგვარი ფორმით დავაძლევინო. ცოტა ხნის წინ, მოთხრობა უნდა წაეკითხა, ესწავლა, მაგრამ ვერ დავაინტერესე. ხატვა უყვარს და ვთხოვე, მოდი თან დავხატოთ-მეთქი. დაინტერესდა და ასეთმა მიდგომამ გაამართლა.

არაერთი საყვარელი ავტორი მყავს, მაგრამ მათგან თეოდორ დრაიზერსა და ჰენრიკ იბსენს გამოვარჩევ. ძალიან მომწონს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება.

ლიტერატურული პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი დრაიზერის კერისთან, ამავე სახელწოდების რომანიდან. ჩემთან ძალიან ახლოსაა, კითხვისას მასში ჩემს თავს ვხედავდი.

მამაკაცი პერსონაჟებიდან შექსპირის რომეო შემიყვარდებოდა. მიზიდავს თავისი სიგიჟით, ქცევებით, დამოკიდებულებებით.

ბანალურია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჯულიეტას როლს დიდი სიამოვნებით შევასრულებდი.

- ვინ ასრულებს მარგალიტას როლს ფილმში - "შერეკილები"?

- არიადნა შენგელაია.

- რა ჰქვია ზიარებისთვის განკუთვნილ პურს?

- სებისკვერი.

- რომელ ქვეყანას მართავდა ფარაონი?

- ეგვიპტეს.

- გურამ ფანჯიკიძის რომელ რომანში გადაუნერგეს ტრავმირებულ სტუდენტს მომაკვდავი აკადემიკოსის ტვინი?

- ფილმიც არის გადაღებული, ხომ?

- დიახ.

- "სპირალი".

- ამ ხელსაწყოს სახელი ორი ლათინური სიტყვისგან წარმოიშვა. ეს სიტყვებია: "წყვილი თვალი". რომელ ხელსაწყოზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ: ამ ხელსაწყოს დახმარებით შეგვიძლია, შორს მყოფი საგნები დავინახოთ.

- ბინოკლი.

- მას ეს ფსევდონიმი ძლიერი ხასიათის გამო შეარქვეს, რადგან მიაჩნდათ, რომ მართლაც ფოლადივით მტკიცე იყო.

- სტალინი.

- ცნობილია, რომ თავისუფლების ქანდაკება ამერიკელებს ფრანგებმა აჩუქეს. ამ სკულპტურაზე მუშაობისას, ვინ გამოიყენა მოდელად მოქანდაკემ?

- არ მახსოვს.

- საკუთარი დედა. დაალაგე სიტყვები ისე, რომ ანდაზა გამოვიდეს: კარი, ტკბილი, გააღებს, რკინის, ენა.

- "ტკბილი ენა რკინის კარს გააღებს".

- რომელ ცნობილ მხატვარს ეძღვნება ალა პუგაჩოვას სიმღერა მილიონი ვარდის შესახებ?

- ნამდვილად არ ვიცი.

- ფიროსმანს. 1895 წელი კინემატოგრაფიის დაბადების წელია. სად გაიმართა პირველი კინოჩვენება?

- მინიშნება შეიძლება?

- ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში.

- თითქოს პარიზი მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.

- დიახ. რომელმა ცნობილმა მხატვარმა მოიგონა სიკვდილი, მისი ნახატები ძვირად რომ გაყიდულიყო?

- ვერ ვიხსენებ.

- რემბრანდტმა. რისი შიშია მონოფობია?

- მარტოობის.

- რაიმე შიში თუ გაწუხებს?

- დახურული სივრცის შიში მაქვს. კლაუსტროფობია გაუცნობიერებლად ჩამომიყალიბდა. არ შემიძლია ლიფტში მარტო შესვლა. რომელ სართულზეც უნდა ვიყო ასასვლელი, აუცილებლად ფეხით ავალ. მხოლოდ ჩემი კორპუსის ლიფტში არ მეშინია.

- ბერტრან რასელი მასზე ასეთ განმარტებას აკეთებდა: ის 4 ინგრედიენტისგან შედგება: თბილი პირადი ურთიერთობისგან, არსებობის ღირსეული საშუალებისგან, წარმატებული სამსახურისა და ჯანმრთელობისგან. რა ჰქონდა მხედველობაში მას?

- სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ბედნიერება?

- რა თქმა უნდა. აკაკი წერეთლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია "ბათუ"?

- "გამზრდელში" გვხვდება.

- სპორტი გიტაცებს?

- ძალიან. სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი ჩიორას მეძახდა, ძალიან სწრაფი ვიყავი, კარგად დავრბოდი. ჩოგბურთზეც დავდიოდი.

- სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლებს აწერიათ ნომრები ქუდებზე?

- ვაიმე! (ფიქრობს) წყალბურთის.

- რას ამბობს რუსთაველი, - "თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი..."

- "...ბულბული ჰგონია".

- რომელ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიოში?

- ინგლისურად.

- ცდები, ჩინურია სწორი პასუხი.

- ა, მართალია. ინგლისურად შეიძლება ქართველიც ლაპარაკობდეს, მაგრამ ჩვენთვის მშობლიური ენა ხომ არ არის?

- დაბნეული ადამიანებისთვის, იტალიაში გამოუშვეს სპეციალური ყავის ფინჯანი. მასში საკმარისი სითხით შევსების შემდეგ მელოდიური ზარი გაისმოდა. ფინჯანი ბაზარზე მალე მოთხოვნადი გახდა. ვინ ყიდულობდა მას?

- ვერ გიპასუხებ.

- უსინათლო ადამიანები. რას აკეთებდა ბალზაკი, როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა? რაღაც ჩვეულება ჰქონდა.

- არ ვიცი.

- ქუდს იხდიდა გენიალური ადამიანების პატივისცემის ნიშნად. "ვეფხისტყაოსნის" რომელ გმირთან არის შედარებული ვეფხვი ამ სტრიქონში: "ხრმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარ ხელითა, მის მიერ კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა"?

- ნესტან-დარეჯანთან.

- რა ერქვა მდინარეს, სადაც პირველად ოქრო აღმოაჩინეს?

- ვერ ვიხსენებ.

- კლონდაიკი. სიტყვას - "ზახრუმა" ხშირად ამბობ?

- ადრე ვამბობდი, დიდი ხანია აღარ მითქვამს.

- რას ნიშნავს, იცი?

- ზუტად არ ვიცი, დაყრუებას თუ რაღაც ამდაგვარს არ ნიშნავს?

- სპარსული სიტყვაა და არგადარჩენას ნიშნავს. პოეზია გიყვარს?

- ძალიან. რომელი ლექსებიც მიყვარს, უმრავლესობა ზეპირად ვიცი. ტერენტი გრანელის "ქალის აგონია" ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ეს სტროფი: "...სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,/ ხან როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ./ მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს/ და ნატრობ ვიღაც არათანაბარს..."

- შენთვის ლექსი მოუძღვნიათ?

- კი, ერთმა ადამიანმა საკმაოდ ვრცელი ლექსი მომიძღვნა, თან დამხატა და მოგვიანებით ამ ლექსზე სიმღერაც შექმნა. ის ცნობილი პიროვნებაა და ვერ დავასახელებ. ამ ნახატს დღემდე ვინახავ. სიმღერაც მომასმენინა, ინტერნეტით გამომიგზავნა და მომეწონა. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო.

- "დღეები ბრუნავს ვით კამათელი/ და ყვავილების არის მრავლობა./ ჩემთვის დღესავით არის ნათელი,/ რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა./ წელიწადები წავლიან ძველნი,/ შეიცვლებიან ქარით სიონი,/ როგორც ერთია ქვეყანა მთელი,/ ისე ერთია..."

- "...ისე ერთია გალაკტიონი".

- ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო. ის დაწინაურებული იყო ლუდოვიკო XVI-ის და ნაპოლეონ I-ის დროს. ალექსანდრე I კი მისგან სურათებსა და სხვადასხვა ნივთს იძენდა. სად ინახავდა ამ ნივთებს?

- ვერ გიპასუხებ.

- ერმიტაჟში. ამ ხელსაწყოს, რომელიც გამიზნულია ადამიანის მდგომარეობის ფიქსირებისთვის, ოფიციალურად პოლიფიზიოგრაფი ჰქვია. დაასახელე მისი საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება.

- ვერ ვხვდები, რაზეა ლაპარაკი?

- სიცრუის დეტექტორი. რომელი სათამაშო იქნა დაპატენტებული 1975 წელს ბუდაპეშტში, ერნო რუბიკის მიერ? ამ სათამაშოთი გამომგონებელი მილიონერი გახდა, მსოფლიოს კი თავსატეხი გაუჩინა. სათამაშოს მომხმარებელთა ასაკი განუსაზღვრელია. ის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სათამაშოდ ითვლება.

- კუბიკ-რუბიკი.

- რა განაპირობებს ადამიანის კანის, თმის და თვალის შეფერილობას?

- პიგმენტი.

- რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს? მიგანიშნებ, ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.

- დათვური სამსახური.

- დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "ყოველთვის აპატიე შენს მტრებს, ამაზე მეტად მათ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...არაფერი აგიჟებთ".