"პოლიცია პრობლემას არ უღრმავდება" - გზაპრესი

"პოლიცია პრობლემას არ უღრმავდება"

კრიმინალები, რომლებიც ბავშვებს მართავენ, მოწყალების სათხოვნელად გამოსული ადამიანები, მომრავებული კაზინოები... ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ჩვენ კი რამდენიმეზე ვისაუბრებთ, რაც ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის - ლიზა ვადაჭკორიას გულისწყრმას ყველაზე მეტად იწვევს...

- ლიზა, დღევანდელ ყოფაში ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ?

- უამრავი რამ, მაგ. უწესრიგობა, ნაგავი. სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული ვარ. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და მიყვარს საქართველო, მაგრამ ექსკურსიაზე წასული, მწვანე მინდვრებს ნაგვით, ცელოფანის პარკებით გადავსებულს რომ ვხედავ, ძალიან ვღიზიანდები. ამ საკითხის მიმართ ყოველთვის ემოციური დამოკიდებულება მაქვს. ადამიანების აგრესიულობაც მაღიზიანებს. მიმაჩნია, რომ ქართველები ყოველთვის ემოციურები ვიყავით, მაგრამ ამ ბოლო დროს ღია აგრესიაზე გადავედით. ამას სოციალური ქსელი და ალბათ, ტელევიზიებიც უწყობენ ხელს. წინათ აგრესიულობა ცუდ ტონად ითვლებოდა და ყველა ცდილობდა, უფრო კულტურულები, ინტელიგენტები გამოჩენილიყვნენ.Aახლა აგრესიას აღარ მალავენ: გინება, ლანძღვა, "დაბულინგება" ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

- თქვენი აზრით, ადამიანებს სიბრაზის საჯაროდ გამოხატვა რატომ აღარ ეთაკილებათ?

- მედია უფრო თავისუფალი გახდა: თუკი წინათ ტელევიზია რაღაც "ჩარჩოში" იყო, თითქოს დღეს ეს "ჩარჩოები" დაიშალა. მაგალითად, ტელევიზიით გადის სერიალი, რომელშიც იგინებიან, გადაცემაში მოწვეული სტუმრები (რომელთა შორის, ზოგჯერ პარლამენტარებიც არიან) ილანძღებიან. შესაბამისად, ხალხი ფიქრობს: თუUის იგინება, მე რატომ არ შემიძლიაო?!. ინტერნეტს რაც შეეხება, იქ თითქმის ყველა თავს უფლებას აძლევს, იგინებოდეს, ურთიერთობისას უხამს სიტყვებს იყენებდეს... 5 უმაღლესი სასწავლებელი რომ ჰქონდეს დამთავრებული, ასეთი ადამიანი მაინც უკულტუროა. მერე, სადმე რომ შეგხვდეს, აბსოლუტურად ნორმალურად, კულტურულად დაგელაპარაკება - ვითომ არაფერი მომხდარა. არადა, ამ დროს სოციალურ ქსელში უკადრებელს კადრულობს... ქართველებს უცბად რაღაცის წინააღმდეგ დარზმვა გვჩვევია. ზუსტად ასევე უნდა ვიბრძოლოთ უცენზურო, არანორმატიული ლექსიკის წინააღმდეგ.

- თქვენ უხამსი სიტყვები არასოდეს გამოგიყენებიათ?

- არც სოციალურ ქსელში და არც ეკრანზე არ გამომიყენებია - ყოველთვის თავშეკავებული ვარ. საჭესთან ჯდომისას, როდესაც მაგალითად, ავარიულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ და ლამის დავღუპულვარ, ემოცია ვერ შემიკავებია და მიყვირია... ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი, შეიძლება ემოციებს აჰყვე. მაგრამEესეც იშვიათად ხდება.

- დანაგვიანების პრობლემა ახსენეთ, რომელიც წესით, უნდა კონტროლდებოდეს...

- არ კონტროლდება.დანაგვიანების გამო დაჯარიმებული ჯერ არავინ მინახავს. თუმცა ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახური არსებობს, რომელიც, ვინც ნაგავს ყრის, აჯარიმებს. მაგალითად, მანქანით მივდიოდი. ჩემ წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლმა ფანჯრიდან სიგარეტის კოლოფი გადააგდო, მისმა თანამგზავრმა კი - ცელოფანის პარკი. "მივუსიგნალე". კინაღამ გავგიჟდი! ჩემი გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა - საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა იცი, რა გვიამბო? თურქეთიდან საქართველოში თურქულ ავტობუსს გამოვყევი. თურქი მძღოლი ნაგავს პარკში აგროვებდა - ქუჩაში არ ყრიდა. როგორც კი საქართველოში გადმოვიდა, ნაგავი ფანჯრიდან გადააგდოო. მიზეზით რომ დავინტერესდი, ასე მიპასუხა: აქ ყველა ასე აკეთებსო. ანუ უცხოელი ხედავს, რომ ქართველები თავიანთ მიწა-წყალს არ უფრთხილდებიან. თურქმა თავისი ქვეყანა არ დაანაგვიანა და ნაგავი ჩვენთან დაყარა. ის თურქი იყო, მაგრამ შეიძლება, ამას ნებისმიერი ეროვნების ადამიანი აკეთებდეს, პირველ რიგში - ქართველი.

GzaPress

- ლიზა, კიდევ რა იწვევს თქვენს გულისწყრომას?

