ცირა კობიაშვილის წარმატება კარიერასა და პირად ცხოვრებაში - გზაპრესი

ცირა კობიაშვილის წარმატება კარიერასა და პირად ცხოვრებაში

ახალგაზრდა მომღერალი - ცირა კობიაშვილი, რომელიც ქართველ მაყურებლებს "X ფაქტორიდან" ახსოვს, თურქეთში საკმაოდ პოპულარულია. ცირამ თურქულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და სიმღერაზე - Hუნ Bუნ კლიპიც გადაიღო, რომელმაც როგორც ჩანს, თურქი აუდიტორიის ყურადღება მიიქცია... ამჟამად ცირა საქართველოშია - ჯერჯერობით ისევ აქ ცხოვრობს, თურქეთს კი პერიოდულად, საქმის გამო სტუმრობს...

- ცირა, როგორ ხარ?

- კარგად ვარ. რაღაც სიახლეებისთვის ვემზადები. უფრო მეტად, კარიერაში ვარ "ჩართული".

- მოგვიყევი, თურქულ კომპანიასთან შენი თანამშრომლობა როგორ დაიწყო...

- ეს კომპანია არტისტების განვითარებაზე ზრუნავს. ახალი სახე უნდოდათ. თავდაპირველად, ავთო აბესლამიძესთან ჰქონდათ კავშირი. შემდეგ მას ჰკითხეს, ვინმე გოგოს რეკომენდაციას ხომ არ გაუწევდა? ავთომ დამირეკა, - ნახე, სცადე, როგორი სიტუაცია იქნებაო. მეც ვცადე და დღეს უკვე 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს.

- კომპანიის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა როგორ შედგა, როგორ მოაწონე მათ თავი?

- თავდაპირველად ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, რადგან მაინც უცხოეთია - ადამიანს ასე მარტივად ვერ ენდობი, მაგრამ მათ ნამუშევრებს გავეცანი, სტუდიაც დავათვალიერე და კონტრაქტიც ისეთ დონეზე იყო შედგენილი, რომ ნდობა გამიჩნდა. მათთვის თავის მოწონება არ დამჭირვებია, რადგან ჩემთან თანამშრომლობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ და იცოდნენ, რას წარმოვადგენდი, როგორ ვმღეროდი.

- თავად ავთო ისევ თანამშრომლობს კომპანიასთან?

- ზუსტად არ ვიცი. ალბათ, კონტრაქტის დონეზე - არა, მაგრამ რაღაც თანამშრომლობა აქვთ.

- "ინსტაგრამზე" წავიკითხე, თითქოს სოლო კონცერტი გქონდა...

- არა, უბრალოდ, ერთი სიმღერა შევასრულე, რომელიც თურქებთან ერთად ჩავწერე - Hun Bun-ს ვგულისხმობ. ასევე, რამდენიმე ქავერიც ვიმღერე. კონცერტზე სხვა არტისტებიც იყვნენ... იმდენი საკუთარი სიმღერა არ მაქვს, რომ "სოლო კონცერტი" დავარქვა.

- სიმღერის - Hun Bun-ს შექმნის პროცესში მონაწილეობდი?

- არა და ძალიან სამწუხაროა, რომ შემდეგი სიმღერის შექმნის პროცესშიც არ ვარ "ჩართული". კონტრაქტის მიხედვით, ჩარევის უფლება არც მაქვს. ძირითადად, ჩვენს სიმღერებს რუმინელი კომპოზიტორი წერს.

- კიდევ რას ითვალისწინებს კონტრაქტი, რამე ხომ არ გეკრძალება?

- სტანდარტული კონტრაქტია. აბსოლუტურად ყველაფერი დაცულია. გაუთვალისწინებელი რაღაცები არ ხდება.

- საქართველოში სიმღერის შესრულების უფლება გაქვს?

- საქართველოში აბსოლუტურად ყველაფრის უფლება მაქვს. ერთადერთი, უცხოეთში, სხვა პროდიუსერებთან თანამშრომლობა არ შემიძლია.

- თურქეთში პოპულარობას ელოდი?

- ნამდვილად არა, რადგან ახლახან გამოვჩნდი. ჯერ ისეთს არაფერს წარმოვადგენ, რომ ხალხის სიყვარული დამემსახურებინა. კონცერტის მერე, მართლა გაოგნებული ვიყავი, როცა ხალხის "არმია" მომაწყდა. მხარდაჭერა ყველა კატეგორიის ადამიანისგან ვიგრძენი... არ ველოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ასე მალე მოხდა.

- თურქი მაყურებლები, მსმენელები შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- ძალიან დიდი ქვეყანაა. იქ ისეთი სიტუაცია არ არის, როგორიც - საქართველოში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილი მიცნობს, მაგრამ მთელი თურქეთი - არა. თურქულ ჩარტებში წამყვან ადგილებზე ვიყავი. აქედან ჩანს, რომ ყურადღების ცენტრში ვარ. ინტერნეტსივრცეში ბევრი "ესემესი" მომდის.

GzaPress

- შენს პირველ კლიპზე მუშაობის პროცესი როგორი იყო?

