ჰაერზე მეტად საჭირო ადამიანები - გზაპრესი

ჰაერზე მეტად საჭირო ადამიანები

2015 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 3% ითვლებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად. სტატისტიკის ენით რომ ვისაუბროთ, რეგისტრირებული შშმ პირთა რაოდენობა 118651 ადამიანი იყო და მათგან მხოლოდ 24 გახლდათ დასაქმებული საჯარო სექტორში. ამ ციფრების ზედაპირული შედარებაც კი ცხადად აჩვენებს იმ უპერსპექტივობას, რომელშიც უწევს ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს.

მინახავს საქართველოში არაერთი სპეცპედაგოგი, რომლებიც შშმ პირებისა და საზოგადოებისთვის ჰაერივითაა. შშმ პირებისთვის ისინი სასიცოცხლოდ საჭირო არიან, ხოლო საზოგადოებისთვის - უხილავი.

მკითხველს მოუწევს ოთხი სენტიმენტალური ამბის წაკითხვა. წერილის პირველი ნაწილი საჩხერის დღის ცენტრის მასწავლებლის, მაკა ლურსმანაშვილის მონათხრობია, ხოლო მეორე - ჰანოვერში მიწვეული ქართველი აღმზრდელის, გოგა ლაგვილავასი.

"ჯართს მოვაგროვებ, ჩავაბარებ და მე გიყიდი ფეხსაცმელებსო..."

მაკა ლურსმანაშვილი:

"გასული წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე მოხალისე პედაგოგობა საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრში. უკვე მქონდა ათწლიანი პედაგოგიური გამოცდილება საჯარო სკოლაში და ვიფიქრე, ტყუილად ყოფნას, იქნებ ამ ბავშვებს წავადგე-მეთქი. დიდხანს არც მიფიქრია და დავურეკე დღის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თამარ ზაბახიძეს. ბევრჯერ მსმენია, - თამარს ასე ძალიან იმიტომ უყვარს ეს ბავშვები, რომ შშმ პირების დედააო. თურმე, შშმ პირების ფიზიოლოგიური მშობელი არა, მაგრამ დღის ცენტრის ბენეფიციარების მშობელი ნამდვილადაა. ჩემი სურვილი რომ ვუთხარი ტელეფონით, მახსოვს მისი თითქოს მოულოდნელობისგან სახტად დარჩენილი ხმა... დამთანხმდა და მეორე დღესვე "გავჩნდი" დღის ცენტრში, სადაც 18 სხვადასხვა სირთულის ბენეფიციარი ირიცხება. პირველი სასიამოვნო მოულოდნელობა ის იყო ჩემთვის, რომ დღის ცენტრის ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანი, დაწყებული დირექტორიდან, დამთავრებული დამლაგებლამდე, ერთნაირად ზრუნავდა თითოეულ ბავშვზე. რამხელა სითბო და სიყვარულია მათ შორის, ეს უნდა დაინახო, იგრძნო, თორემ ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. დავიწყე მუშაობა ხელნაკეთი ნივთებით, აპლიკაციებით. ეს ძალიან კარგი მოტივაცია აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე "ჩემი" ბავშვებისათვის. მიხაროდა ყოველი დილა, რადგან კოკროჭინები რაღაც ახალს ელოდებოდნენ ჩემგან. მერე ნელ-ნელა გადავედით აკადემიური უნარების განმტკიცებაზე. ბევრისთვის წარმოუდგენელია, რამხელა სიხარულია მათთვის მეგობრული ურთიერთობები. მახსოვს, ერთხელ გოგას შევთავაზე, - თუ კითხვებზე წერილობით პასუხებს გამცემდა, ნებისმიერ რამეს ვეთამაშებოდი. გოგამ პირნათლად შეასრულა საკლასო სამუშაო და ჯერი ჩემი პირობის შესრულაბაზე მიდგა... ახლა ჩვენ "ფეღბულთი" უნდა ვითამაშოთო და შემეყინა ღიმილი სახეზე. ცოტა დავფიქრდი და ვთხოვე, - თუ შეიძლება, ხვალ ვითამაშოთ, შესაფერის ფეხსაცმელს ჩავიცვამ-მეთქი. - არა, დღეს მინდა თამაშიო. - ფეხსაცმელები რომ დამეხეს, ხვალ სამსახურში როგორ მოვიდე-მეთქი? არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა: ოღონდაც ახლა მეთამაშე და სახლში რომ მივალ, ჯართს მოვაგროვებ, ჩავაბარებ და მე გიყიდე ფეხსაცმელებსო... გულიანად ვიცინე, მერე გავიხადე ფეხზე, დავიწყეთ თამაში და ავიყოლიეთ თითქმის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი".

"საათი უკვე მაჩუქეს..."

"საბა დიდი და ჭკვიანი ბიჭია, ერთხელ გაკვეთილზე მთხოვა, მისთვის საათის ცნობა მესწავლებინა. დავთანხმდი და თან დავპირდი, როცა კარგად ისწავლიდა ცნობას, საათს ვაჩუქებდი. დაპირება, რა თქმა უნდა, გაუხარდა და სანაცვლოდ, - დაბადების დღეზე დაგპატიჟებო. მეორე დღეს მოვიდა საათით და მითხრა: აი, საათი მაჩუქეს უკვე, დაბადების დღეს აღარ ვიხდიო..."