- იცი, რა არ მესმის? როდესაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი გამოდის და იბრძვის, ნარკოპოლიტიკის შესარბილებლად, მეც ამის მომხრე ვარ. უბრალოდ, არ ჯობია, უფრო მეტი ხალხი ამ მავნე ჩვევის (ნარკოდამოკიდებულების) წინააღმდეგ დაირაზმოს?

როდესაც ამ დროს ამბობენ - აუ, ჩვენ გვინდა თავისუფლად ვიყოთო, ძალიან ბევრს ეს სხვანაირად ესმის. მეშინია, სრული განუკითხაობა არ მოჰყვეს ამას. რა საკითხებზეც მართლა საჭიროა აქციები (მაგალითად, დოლარის კურსის ვარდნა, უმუშევრობა, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა...), იმაზე რატომ არ გამოდის ხალხი? ეს მაგიჟებს, ქართველებს სულისკვეთება ამაზე რატომ არ გვაქვს?!

- პროტესტს, გაღიზიანებას როგორ გამოხატავთ, თუნდაც ჩამოთვლილი საკითხების მიმართ?

- გადაცემას ამ თემებზე ვაკეთებ. მაგალითად, ძალიან არ მომწონს, როცა ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. ერთხელ მეტროში ჩავედი - ეს საშინელება იყო:

ერთდროულად, სხვადასხვა მხრიდან 5 ადამიანი შემოვიდა, ვინც მოწყალებას ითხოვდა: ერთი კაცი რაღაცას ღრიალებდა და ყვიროდა (ალაბათ, ეგონა, რომ მღეროდა). თან, ფულს აგროვებდა. მეორე მხრიდან, 2 ქალი ბანერებით ითხოვდა დახმარებას; 1-2 ბავშვი ხელგაწვდილი დადიოდა... რასაც ჰქვია, თავბედი ვიწყევლე: იქაურობა ყველაფერს ჰგავდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა. თავი შუა საუკუნის ინდოეთში მეგონა, სადაც ასეთი სიტუაცია აბსოლუტურად მისაღები იყო. წარმოუდგენელია, რომ ეს 21-ე საუკუნეში ხდება... ხშირად ბავშვებს ქუჩაში გასაყვანად და ფულის შესაგროვებლად იყენებენ. ამის უკან ზრდასრული კრიმინალები დგანან, რომლებისთვისაც ეს ამბავი ბიზნესია. არავის აინტერესებს, ამ ბავშვების უკან ვინ დგას. სრულიად უკონტროლო სიტუაციაა. მოგწონთ, როცა ქუჩაში ვიღაც ფეხზე გეპოტინებათ ან მოწყალების ყუთებს ლამის ცხვირში გირტყამთ?!. აქტუალური პრობლემაა 14 წლამდე მოზარდების მიერ მაღაზიების და სალონების გაქურდვა: ბავშვები სალაროში არსებულ ფულს (20-დან 100 ლარამდე) იპარავენ. მათ პოლიცია იჭერს და უშვებს, რადგან 14 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯა არ შეიძლება. ასეთი თავდასხმები ისე გახშირდა, რომ უკვე საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა - ამ ბავშვების უკან ვიღაც კრიმინალი დგას, რომელმაც იცის, რომ თვითონ თუ იქურდებს, დაიჭერენ. ამიტომ ისეთ ბავშვებს იყენებს, რომლებსაც ძირითადად, მზრუნველობა აკლიათ. პოლიცია პრობლემას არ უღრმავდება. არ იძიებს - ამ ბავშვებს აკონტროლებს, მართავს. უბრალოდ, დაკავებულებს ეკითხებიან: რამდენი წლის ხარ? აა, 13-ის? კარგი, წადიო და მორჩა. ის ხალხი ხომ დაზარალებულია, ვისი ფულიც წაიღეს? გარდა ამისა, კრიმინალში ჩათრეულ ბავშვებს რა ბედი ელით? გადაცემა ამ თემაზეც გავაკეთე. სამწუხაროდ, სამართალდამცველი ორგანოები ასეთ საკითხებზე სასაუბროდ არ მოდიან ხოლმე. მათ მხოლოდ კარგ თემებზე სალაპარაკოდ მოსვლა უნდათ, მაგალითად - ჭკვიანი კამერები დააყენეს, მოვლენ, ილაპარაკებენ... როცა საჭირბოროტო, მართლა მწვავე თემაა, არ გვსტუმრობენ. ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს.

- წლების განმავლობაში, ტელევიზიასა თუ პრესაში ბევრი პრობლემა გაშუქებულა. შეგიძლიათ, გვითხრათ - რა საკითხი მოგვარდა?

- ჯერჯერობით ბევრი საკითხი კვლავ მოუგვარებელია, მაგალითად, გარევაჭრობა ზოგიერთ ადგილას მოგვარდა: ამ თემაზე შარშანაც და უფრო ადრეც ბევრი სიუჟეტი მომიმზადებია. მიმაჩნია, რომ გარევაჭრობა მახინჯი მოვლენაა, რომელიც ქალაქს ამახინჯებს და ქუჩაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ამის გამო, მარჯანიშვილის მოედანი საოცრად დაბინძურებული და დამახინჯებული იყო. ვერ ვიტყვი, რომ მერიასა თუ სხვა კომპეტენტურ ორგანოებზე მხოლოდ ჩემმა ხმამ იმოქმედა.ფაქტია, რომ ზუსტად 1 წლის წინ, ეს ტერიტორიები გასუფთავდა და გარევაჭრობა აიკრძალა, რაც ძალიან მახარებს.

ეთო ყორღანაშვილი