- პირველი კლიპი ერთ დღეში გადავიღეთ. შედეგის მისაღწევად მცირე დრო გვქონდა. ძალიან რთულია, რომ ერთ დღეში ეს ყველაფერი მოახერხო. მათ უკვე ვთხოვე, შემდეგისთვის ეს ფაქტი გაითვალისწინონ... სამწუხაროდ, არც ქორეოგრაფები გვყოლია, უცებ გადავიღეთ... შემდეგი კლიპი უფრო დახვეწილი და ქორეოგრაფიული თვალსაზრისით, გამართული იქნება.

- ანუ კლიპში შენი მოძრაობები იმპროვიზაციაა?

- კი და ამიტომ, ცოტა კრიტიკა იყო - ჩემგან უფრო მეტს ითხოვდნენ. ეს ყველაფერი დროის უქონლობის გამო მოხდა...

- კლიპისთვის სამოსიც პირადი გარდერობიდან ხომ არ შეარჩიე?

- არა, ამაზე ძალიან დიდი სტაფი მუშაობდა - ყველაფერზე ისინი ზრუნავდნენ.

- თურქეთში რა ინტერვალებით მიემგზავრები ხოლმე?

- დაგეგმილად, ზუსტი დროები არ ვიცი. იქაც ბევრი საქმე აქვთ. როცა ჩემი დრო დგება, წინასწარ მირეკავენ - ვიცი, როდის და რისთვის მივემგზავრები.

- შენ მიმართ ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულება ხომ არ შეიცვალა?

- ამას თვალყურს ნაკლებად ვადევნებ, რადგან ქართველები ერთმანეთის მიმართ ცოტათი დაუნდობლები ვართ. როცა რაღაც არ მოგვწონს, ამის ტაქტიანად თქმა არ შეგვიძლია. ასე რომ, კომენტარებს ნაკლებად ვკითხულობ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ხალხის მხარდაჭერას ახლა უფრო ვგრძნობ. ვერ ვიტყვი, რომ არ მგულშემატკივრობენ. Hun Bun ისეთი სიმღერაა, რომელიც ყველას გემოვნებაში ვერ "ჩაჯდება": ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. უფრო აღმოსავლურ სტილშია. ქართველები მაინც კრიტიკული მსმენელები ვართ.

- თავად თუ მოგწონს სიმღერის ის სტილი, რაშიც მუშაობ?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სტილია, თუმცა დამწყები მომღერალი ვარ და ჯერ ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი სურვილია, მათთან სიმღერები სხვა სტილში "გავაკეთო".

- მაგალითად, როგორში?

- ასე ვერ ვიტყვი, თუმცა სტილი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ, ჩემი არაა, მაგრამ ცუდიც არ არის.

- თმის ფერი შეიცვალე. ეს შენი ინიციატივა იყო?

- კი, რადგან ძალიან დიდხანს გრძელი, ყავისფერი თმა მქონდა. ვერ ვიჭრი, რადგან გრძელი თმა მიყვარს. ერთფეროვნებით დავიღალე, ამიტომ ფერი შევიცვალე.

GzaPress

- როგორც მივხვდი, ვარცხნილობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები არ გეკრძალება...

- არა, არ მეკრძალება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამხელა თმის გადაპარსვა ან შეჭრა მოულოდნელი იქნება (იცინის). დიდი ექსპერიმენტების ჩატარება თავადაც არ მიყვარს. უბრალოდ, ისედაც ყოველთვის ძალიან მუქი ტანსაცმელი მაცვია, კანიც მუქი მაქვს და თმაც მუქი მქონდა. მოკლედ, ძალიან ჩავმუქდი და თმით "ამოვანათე" (იცინის).

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას ხომ არ აპირებთ?

- ჯერჯერობით - არა, რადგან ჯერ ორივე, კარიერული თვალსაზრისით, უნდა გავიზარდოთ, ჩამოვყალიბდეთ და მერე შეიძლება, ვიფიქროთ ამ ნაბიჯზე (იღიმის).

- გვიამბე, თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდა.

- ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ამ ადამიანს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ჩვენი დაკავშირება არ მოხდა. შემდეგ, ერთმანეთის გვერდით საჭირო დროს აღმოვჩნდით.

- შენი საქმის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ძალიან კარგი. ბევრ რამეში მეხმარება. ზოგჯერ, როცა ვიღლები და არაფრის გაკეთება აღარ მინდა, დანებების უფლებას არ მაძლევს. ყოველთვის მაძალებს, ჩემს საქმეში უფრო მეტი გავაკეთო.

- ცირა, ბედნიერი ხარ?

- კი, რა თქმა უნდა (იღიმის)... 100%-ით ბედნიერი არავინაა, რადგან ყველას პატარა პრობლემები გვაქვს. ადამიანს ყველაფერი უცებ ვერ დაგავიწყდება, რაც ცხოვრებაში გადაგხდენია, მაგრამ ამჟამად, ყველაფერი მაქვს, რომ ბედნიერად ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად. თუმცა, ცხადია, იმას ვერ ვიტყვი, ქვეყნად არაფერი მადარდებს და ყველაზე ბედნიერი ვარ-მეთქი...

ეთო ყორღანაშვილი