"ხატვის დროს ფერების არჩევაა ყველაზე საინტერესო"

გოგა ლაგვილავა:

"გერმანიის ერთმა უზარმაზარმა ორგანიზაციამ, რომელიც შშმ პირებთან მუშაობს, მოწვევა გამომიგზავნა ერთწლიანი სამუშაო ხელშეკრულებით, რაზეც დაუფიქრებლად დავთანხმდი. დავიწყე დღის ცენტრში მუშაობა, სადაც 80-მდე შშმ პირისთვის არის სამუშაო გარემო. დღის ცენტრში ბენეფიციარები ხელსაქმით კავდებიან და ერთობლივად შექმნილი პროდუქცია სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაზე გააქვთ. ჩემთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, როცა დავინახე, თითოეულს ინდივიდუალურად მორგებული ეტლი ჰქონდა. ახლა მინდა მოგიყვეთ ოლიზე: ოლი 21 წლისაა, მშობიარობის ტრავის გამო ეტლით გადაადგილდება და ვერ საუბრობს. ძალიან მოტივირებულია და თანამშრომლები თუ რამის გაკეთებას გადავწყვეტთ, პირველს მას უნდა, რომ გააკეთოს ან მონაწილეობა მაინც მიიღოს. ოლისთან ერთად დავიწყე პროექტი, რომელიც ნახატების შექმნას გულისხმობდა. მას მორგებულ სახატავ დაფას, საღებავებს ვუდებ წინ. თვალები უბრწყინავს, სიხარულისგან ლამის ეტლიდან ამოძვრეს და საოცარ ხმებს გამოსცემს - მე კი ამ დროს მეორედ ვიბადები და რაც უნდა დაღლილი ვიყო, ყველაფერი ქრება. ორივე ერთად დავიკავებთ ფუნჯს და ვხატავთ. ასე დრო ძალიან მალე გარბის, თუმცა, მე და ოლის არსად გვეჩქარება, სხვა დღეებში ვაგრძელებთ დაუსრულებელ ნახატებს. ფუნჯის დადებას ვერ ვასწრებ, რომ ოლი თავით, თვალებით, მთელი სხეულით მეუბნება, მისი ნახატი კედელზე დავკიდო. ამ ნახატებისთვის კედლის ერთი ნაწილი გვაქვს დათმობილი და ვუთხარი, რომ ეს კედელი ერთად უნდა გავავსოთ ნახატებით... მის ემოციებს ვერ გადმოვცემ - ეს სასწაულია, რომელიც უნდა დაინახო!..

შვებულების დღეს სახლში მივაკითხე. გზიდან რომ შემნიშნა, მთელ სახლს ესმოდა მისი სიხარული. გავიცანი მისი ოჯახის წევრები და ტყუპისცალი ძმაც. იმ დღეს ცენტრში წავედით, ბევრი ვისეირნეთ, ნაყინს ერთი ხელით მე ვჭამდი, მეორე ხელით მას ვაჭმევდი, ფოტოებიც გადავიღეთ და სახლში მივიყვანე დღის ბოლოს. უკვე ათამდე ნახატი შევქმენით ერთად. სამ ყველაზე კარგ ნახატს, ერთ დიდ გამოფენა-გაყიდვაზე გავიტანთ... ისე კი, ხატვის დროს ფერების არჩევაა ყველაზე საინტერესო: ჩამოვთვლი ყველა ფერს და სანამ იმას დავასახელებ, რომელიც თვითონ უნდა, ვიხოცებით ორივე სიცილით..."

68 წლის ბეატე

"ზაფხული ჰანოვერში გრილია. 68 წლის ქალბატონი ბეატე ერთკვირიან შვებულებას შშმ პირების საცხოვრებელში ატარებს, ამიტომ გადავწყვიტე, ერთდღიანი შვებულება ამეღო და მისთვის დამეთმო... მარკეტში ყვავილების თაიგული ვიყიდე და გავეშურე მისკენ. მისვლის დროს მოწყენილი იყო, მაგრამ ჩემი თუ ყვავილების დანახვაზე სახეზე ღიმილი მოეფინა. მივართვი და ვუთხარი, რომ თუ სურვილი ექნებოდა და გამოიპრანჭებოდა, სასეირნოდ წავიდოდით ტყეში და ტყესთან ახლოს მდებარე მდიდრულ უბანში, სადაც კოხტად ჩამწკრივებული ვილებია. სახე გაებადრა სიხარულისგან. ჩაცმა-დახურვაში დავეხმარე, ლამაზი სამკაულები გავუკეთე და გავუდექით გზას ტყისკენ. ბეატეს ეტლი ცოტა რთული სატარებელია, რადგან თვითონაც ბევრს იწონის, მაგრამ ისეთი სტიმულით მივიწევდით წინ, რომ არც დავღლილვარ. გზადაგზა ყვავილებს ვკრეფდით, რისგანაც გვირგვინი გავუკეთე და დავადე თავზე... ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ, გზადაგზა ადამიანები გვესალმებოდნენ და გვიღიმოდნენ. კარგა ხანი ბალახის მკრეჭავებთან ახლოს ვისხედით და ახალმოთიბული ბალახის სუნით ვტკბებდით..."

შშმ პირებთან მომუშავე ამ ორ ადამიანს ბენეფიციართა სიყვარული ამსგავსებს ერთმანეთს, უბრალოდ, პირველის თვის ხელფასს ბევრად უსწრებს მეორის ერთი დღის ანაზღაურება. თუმცა, ფული გადამწყვეტი არ ყოფილა, რადგან "მზის შვილებისგან" ის სითბო მოდის, ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებ...

როლანდ ხოჯანაშვილი